სიახლეები ადამიანის ახალი ორგანო აღმოაჩინეს 2021, 28 დეკემბერი, 15:27 «მიჩნეულია, რომ უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ადამიანის ანატომიაში უკვე ყველაფერი ცნობილია და აღმოსაჩენი უკვე აღარაფერია, ჩვენი აღმოჩენა შეიძლება შევადაროთ ისეთ მოვლენას თითქოს ზოოლოგებმა ახალი სახეობის ხერხემლიანი აღმოაჩინეს », — განაცხადა პროფესორმა იენს კრისტოფ ტერპმა (Jens Christoph Türp), ამ აღმოჩენის ერთერთმა ავტორმა.
ამ სიახლის შესახებ სტატია ბაზელის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ანატომიისა და სტომატოლოგიური მედიცინის ცენტრის თანამშრომლებმა ჟურნალ Annals of Anatomy-- ში დაბეჭდეს. ითვლებოდა, რომ საღეჭი კუნთი ორი კუნთოვანი ფენისაგან შედგება –ზედაპირული და უფრო ღრმა. მაგრამ სპეციალისტები ეჭვობდნენ რომ შესაძლებელია მესამე სტრუქტურული ფენაც ყოფილიყო. ამ საკითხში გასარკვევად გამოკვლევის ავტორებმა დეტალურად შეისწავლეს 12 გვამის საღეჭი მუსკულატურა, ანალიზი გაუკეთეს 16 ახლადგარდაცვლილი ადამიანის კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ერთი ცოცხალი ადამიანის მაგნიტო–რეზონანსულ ტომოგრაფიას. შედეგად საღეჭ კუნთში მართლაც აღმოჩნდა მესამე, ყველაზე ღრმა სტრუქტურული ფენა, რომელიც აკავშირებს ლოყისა და ქვედა ყბის კორონალურ წანაზარდებს. გამოკვლევის ავტორებმა განმარტეს, რომ ეს ღრმად განლაგებული ფენა, რომელსაც ეწოდა «Musculus masseter pars coronidea», ანუ საღეჭი კუნთის კორონალური (გვირგვინის) სეგმენტი, აშკარად ანატომიურად განსხვავდება დანარჩენი, აქამდე ცნობილი ორი სეგმენტისაგან, როგორც კუნთოვანი ქსოვილის განლაგების მიმართულებით, ასევე თავისი ფუნქციით. მეცნიერების ვარაუდით ეს სეგმენტი ქვედა ყბას უკან ექაჩება და ამით აწონასწორებს მის მდგომარეობას. ახალ აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკური პრაქტიკისათვის, ეს ძალიან დაეხმარება ყბა-სახის ქირურგებს მკურნალობისა და ოპერაციების ჩატარების დროს. აქამდე უცნობი კუნთოვანი სტრუქტურა განლაგებულია საღეჭი კუნთების სიღრმეში. 378 შეფასება არ არის
|