ავსტრალიელმა ფსიქიატრმა რასელ ჰინტონმა, რომლის სტატია 2020 წელს გამოქვეყნდა Australian and New Zealand Journal of Psychiatry (ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ფსიქიატრიულ ჟურნალში), გამოიყენა ეს მეთოდი რეზისტენტული ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტის სამკურნალოდ. ქალი იძულებული იყო მიეღო ბევრი წამალი, რომელიც არ შველიდა, ათჯერ იწვა საავადმყოფოში, წამლების გვერდითი ეფექტების გამო წონაში მოიმატა, მისი ცხოვრების ხარისხიც ძალიან დაბალი იყო.
მას შემდეგ, რაც პაციენტმა ფსიქიკურად ჯანმრთელი ქმრისგან განავალი გადაინერგა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მისი ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები მთლიანად გაქრა, მან შეწყვიტა მედიკამენტების მიღება და დაიკლო 33 კილოგრამი.
განავლის გადანერგვით ბიპოლარული აშლილობის წარმატებული მკურნალობის მეორე შემთხვევის შესახებ მოგვითხრობს 2022 წლის თებერვალში ჟურნალი Bipolar Disorder. მკურნალობა ჩატარდა ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის (ავსტრალია) მეცნიერების მიერ. საუბარია ახალგაზრდა კაცზე, რომლის დაავადებამ მოზარდობის ასაკში იჩინა თავი. ამ პაციენტს ასევე ჰქონდა დაავადების წამლისადმი რეზისტენტული ფორმა. განავლის გადანერგვის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდამ შეძლო თანდათან დაეტოვებინა ყველა მედიკამენტი და ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები გაქრა. გარდა ამისა, პაციენტს შეუმცირდა განგაშის განცდა და სხვა ფსიქიკური აშლილობის - ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობის სიმპტომები.
ამჟამად იგეგმება ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები იმის გასარკვევად, შეუძლია თუ არა ამ მეთოდს მართლაც განკურნოს არა მხოლოდ ბიპოლარული აშლილობისაგან, არამედ დეპრესიისგანაც.