.
ლეგენდარული „ღიმილის ბიჭების“ მსახიობი, გოჩა ლომია 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი მეგობარი, ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს:
„ჩემი, ჩვენი ბოლოკა აღარ არის… თითებზე დაითვლიდა იმათ, ვისაც გვიტარებდა ბოლოკას დაძახებას. “აბაროტს” შეჩვენებულოთი მიღებდა…. ძალიან მეტკინა… ბოლოს მითხრა, შენ იშვითად რეკავ და რამე ხომ არ გწყინსო… დაბერდითქო… მე კი დავბერდი, მაგრამ შენ უნდა მყავდე მაგრად და ქურდოვანიძეო… ჰო, ვიცოდი და მაინც ვერ ვუთხარი პაატას… მაინც მას ვათქმევინე, რომარ ხარ…. ჰა, იძაზე ახლა გიტლერ კაპუტ… ან ორი პარავოზის ამბავი, ან სულაც – გუტენ მორგენ პარმენა… როგორ მატკინე მაინც ბოლოკა, როგორ…. ძალიან…“
.
როგორ იხსენებდა გოჩა ლომია ერთ-ერთ გამოცემასთან „ღიმილის ბიჭებში“ მოხვედრას:
„15 წლის ვიყავი, “ღიმილის ბიჭებს” შორის რომ აღმოვჩნდი. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. რეზო ჩხეიძე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაეძებდა ფილმისთვის გმირებს… 1967 წლის ზაფხულია. ახალი დათხოვილები ვართ და ე.წ. გარადოკის სპორტულ მოედანზე რუსული სკოლის გუნდს ვერკინებით კალათბურთში. გადამღები ჯგუფის ავტობუსი მოედანთან ზუსტად მაშინ გაჩერდა, როდესაც დამაჯარიმეს. გავბრაზდი, ვჭყიპინებ, ვჩხუბობ და უცებ აღმოვაჩინე, რომ ავტობუსიდან ჩამოსული მამაკაცი, რომელიც რეჟისორის ასისტენტი აღმოჩნდა, მიყურებს და კვდება სიცილით. ახლა ამაზე ავიფოფრე და ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც ვუთხარი. უცებ, ავტობუსის მგზავრებს ერთ-ერთი გამოეყო – გოჩა ლომია წამოგვყვეს, იბარებენო. ვიფიქრე: ვაი, ახლა გამაძრობენ ტყავს-მეთქი. წავყევი და წარმოდგენა არა მაქვს, სად მივდივარ. მიმიყვანეს პიონერთა სახლში, შემიყვანეს კაბინეტში. თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი. – კინოში გადაღება გინდაო? – მკითხეს. – ეგ ვის არ უნდა-მეთქი, – ვუპასუხე. – აბა, ლექსი წაგვიკითხეო. – პოეზიასთან ვერ ვმეგობრობ. სამაგიეროდ, ანეკდოტების მარაგი მაქვს ულევი. – ლექსს ვერა, მაგრამ თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი, გამოვუცხადე და მოვხსენი გუდას პირი. ჯერ იცინეს, მერე სიცილისგან იტირეს… ამის შემდეგ ახალი დავალება მომცეს, – ვინმეს პაროდიასაც ხომ არ გააკეთებო? თუ ცუდად არ დამიმახსოვრებს, ჩვენს სასწავლო ნაწილს გავცინებ-მეთქი, – მორიდებულად ვუთხარი. შენ მაგაზე არ იდარდოო, – დამაიმედეს და მეც ვაჩვენე, როგორი დამუშავებული მქონდა მისი მანერები, ფრაზები და მიხრა-მოხრა. მოვკალი ყველა სიცილით. ამ დღიდან 2 კვირის თავზე, თბილისში ჩამოვედი, სინჯებზე. კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მალევე მახარეს, – როლზე დაგამტკიცესო. დაჯერება მიჭირდა, სიხარულისგან დავფრინავდი.“