საქართველო იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ქუთაისი, არამარტო პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობით, არამედ, მისთვის ყველაზე ორგანული - კულტულურ-საგანმანათლებლო სტატუსით 2021, 4 სექტემბერი, 20:55 ქუთაისის მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის თქმით, უდიდესი პატივია, იყო ქუთაისელების მიერ არჩეული მერი. თუმცა ორმაგად საპასუხისმგებლო და საამაყოა, როცა მშობლიური ქალაქის თავკაცობას ისევ ანდობენ. „ვიცი, ერთდროულად როგორი რთული და საამაყოა ზრუნავდე ისტორიულ, უდიდესი კულტურის მატარებელ, უამრავი გამოჩენილი მწერლის, პოეტის, მხატვრის, მეცნიერის, სპორტსმენისა თუ საზოგადო მოღვაწის აღმზრდელ ქალაქზე. ქალაქზე, სადაც დაიბადე, გაიზარდე და არასდროს დაგიტოვებია“- აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა მერად არჩევიდან დღემდე ქუთაისში განხორციელებულ და მიმდინარე, ასევე იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელთა განხორციელებასაც მერად არჩევის შემთხვევაში გეგმავს. „ჩვენს ქალაქს დიდი სამრეწველო ისტორია აქვს. ჯერ კიდევ არსებობენ უნიკალური გამოცდილების ტექნოლოგები, ინჟინრები, გამომგონებლები, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებთან სინქრონში, მზად არიან ქუთაისის ეკონომიკური განვითარებისთვის იღვაწონ. ჩვენ შევძლებთ უფრო ეფექტური კომუნიკაციით და ბიზნესის მეტი მხარდაჭერით, ქუთაისი ვაქციოთ საერთაშორისო ბიზნესფორუმებისა და ინოვაციებისთვის სასურველ ადგილად. ადგილობრივი ბიუჯეტი, წელს უპრეცედენტოდ დიდია და 91 მლნ ლარს შეადგენს, 25 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე იხარჯება. ეს ნიშნავს ამ ქალაქისთვის საბაზისო ინფრაქსტრუქტურის მოწესრიგებას და ამის შემდეგ, მასშტაბური პროექტების განხორციელების რეალურ პერსპექტივას, რომლის საბოლოო მიზანიც, ქუთაისის თანაბარი განვითრებაა. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ქუთაისი, არამარტო პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობით, არამედ, მისთვის ყველაზე ორგანული - კულტულურ-საგანმანათლებლო სტატუსით, ძველი და ახალი უნივერსიტეტების სინერგიით. თავისუფალი სივრცეების სრულყოფით, უფრო სასურველი გავხადოთ ჩვენი ახალგაზრდებისთვის ამ ქალაქში ყოველდღიური ცხოვრება. ყველა შემოქმედებითი ინოვაციისთვის ნიჭიერ თაობებს მივცეთ გაბედული მხარდაჭერა, რადგან ქუთაისს ეს ზოგადად ქართული კულტურის წინაშე მისი წარსულით ევალება. შევქმნათ ბევრი ახალი საფესტივალო გარემო და უკეთესი მოტივაციით გავაგრძელოთ უკვე არსებული ტრადიციებიც. ხელი შევუწყოთ საამაყო სპორტული მიღწევების შენარჩუნებას და წარმატებული სპორტსმენების წინსვლას. განვავითაროთ ქუთაისი როგორც დასავლეთ საქართველოს ტურისტული ჰაბი, მივიღოთ მეტი სტუმარი და ვიყოთ ღირსეული მასპინძელი, რითაც ეს ქალაქი ასე ამაყობს და ბედნიერია“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა. 29 2-ს მოსწონს
|