x
image
რუსუდან ნადირაშვილი
"ანა დოლიძის მძღოლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილია ეკა ხერხეულიძის ძმა" - ექსპერტი გია აბაშიძე

image


„ის, რაც იურისტმა ანა დოლიძემ იკადრა და უაპელაციოდ დაადანაშაულა ხელისუფლება მის მძღოლზე თავდასხმის წაქეზებაში, არ ჯდება პოლიტიკოსის არცერთ სტანდარტში. ეს არის იაფფასიანი პოლიტიკანობა, რაც ახასიათებს სააკაშვილის დესტრუქციულ სექტას“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებას, რომლის თანახმად მის მძღოლს 19 ოქტომბრის ღამით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ოპოზიციურ ფლანგზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ უნდა გააკეთო უპასუხისმგებლო, გადაუმოწმებელი განცხადებების ტირაჟირება. ეს სამარცხვინო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მახინჯი სტილია. ევროატლანტიკურ სივრცეში, სადაც ქალბატონ ანა დოლიძესაც სურს საქართველოს გაწევრიანება, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან.

საქართველოს პოლიცია რომ მოწოდების სიმაღლეზეა, მხოლოდ ბოროტი სექტანტები ვერ ხედავენ. საქმე აღძრულია ორი მუხლით (ძალადობა და ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით). ირკვევა, რომ ანა დოლიძის მძღოლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილია სააკაშვილის ადეპტის, ეკა ხერხეულიძის ძმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფიზიკური დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. შესაძლოა, ანა დოლიძე ქუჩის „შპანაში“ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგს გულისხმობდა და ფაქტის კომენტირებისას, აღელვებულმა ხელისუფლებას დააბრალა“, - წერს გია აბაშიძე.

საღამოს ორთაჭალაში ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა ჩემს მძღოლს - ასაკოვან, მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც სურსათით ხელში მანქანასთან ბრუნდებოდა, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, საღამოს მის მძღოლს ჯგუფი დახვდა, რომელიც ავტომობილს აზიანებდა. მას შემდეგ რაც მანქანას მიუახლოვდა, მას უშვერი სიტყვებით მთელი ჯგუფი ფიზიკურად დაუპირისპირდა.

„ერთადერთი, რამაც თავდამსხმელები გააჩერა, გამვლელი მოქალაქეები იყვნენ, რომლებმაც ეს ბიჭები შეაჩერეს. მძღოლმა თავისა და მუცლის არეში მიიღო დაზიანებები. გამოძიება დაიწყო და როგორც მძღოლის ფიზიკური გამოკვლევა, ისე ავტომობილის ექსპერტიზა მიმდინარეობს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაკითხულია მძღოლი. ასევე, დაზარალებულის ადვოკატი მოიკითხავს, საქმეზე ჩატარდა თუ არა საგამოძიებო ღონისძიებები.

„ველოდები სამართლიანობას ამ საკითხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ არ უნდა გამოყოს გარეთ ცხვირი, რადგან ეს ქუჩის ბანდები თარეშობენ. ეს არ არის ჩემს გუნდზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. შარშან, 14 აგვისტოს დაგვესხნენ თავს, ოღონდ მაშინ არ გვცემეს. გინებით, ასეთი ქუჩის ბიჭების ჯგუფი წერეთლის 105-თან დაგვესხა თავს.

ასევე, რამდენიმე თვის წინ, როცა ჟურნალისტებთან ერთად ვიმყოფებოდით, თავს დაგვესხნენ ვაშლიჯვარში, სადაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სცემეს. მაშინაც მოვიდა პოლიცია და ამ შემთხვევების შედეგად არავინ დასჯილა. არცერთი ადამიანი არ მიცემულა პასუხისგებაში. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს ქუჩებში მძვინვარებს ეს „შპანა“, რომელიც არის ქუჩის ჭუჭყი. ამ ჯგუფებს დატერორებული ჰყავთ ჩვენი მშვიდობიანი, წესიერი, კანონმორჩილი მოქალაქეები. რამდენჯერაც თავს დაგვესხნენ, არავინ დასჯილა და მათ აქვთ დაუსჯელობის სინდრომი, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლებას ეს ქუჩის „შპანა“ სჭირდება საკუთარი მიზნებისთვის. გამოიძიონ და დასაჯონ. ვინმე უნდა მოკვდეს, რომ ვიღაცამ ყური შეიბერტყოს?

პოლიტიკურ მოტივზე არ მივუთითებ. მე აღვნიშნავ, რომ ეს არის ჩემ გუნდზე მე-3 თავდასხმა. წინა ორ შემთხვევაზე განცხადებები გაკეთებულია და გამოძიება დაწყებულია, მაგრამ არავინ დასჯილა. მერამდენე შემთხვევაა უშუალოდ ჩემზე დევნის. მაქვს ეჭვი, რომ ეს ჯგუფები უბრალოდ თარეშობენ ჩვენს ქუჩებში და ატერორებენ მოქალაქეებს და თუ სჭირდებათ, ატერორებენ პოლიტიკოსებს. თავიდან ბოლომდე მივყვებით გამოძიებას“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

0
456
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0