x
image
თორ ნიკე
Mediator image
ავსტრალიელი აბორიგენები
ავსტრალიელი აბორიგენები


ადგილობრივი ავსტრალიელები, ავსტრალიელი აბორიგენები ფიზიკური ანთროპოლოგიის სამეცნიერო ლიტერატურაში იწოდებიან როგორც ავსტრალო-მელანეზიელები (Australo-Melanesians), ავსრალაზიელები (Australasians), ავსტრალომელანეზოიდური რასა (Australomelanesoid race) ან ავსტრალოიდური რასა (Australoid race). ასე უწოდებდნენ ადგილობრივ ეთნოსებს, რომლებიც განსახლებული იყო არა მხოლოდ უშუალოდ ავსტრალიის კონტინენტზე, არამედ ასევე მელანეზიაში (უმეტესად ფიჯიზე, ახალ კალედონიაზე, სოლომონის კუნძულებზე, ვანუატუზე), ასევე პაპუაზე. ამავე რასას მიაკუთვნებდნენ ზოგჯერ სამხრეთ ინდოეთის შავკანიან ადგილობრივებს და ე.წ. ნეგრიტოებს, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცხოვრობენ.


ავსტრალიელი აბორიგენები


როდის დასახლდნენ ადამიანები პირველად ავსტრალიაში? ამაზე პასუხს გვაძლევს ჩრდილოეთ ავსტრალიაში, არნჰემის რეგიონში მდებარე მაჯედბებეს (Madjedbebe) გამოქვაბულების კვლევა. ამ გამოქვაბულების კვლევა 1973 წლიდან დაიწყეს და 2012 და 2015 წლის კვლევით საბოლოოდ დაადგინეს თუ როდის ცხოვრობდნენ იქ ადამიანები. ეს არის ავსტრალიის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი არქეოლოგიური ადგილი, სადაც ადამიანთა ყოფნა დასტურდება - კერძოდ ძვ.წ. 68, 000 - ძვ.წ. 63, 000 წლიდან. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ავსტრალიაში ადამიანები გადავიდნენ ძვ.წ. 50, 000 წლიდან, ვინაიდან ამ კონტინენტზე მრავალი სხვადასხვა არქეოლოგიური ადგილია აღმოჩენილი, სადაც ადამიანების ყოფნა დასტურდება ძვ.წ. 40, 000 წელზე უფრო ადრეულ პერიოდში.



ავსტრალიელი აბორიგენები

ავსტრალიელი აბორიგენები


არქეოლოგებს სჯეროდათ, რომ ავსტრალიაში პირველად ადამიანები გადავიდნენ აფრიკიდან აზიაში ბოლო დიდი მიგრაციის შემდეგ, რომელიც მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 60, 000 - ძვ.წ. 58, 000 წლისთვის. მაგრამ 2015 წლის კვლევით დადგინდა, რომ ავსტრალიის კონტინენტზე პირველად გადასული ხალხი არ ყოფილა ბოლო ტალღის შთამომავალი, არამედ იყო აფრიკიდან ევრაზიაში ბოლოს წინა ტალღის, ძვ.წ. 130, 000 წლისთვის გადმოსული ხალხის შთამომავლობა, რომლებიც, სანამ ავსტრალიამდე ჩააღწევდნენ, გავრცელდნენ ჯერ დღევანდელ იემენში, ომანში, ინდოეთში, ინდო-ჩინეთში, ინდონეზიაში და მრავალი ათასწლეულის შემდეგ მივიდნენ ავსტრალიამდეც. მაჯედბებეში აღმოჩენილია დედამიწაზე უძველესი პირწამახული ქვის ხელის ცულები, ასევე დოლაბები, სხვადასხვა მცენარის მარცხვლეულის დასაფქვავად, რომ შემდეგ ამ ფქვილით დამზადებული მასის ცეცხლზე მომზადების შემდეგ გამოკვებილიყვნენ. აქვე აღმოჩნდა პირწამახული ქვები, რომლებიც დიდი ალბათობით ხელშუბების ისრისპირებად გამოიყენებოდა. აქ აღმოჩენილია ასობით ათასი არტეფაქტი. დადგინდა, რომ ეს ხალხი იყენებდა "ძალიან დიდი რაოდენობით ჟანგმიწას" გამოქვაბულების კედლების მოსახატად. ეს ხალხი პირველები იყვნენ მსოფლიოში, რომლებიც როგორც საკუთარი სხეულის, ასევე გამოქვაბულების კედლების მოსახატად იყენებდნენ ამრეკლავ ქარსს (reflective mica).


ავსტრალიელი აბორიგენები

ავსტრალიელი აბორიგენები


აღნიშნულ არქეოლოგიურ ადგილზე არსებული არტეფაქტების დათარიღება მოხდა ვოლონგონგის გეოქრონოლოგის ზენობია იაკობსის (Wollongong Geochronologist Zenobia Jacobs) მიერ 2015 წელს, ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენციის (Optically stimulated luminescensce) მეთოდის გამოყენებით. მაჯედბებეში ამ მეთოდით დათარიღებული იქნა 28, 500 ცალი კვარცის ნატეხი სხვადასხვა არქეოლოგიური შრიდან აღებული 56 სხვადასხვა ნიმუშიდან და ამით განისაზღვრა თუ როდის მოხვდა ბოლოს სინათლის კვანტი თითოეულ მათგანს, ანუ როდის დაიმარხა მიწის ქვეშ. ასე განისაზღვრა იმ არქეოლოგიური შრეების ასაკი, რომელშიც ზემოთ აღნიშნული ასობით ათასი არტეფაქტი იქნა ნაპოვნი. ეს დათარიღება კიდევ უფრო დიდი სიზუსტით მოხდა, ვიდრე აქამდე იყო და როგორც ზენობია იაკობსმა განაცხადა, ადამიანთა ამ ტერიტორიაზე ცხოვრება დასტურდება ძვ.წ. 63, 000 წლიდან 95%-იანი სიზუსტით და მერყეობს მხოლოდ ძვ.წ. 58, 000 წლიდან ძვ.წ. 68, 000 წლამდე დიაპაზონში.


ავსტრალიელი აბორიგენები


ცნობილია, რომ დღევანდელი კაცობრიობა, თანამედროვე ადამიანები ჰომო საპიენსი წარმოდგა ერთი კონკრეტული პოპულაციისგან, რომელიც აფრიკის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა, სადღაც აფრიკის რქის ან მიმდებარე რეგიონებში და შემდგომ პერიოდში გავრცელდა ჯერ აფრიკაში გარშემო რეგიონებში და მომდევნო ათასწლეულებში გადმოვიდა რამდენიმე ტალღად ევრაზიის კონტინენტზე. ამ გავრცელებისას, როგორც აფრიკის სხვა რეგიონებში, ასევე ევრაზიაში უკვე ცხოვრობდნენ ადამიანთა სხვა მოდგმები, რომელთანაც აფრიკიდან გავრცელებული საპიენსები ტოვებდნენ საერთო შთამომავლობას მას შემდეგ, რაც მათი გავრცელების რეგიონებში სახლდებოდნენ, მაგალითად ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ხდებოდა მათი შერევა ნეანდერტალელებთან, აღმოსავლეთში, ჩინეთისა და ინდო-ჩინეთის, ასევე ციმბირის ტერიტორიებზე კი დენისოველებთან და სხვა უძველეს ადამიანთა მოდგმებთან, რომლებიც უკვე ათასწლეულების განმავლობაში იყვნენ ჩამოყალიბებულები ევრაზიაში და წარმოშობილნი იყვნენ ევრაზიელი ჰომო ერექტუსებისგან, რომლებიც შესაძლოა აფრიკიდან გადმოვიდნენ ან ადგილობრივად ჩამოყალიბდნენ კავკასიაში. კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ გავრცელდნენ მთელ კონტინენტზე. ევრაზიაში მათი უძველესი გავრცელების ტერიტორია იყო სწორედ სამხრეთ კავკასია 1.84 - 1.8 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან მოყოლებული. აფრიკიდან გადმოსული ჰომო საპიენსების ადგილობრივ ევრაზიულ მოდგმებთან შერევამ და გარემო-პირობებით განპირობებულმა ბუნებრივმა გადარჩევამ ბიძგი მისცა ახალი ნიშან-თვისებების გაჩენას და ახალი რასების ფორმირებას მომდევნო ათასწლეულების განმავლობაში.


ავსტრალიელი აბორიგენები


აზიიდან ავსტრალიაში გადასვლა მოხდა უფრო მარტივად, ვიდრე დღევანდელ გეოგრაფიულ მოცემულობაში მოუწევდათ ძველ ადამიანებს, ვინაიდან ავსტრალია ძვ.წ. 63, 000 წლისთვის არ იყო იმდენად გამოყოფილი აზიიდან, როგორც დღესაა. ავსტრალია გაერთიანებული იყო ახალ გვინეასთან და ტასმანიასთან უფრო დაბალი ზღვის დონის გამო გამყინვარების პერიოდში. ამ ერთიან ხმელეთს მეცნიერებმა საჰული უწოდეს. დაბალი ზღვის დონის პირობებში ტიმორსა და საჰულს შორის დაშორება მხოლოდ 90 კილომეტრამდე იქნებოდა, რისი გადალახვის შესაძლებლობაც მაშინდელი პრიმიტიული წყალზე მცურავი საშუალებებით შესაძლებელი იქნებოდა ავსტრალიამდე მისაღწევად.


ავსტრალიელი აბორიგენები


საჰულის მიწები მხოლოდ ძვ.წ. 6000 წლისთვის გამოეყო ერთმანეთს. იქამდე კი, ჯერ კიდევ ძვ.წ. 11, 000 წლიდან ზღვის დონემ მკვეთრი მომატება დაიწყო. ავსტრალიელი აბორიგენების რაოდენობა, მიუხედავად მათი მონადირე-შემგროვებლური ცხოვრების წესისა, არ ყოფილა ცოტა. მაგალითად მეცნიერებმა მოახერხეს გამოთვლა, რომ ძვ.წ. 3000 წლისთვის ავსტრალიის აბორიგენთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 6 მილიონი იყო. საჰულის ხალხთა ერთი გენეტიკური წარმომავლობა დამტკიცდა ადგილობრივი ავსტრალიელების და პაპუა-ახალი გვინეის ხალხების შედარებითი გენეტიკური ანალიზითაც. დადგენილია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ძვ.წ. 63, 000-დან ძვ.წ. 8000 წლებში ადგილობრივი ავსტრალიელები ტანით უფრო დიდები და მტიცე ძვლების მქონეები იყვნენ, ვიდრე დღევანდელ დღეს არიან. ფიზიკურადაც ბევრად უფრო მრავალფეროვანი გარეგნობის იყვნენ, შემდგომ ათასწლეულებში უფრო ერთნაირ ხალხად ჩამოყალიბდნენ.


ავსტრალიელი აბორიგენები



ავსტრალიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანების ნაშთები არის შემდეგი:

1. ავსტრალიაში უძველესი ადამიანის ნაშთები აღმოჩენილი იქნა ტბა მუნდოს შემოგარენში, ახალი სამხრეთ უელსის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიებზე, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ მინიმუმ ძვ.წ. 45, 000 წლიდან. აქ აღმოჩნდა ქალის და კაცის ნაშთები:

მუნგოელი ქალი (Mungo woman) - დათარიღებულია ძვ.წ. 42, 000 წლით.

მუნგოელი კაცი (Mungo man) - დათარიღებულია ძვ.წ. 60, 000 წლიდან ძვ.წ. 40, 000 წლამდე.

2. კოჰუნა (Cohuna) - ის 1925 წელს აღმოაჩინეს ვიქტორიაში, კოვის ჭაობში. ზუსტად დათარიღებული არ არის თუ როდისაა გარდაცვლილი. მისი ბრტყელი შუბლი მიუთითებს ხელოვნურად გაბრტყელების ტრადიციაზე. ჰქონდა იმაზე უფრო დიდი კბილები, ვიდრე დღევანდელ ავსტრალოიდებს. არადა ავსტრალოიდები გამოირჩევიან ამ ნიშნით, რომ დიდი ზომის კბილები აქვთ.

3. კეილორი (Keilor) - იმ არქეოლოგიურ ადგილზე, სადაც აღმოაჩინეს ადამიანის ეს ერთ-ერთი უძველესი ნაშთები, საერთოდ ადამიანები ცხოვრობდნენ ძვ.წ. 38, 000 წლიდან. 1940 წელს აქ ნაპოვნი იქნა ადამიანის თავის ქალა, რომელიც დათარიღდა ძვ.წ. 10, 000 წლით.

4. ტალგაი (Talgai) - 1884 წელს იქნა აღმოჩენილი და დათარიღებულია ძვ.წ. 9000-7000 წლებით. აქაც სახეზე გვაქვს ხელოვნურად წაგრძელებული თავის ქალა, ბრტყელი შუბლი და დიდი კბილები.


ავსტრალიელი აბორიგენები


ადგილობრივი ავსტრალიელების გენეტიკური ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ მათი გენომის 3-დან 6%-მდე არის დენისოველების, რაც ავსტრალიაში გადასვლამდე ამ ადამიანების წინაპრების დენისოველებთან საკმაოდ შესამჩნევი მასშტაბით შერევაზე მეტყველებს.

ავსტრალიელი აბორიგენების Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფები არის:

C (44%), აქედან 42% არის C-M347, ხოლო 2% - ბაზალური C-M130.

ხოლო დანარჩენი 56% მოსახლეობის ჰაპლოჯგუფი არის K*. აქედან 27% არის ბაზალური K-M526; 27% - S-P308 და 2% - M-M186;

Y ქრომოსომული ჰაპლოჯგუფების კვლევა აჩვენებს, რომ ახალგვინეელები და ადგილობრივი ავსტრალიელები ერთმანეთს დაშორდნენ ძვ.წ. 46, 000 წლიდან.


ავსტრალიელი აბორიგენების Y-ქრომოსომული ჰაპლოჯგუფები


ხოლო რაც შეეხება მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს, გატესტილი ადამიანების საერთო რაოდენობის 78%-მდე ჰქონდა კონკრეტულად ავსტრალიისთვის დამახასიატებელი, ადგილობრივი ჰაპლოჯგუფები, ესენია: მთელი მოსახლეობის 44% - P; 23% - S და 9% M42a.

ჟურნალ "Nature"-ში გამოქვეყნდა 2017 წელს კვლევა, სადაც დაიდო 127 ავსტრალიელი აბორიგენის მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები, ესენი იყო: M42a, M42c, S, P5, P12. ამათ მოჰყვებოდა ავსტრალიაში უფრო იშვიათი სიხშირით გავრცელებული შემდეგი მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები: M15, M16, N13, O, P3, P6 და P8. აქვე გამოიყო კიდევ ორი ჰაპლოტიპი: P4a და P4b, რომელსაც ასევე უწოდეს P4 (ახალ-გვინეური) და P11 (ავსტრალიური). ასევე აღმოაჩინეს P2b (ტორესის კუნძულების მცხოვრებისთვის დამახასიათებელი). ყველა მათგანი უძველესი აღმოჩნდა და დამტკიცდა, რომ ავსტრალიაში არ ყოფილა ხალხის დამატებითი ჯგუფის გადასვლა აზიიდან, როგორც მინიმუმ ჰოლოცენის პერიოდში, ანუ ძვ.წ. 10, 000 წლიდან დღემდე. ამ კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ მიუხედავად საჰულის ერთიანი მიწისა, ახალი გვინეის და ავსტრალიის მოსახლეობა ერთმანეთს დაშორდა დაახ. ძვ.წ. 28, 000 წლიდან და კონტაქტები საკმაოდ გაიშვიათდა მათ შორის.


ავსტრალიელი აბორიგენები


M42a და M42b დაახლოებით ძვ.წ. 48, 000 წლისთვის გამოეყვნენ ერთმანეთს სადღაც ინდოეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კი როგორც ჩანს ამ პოპულაციამ გზა განაგრძო ავსტრალიამდე და ის აღინიშნება დღევანდელ ადგილობრივ ავსტრალიელებშიც. როგორც ჩანს, მიგრაციები აზიიდან ავსტრალიაში სხვადასხვა ათასწლეულებში კვლავ გრძელდებოდა და იქ ხალხის პირველი ნაკადის გადასვლის შემდეგ ძვ.წ. 63, 000 წლიდან, კიდევ იყო სხვა მცირე ნაკადებიც სხვადასხვა ათასწლეულში. ამ კვლევამაც დაადასტურა, რომ ძვ.წ. 45, 000 წელზე უფრო ადრეულ პერიოდში მოხდა ავსტრალიელი აბორიგენების წინაპრების დასახლება ამ კონტინენტზე. ასევე გაირკვა, რომ M42a და M42c ერთმანეთისგან გაიყო ძვ.წ. 51, 000 წლისთვის. ავსტრალიურ მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებში ყველაზე ძველი არის P, რომელიც წარმოიქმნა დაახლოებით ძვ.წ. 58, 000 წლისთვის. P11 (ადრე წოდებული, როგორც P4b) წარმოიქმნა ძვ.წ. 48, 000 წლისთვის, ხოლო P12 - ძვ.წ. 44, 000 წლისთვის და ისინი ადგილობრივია ავსტრალიისთვის, საჰულის ჩრდილოეთით, ახალი გვინეის მიწებზე წარმოიშვა და მალევე გავრცელდა სამხრეთით, ავსტრალიის მიწებზე.


ავსტრალიელი აბორიგენები


წყარო: A find in Australia hints at very early human exit from Africa - science.org;

წყარო 2: The spread of early people to Australia - The Australian Museum;

წყარო 3: Aboriginal Australian Mitochondrial genome variation - Nature;

წყარო 4: Deep roots for Aboriginal Australian Y chromosomes - NCBI;



კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
619
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
619
  
2021, 9 დეკემბერი, 1:25
აფრიკიდან ჰომო საპიენსის გადმოსვლის ბოლოს წინა ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ინდოეთის სამხრეთით მდებარე პატარა კუნძულის მკვიდრი სენტინელები, რომლებიც ამ კუნძულზე ძვ.წ. 60,000 წლისთვის გადავიდნენ ინდოეთის ტერიტორიიდან ტივებით ან სხვა მაშინდელი პრიმიტიული წყალზე გადასაადგილებელი საშუალებებით და დღემდე იქ სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ გარესამყაროსგან. დღემდე ყველა სხვა ხალხთან კონტაქტს ერიდებიან და ინდოეთში და გარშემო კუნძულებზეც ყველამ იცის უცხოელებისადმი მტრულად განწყობილი ამ ხალხის შესახებ, რომლებსაც მოკლულიც კი ჰყავთ უცხოელები, რომლებიც მათთან დაკონტაქტებას ცდილობდნენ. ისინი დღემდე მონადირე-შემგროვებლები არიან და არ აუთვისებიათ მიწათმოქმედება, ფერმერობა, აგროკულტურა, მეცხოველეობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გააჩნიათ თანამედროვე ტექნოლოგიები, ისინი მაინც გადაურჩნენ 2004 წლის მომაკვდინებელ ცუნამის, რომელმაც 230 ათას ადამიანზე მეტი შეიწირა სენტინის კუნძულის გარშემო რეგიონებში, ხოლო ამ კუნძულზე სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული დამატებითი უნარები, რაც სხვა ადამიანებს არ აქვთ და ცუნამის მოახლოება მის დაწყებამდე იგრძნეს, რის მერეც გადაინაცვლეს კუნძულის ცენტრისკენ მდებარე შემაღლებულ ადგილებზე, ტყეებით დაფარულ გორაკებსა და მთებზე.
0 1 1