x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
ჰომო ჰაბილისი
ჰომო ჰაბილისი


ჰომო ჰაბილისი / მარჯვე ადამიანი / ხელმარჯვე ადამიანი (Homo habilis) არის ადამიანის, ჰომოს გვარის ერთ-ერთი პირველი და უძველესი სახეობა, რომელიც გავრცელებული იყო აფრიკის კონტინენტზე, ადრეული პლეისტოცენიდან, დაახლოებით 2.4 - 1.4 მილიონი წლის წინ. პირველად ის აღმოაჩინეს 1960 წელს. 1964 წელს, როცა მას მიენიჭა სახელი "მარჯვე ადამიანი", ვინაიდან ითვლებოდა, რომ ეს იყო პირველი სახეობა, რომელიც აკეთებდა ქვის იარაღებს, სამეცნიერო საზოგადოება მის კლასიფიცირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამდა. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ ის უნდა მიეჩნიათ აფრიკელ ავსტრალოპითეკად. მაგრამ რაც დრო გადიოდა მეტი აღმოჩენები გაკეთდა და ჰაბილისმა მიიღო მეტი აღიარება, როგორც ავსტრალოპითეკებისგან განსხვავებულმა, ახალმა სახეობამ, რომელიც უფრო ახლოს იდგა ადამიანთან. 1980 წელს ჰომო ჰაბილისი შემოთავაზებული იქნა აღიარებულიყო, როგორც ჰომო ერექტუსის უშუალო წინაპარი და მაშასადამე თანამედროვე ადამიანის პირდაპირი წინაპარიც.


ჰომო ჰაბილისი


ჰომო ჰაბილისის ტვინის ზომა ზოგადად მერყეობდა 500-დან 900 კუბურ სანტიმეტრამდე (სმ3). შედარებისთვის, თანამედროვე მამაკაცების ტვინის ზომა 1270, ხოლო ქალების 1130 სმ3-ია. ზოგადად ავსტრალოპითეკების ტვინის ზომა მერყეობდა 400-დან 500 კუბურ სანტიმეტრამდე. მათგან ევოლუციურ გადასვლას და ახალ, ჰომოს გვარის ჩამოყალიბებას კი ტვინის სწრაფი ზრდა მოჰყვა. ზოგადად მიჩნეულია, რომ ჰომო ჰაბილისის, ჰომო რუდოლფენსისის და ჰომო ერექტუსის ტვინის ზომა 500-900 სმ3-ის ფარგლებში მერყეობდა. ჰომო ჰაბილისის ნარჩენის, სახელწოდებით OH 7-ის ტვინის მოცულობა მაგალითად 729-824 სმ3 იყო. ყველა ჰომოს ტვინის ანატომია ავსტრალოპითეკებისგან გაფართოებული ცერებრუმით გამოირჩევა. ჰაბილისის კბილების რიგები V-ის ფორმის იყო განსხვავებით თანამედროვე ადამიანების U-ს ფორმის კბილის რიგებისა. მისი პირი პროგნატული იყო, თუმცა სახე ცხვირიდან ზემოთ იყო ბრტყელი.



ჰომო ჰაბილისი


ჰომო ჰაბილისის სხეულის პროპორციები ცნობილია მხოლოდ ორი ფრაგმენტული ჩონჩხიდან და ძირითადად ეფუძნება უფრო ადრეული, ავსტრალოპითეკების მსგავსი ანატომიის დაშვებას. ამის გამოც, შემოთავაზებულია რომ ჰაბილისი ჰომოს გვარიდან გადავიდეს ავსტრალოპითეკის გვარში, როგორც მარჯვე ავსტრალოპითეკი (Australopithecus habilis). ასე რომ ჰაბილისებს ჰქონდათ უფრო დიდი ტვინი, პატარა სახე და კბილები, ვიდრე ავსტრალოპითეკებს ან ჰომინინის უფრო ძველ სახეობებს. ამავე დროს ჰაბილის მაინც ინარჩუნებდა მაიმუნისებრ მახასიათებლებს, როგორიცაა გრძელი ხელები და ზომიერად პროგნატული სახე.


ჰომო ჰაბილისი KNM-ER 1470-ის რეკონსტრუქცია


მეცნიერთა ჯგუფმა ლუის ლიკის და მერი ლიკის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ადრეულ ადამიანთა უნიკალური ნამარხი ნაშთები 1960-63 წლებში აფრიკაში, ტანზანიაში, ოლდუვაის ხეობაში. ეგზემპლარი სახელწოდებით OH 7 იპოვა ჯონათან ლიკიმ, რის გამოც მას მეტსახელად "ჯონის შვილი" შეარქვეს. იმის გამო, რომ ამ ადრეულ ადამიანს ჰქონდა ავსტრალოპითეკის დამახასიათებელი თვისებებისგან განსხვავებული ნიშან-თვისებების კომბინაცია, ლუი ლიკიმ, სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერმა ფილიპ ტობიასმა და ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ ნაპიერმა გამოაცხადეს, რომ ეს ნამარხები ახალ, აქამდე უცნობ სახეობას ეკუთვნოდა და უწოდეს მას ჰომო ჰაბილისი. ისინი სწორად ეჭვობდნენ, რომ ეს იყო წინამორბედებთან შედარებით უფრო დიდი და განვითარებული ტვინის სახეობა, რომელმაც შექმნა ოლდუვაის ხეობაში ნაპოვნი ათასობით ქვის იარაღი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქვის იარაღებს ამზადებდნენ უკვე ჰაბილისამდე არსებული ავსტრალოპითეკებიც.


ჰომო ჰაბილისი KNM-ER 1813-ის რეკონსტრუქცია


ჰომო ჰაბილისის აღწერა ისე, რომ თითქოს ის იყო მცირე ზომის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნდა უნარები რომ გადაადგილებულიყო დიდ მანძილებზე და არ შეეძლო მიგრაცია, ეჭვქვეშ დადგა, ვინაიდან აღმოჩენილია 2.1 მილიონი წლის წინანდელი ოლდოვური წარმოების ქვის იარაღები ჩინეთში და ასევე საქართველოში, დმანისში აღმოჩენილია ადამიანთა სახეობა, ჰომო გეორგიკუსი, რომელიც მინიმუმ 1.84 მილიონი წლის წინ უკვე საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა და ატარებდა გარდამავალ ნიშან-თვისებებს ჰაბილისსა და ერექტუსს შორის. ჰომო ჰაბილისი ქალის ნიმუში, სამეცნიერო სახელწოდებით OH 62, აღწერილია, როგორც 100-დან 120 სმ-ის სიმაღლის და 20-დან 37 კგ-მდე წონის თუ ის იყო უფრო ავსტრალოპითეკების მსგავსი, ხოლო თუ ის იყო უფრო ჰომოს, ადამიანის მსგავსი, შედარებით გრძელი ფეხების მქონე, მაშინ მისი სიმაღლე 148 სმ-მდე იქნებოდა, ხოლო წონა - დაახლოებით 35 კგ. შედარებისთვის, 1900 წლისთვის მცხოვრები თანამედროვე ადამიანები საშუალოდ სიმაღლით 163 სანტიმეტრი იყვნენ მამაკაცების შემთხვევაში, ხოლო ქალები - 152.7 სმ. ითვლება, რომ ჰაბილისი ნაწილობრივ მაინც ჯერ კიდევ ხეზე მობინადრე სახეობა იყო, რაც დამახასიათებელი იყო ავსტრალოპითეკებისთვის. ადრეული ჰომინინები, როგორც წესი რეკონსტრუირებულია როგორც ტანის სქელი თმის მქონეები, გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმით როცა მამრობითი სქესის წარმომადგენლები ბევრად აღემატებოდნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ზომით, სიმაღლით, წონით, კუნთოვანი სისტემის განვითარებით. თუმცა ჰაბილისის შემთხვევაში მამაკაცების და ქალების ზომები დაზუსტებით არაა ცნობილი.


ჰომო ჰაბილისი ქალის რეკონსტრუქცია OH 62,  OH 8 და  ER 1813-ის მიხედვით


ადრეულ ჰომოს ჰქონდა უფრო მომცრო ზომის კბილები, ვიდრე ავსტრალოპითეკებს, მაგრამ კბილების მინანქარი ჯერ კიდევ სქელი იყო და ყბები ჯერ კიდევ ძლიერი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი კბილები ჯერ კიდევ ადაპტირებული იყო რთულად დასამუშავებელი საკვების ღეჭვას. მათ შეეძლოთ მიეღოთ საკვების ფართო სპექტრი და იკვებებოდნენ მრავალი სხვადასხვაგვარი საკვებით, იყვნენ ომნივორები ("ყველაფრისმჭამელები"). ხშირად მიირთმევდნენ მაგალითად ფოთლებს, მერქნიან მცენარეებს, მრავალ ცხოველურ საკვებს, თხილეულს, თესლს და ა.შ. ჰაბილისი თავის მიერ წარმოებულ ოლდოვური ტიპის ქვის იარაღებს უმეტესად იყენებდა ხორცის დასამუშავებლად. ზოგადად მიჩნეულია, რომ ადრეული ჰომო მოიხმარდა ბევრად მეტ ხორცს, ვიდრე წინამორბედი ავსტრალოპითეკები. ჰაბილისი უმეტესად ჭამდა ლეშს. ჰაბილისების საზოგადოება პოლიგამიური, პოლიგინიური იყო ანუ მამაკაცებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჰყოლოდათ ერთდროულად რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი, ჰქონოდათ თავიანთი ჰარემი, თუმცა ეს სპეკულაციური მოსაზრებაა.


ჰომო ჰაბილისის თავის ქალა ER 1813-ის მიხედვით. ხოლო ყბა OH 13-ის მიხედვით


სავარაუდოდ ჰომო ჰაბილისების საზოგადოება იყო სავანის თანამედროვე შიმპანზეების და ბაბუინების სოციუმის მსგავსი. მათი თითოეული ჯგუფი დაახლოებით შეადგენდა 70-85 წევრს. ჯგუფებში იყვნენ დაწინაურებული მამრები, რომლებიც იცავდნენ დანარჩენებს ისეთი მტაცებლებისგან, როგორიც იყო მაგალითად დიდი კატისებრები, აფთრები და ნიანგები. 2000 წელს გაკეთებულმა აღმოჩენის შემდეგ, როცა ნაპოვნი იქნა 1.44 მილიონი წლის წინანდელი ჰაბილისი (სამეცნიერო სახელწოდებით KNM-ER 42700), გაირკვა, რომ ამ სახეობას ამდენ ხანს უცხოვრია აფრიკის ტერიტორიაზე და უარყოფილი იქნა ის მოსაზრება, რომ ჰაბილისიდან ერექტუსის ჩამოყალიბების შემდგომ ერექტუსმა მთლიანად და ერთბაშად ჩაანაცვლა ის, როგორც სახეობა. როგორც აღმოჩნდა ჰომო ჰაბილისი 2.4 მილიონი წლის წინა პერიოდიდან თანაარსებობდა ისეთი სახეობების გვერდით, როგორებიც იყვნენ ჰომო რუდოლფენსისი (რუდოლფელი ადამიანი), ჰომო ერგასტერი, ჰომო ერექტუსი და პარანთროპუს ბოისეი. დაახლოებით 1.4 მილიონი წლის წინ ჰომო ჰაბილისების ბოლო შემორჩენილი პოპულაციებიც გადაშენდა, თუმცა ამ სახეობის მიერ წარმოშობილმა ახალმა სახეობამ - ჰომო ერექტუსმა განაგრძო მისი მემკვიდრეობა და საბოლოოდ სათავე დაუდო ადამიანთა კიდევ მრავალ მნიშვნელოვან მოდგმას, მათ შორის ჰომო საპიენსებს (თანამედროვე ადამიანებს).


ჰომო ჰაბილისის ჯგუფი


წყარო 1: Homo habilis - Smithsonian National Museum of Natural History;

წყარო 2: Homo habilis - Wikipedia;

ილუსტრაციები: John Gurche - Paleo Artist;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
211
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
211
  
2022, 26 აპრილი, 12:35
▶ ჰომო ჰაბილისი / მარჯვე ადამიანი (Homo habilis) - ეს სახეობა არსებობდა 2.4 - 1.4 მილიონი წლის წინ. აღმოაჩინეს 1960 წელს. გავრცელებული იყო აფრიკის და აზიის კონტინენტზე. ტვინის ზომა საშუალოდ იყო 500-დან 900 კუბურ სანტიმეტრამდე. საშუალოდ იზრდებოდნენ 100-140 სმ-მდე და იწონიდნენ 30-40 კილოგრამს. მათგან ჩამოყალიბდა ჰომო ერექტუსი.
0 1 1