ქალი და მამაკაცი მამამ ისეთი უხეში რაღაც მითხრა ელასტიკთან დაკავშირებით, უკაცრავად და იმ მომენტში მეძავად ვიგრძენი თავი 2021, 28 ოქტომბერი, 17:32 პროექტი „დამიცავი, პატარა ვარ“ შექმნილია ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. მას ახორციელებს ორგანიზაცია „საფარი“, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოგესალმებით.
არასდროს გავმხდარვარ შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლი, თუმცა თითოეულ ასეთ ფაქტს მწვავედ აღვიქვამ და ჩემს თავზეც ვიღებ. ამის შემდეგ აღარ მაქვს ხოლმე ისეთი შეგრძნება, რომ ჩემზე არ უძალადიათ - სადაც სხვა ქალს/გოგოს შეურაცხყოფა მიაყენეს, ირონიული სექსისტური კომენტარი გაუკეთეს თუ იძალადეს, ე.ი. ჩემზეც იძალადეს...
აქ დაწერილმა ისტორიებმა ხომ ბოლო მომიღო, ისეთ რაღაცებს ყვებიან ეს ადამიანები, ჩემი წარმოსახვა, რამდენიც უნდა ვეცადო, მაქამდე ვერ წვდება...
15 წლის რომ ვიყავი, ზაფხულში სოფელში ვიყავით ჩასულები, როგორც ყოველთვის. საღამოს 8-ის ნახევრისკენ, მე და ჩემი და მოვდიოდით სახლის გვერდით რომ მინდორია, იქიდან. ჩვენს მხარეში ბევრი მოსახლე არაა, ჩვენი სახლის იქით პრინციპში მაცხოვრებელიც აღარ შეგხვდებათ, მარტო ადგილობრივ მწყემსებს და მეზობლებს თუ ვხედავთ ხოლმე აქეთ გამოვლილს.
იმ დღეს მუხლებს ქვემოთ ელასტიკი მეცვა. ჰოდა მოვდივართ და, ჩემი და ჩურჩულით მეუბნება, უკან არ გაიხედო, მწყემსი მოგვყვებაო. არც გამიხედავს, რა თქმა უნდა.
სახლში რომ მივედით, მითხრა, “გოგოებოო!'' - ასე დაგვიძახაო.მე არაფერი არ გამიგია საერთოდ და დღემდე არ ვიცი, ის ადამიანი როგორ გამოიყურებოდა. ეს მშობლებმაც მოისმინეს და მამამ ისეთი უხეში რაღაც მითხრა ელასტიკთან დაკავშირებით, უკაცრავად და, იმ მომენტში ცოტა დამაკლდა, რომ მეძავად არ მეგრძნო თავი. კიდევ კარგი, არ მახსოვს ეს ფრაზა ზუსტად, თორემ უარესად გავღიზიანდებოდი ახლა, რომ მახსოვდეს. მით უმეტეს, რომ თუ საწინააღმდეგო აზრი გაქვს, მამასთვის რამის დამტკიცება ან იმის თქმა, რომ მისგან რაღაც არ მოგეწონა, შეუძლებელია, რადგან ეგრევე გადადის ასეთ ფრაზებზე: “შენს სულში ჩაიხედე'', “შენს ცოდვებს მიხედე, თუ ხასიათზე არა ხარ, შვილო, ადამიანი ვერ დაგელაპარაკება'' და ა.შ. თანაც მე ვარ ადამიანი, რომელიც ვერაფერს ეპატაჟურს თუ ვულგარულს ვერ იტანს, და ტოპი და შორტი გარეთ არასდროს მაცვია. ჯერ ერთი, ჩემს სტილში არ ჯდება და მეორეც - უბრალოდ არ მსიამოვნებს, როცა კაცები კი არა, ზოგადად, ხალხი ჩემი სხეულის ზედმეტ ნაწილს ხედავს, რადგან ინტროვერტი ვარ, და არა იმიტომ, რომ მოძალადეების “ადვოკატების'' მეშინია.
გუშინ გავიხსენე ეს დედასთან, ასეთი რაღაც შვილს როგორ მითხრა-მეთქი და დედამ არც დამამთავრებინა, ეგ იმიტომ გითხრა, რომ ანერვიულდაო, თუ რაღაც ასეთი, და კიდევ ის, რომ სოფელში ცოტა სხვანაირი ტვინი აქვთ და ასე გარეთ არ უნდა გახვიდეო.
აქამდე კიდევ იმედი მქონდა, რომ ქალების შევიწროებაზე ადამიანური აზრი ჰქონდა, მით უმეტეს, რომ დედას მოუყოლია, რამდენჯერმე როგორ გამხდარა ბავშვობაში შევიწროების მსხვერპლი - ერთხელ ტრანსპორტში უსვამდა ვიღაც კაცი ბარძაყზე ხელს და ერთხელ საერთოდ, კოჭებამდე ქვედაბოლოში ჩაცმულს, ვიღაც აეკიდა მანქანით. ასეთი რაღაც გამოვლილი აქვს და მაინც მეუბნება, მე მაგალითად, დავიფარავდი ტანსო. ანუ ანაფორაც რომ გეცვას, კიდევ უფრო კარგად უნდა შეიფუთო, კაცის ავხორც თვალებს რომ “გადაურჩე'', არა?!
მე არასდროს არ გავიზიარებ მაგ აზრს-მეთქი, და ისიც ვუთხარი, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ვინმესგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი რომ გავხდე, შენ არაფერს არ გეტყვი-მეთქი და ძალიან უსიამოვნოდ გაჩუმდა, თავი მომაჩვენა, ვითომ არ მისმენდა. მასთან ხშირად ვარჩევ იმ საკითხს, რომ ძალადობის ასეთ საშინელ შემთხვევებში ოღონდ ყურადღება ჩაცმულობაზე გადაატანინე ხალხს, რომ “სითბოში'' დარჩნენ და ზედმეტად თავი არ აიტკიონ, მსხვერპლს წესიერი დახმარება აღმოუჩინონ და მოძალადეს - საკადრისი ცხვირ-პირის ჩალეწვა. გუშინ ისიც ვუთხარი, ვიღაც მთვრალი იყო ერთხელ ავტობუსში, მუხლებს ქვემოთ პალტო მეცვა და პომპონიანი ქუდი მეხურა, მაგრამ ზურგზე ხელი მომისვა-მეთქი (დღემდე არ ვიცი, ამას სექსუალური შევიწროვება დავარქვა თუ არა); 6 წლის ბავშვი რომ გააუპატიურეს ცოტა ხნის წინ, იმის გამოძიება დავიწყოთ, იმ მომენტში შორტი ეცვა თუ არა-მეთქი? 10, 14, 18 წლის გოგომ ჯერ ტანზე უნდა დაიხედოს, “ოჯახის შვილის'' შესაფერისად აცვია თუ არა და გარეთ რომ ვიღაც გამოეკიდება “წესიერად ჩაცმულს'', მაინც საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, არა-მეთქი? და რაღაც გაუგებარი გამომეტყველებით მიყურებდა, კიდევ რაღაცას მიხსნიდა თითქოს...
არადა, თვითონაც ცუდად ხდება, როცა ტელევიზიით ბავშვის გაუპატიურების საქმეზე საუბრობენ და მწვავედ რეაგირებს ხოლმე, მაგრამ თურმე რაღაცაზე რეაქცია იმას არ ნიშნავს, რომ სხვანაირად არ ფიქრობს, რადგან ეტყობა, ქვეცნობიერში ასე აქვს ჩადებული და “ვაიმე, შვილო, ბავშვს რა უქნეს!'' - არაფრის გამომხატველი არაა დიდად.
აი, ასეთი მაგარი გულშემატკივრები მყავს სახლში; არამარტო მე, არამედ - უამრავ ადამიანს ამ გაუბედურებულ საქართველოში! არადა, ჩემს მშობლებს სჯერათ, რომ ყველაფრით არიან აღჭურვილნი და ჯვარი მწერია, მაგრამ ჩვენს ოჯახში ასეთი რამ რომ მოხდეს, არა მგონია, მზად იყვნენ ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ ყოველგვარი განსჯის გარეშე დამიდგნენ გვერდით.
მინდა, ყველამ იცოდეს ერთი რაღაც - როგორც თქვენ მოგესურვებათ, ისე ჩაიცვით; ბედნიერები იყავით საკუთარი ინდივიდუალიზმით, მით უმეტეს, როცა ჩაცმულობაში საკუთარი სტილი გაქვთ. “ნეტა რა ეცვა'' დამოკიდებულება მაშინ დასუსტდება, როცა მოისპობა მამრობითი სქესისთვის თავის მოწონებისკენ სასოწარკვეთილი სწრაფვა, და მოკლემკლავიან, მოკლემუცლიან თუ მოკლეტოტიან ტანსაცმელს მოშორდება “გამომწვევის'' და “მამაკაცების დამატყვევებლის'' სტატუსი.
წარმოიდგინეთ, კლიპებში შორტიან და ბიკინიან ქალებს იღებენ, უამრავი ადამიანი ერთობა მთელ მსოფლიოში სხვისი სიშიშვლის ყურებით (სხვადასხვა ფორმით), იმისთვის, რომ male gaze-ის კრიტერიუმებში ჩაჯდე, ერთი სტრია და ნაოჭი არ უნდა გქონდეს სხეულზე, და ეს ყველაფერი თურმე იმისთვისაც სჭირდებათ, რომ თავისუფლად იძალადონ და უცნობს თუ ნაცნობს შეეხონ სხეულზე ფიზიკურად თუ სიტყვით! სხეულის/კანის ზედმეტი, ხილული ნაწილი არავის უნდა აძლევდეს თავისუფლებას, მივიდეს და ქალს, კაცს, გოგოს, ბიჭს, ბავშვს, ხელი მოუსვას და რა ჩემი ბრალიაო, თქვას!
უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, მიყვარხართ ყველა. 731 4-ს მოსწონს |
ყველა ადამიანს აქვს უფლება წავიდეს პაპუა ახალ გვინეის ჯუნგლებში,მაგრამ ის უნდა გაითვალისწინონ რო იქ დიდი ალბათობით პაპუაები შასჭამენ. როცა გეტყვი,რომ არ წახვიდე იქ,ეს უფლების შეზღუდვა კი არ არის,ეს არის ადამიანის გაფრთხილება.
მოძალადეები იყვნენ,არიან და იქნებიან მომავალში,რომელთა ამოცნობა არის ძნელი,შეუძლებელიც კი.ნებისმიერი ადამიანის მოვალეობაა გაუფრთხილდეს ირგვლივ მყოფებს და მისცეს მათ სათანადო რჩევა. ამ მონათხრობის ავტორის მამა მართალი გამოდგა,მან დაიცვა შვილი და ის არ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. პირიქით რო ეთქვა,შენი უფლებაა შვილო რას და როგორ ჩაიცვავ,მერე გასულიყო იმ სოფელში და იმ ვიღაც მწყემსს ეძალადა,რა ბედი ეწეოდა 14 წლის ბავშვს/მოზარდს? დაიჭირე ის მწყემსი და გაატყავე,მარა ბავშვის ფსიქიკას რა ეშველაბა? ამიტომ საჭიროა პრევენცია.