x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დასავლეთ სტეპის მესაქონლეები
დასავლეთ სტეპის მესაქონლეები


დასავლეთ სტეპის მესაქონლეები / დასავლეთის სტეპის მესაქონლეები / დასავლეთ სტეპის მომთაბარეები / დასავლეთ სტეპის მწყემსები (Western Steppe herders / Western steppe pastoralists / WSH) არქეოგენეტიკაში ეწოდება ცალკეულ მოდგმას, რომელიც ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიიდან, საქართველოს ტერიტორიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში ძვ.წ. 5000 წლიდან მიგრირებული კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების შერევით, სამხრეთ რუსეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან - აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებთან. ამ ორივე მოდგმამ ერთნაირი წვლილი შეიტანა ახალი წინაპრული კომპონენტის ფორმირებაში ანუ ავტოსომური გენეტიკით, სრული გენეტიკური მონაცემებით დასავლეთ სტეპის მესაქონლეები 50%-ით იყვნენ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები, ხოლო 50%-ით აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლები.


დასავლეთ სტეპის მესაქონლე (Western Steppe Herder - WSH)


განსხვავება იყო მხოლოდ მიტოქონდრიულ და Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფების თანაფარდობაში, კერძოდ აღსანიშნავია ის, რომ დასავლეთ სტეპის მესაქონლეებს ჰქონდათ მამობრივი ჰაპლოჯგუფები დომინანტურად აღმოსავლეთის მონადირე-შემგროვებლებისგან, ესენი იყო: R1b-Z2103 (სრულიად დომინანტური იამნაიას კულტურაში), R1b, R1a, ასევე მცირე რაოდენობით I2a2, J და Q1a. რაც შეეხება დედისეულ, მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს, დასავლეთ სტეპის მესაქონლეებში ის სრულიად დომინანტურად იყო კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების. დასავლეთ სტეპის მესაქონლეების ყველაზე ცნობილი ადრეული კულტურები იყო მაგალითად ხვალინსკის კულტურა (ძვ.წ. 4900-3500 წწ.), სრედნი სტოგის კულტურა (ძვ.წ. 4500-3500 წწ.) და იამნაიას კულტურა (ძვ.წ. 3300-2600 წწ.). აღსანიშნავია, რომ უფრო გვიან პერიოდში, დასავლეთ სტეპის მესაქონლეების მიერ წარმოქმნილი საბრძოლო ცულების კულტურის (Corded ware culture - ძვ.წ. 2900-2350 წწ.) დომინანტი Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფი იყო R1a-M417 და მცირე რაოდენობით R1b.



დასავლეთ სტეპის მესაქონლე (Western Steppe Herder - WSH)


ძვ.წ. 3000 წლიდან დასავლეთ სტეპის მესაქონლეებმა (იამნაიას კულტურის ხალხმა და გარშემო სტეპის მონათესავე ხალხებმა), რომელთა გენეტიკის 10-18% ჩამოყალიბებული იყო ასევე ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების მიერ, დაიწყეს გავრცელება გარშემო ტერიტორიებზე, როგორც აზიისკენ სამხრეთით, ასევე ევროპისკენ დასავლეთით და გაავრცელეს ინდო-ევროპული ენობრივი ოჯახის ენები და დიალექტები. ამ პერიოდის დასავლეთ სტეპის მესაქონლეების წარმომავლობას, ხშირად "ადრეულ და შუა ბრინჯაოს ხანის სტეპის" მოდგმასაც (Steppe EMBA) უწოდებენ.


დასავლეთ სტეპის მესაქონლე (Western Steppe Herder - WSH)


ევროპაში ამ მიგრაციის შედეგად ჩამოყალიბდა საბრძოლო ცულების კულტურა (Corded ware culture - 2900-2350 წწ.), რომლის მოსახლეობის გენეტიკა 75%-ით იყო დასავლეთ სტეპის მესაქონლეების. სტეპის მიგრანტებმა ასევე ევროპაში წარმოშვეს თასების კულტურა, იგივე ზარისებრი თასების კულტურა (Beaker culture - ძვ.წ. 2800-1800 წწ.), რომლის მოსახლეობის გენეტიკა იყო ნახევრად დასავლეთ სტეპის მესაქონლეების. სტეპის მიგრაციამ ევროპული პოპულაციიდან დიდწილად გააქრო ადრეული ევროპელი მიწათმოქმედების მამაკაცური ხაზი, Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფი G2a და მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპის კულტურულ-გენეტიკური ლადშაფტი.


დასავლეთ სტეპის მესაქონლე (Western Steppe Herder - WSH)


ევროპის ბრინჯაოს ხანაში, ძვ.წ. II ათასწლეულში საბრძოლო ცულების კულტურის მოსახლეობა ცენტრალური ევროპული მინარევით კვლავ სტეპში დაბრუნდა და ჩამოაყალიბა დასავლეთ სტეპის მესაქონლეთა ახალი ტიპი, რომლებიც მოიხსნიებიან, როგორც "შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის სტეპის" (Steppe MLBA). ამ ხალხმა სინტაშტას კულტურის (Sintashta culture - ძვ.წ. 2050-1750 წწ.), ანდრონოვოს კულტურის (Andronovo culture - ძვ.წ. 2000-900 წწ.) და სრუბნაიას კულტურა (Srubnaya culture - ძვ.წ. 1850-1450 წწ.) ჩამოყალიბებით გაავრცელა ინდო-ევროპული ენები ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში.


დასავლეთ სტეპის მესაქონლე (Western Steppe Herder - WSH)


ევროპის თანამედროვე ერები და ეთნოსები ჩამოყალიბებულნი არიან სამი ბაზისური მოდგმის შერევით, ესენია: დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები, ადრეული ევროპელი მიწათმოქმედები და დასავლეთ სტეპის მესაქონლეები. ევროპაში დასავლეთ სტეპის მესაქონლეების გენეტიკა ყველაზე მაღალია ნორვეგიელებში (50%), ხოლო სამხრეთ აზიის ეთნოსებს შორის - კალაშებში (50%).


დასავლეთ სტეპის მესაქონლე (Western Steppe Herder - WSH)


დასავლეთ სტეპის მესაქონლეები იყვნენ ღია ფერის კანის, ყველა სხვა მოდგმაზე უფრო მაღლები, შერეულად ჰქონდათ მუქი, წაბლისფერი, წითური და ქერა თმა. შერეულად ჰქონდათ ასევე თვალის ფერი შავიდან ლურჯამდე, თუმცა დომინანსტურად თვალიც და თმაც მუქი ფერის ჰქონდათ, მხოლოდ საბრძოლო ცულების კულტურის ხალხს ჰქონდა მეტად ცისფერი თვალები. ევროპაში ადამიანებს უკვე ჰქონდათ თეთრი კანის ფერი ადრეული ევროპელი ფერმერების დამსახურებით, მაგრამ დამატებით კანის სითეთრე დასავლეთ სტეპის მესაქონლეებმაც მიიტანეს კონტინენტზე. იამნაიას დნმ ნიმუშებიდან მეოთხედს ჰქონდა ალელი, რომელიც ასოცირდება ლაქტოზის ანუ რძის შაქრის მიმღებლობასთან, რაც რძის და რძის პროდუქტების ბევრად უკეთესად გადამუშავების საშუალებას ანიჭებს ორგანიზმს. მიჩნეულია, რომ ეს გენეტიკა ევროპაში სწორედ მათ გაავრცელეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ალელი ადრეულ ევროპელ ფერმერებსაც ახასიათებდათ და შესაძლოა თვით დასავლეთ სტეპის მესაქონლეებში შესული იყო კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან, რომლებმაც მათი ნახევარი გენეტიკა ჩამოაყალიბეს.






წყარო 1: Western Steppe Herders - Wikipedia;

წყარო 2: დასავლეთ სტეპის მესაქონლეები - Wikipedia;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0