ქალი და მამაკაცი კიდევ ერთხელ ლეილა აბაშიძის და გოჩა აბაშიძის რომანის შესახებ 1 აგვისტო, 11:53 1 აგვისტოს გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მსახიობის ლეილა აბაშიძის დაბადების დღეა, მსახიობს 95 წელი შეუსრულდებოდა.იმდენი დაწერილა ლეგენდად ქცეულ მსახიობზე, რომ თითქოს ახალი რა უნდა შემოგთავაზოთ, არც ჭორები მისი და გოჩა აბაშიძის სიყვარულის შესახებ არის უცნობი საზოგადოებისათვის და ისიც, რომ ახალგაზრდა მსახიობმა სწორედ ლეილა აბაშიძის გამო მოიკლა თავიო.
გოჩა და ლეილას რომანის შესახებ ხმები ფილმ „მაია წყნეთელის" გადაღებისას გავრცელდა. ლეილა გოჩაზე 11 წლით უფროსი იყო. ისინი მარტო მოგვარეები კი არა, დედის და მამის მხრიდან ნათესავებიც იყვნენ.თუმცა გოჩას დედას დიდად არ მოსწონდა შვილის რჩეული(ნუნუ გაბუნია) და შეიძლება ითქვას, მათ დაშორებას ხელს უწყობდა. ერთხელ ასეთი რამ უთქვამს, - "ჩემი ქმარიც აბაშიძე იყო, მეც აბაშიძე ვარ, მაგრამ მშვენიერი შვილები მყავსო..." ფოტოზე: კადრი ფილმიდან "მაია წყნეთელი" კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია არ უარყოფდა, რომ სწორედ ლეილას გამო დაშორდა მეუღლეს: "თელავში იყვნენ გადაღებაზე. იქიდან ერთმა მსახიობმა ამბავი ჩამოიტანა - გოჩას დამბაჩა გაუვარდაო. დედამ მითხრა, - ყველაფერი დატოვე და წადი, მუსიკალურ სასწავლებელშიც მე ვეტყვი, რა ხდებაო... 11 ოქტომბერი იყო. პირველად ვიმგზავრე თვითმფრინავით, "კუკურუზნიკით" აეროპორტში არავინ დამხვდა. დავრეკე. ვიღაცამ მომაკითხა და წამიყვანა სასტუმროში. თურმე გოჩას მაღალი სიცხე ჰქონდა და ლეილამ გადაიყვანა თავისთან - მოვუვლიო... მე რომ ჩავედი, უკეთ იყო, მაგრამ მაინც ლეილას ნომერში იწვა. საღ-სალამათი რომ დავინახე, მოულოდნელობისაგან ცუდად გავხდი. მერე მახსოვს, ლეილა ჩემს საწოლთან იყო ჩამუხლული, ხელებს მითბობდა, მეფერებოდა... გოჩამ - აქედან არ გაგიშვებ, რომ წახვიდე, დავიღუპებიო. წამოვედი. არ ვიცი, ეს სიძლიერე იყო თუ სისუსტე... მერე სულ მოდიოდა გოჩა, შერიგებას მთხოვდა." მათი რომანი მითი არ ყოფილა, მითი იყო ის, რაც ბევრს სჯეროდა – რომ ბრალი მის თვითმკვლელობაში ლეილა აბაშიძეს მიუძღვოდა. დიახ, თბილისი წლების მანძილზე მას ადანაშაულებდა გოჩა აბაშიძის თვითმკლელობაში. ლეილა აბაშიძე და ნუნუ გაბუნია წლების შემდეგ ერთ-ერთ ოჯახში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ლეილა აბაშიძემ თქვა - ღმერთის და ნუნუს წინაშე ბოდიშს ვიხდიო, თუ რამეში ბრალი მიმიძღვისო. თავად ნუნუ გაბუნია კატეგორიულად უარყოფს, რომ მსახიობმა ლეილას გამო მოკლა თავი: „გოჩას ცხოვრებაში ბევრი ისეთი რაღაც მოხდა, რამაც, საბოლოოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა. კაცი, ვისაც დედამისი ცოლად გაჰყვა, მამამისის მეგობარი იყო. ის კაცი კი მოვიდა და მამამისის სახლში ცხოვრობდა. მეგობრები დასცინოდნენ, მამაშენის მკვლელი სახლში როგორ შემოუშვიო, გოჩას ხშირად ჰქონდა მასთან უსიამოვნება. ამას ისიც დაემატა, რომ ვალი ჰქონდა. მანქანა ჰყავდა. იმ იმედით გაყიდა, რომ როლზე დამამტკიცეს, ფულს დავამატებ და ახალს ვიყიდიო, დიდი თანხა გადაუხადეს, მაგრამ მყიდველმა მანქანა უკან მიუყვანა და უთხრა, ბევრი ვიწვალე, ვერაფრით ვერ გადავიფორმე და თანხა დამიბრუნეო. დედამისთან ჰქონდა ფული მიბარებული, დედასთან რომ მივიდა, ფული დახარჯული დახვდა. კინოსტუდიაში გაიქცა, იფიქრა ფულს ავანსად ავიღებო, მაგრამ დამტკიცებული როლიდან მოხსნილი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი წელი სამუშაოს გარეშე დარჩებოდა. მდივანს გაუგია, გოჩას თავის მოკვლა უხსენებია, კინოსტუდიის დირექტორს კი უთქვამს – თავს მოვიკლავო... შენ კი არა, შავგულიძე მოკვდა და არავინ გადაჰყოლიაო. ამ დროს სტუდიაში ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე მისულან სულ სხვა საქმეზე. გოჩა გიჟივით რომ გამოვარდნილა, დევის ლეილასთვის უთხოვია, - გაჰყევი, რამე არ მოიწიოსო. გოჩა შინ მისულა და შაბიამანი დაულევია. სასწრაფო გამოიძახეს. სასწრაფოს მანქანაში ლეილაც ჩაჯდა. ამიტომ ყველა ალაპარაკდა, ვითომ მის გამო მოხდა ყველაფერი... არადა, მთავარი მიზეზი როლიდან მოხსნა იყო. გოჩამ 8 დღე იცოცხლა. სიკვდილის წინაღამეს უმღერია კიდეც ბიჭებთან... ეგონა, გადავრჩიო. სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს. შინ რომ მიასვენეს, მივედი... ვფიქრობდი, მერე არ ვინანო-მეთქი... პანაშვიდებსა და დაკრძალვაზე კი ვეღარ წავედი. მაღალი სიცხე მქონდა..." 638 4-ს მოსწონს
|