x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
პეკინელი ადამიანი - სინანთროპი
პეკინელი ადამიანი - სინანთროპი


პეკინელი ადამიანი / სინანთროპი / პეკინელი სინანთროპი / პეკინელი ამართული ადამიანი / ჰომო ერექტუს პეკინენზისი (Peking Man / Homo erectus pekinensis / Sinanthropus pekinensis) იყო ჰომო ერექტუსის ქვესახეობა (რასა), რომელიც გავრცელებული იყო ჩინეთის ტერიტორიაზე. მისი ნამარხები პირველად აღმოჩენილი იქნა 1921 წელს ჩრდილოეთ ჩინეთში, ქალაქ პეკინის (ბეიჯინგის) მახლობლად შვედი არქეოლოგის იოჰან გუნარ ანდერსონის, პალეონტოლოგ ოტო ზდანსკის და ამერიკელი არქეოლოგის ვოლტერ გრეინჯერის მიერ ჟოუკოუდიანის (ჭოუკოუდიანის) მღვიმეში. ეს არქეოლოგიური ადგილი ჰომო ერექტუსის შესწავლისთვის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი გახდა მთელ მსოფლიოში. მას შემდეგ ჩატარდა მრავალი კვლევა და სულ, 1966 წლამდე აღმოჩენილი იქნა 40 ინდივიდზე მეტი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ე.წ. პეკინელ ადამიანებს. მათი ნარჩენები მოიცავდა როგორც სხეულის სხვადასხვა ნაწილს, ასევე თავის შედარებით კარგად შემონახულ ქალებს ან თავის ქალას სხვადასხვა ნამტვრევს. ამავე ადგილას ნანახი იქნა 100 ათასზე მეტი ქვის იარაღი, რომელიც დამზადებული იყო პეკინელი ადამიანების მიერ სხვადასხვა ათასწლეულში, მათი ამ ტერიტორიებზე ცხოვრების პერიოდში.


პეკინელი ადამიანი - სინანთროპი


პეკინელი ადამიანი იწოდება კლასიკურ ჰომო ერექტუსად. ჰომო ერექტუსების უძველესი ნარჩენები ჩინეთში თარიღდება 1.7 მილიონი წლით და ეკუთვნის ე.წ. იუანმოუელ ადამიანებს, თუმცა ქვის იარაღები, რომლებიც აღმოჩენილი იქნა ცენტრალურ ჩინეთში, ლანტიანში მდებარე სანჩენის არქეოლოგიურ ადგილზე, ამტკიცებს, რომ ერექტუსები, ამართული ადამიანები, რომელთაც ქვის იარაღების დამზადება შეეძლოთ, ჩინეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ 2.12 მილიონი წლისთვის. თავად ზემოთ აღნიშნული ჟოუკოუდიანის არქეოლოგიური ადგილის ნამარხი ნალექები დაყოფილია 27 ლოკაციად.



პეკინელი ადამიანი - სინანთროპი


პეკინელი ადამიანი აღმოაჩინეს პირველ ლოკაციაზე - "დრაკონის ძვლის გორაზე". ეს 40-მეტრიანი სიღრმის ლოკაცია იყოფა 17 ფენად, რომელთაგან ნამარხები ნაპოვნია მე-13 ფენის ზემოთ, ხოლო კონკრეტულად პეკინელი ადამიანების განამარხებული ნარჩენები მე-10-დან მე-3 ფენამდე. ქვის იარაღების დიდი რაოდენობა გვხვდება მე-3, მე-4, მე-8 და მე-10 ფენებში.

1985 წელს ჩინელმა მეცნიერმა ჟაო შუსენმა შემოგვთავაზა ფენების ამგვარი ქრონოლოგია: მე-13 ფენა - 700, 000 წლის წინანდელი, მე-10 ფენა - 500, 000 წლის წინანდელი, მე-3 ფენა - 230, 000 წლის წინანდელი.

არსებობს სხვა დათარიღების ვარიანტიც, რომელიც 2004 წელს შენ ჩენდემ და მისმა კოლეგებმა შემოგვთავაზეს: მე-3 ფენა - 400, 000-დან 500, 000-მდე წლის წინანდელი, ხოლო მე-10 ფენა - 600, 000-დან 800, 000-მდე წლის წინანდელი.


პეკინელი ადამიანი - სინანთროპი


პეკინელი ადამიანების 7 წარმომადგენლის თავის ქალა იქნა გაზომილი, რომელთა თავის ქალებიც იმდენად კარგად იყო შემონახული, რომ გაზომვა და ტვინის მოცულობების დადგენა იყო შესაძლებელი. აღმოჩნდა, რომ მათი თავის ტვინის მოცულობა მერყეობს 850 სმ3-დან (კუბური სანტიმეტრი) 1225 სმ3-მდე. შედარებისთვის - დღევანდელი ჰომო საპიენსების (თანამედროვე ადამიანების) თავის ტვინის მოცულობა ქალებში საშუალოდ არის 1130 სმ3, ხოლო მამაკაცებში საშუალოდ - 1270 სმ3. ამგვარად, აზიელი ჰომო ერექტუსის ტვინი საკმაოდ დიდი იყო - საშუალოდ დაახლოებით 1000 სმ3.

მათი ქვედა ყბა საკმაოდ დიდი იყო, კარგად განვითარებული, მაგრამ ნიკაპის გარეშე, ისევე, როგორც ნეანდერტალელების და სხვა არქაული ადამიანების შემთხვევაში. კბილების თაღები U-ს ფორმის ჰქონდათ. ქვედა ყბის საჭრელები ვიწრო, პრემოლარები ელიფსის ფორმის და ასიმეტრიული, პირველ პრემოლარს (P3) ხშირად აქვს სამი ფესვი, უფრო გავრცელებული ორი ფესვის მაგივრად.

რაც შეეხება თავის ქალას ფორმებს, ვაიდენრაიხი პეკინელი ადამიანების თავის ქალას ახასიათებდა, როგორც შედარებით დაბალსა და წაგრძელებულს. სიგანე ყველაზე ფართოა ყურის დონეზე და მკვეთრად ვიწროვდება ძლიერ უკანდახეულ შუბლზე. აღინიშნება ორბიტალური შევიწროება, თავის ქალას უკან აქვს ელიფსოიდური ფორმა. თვალის ბუდეები ფართოა, ცხვირის ძვლები კი თვალებს შორის ორჯერ აღემატება საშუალო თანამედროვე ადამიანის ცხვირის ძვლების სიგანეს, თუმცა არც ისე ფართოა, როგორც ნეანდერტალელებს ჰქონდათ. ვაიდენრაიხი ასკვნის, რომ პეკინელ ადამიანებს ჰქონდათ მოკლე და ფართო ცხვირი.


პეკინელი ადამიანი - სინანთროპი


ამ ადამიანთა გარშემო სხვადასხვა ათასწლეულში და გარემო-პირობების ცვლილებებთან ერთად ბინადრობდნენ ისეთი ცხოველები როგორებიცაა: მაკაკა, მგელი, აზიური შავი დათვი, მარტორქა, ცხენი, ციმბირული ირემი, გიგანტური ირემი, სპილო, ღამურა, პიკა, მღრღნელების მრავალი სახეობა, ენოტი, კორსაკის მელა, აზიური მაჩვი, გიგანტური აფთარი, გარეული კატა, ვეფხვი, ლეოპარდი, ანტილოპა, წყლის კამეჩი და სხვ. პეკინელი ადამიანები ძალიან ხშირად ნადირობდნენ ირემზე. თავად ამ ადამიანებს კი დიდ საფრთხეს უქმნიდა გიგანტური აფთრები, რომლებზეც ნადირობდნენ, მაგრამ თავადაც ხდებოდნენ მათი მსხვერპლი. სინანთროპები ასევე მიირთმევდნენ კაკალს, თხილს და სხვა ხილს, ფესვებს, სოკოებს და ყველანაირ საკვებად გამოსადეგ საგროვებელს, რისი მოპოვებაც შესაძლებელი იყო მაშინდელ ბუნებაში. პეკინელმა ადამიანებმა მრავალი ასეული ათასი წლის განმავლობაში იცხოვრეს ჩრდილოეთ ჩინეთში და არა მხოლოდ. ყველაზე გვიანი პერიოდის არქეოლოგიური ადგილი ჩინეთში, სადაც ჰომო ერექტუსების ცხოვრება დასტურდება, არის ჰუალონგდონგი, სადაც ერექტუსები ძვ.წ. 150, 000 წლამდე არსებობდნენ. სინანთროპები იყენებდნენ ასევე ცეცხლს საკვების მოსამზადებლად. ცეცხლის გამოყენების ნიშნები მაგალითად დადასტურებულია ჭოუკოუდიანის ლოკაცია 1-ის მე-4 და მე-5 ფენებში, 1929 წლის კვლევის მიხედვით. 2004 წლის კვლევამ კი ცეცხლის გამოყენების კვალი მე-10 ფენაშიც დაადასტურა, რაც ჯერ კიდევ 770, 000 წლის წინანდელ პერიოდში "პეკინელი ადამიანების" მიერ ცეცხლის გამოყენებას ადასტურებს და ისედაც ლოგიკურია, რომ იმ პერიოდის ჩრდილოეთ ჩინეთის ჰავა იმდენად ცივი იყო, რომ ცეცხლის გარეშე ადამიანი იმ გარემოში ვერ გადარჩებოდა.


პეკინელი ადამიანი - სინანთროპი


წყარო: Peking Man - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
71
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
71
  
2022, 26 აპრილი, 12:30
▶ პეკინელი ადამიანი / სინანთროპი (Peking Man / Homo erectus pekinensis) - ჰომო ერექტუსის ქვესახეობა. არსებობდა 800-230 ათასი წლის წინ. აღმოაჩინეს 1921 წელს ჩინეთში. გავრცელებული იყო ჩინეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მათი ტვინის ზომა საშუალოდ მერყეობდა 850-დან 1225 სმ2-მდე. ზოგიერთი ინდივიდი 1300 სმ3-საც კი აღწევდა. საშუალოდ იზრდებოდნენ 150-170 სმ-მდე და იწონიდნენ დაახლოებით 50-70 კილოგრამს.
0 1 1