x
image
თუთიკო ბერძენა
პარლამენტში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვა დებატების ფონზე მიმდინარეობს

image

რეზოლუციის პროექტის წარდგენამდე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, რომელიც ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას. საქართველომ ბოლო ათწლეულში მყარი საფუძველი შექმნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის: - 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, რომელიც ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობების მთავარი და მყარი საფუძველია. - ასოცირების შეთანხმებას უკვე 8 წელია წარმატებით ვასრულებთ; საქართველოს პროგრესი აღიარებულია ევროკომისიისა და ევროპარლამენტის ანგარიშებში. - 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით. ეს საჩუქარი არ ყოფილა ევროკავშირის მხრიდან. - ამ შედეგს საქართველოს ხელისუფლების დაუღალავი შრომის შედეგად მივაღწიეთ. 2013 წლიდან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში, გავატარეთ ფუნდამენტური და წარმატებული რეფორმები ადამიანის უფლებების დაცვის, კარგი მმართველობის, სამართლის უზენაესობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართულებით. - საქართველო აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერად. მრავალი მიმართულებით წინ ვუსწრებთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც, რომლებიც უკვე სარგებლობენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. დღეს საქართველო, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, გახლავთ ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა, რაც გულისხმობს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციას.
ასოცირების შეთანხმების შესრულება გვაძლევს შესაძლებლობას, დავუახლოვდეთ ევროკავშირის სტანდარტებს ყველა სფეროში - სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო დღეებში და დღესაც, რამდენიმე ჩემმა კოლეგამ ახსენა, რომ საჭიროა სამოქმედო გეგმის შექმნა და თითქოს საქართველოს არ აქვს გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაცია. მიკვირს, განსაკუთრებით იმ კოლეგებისგან, ვინც კარგად იცით ევროკავშირი. კითხვა მაქვს რა არის თქვენთვის ასოცირების შეთანხმება და დღის წესრიგი? თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ ეს არის ის ერთადერთი გზამკვლევი, რაც დღეს საქართველოს აქვს ევროკავშირთან ურთიერთობებში. ვისაც მეტი გსურთ, მეტიც არსებობს და შეგახსენებთ ასევე, რომ უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს შემუშავებული აქვს საგზაო რუქა. 2019 წელს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს გადასცა ცალმხრივად შემუშავებული საგზაო რუქა, რომელიც ემსახურებოდა სწორედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და იყო განაცხადი იმის თაობაზე, რომ ჩვენ მეტი გვსურს ევროკავშირისგან.
მიუხედავად ამ პროგრესისა, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ თუ რა სირთულეებს თუ გაბედულ ნაბიჯებს უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანების გზა. სამწუხაროდ, მიუხედავად მისი ამბიციური შინაარსისა, მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე დიდ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, ასოცირების შეთანხმება არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ცალმხრივი პროცესი არ არის. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 27 წევრი ქვეყნის მწვანე შუქი გვჭირდება, იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის სტრატეგიული მიზნის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, მიიღო გადაწყვეტილება გაეკეთებინა განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ 2020 წლიდან ინტენსიურად ვატარებდით კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯს და განაცხადს, ევროკავშირის მხრიდან რაც შეიძლება მოკლე დროში მოჰყოლოდა დადებითი პასუხი. დღეს, როდესაც უკრაინის მიმართ ხორციელდება რუსეთის სრულიად გაუმართლებელი აგრესია, ევროკავშირის მხრიდან ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ერთსულოვან მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება გახლავთ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა. ევროკავშირის მხრიდან აღნიშნული პოლიტიკური ჟესტი, თვისთავად აჩენს შესაძლებლობის ფანჯარას, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები ასოცირებულ პარტნიორებთან მიმართებაში დაჩქარდეს. თუმცა, ამავდროულად ისიც ცხადია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წესები არ შეცვლილა და ამისათვის საჭიროა ყველა ეტაპის წარმატებით გავლა. იმისათვის, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ პირველ რიგში, გვჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჭირო მხარდაჭერა გვქონდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების მხრიდან. ამიტომ ვფიქრობ, დროული იქნება, თუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადის პარალელურად, საქართველოს პარლამენტი თავის მხრივ კიდევ ერთხელ გაახმოვანებს საქართველოს სურვილს, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში კარგ საფუძველს შექმნის ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან სამუშაოდ, რომ გვქონდეს საჭირო მხარდაჭერა.
ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რეზოლუციის პროექტი განგვეხილა ევროინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ მას ჰქონდა იქ წარმოდგენილი ყველა პარტიის მხრიდან მხარდაჭერა, რის შემდგომაც განხორციელდა სტილისტური ცვლილებები"
0
31
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0