x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ გამოუგზავნა ლამაზი კაბები სტალინმა 8 წლის უცნობ ქართველ გოგონას
ექსკლუზიურად ინტერმედიასთვის.


image
ფოტოზე: მარჯვნივ - ბებო და მარცხნივ მისი მეგობარი ხათუნა კუჭუხიძე სტალინის გამოგზავნილ კაბებში


ბოლოს და ბოლოს ვინ იყო სტალინი - ბელადი თუ დიქტატორი?

ყველა ადამიანში ერთმანეთს ებრძვის კეთილი და ბოროტი.
დავიწყებ პატარა ქართველი გოგონას მზია ჩიტაიშვილის თავგადასავლით, რომელიც ჩემი ბებოა.
მზია ჩიტაიშვილის ინფორმაციით, რაკი ყველასგან სტალინის ქება-დიდება ესმოდა, მანაც, მეორე კლასელმა მოსწავლემ, დაწერა ლექსი და იმერეთის სოფელ მუხიანიდან, რომელიც რკინიგზის ერთერთი სადგურია, ფოსტით გაუგზავნა სტალინს მოსკოვში.

„საყვარელო სტალინ,
ამ ლექსს გიძღვნის მზია,
შენ მუხა ხარ ქვეყნის,
მე - პატარა ია“
იქვე მიაწერა, რომ 8 წლისაა, თვალით არ უნახავს მამა, რადგან ქერჩში დაეღუპა.



როგორც ბებო იხსენებს, ერთ დღესაც სკოლასთან გაჩერდა სამთავრობო მანქანა, გადმოვიდა 2 გამოწკიპული მამაკაცი. ისინი შევიდნენ საკლასო ოთახში. დირექტორს და მასწავლებლებს შეეშინდათ, ვიდრე „გამოწკუპულებმა“ ბებოს ლამაზი 2 კაბა, 2 წყვილი ფეხსაცმელი და წერილი გადასცეს.
" გულისფანცქალით გავხსენი წერილი და რას ვხედავ? რუსულად აწერია:Привет! И. Сталин. მეტი არაფერი!თუმცა კაბა ძალიან ლამაზი იყო, ფეხსაცმელებიც ულამაზესი. მაშინვე ბავშვების ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, მაგრამ მე წერილში ასეთი ფამილარობა მაშინ ვერ გავიგე და ბავშვურად გული დამწყდა. თან უფრო იმაზე, რომ მე ლექსი ქართულად მივწერე და მან რუსულად მიპასუხა. უმადურობა ძალიან ცუდია და მადლობელი კი ვიყავი, რომ ლექსის შესაფერი იისფერი კაბა, ასევე საზაფხულო პეპიტასმაგვარად მოჩითული კაბა და ფეხსაცმელები გამომიგზავნა. თუმცა მარჩენალი, 19 წლის სტუდენტი მამა ომში დამეღუპა და 18 წლამდე პენსია მხოლოდ 5 მანეთი დამენიშნა. ის იისფერი კაბა და ერთი წყვილი ფეხსაცმელი ჩემს მეგობარს ვაჩუქე, რომელსაც ჩემსავით მამა დაეღუპა ომში", -იხსენებს მზია ჩიტაიშვილი - ღირსების ორდენის კავალერი პედაგოგი, მათემატიკოსი და ჩემი საყვარელი ბებო.

image




საიტერესოა, ახლა რომ საქართველოს რომელიმე სოფლიდან ან თუნდაც ქალაქიდან ბავშვმა ასეთი ლექსი მიწეროს ხელისუფლების რომელიმე შტოს ხელმძღვანელს, მას წაიკითხავს მხოლოდ რომელიმე რიგითი თანამშრომელი, მერე „განცხადებას“ ჩამოწერს და არც არაფერს უპასუხებს. წერილი არასდროს აღმოჩნდება თვითონ ადრესატის ხელში და ვერც ვერასდროს წაიკითხავს იგი მას.


სტალინი ჩემი აზრით, იყო დიქტატორიც და ბელადიც.
ბელადი განმარტებულია, როგორც მეთაური, წინამძღოლი; დიქტატორი კი, როგორც ვიცით არის სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი, რომელიც აღჭურვილია შეუზღუდველი ძალაუფლებით. სტალინი ორივეს აკმაყოფილებს.


და მაინც
სტალინის პიროვნების შეფასებისას გვერდს ვერ ავუვლი უინსტონ ჩერჩილის სიტყვებს, რომელმაც სტალინის გარდაცვალების შემდეგ თქვა: „კაცობრიობამ დაკარგა პლანეტარული პიროვნება - ადამიანი, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან იხსნა.დიდება მის სახელს“. ამიტომ უსამართლობაა, სტალინს მხოლოდ დიქტატორი ვუწოდო და ამის მიღმა არ დავინახო მისი ღვაწლი მსოფლიოს მასშტაბით.

image



საბჭოთა კავშირისთვის სტალინმა ბევრი რამ გააკეთა კარგიც და ცუდიც.
ცუდით დავიწყებ: რეპრესიები! გულაგები! გაკულაკება!

მაგრამ იმაზე კარგი რა უნდა ყოფილიყო, რომ საბჭოთა კავშირმა სტალინის მთავარსარდლობით და განსაკუთრებული სტრატეგიული უნარებით ფაშისტური გერმანია დაამარცხა. თუმცა ცივი ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო, არადა შეეძლო.

კარგი საქმე იყო ისიც, რომ 1936 წელს სტალინმა შეიტანა შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, რესპუბლიკებს უფლება მიეცათ, თვითონ განესაზღვრათ თავიანთი ბედი.


თავისი სამშობლოსთვის - საქართველოსთვის სტალინმა ასევე ბევრი რამ გააკეთა კარგიც და ცუდიც. თუმცა სხვადასხვა ისტორიკოსის ნაშრომებში ეს იმდენად აღრეულია, რომ ძნელია გაიგო, რომელი წყაროა უფრო სანდო და სიმართლესთან ახლოს. ბევრი მითი და რეალობაა და ბევრი ურთიერთგამომრიცხავი „ფაქტი“.

კარგით დავიწყებ:
ჩემი აზრით, ტყუილია, რომ სტალინი თავს რუსად თვლიდა. ოფიციალურ დოკუმენტებში, ეროვნების გრაფაში თავის ხელით აქვს ჩაწერილი: ეროვნება – ქართველი. მაგრამ ბებიაჩემის წერილი დამაბნეველია.

1922 წელს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა. მსგავსი პრივილეგიით საბჭოთა კავშირის არცერთ რესპუბლიკას არ უსარგებლია.

1929 წელს სტალინმა გაუუქმა აფხაზეთს რესპუბლიკის სტატუსი და იგი ისევ საქართველოს განუყოფელ ნაწილად აქცია. სტალინის ახალი კონსტიტუციით აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ჩამოერთვათ უფლება, გამოყოფოდნენ საქართველოს. სტალინი და ბერია სასტიკად გაუსწორდნენ აფხაზ და სომეხ სეპარატისტებს. ლავრენტი ბერიამ თავის კაბინეტში ესროლა სომხეთის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, აგასი ხანჯიანს, რომელმაც მას სომხეთისთვის ჯავახეთის გადაცემა მოსთხოვა.

სტალინის ბრძანებით, აფხაზეთში, სოჭში, სამაჩბლოში, სამცხე-ჯავახეთში და ჩრდილოეთ კავკასიაში ჩაასახლეს ქართველები, რის შედეგადაც გაუმჯობესდა ეთნიკური ბალანსი ქართველების სასარგებლოდ. რომ არა ხრუშოვის გადაწყვეტილება შუა აზდიიდან ჩრდილოკავკასიელების დაბრუნებაზე, დღეს ჩრდილოეთ კავკასიის დიდი ნაწილი გაქართველებული იქნებოდა.

1937 წელს სტალინის ბრძანებით დიდი პატივით გადაიხადეს ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლის იუბილე. 1942 წელს გასამართლებული იქნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელები, რომელთაც დახვრეტა მიესაჯათ.

1943 წელს სტალინის ბრძანებით საქართველოს გადაეცა ქლუხორისა და ახალხევის რაიონები, რომელიც 1955 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა საქართველოს ისევ ჩამოართვა. სტალინს მიაწერენ აფხაზეთის ავტონომიის შექმნას. სინამდვილეში კი აფხაზეთს ავტონომიის სტატუსი მიანიჭა ნოე ჟორდანიას მთავრობამ 1919 წელს.

ზოგიერთი ისტორიკოსის მიხედვით, 1943 წელს სტალინმა აღადგინა საქართველოს ავტოკეფალია. სხვადასხვა წყაროების მიხედით, სტალინს არასდროს მიუღია მონაწილეობა ებრაელი ბოლშევიკების მიერ მოწყობილ ეკლესიების დანგრევაში და სასულიერო პირების დახვრეტაში. ამ აზრს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომელთა მიხედვითაც, ეს არის მითი, რადგან კანონიკურად ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს წყვეტს მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) პატრიარქი და ამ მითში ფაქტები აღრეულია გამიზნულად. საქართველოს ეკლესიამ რუსეთის მიერ ძალადობრივად წართმეული ავტოკეფალია 1917 წელს აღიდგინა, მსოფლიო საპატრიარქომ კი ეს ფაქტი 1990 წელს ცნო. 1943 წელს რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია კი აღიარა, მაგრამ ეს აუცილებელი წინაპირობა იყო რუსეთში პატრიარქის დასასმელად. საეკლესიო კანონიკის თანახმად, ეს რომელიმე მართლმადიდებელ პატრიარქს უნდა განეხორციელებინა. იმ დროს საბჭოთა ხელისუფლების გავლენის ქვეშ ერთადერთი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იმყოფებოდა, რომელსაც დაევალა კიდეც კურთხევის ცერემონიის წინამძღვრობა. საქართველოს კათალიკოსმა კალისტრატემ კრემლის მესვეურებს განუმარტა ის უხერხულობა, რაც იქმნებოდა ამ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ეკლესია არ ცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და, შესაბამისად, მისი, როგორც კათალიკოს-პატრიარქის უფლებამოსილებას. ამან განაპირობა 1943 წელს თბილისში სტუმრად ჩამოსული რუსეთის ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალურად ცნობა.

1944 წელს სტალინის ბრძანებით სამცხე-ჯავახეთიდან აყარეს პროთურქულად განწყობილი თურქები, აზერბაიჯანლები, ქურთები და ლეკები. ჯამში 120 000 რომლებიც შუა აზიაში გადაასახლეს მათ ადგილას კი ქართველები ჩაასახლეს.

1945 წელს სტალინი დაუკავშირდა შარლ დე გოლს და მოსთხოვა მენშევიკების დროს საქართველოდან გაზიდული ეროვნული საგანძურის დაბრუნება. 248 ყუთიდან, დაბრუნდა 39 ყუთი, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ინახავდა. დანარჩენი: სახელმწიფო ხაზინა, ოქროს ზოდები, ვერცხლი და ფული მენშევიკებმა ლევილის მამულის შეძენაში და დროსტარებაში დახარჯეს.

1945 წლის 2 მაისს საბჭოთა ჯარებმა აიღეს ბერლინი. სტალინის ბრძანებით რაიხსტაგზე დროშის აღმართვის პატივი წილად ხვდა ქართველს და რუსს: მელიტონ ქანთარიას და მიხეილ ეგოროვს.

ზოგი თვლის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა მიზნად დაისახა საქართველოსთვის ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება. მან თურქეთის მისამართით ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა. განაცხადა, რომ 1921 წელს თურქეთმა მოახდინა ართვინის, არდაგანის და ყარსის ოლქების ანექსია. თუ კი თურქეთს სურს მოკავშირეობა, მაშინ საზღვრები უნდა გაასწორონო. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეობა გამორიცხულიაო. სტალინმა შეიმუშავა თურქეთზე თავდასხმის გეგმა ტრაპიზონის-ყარსის და ერზრუმის მიმართულებით. მაგრამ თურქეთს დამცველად ა.შ.შ და ბრიტანეთი მოევლინა. ამერიკის შეერთებული შტატები იმ პერიოდში ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობდა, ამიტომაც სტალინი იძულებული გახდა მასთან დაპირისპირებაზე და ჩანაფიქრის განხორციელებაზე უარი ეთქვა. სხვა ისტორიოსების აზრით კი - 1945-ში თურქეთი ახალნაშობი ბატკანივით ცახცახებდა სსრკ-ს წინაშე და სტალინს თუ მართლაც საქართველოსთვის კარგის კეთება უნდოდა, ის ტერიტორიები უნდა ჩამოეჭრა თურქეთისთვის, მაგრამ ჩერჩილს გაურიგდა და ბალკანეთში გაცვალა. რატომ? იმიტომ, რომ დიად სსრკ-ს ბალკანეთი უფრო გამოადგებოდა, ვიდრე ტაო-კლარჯეთი. არ ვიცი, რომელი ვერსია დავიჯერო.

1951 სტალინმა მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. მეტრო იმ დროს მხოლოდ მილიონიან ქალაქებს ეკუთვნოდათ, თბილისის მოსახლეობა კი დაახლოებით ნახევარი მილიონი იყო. მიუხედავად ამისა, თბილისი იყო მე-4 ქალაქი საბჭოთა კავშირში, სადაც მეტრო აშენდა. მეტროპოლიტენის აშენება მოხდა არა მარტო კომფორტული გადაადგილებისთვის, არამედ ის წარმოადგენდა თავშესაფარს დაბომბვის შემთხვევაში და მას უნდა დაეცვა მოსახლეობა დიდი მსხვერპლისაგან.


ცუდი:
უამრავი ხალხი გაიჟუჟა შეთითხნილი ბრალდებებით. საქართველოს საზოგადოებას მოერთვა ნაღები. ის არგუმენტი, რომ თავად სტალინმა არ იცოდა და მერე ამის ჩამდენები დასაჯაო, ცოტა არასერიოზულია. ამხელა ომის მომგებ კაცს, მართლა გენიოსს, რბილად რომ ვთქვათ, "ჩრდილი ადგება". ნ. დუმბაძის ილიკოსი არ იყოს: "დედამიწის გულში რა დევს, მაგი იცის და ეგ არ ეცოდინებაო"? რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ საქართველოს უნიჭიერესი ადამიანები: ევგენი მიქელაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, დიმიტრი შევარდნაძე, სანდრო ახმეტელი, გიორგი ელიავა... ეს ძალიან ცოტა ჩამონათვალია! პაოლო იაშვილს თავი მოაკლევინეს! და დაუჯერებელია, რომ ეს სტალინის გვერდის ავლით და ჩუმად კეთდებოდა.

მე ვესწრებოდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის პრეზენტაციას - „სტალინური სიები საქართველოდან“. ამ პროექტის დახმარებით 3600 რეპრესირებული ქართველის თავგადასავალი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. „სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა. დახვრეტა“ - სტალინისა და პოლიტბიუროს წევრების ხელმოწერით დადასტურებული ეს განაჩენი ახლავს დოკუმენტებს.

ცუდ საქმეებს შორის საქართველოს ანექსია უმთავრესია, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ სტალინმა, ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთის კეთების მოტივით "გააწითლა" საქართველო.

რაც შეეხება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, ისტორიული წყაროებით, საკითხი განსახილველად გადაეცა რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს, რომელსაც ხელმძღვანელობდა სერგო ორჯონიკიძე, ხოლო მოსკოვიდან დირექტივებს იძლეოდა სტალინი, რომელიც გახლდათ ეროვნებათა სახალხო კომისარი. ეროვნებათა მინისტრი, ასე რომ ვთქვათ. ეს საზღვრები გაივლო 1922 წელს. ბოლშევიკებისთვის არ იყო აქტუალური რელიგიური ძეგლების კუთვნილების საკითხი, რადგან 20-იანი წლების საბჭოთა კავშირში ეს საკითხი პრიორიტეტული არ იყო. მეორე მხრივ, ეს იყო ერთიანი სახელმწიფო. დავით გარეჯის კომპლექსი მოექცა საზღვრის გასაყართან. აზერბაიჯანს სჭირდებოდა საძოვრები და აქედან გამომდინარე, საზღვრები გაივლო იქ, სადაც ახლა დგანან აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეები. არსებობს მითი თუ რეალობა სტალინთან და ღორეშასთან დაკავშირებით. ზაქათალას ოლქის გადაცემასთან დაკავშირებით სტალინმა ორჯონიკიძეს უთხრა, ბარემ, ღორეშაც მიგეცაო. საუბარია ხარაგაულის რ-ნის სოფელ ღორეშაზე, საიდანაც ორჯონიკიძეები არიან, მაგრამ ეს ხალხის მოგონილს უფრო ჰგავს. ბელადის ხატი იმდენად დიდი იყო, რომ ქართველ კაცს არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ სტალინმა ამით ქართველებს უღალატა.

სტალინმა მაქსიმალურად ბევრი გაიწვია საქართველოდან და მთლიანად ამოწურა ქვეყნის რესურსი იმ სამამულო ომში, რომელიც საქართველოსთვის სულაც არ იყო სამამულო. მთავარი პრობლემა კი, რომელმაც უშუალოდ ქერჩის ტრაგედია გამოიწვია, ომის წინ სამხედრო ელიტის განადგურება იყო, რამაც 224-ე დივიზია, მათ შორის, ჩემი 19 წლის დიდი ბაბუა საზარბაზნე ხორცად აქცია.

რაკი თემა დავიწყე პატარა ქართველი გოგონას - ბებიაჩემის ამბით, დავამთავრებ ბურიატი გოგონას ენგელსინა (გელია) მარკიზოვას ტრაგიკული ისტორიით, რომელიც სტალინთან ერთად პლაკატზე მოხვდა: "მადლობა ამხანაგ სტალინს ჩვენი ბედნიერებისთვის". ენგელსინას მამას კრემლში ჩატარებულ საზეიმო მიღებაში უნდა მიეღო მონაწილეობა. გოგონა დაელოდა რა შესატყვის მომენტს, გზა გაიკვლია პრეზიდიუმისკენ და მოულოდნელად სტალინისკენ გაექანა. ბურიატიის ბავშვთა სახელით ადრესი გადასცა და აკოცა.
image



ამ უკანასკნელმა გაიღიმა და აიტაცა ხელში გელია, რომელიც დეპუტატების მსგავსად, საათით და პატეფონით დააჯილდოვა. მალე გელიას მამა დახვრიტეს, ხოლო დედა ცოტა მოგვიანებით, გადასახლების შემდეგ მოუკლეს. პლაკატზე გამოსახულ გოგონასთან დაკავშირებით კი გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ეს გოგონა პიონერი მამლაკატ ნახანგანოვა იყო.

15
868
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
868
  
2021, 20 მარტი, 20:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 20 მარტი, 5:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 19 მარტი, 23:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 19 მარტი, 14:08
მარტო სტალინის შრომებს კი არა, დედაჩემს ახლახან დოქტორანტურაში მარქსის შრომები დაავალეს წასაკითხად სოციოლოგიაში. როგორც ჩანს ,არ კარგავს აქტუალობას.
2021, 19 მარტი, 6:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 18 მარტი, 16:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 18 მარტი, 16:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 18 მარტი, 15:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 18 მარტი, 7:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 მარტი, 21:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10