x
რა მოხდება თუ მ. სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში?
სრულიად საქართველოს იდიოტოკრატიას, ავანსცენაზე ფოერვერკული სანახაობა ელის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრუნდება. ის დამნაშავედაა ცნობილი ისეთ ბრალდებებში როგორიცაა: ვალერი გელაშვილზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, საპრეზიდენტო ფონდის თანხმების არამიზნობრივი ხარჯვა, გირგვლიანის მკვლელთა შეწყალება და ტელეკომპანია იმედში შეჭრა და მეტალურგიულ ქარხნის საქმე...
ქართული ოცნება იმუქრება, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჩამოსვლისთანავე დააკავებს. სანამ გავაანალიზებთ მნიშვნელოვან საკითხებს, მოდი გავითვალისწინოთ შესაძლებლობა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა, რისი ალბათობაც დიდია, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვემორე მსჯელობა ნაწილობრივ უსარგებლო გამოდის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩამოვა, მაშინ საინტერესოა რა პროცესებთან გვექნება საქმე.
მოდი დავიწყოთ ანალიზით, თუ რატომ არ უნდა აწყობდეს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში ხელისფლებას. უპირველეს ყოვლისა, დაივიწყეთ სპეკულაციები თითქოს სააკაშვილის გამოჩენა მოახდენს ქართული ოცნების მხარდამჭერთა მობილიზაციას და ყველა მოვა არჩევნებზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ ქართულ ოცნებას ისედაც მაქსიმალურად მობილიზებულად ჰყავს მხარდამჭერთა რესურსი არჩევნებზე და არ აძლევს არჩევნების გაცდენის საშუალებას, შესაბამისად მობილიზებულთა მეტი მობილიზებით, არამგონია ბევრი რამ შეიცვალოს. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ შესაძლოა გიორგი გახარიას მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოცნებისკენ გადახაროს, რადგან ქართული ოცნება ბევრისთვის ნაციონალური მოძრაობისგან დაცვის საშუალებაა.
რაც შეეხება ანტიპათიას, სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა რაციონალური არ გახლავთ და მასში ბევრია სუბიექტური ფაქტორები, ანუ პირადი წყენა, ზიზღი და შურისძიება; ხოლო რაც შეეხება ობიექტურ ფაქტორებს: მ. სააკაშვილთან დებატებში არავინ დაჯდება, ეს გამორიცხულია, რადგან დებატების პრაქტიკა ისედაც არ გვაქვს, განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ ლიდერის ქარიზმაში. ოპოზიციური პარტიის ლიდერთა მიერ ხელისუფლების კრიტიკას მასმედიაში ძირითადად ისევ ოპოზიციური ელექტორატი მოიხმარს, ამიტომაც ქვეყანაში მომხდარი უმძიმესი სკანდალის მიუხედავად, როგორიცაა თითქოსდა უშიშროების ჩანაწერთა გაჟონვა, არავითარი სერიოზული სოციალური პროტესტი არ გამოუწვევია, რადგან ჩანაწერთა ნაწილი, საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილმა ნახევარმა ოპოზიციურ მედიაში მოისმინა და მათი სკეპტიკური განწყობები ხელისუფლების მიმართ განმტკიცდა; ხოლო მეორე ნახევარს, ის სრულიად შერბილებულ შეფუთვაში მიეწოდა, სადაც ყველაფერს დაერქვა ოპოზიციის ფაბრიკაცია და ფალსიფიკაცია. საზოგადოების ორი დაპირისპირებული პოლუსი ერთმანეთს საინფორმაციო სიბრტყეში არ კვეთს, არც ოპოზიცური, არც პროსახელისუფლებო ელექტორატი, არ ამოწმებს ინფორმაციას იმ არხებზე სადაც მათთვის არასასიამოვნო ინფორმაციაა განთავსებული. მიხეილ სააკაშვილს კი, ამ მოჯადოებული წრის გარღვევის უნარი აქვს და შესაძლოა პირველად. რამოდენიმე წლის შემდეგ, ქართული ოცნების მხარდამჭერმა გადართოს ოპოზიციურ არხზე, ამ მომენტში ეს მხოლოდ მას შეუძლია, ამიტომ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის უკიდურესად საშიშია, რადგან მას შეუძლია არა მხოლოდ ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება, არამედ პროსახელისფლებო ელექტორატის დაეჭვებაც.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას აუცილებად მოყვება დაკავების მცდელობა, სავარაუდოდ ეს შედგება არა საჯარო სივრცეში, სადაც მხარდამჭერთა დიდი მასაა იქნება მობილიზებული, არამედ იქამდე სანამ ხალხთან შეერთების საშუალება მიეცემა, ამის მიუხედავად ეს იქნება ქართული ოცნებისთვის მძიმე შედეგების მომტანი და გეტყვით რატომ:
• საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძალადობრივ დაპატიმრებას, უკიდურესად უარყოფითი რეზონანსი მოყვება ქართულ საზოგადოებაშიც, რადგან იმ ფაქტის მიუხედავად რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედაა ცნობილი, საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში (მათ შორის ხელისფლების მხარდამჭერებშიც) ეს ფაქტი აღქმული იქნება როგორც ოპონენტთან დაპირისპირების შიშით გამოწვეული პრევენციული აქცია;
• მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. მისი დაპატიმრება ავტომატურად ნიშნავს საერთაშორისო სკანდალს. ასეთ მძიმე გამოწვევას ქართულმა ოცნებამ უნდა უპასუხოს კარგად დასაბუთებული დანაშაულთა პრეზენტაციით, ხოლო დანაშაულთა ნაწილი, ფრიად არასერიოზულია და ამ ფაქტის არგუმენტად მომყავს საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება, არსად დანაშაულთა გამო, ის არ გამხდარა სერიოზული კრიტიკის ობიექტი და მისი საერთაშორისო ავტორიტეტი არ დაზარალებულა. შესაბამისად ქართული ოცნება შესაძლოა გახდეს საერთაშორისო პრესის განსჯის საგანი, რომელმაც მესამე პრეზიდენტი იმის გამო დააპატიმრა, რომ მასაჟისტებთან ფული გაფლანგა, იუშჩენკოს მასპინძლობისთვის რესტორანში უმასპინძლა და კოსტუმები შეიძინა, რაც შეეხება გელაშვილის საქმეს, აქაც ცეტად არის საქმე, ხოლო გირგვლიანის საქმეში სააკაშვილის დადანაშაულება ასევე უცნაურია, ფაქტია რომ პრეზიდენტი მორალურად დამნაშავეა, მას არ აქვს კარგი და დამაჯერებელი არგუმენტები გირგვლიანის კეისზე, თუმცა რაც შეეხება დანაშაულს, პრეზიდენტი ბრალდებულია პრეზიდენტის უფლებამოსილების გამოყენებაში, როგორიცაა შეწყალების კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება; იმედის საქმეში მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძეა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ და მოგვიანებით კი რადიკალური ოპოზიცია; რაც შეეხება მეტალურგიულ ქარხნის საქმეს, ბრალდებაში მოყვანილია დანაშაულის გარემობები, მაგრამ როგორ უკავშირდება ეს მ. სააკაშვილს, ერთობ ბუნდოვანია (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა. „პოლიტიკური მიკერძოებული მართლსმსაჯულება“. 2015 წ.)... მოკლედ ასეა თუ ისე, დაპატიმრებაც მტკივნეული მშობიარობა გამოდის, რადგან ქართული ოცნება შავ ქსოვილზე გაკეთებულ თეთრ გვირისტს გამოფენს.
• ქართული ოცნება ოპოზიციურ ელექტორატს დაუპირისპირებს პროსახელისუფლებო ელექტორატს, არის საშიშროება, რომ შედგეს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც შესალოა მოყვეს მძიმე შედეგები.
• ქართული ოცნების ოპოზიცია მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არ გახლავთ, მათ ნაწილს მოეხსენება რომ ქართული ოცნების დამარცხებით შესაძლოა შუაც გაიკრიფოს და ხელისუფლების გადანაწილების პროცესში მონაწილეობა მიიღონ, ამიტომ ნაწილს მ. სააკაშვილის ჩამოსვლა აწყობს, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ნახევარზე. ზოგ მათგანს, პოლიტიკური კონფლიქტი აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან, ამიტომ მშვენივრად მოეხსენებათ, რომ წარმატების შემთხვევაში მათ არაფერი ერგებათ, შესაბამისად ისევ შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ, რადგან წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა შეექმნათ პოლიტიკური ნიშის დაკავების პრობლემა (მაგალითად ევროპული საქართველო, ან გირჩი 2).
დასასრულს მინდა დავამატო: მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არ ნიშნავს ქართული ოცნების ხელისუფლების დამხობას, მე ვიტყოდი რომ ეს უფრო ნიშნავს პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას, რომელმაც შესაძლოა ქართული ოცნება კიდევ უფრო გროტესკულ და ავტორიტარულ სივცეში გატყორცნოს. სხვა მხრივ კი, თუ მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს მისი გამოხსნა, მართლა რთული გახდება.
image
0
60
შეფასება არ არის
ავტორი:VeritasForYou
VeritasForYou
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0