საზოგადოებრივი დენისოველი ადამიანი 2022, 31 იანვარი, 0:32 დენისოველები / დენისოველი ადამიანები / დენისოველი ჰომინინები / ალტაელი ადამიანები (Denisovans / Denisovan hominin / Homo denisova / Homo altanesis) არის არქაული ადამიანების გადაშენებული სახეობა ან ქვესახეობა, რომელიც გავრცელებული იყო აზიის ტერიტორიებზე: აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ციმბირში და პაპუა-ახალ გვინეაზეც კი (გვინეაში მათ მიაღწიეს დაახ. ძვ.წ. 28, 000 წლისთვის), ქვედა და შუა პალეოლითის პერიოდში - დაახლოებით ძვ.წ. 640, 000 წლიდან ძვ.წ. 13, 000 წლამდე პერიოდში, სანამ მათი სრული გათქვეფა მოხდებოდა ჰომო საპიენსებში მათთან შერევის გზით. დენისოველების რამდენიმე ნაშთია აღმოჩენილი და მათ შესახებ მრავალი ინფორმაცია მათივე დნმ-ის შესწავლიდან გაგვაჩნია. ჰომო ერექტუსისგან დენისოველებისა და ნეანდერტალელების საერთო წინაპრები ჩამოყალიბდნენ ძვ.წ. 802, 000 წლისთვის, ხოლო თავად დენისოველების და ნეანდერტალელების წინაპარი შტო ერთმანეთს დაშორდა და ორად გაიყო ძვ.წ. 640, 000 წლისთვის. ისინი საბოლოოდ ფორმირდნენ დენისოველებად დაახლოებით მაშინ, როცა ნეანდერტალელების წინაპრები ფორმირდნენ საბოლოოდ ნეანდერტალელებად - ძვ.წ. 400, 000 წლიდან. ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში დარჩენილმა ერექტუსებმა ჩამოაყალიბეს ნეანდერტალელები, ხოლო აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებულებმა - დენისოველები. დენისოველების დნმ დღევანდელ ადამიანებშიც დიდი რაოდენობითაა. აღმოსავლეთ აზიაში საპიენსის მათთან შერევა დიდი ინტენსივობით ხდებოდა, ამიტომ მხოლოდ ექსკლუზიურად დენისოველებისთვის დამახასიათებელი გენომი დღევანდელ მელანეზიელებში არის 3-5%, ჩინელებში 1-2%, ავსტრალიელ აბორიგენებში და ნეგრიტოსებში კი 4-6%-მდეც კი აღწევს. დენისოველი ინდივიდის იდენტიფიკაცია პირველად მოხდა 2010 წელს მიტოქონდრიული დნმ-ის საფუძველზე, რომელიც ამოღებული იქნა არასრულწლოვანი ქალის თითის ძვლიდან, რომელიც აღმოჩენილი იყო ციმბირში მდებარე დენისოვას გამოქვაბულიდან, ალთაის მთებში. ბირთვული დნმ მიუთითებს მჭიდრო კავშირზე ნეანდერტალელებთან. ამავე გამოქვაბულში ზოგიერთ პერიოდში ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ ისინი და დენისოველები, თუ ერთობლივად. შემდგომ პერიოდში იდენტიფიცირებული იქნა დენისოვას გამოქვაბულის დამატებითი ნიმუშები, ისევე, როგორც დენისოველთა ერთი ნიმუში ჩინეთში, ტიბეტის პლატოზე, ბაიშია კარსტის მღვიმეში. დნმ-კვლევების მიხედვით ჩანს, რომ მათ ჰქონდათ შედარებით მუქი ტონალობის კანი, ყავისფერი თვალები და თმა და ამავე დროს ჰქონდათ ნეანდერტალელთა მსგავსი აღნაგობა და სახის ნაკვთები. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დენისოველებს ჰქონდათ უფრო დიდი მოლარები, რაც მოგვაგონებს შუა და გვიანი პლეისტოცენის არქაულ ადამიანებსა და ავსტრალოპითეკებს. 2008 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სულ აღმოჩენილია 7 დენისოველი ინდივიდის ნაშთი ციმბირისა და ჩინეთის ტერიტორიებზე, რომელთაგან უძველესი - Denisova 13, რომელიც 2019 წელს აღმოაჩინეს ციმბირში მდებარე დენისოვას გამოქვაბულში, თარიღდება ძვ.წ. 322, 000 - ძვ.წ. 244, 000 წლების შუალედში, საშუალოდ ძვ.წ. 285, 000 წლით. ხოლო უახლესი ნიმუში თარიღდება ძვ.წ. 74, 200 - ძვ.წ. 49, 600 წლებით. დენისოველების დღემდე აღმოჩენილი ნარჩენების სრული ჩამონათვალი ასეთია: Denisova 3 - 2008 წელს აღმოჩენილი 13 წლის მოზარდი ქალის მეხუთე დისტალური თითის ფალანგი, რომელიც დათარიღდა ძვ.წ. 74200 - 49600 წლებით. Denisova 4 - 2000 წელს აღმოჩენილი ზრდასრული მამაკაცის მუდმივი ზედა მე-2 ან მე-3 მოლარი, რომელიც დათარიღდა ძვ.წ. 82100 - 53200 წლებით. Denisova 8 - 2010 წელს აღმოჩენილი ზრდასრული მამაკაცის მუდმივი ზედა მე-3 მოლარი, რომელიც დათარიღდა ძვ.წ. 134400 - 103600 წლებით. Denisova 2 - 1984 წელს აღმოჩენილი მოზარდი ქალის დეციდუალური მე-2 ქვედა მოლარი, რომელიც დათარიღდა ძვ.წ. 192400 - 120700 წლებით. ქსიაჰეს ქვედა ყბა - 1980 წელს ბაიშიას გამოქვაბულში, ჩინეთში აღმოჩენილი ყბის ნაწილი, რომელიც დათარიღდა დაახლოებით ძვ.წ. 160, 000 წლით ან უფრო ძველი პერიოდით. Denisova 11 - 2012 წელს აღმოჩენილი 13 წლის მოზარდი ქალის ხელის ან ფეხის ძვლის ფრაგმენტი, რომელიც დათარიღდა ძვ.წ. 116100 - 77300 წლებით. Denisova 13 - 2019 წელს აღმოჩენილი პარიეტული ძვლის ფრაგმენტი, რომელიც დათარიღდა ძვ.წ. 283, 000 (+-39, 000) წლით. დენისოვა 3-ის მიტოქონდრიული დნმ იქნა გაშიფრული მეცნიერთა ჯგუფის მიერ მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტიდან, იოჰანეს კრაუზესა და სვანტე პაბოს ხელმძღვანელობით. დენისოვა 3-ის მიტოქონდრიული დნმ განსხვავდება თანამედროვე ადამიანების მიტოქონდრიული დნმ-სგან 385 ფუძით (ნუკლეოტიდით), დაახლოებით 16, 500 ფუძიდან. მაშინ, როცა თანამედროვე ადამიანებსა და ნეანდერტალელებს შორის ეს განსხვავება დაახლოებით 202 ფუძეა. შედარებისთვის, თანამედროვე ადამიანებისა და შიმპანზეების მიტოქონდრიულ დნმ-ს შორის სხვაობა 1462 ფუძისეული წყვილია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით დათვლილი იქნა, რომ დენისოველების წინაპრები გამოეყვნენ თანამედროვე ადამიანებისა და ნეანდერტალელების საერთო წინაპრებს 1, 313, 500 - 779, 300 წლის წინ. თანამედროვე ადამიანებისა და ნეანდერტალელების წინაპრები კი ერთმანეთს გამოეყვნენ 618, 000 - 321, 200 წლის წინ (Krause, Fu, Good, Viola et al. 2010). ალტერნატიული ვერსიით, ყოველწლიური მუტაციის სიჩქარით დათვლის გამოყენებით მივიღეთ შედეგები, რომ დენისოველების და ნეანდერტალელების საერთო წინაპრები გამოეყვნენ თანამედროვე ადამიანების წინაპრებს გამოეყვნენ დაახლოებით 804, 000 წლის წინ. დენისოველების და ნეანდერტალელების წინაპრები კი ერთმანეთს გამოეყვნენ 640, 000 წლის წინ (Reich, Green, Kitcher et al. 2010). მონდალის და ლაოს მიხედვით კი ნეანდერტალელების და დენისოველების გაყოფა მოხდა 473, 000 - 381, 000 წლის წინ (Lao, Bertranpetit, Mondal 2019). ჰაიდელბერგელი ადამიანი როგორც წესი მიჩნეულია რომ იყო დენისოველების და ნეანდერტალელების საერთო, უშუალო წინაპარი. ზოგიერთი მკვლევარი ჰაიდელბერგელს მიიჩნევს არა მხოლოდ მათს, არამედ თანამედროვე ადამიანების წინაპრადაც. გამოხატულად შესამჩნევი სტომატოლოგიური განსხვავებების გამო დენისოველები და ნეანდერტალელები ერთმანეთს უნდა გამოყოფოდნენ იქამდე, სანამ ნეანდერტალელებში თანკბილვა განვითარდებოდა 300, 000 წლის წინ (Reich, Green, Kitcher et al. 2010). დენისოველები გავრცელებულნი იყვნენ არა მხოლოდ ციმბირში და ჩინეთში, არამედ ჩინეთის სამხრეთით მდებარე გაუვალ ტყეებში, გადავიდნენ ინდონეზიის არქიპელაგის კუნძულებზე, ახალ გვინეაში და ოკეანიის კუნძულებზეც. თანამედროვე პაპუასებსა და ავსტრალიელ აბორიგენებში აღმოჩენილი დენისოველთა გენომის მაღალი ოდენობა მიუთითებს რომ უძველეს დროში დენისოველებმა გადაკვეთეს ე.წ. "ვოლასის ხაზი" და შესაძლოა ავსტრალიასაც კი მიაღწიეს. არსებობს ვარაუდი, რომ ისინი გავრცელებულნი იყვნენ არა მხოლოდ აღმოსავლეთ აზიაში, არამედ უფრო ნაკლები რაოდენობით იყვნენ გავრცელებულნი დასავლეთ ევრაზიაშიც - ნეანდერტალთა მიწებზე, ვინაიდან ისლანდიელებსაც კი მათი ანომალურად მაღალი გენომი აღმოაჩნდათ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ალთაის მთებიდან ევროპამდე მათ გადაადგილებას ადგილი ჰქონდა და ყველაზე მაღალი ინტენსივობით ევროპისკენ მიგრაცია ციმბირიდან ხდებოდა დენისოველთა საბოლოო გადაშენებამდე რამდენიმე საუკუნით ან ათასწლეულით ადრე. ვარაუდობენ იმასაც, რომ ისინი გადავიდნენ ფილიპინების კუნძულებზეც და ცხოვრობდნენ ლუზონელი ადამიანების გვერდიგვერდ, ან თავად ლუზონელი ადამიანები იყვნენ დენისოველთა ერთ-ერთი ქვესახეობა ან მასთან მჭიდროდ მონათესავე მოდგმა. ისინი საბოლოოდ ძვ.წ. 12, 500 წლისთვის გადაშენდნენ, რაც მათ აქცევს ადამიანთა სახეობებს შორის ყველაზე გვიან გადაშენებულ სახეობად თუ ქვესახეობად, რომელმაც ამდენ ხანს გაუძლო ჰომო საპიენსთან ანუ ანატომიურად თანამედროვე ადამიანთან თანაარსებობას და მასთან შეჯიბრს. დენისოველებს ისევე, როგორც ნეანდერტალელებს ჰქონდათ გრძელი, განიერი და პროექციული სახე, თანამედროვე ადამიანებთან შედარებით დიდი ცხვირი, დახრილი შუბლი, გამოკვეთილი ყბა, წაგრძელებული და გაბრტყელებული თავის ქალა, ფართო მკერდი და თეძოები და ჰქონდა კბილების უფრო გრძელი რიგი, ვიდრე თანამედროვე ადამიანებს და ნეანდერტალელებს. ჩინეთში აღმოჩენილ დენისოველს - ქსუჩანგ 1-ს ჰქონდა ბევრად დიდი მოცულობის თავის ქალა (1800 კუბური სანტიმეტრი), ვიდრე თანამედროვე ადამიანებს აქვთ. არქაულ ჰომო საპიენსებს და ნეანდერტალელებს შორის ყველაზე დიდი თავის ქალას მქონე ჯგუფებს ჰქონდათ მხოლოდ ამდენად დიდი მოცულობა. დენისოველების გენომი შეიცავდა EPAS1 გენის ვარიანტს, რომელიც ეხმარება ადამიანის სხეულს ჟანგბადის დაბალი შემცველობის პირობებში ძალიან მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრების დროს ადაპტაციაში. დღესდღეობით ასეთი გენეტიკა აღინიშნება ადგილობრივ ტიბეტელებში. დენისოველებს ასევე ჰქონდათ გენები: WARS2 და TBX15, რომლებიც ეხმარება სხეულს ცხიმის განაწილებაში და დღესდღეობით აღინიშნება ინუიტებში. პაპუასებში აღინიშნება ნეანდერტალელთა ალელები უმეტესად ტვინის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში გამოხატულ გენომში, ხოლო დენისოველთა ალელების დიდი სიხშირე ძვლებში და სხვა ქსოვილებში გამოხატულ გენომში აღინიშნება (Akkuratov, Gelfand, Khrameeva. 2018). დენისოველები ამზადებდნენ მრავალი ტიპის ქვის იარაღს სხვადასხვა ათასწლეულში: ლევალუას ტიპის ქვის იარაღებს, დისკოიდურ ბირთვებს, საჭრელებს, საფხეკებს, დაჭრილ-დენტიკულურ ხელსაწყოებს, ბურნებს, მონადირებული ცხოვეელების სხვადასხვა ძვლების იარაღს და ხელსაწყოებს, ზოგჯერ ორნამენტებით. ისინი ამზადებდნენ ისეთ ნივთებს როგორიცაა მარმარილოს ბეჭედი, სპილოს ძვლის ბეჭედი, სპილოს ძვლის გულსაკიდი, წითელი ირმის კბილის გულსაკიდი, ელკის კბილის გულსაკიდი, ძვლის ნემსი და ასევე ქლორიტოლითის სამაჯური, რომელიც ძვ.წ. 38, 000 წლისთვისაა დამზადებული, მსოფლიოში უძველესი სამაჯურია და ბურღის გამოყენების კვალს შეიცავს. თანამედროვე ადამიანების გენომის ანალიზი აჩვენებს წარსულში სულ მცირე ორ ჯგუფთან, ნეანდერტალელებთან და დენისოველებთან მრავალჯერ და მრავალი ათასწლეულის განმავლობაში შეჯვარებას. დენისოვას გამოქვაბულში აღმოჩენილი დენისოველი ინდივიდების 17%-მდე გენომი ნეანდერტალელის იყო და ნეანდერტალელებთან დენისოველების შეჯვარება ამ ორი ჯგუფის შეხების რეგიონებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ასეთი შეჯვარება მიმდინარეობდა არა მხოლოდ ციმბირში, არამედ კავკასიის და ევროპის ტერიტორიაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ორი სახეობის გაყოფამდე, მათი საერთო წინაპრები - ე.წ. "ნეანდენისოველები" აშკარად შეჯვარდნენ სუპერარქაულ ადამიანებთან ევრაზიის ტერიტორიაზე. ეს სუპერარქაული ადამიანები იყვნენ აფრიკიდან ძალიან ადრე მიგრირებული ადამიანები ევრაზიაში, დაახლოებით 2 - 1.9 მილიონი წლის წინანდელი სახეობა. 2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დენისოველების დნმ-ის შესამჩნევი რაოდენობა აღინიშნება ავსტრალიელ აბორიგენებში, ოკეანეთის კუნძულელებში, პოლინეზიელებში, ფიჯელებში, აღმოსავლეთ ინდონეზიელებში, ფილიპინების კუნძულებზე მცხოვრებ ადგილობრივ ხალხში - მამანვანებში. მაგრამ დენისოველთა გენომის შესამჩნევი კვალი არ აღმოჩნდა თანამედროვე აღმოსავლეთ აზიელებში, დასავლეთ ინდონეზიელებში, ჯაჰაის ხალხში მალაიზიიდან და ანდამანის კუნძულებზე მცხოვრებ ონგეს ხალხში. ეს ნიშნავს, რომ დენისოველთა უფრო მაღალი გავრცელება მოხდა წყნარი ოკეანის რეგიონში და ნაკლებად აზიის მატერიკზე და რომ იმ ხალხთა წინაპრები, რომლებსაც დენისოველთა გენომის შესამჩნევად დაბალი გავლენა აღენიშნებათ არ იყვნენ ჯერ წარმოდგენილნი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და რომ აღმოსავლეთ აზია დასახლებული იქნა თანამედროვე ადამიანების მიერ ორი განსხვავებული მიგრაციით. თანამედროვე ადამიანთა აღმოსავლეთ აზიაში მიგრირებული ადამიანების უფრო ადრე მისული ჯგუფი დიდი ინტენსივობით შეერია ადგილზე დახვედრილ დენისოველთა პოპულაციას, ხოლო აღმოსავლეთ აზიაში შემდგომ ათასწლეულებში მისული ჰომო საპიენსის მეორე ტალღა უკვე აღარ აღრეულა დენისოველებში ასეთი მაღალი ინტენსივობით, როგორც პირველი ტალღა. კონტინენტურ აზიელებში (მაგალითად ჩინელებში) დაახლოებით იგივე, რაც არააფრიკელ ადამიანებს აქვთ საშუალოდ - 1.5 - 2.1%, ხოლო ადგილობრივ ამერიკელებში დენოსიველების გენომი მხოლოდ 0.2%-ს აღწევს. მაშინ, როცა მელანეზიელებში, ახალ გვინეელებში, ნეგრიტოსებში და ავსტრალოიდებში 4-6%-ს. ევროპელ ხალხთა შორის უდიდესი რაოდენობით დენისოველთა გენეტიკა აქვთ ისლანდიელებს - 3.3%-მდე. ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევებმა გამოავლინა, რომ თანამედროვე ევრაზიელები და ოკეანელები გაიყვნენ დაახლოებით ძვ.წ. 56, 000 წლიდან, პაპუა-ახალი გვინეელები და ავსტრალიელი აბორიგენები კი ძვ.წ. 35, 000 წლიდან. დენისოველებთან შერევამ აფრიკიდან მიგრირებულ ჰომო საპიენსის პოპულაციებს დიდწილად მიანიჭა დამატებითი გენეტიკური მახასიათებლები, რომ ადამიანები ევრაზიის ცივ გარემოს უკეთ შეგუებოდნენ და გარკვეულწილად აუმაღლათ იმუნიტეტიც. წყარო: Denisovan - Wikipedia; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი ავტორი: თორნიკე ფხალაძე136 1-ს მოსწონს
|