x
image
თუთიკო ბერძენა
მისმენს ჩემი სოხუმი და გელის შენი თბილისი!

image

აიაშა, სად ხარ, ჩემო, ვეღარ გწვდები გადაღმა...
ამ სიშორემ, რაც დრო გადის, დამღალა და დამდაღა...
ერთი მამის ორი შვილი, კოლხურ მიწით ნაშობი,
ლეონ დიდის მემკვიდრენი, ერთურთს როგორ დავშორდით?!
ერთად რამდენს გავუძელით: რომაელებს, არაბებს,
ოსმალებს, ბიზანტიელებს... ვერაფერი დაგვაკლეს!
ვინც ერთურთთან დატაკებით ძმობა გაგვიტიალა,
ისტორიის წაღმა ჩარხი უკუდაგვიტრიალა:
ერთ ოჯახში ძმებს რაც ერთად გვიმღერია მაჟორით,
მეზობელმა რეკვიემად გვიქცია და… დავშორდით...
...ჰოდა, მიჭირს, ვერ გიმეტებ სისხლ-ხორცს დასავიწყებლად,
ათასწლოვან ისტორიას ვერ ვთმობ დასამიწებლად!
ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ მხარეს ვიბრძოდით,
შარფიეწვას, ალაშარას ერთი ალით ვიწვოდით!
ამ ერთობის მოწმედ გვიდგას ბესლეთს ხიდი თამარის,
საფლავები წარწერებით - „აფხაზ-ქართველ თავადის“...
ბედია და მოქვი გვისმენს, ამბრას მოუწყენია
და მიშუშებს სიყვარული მას, რაც ოდეს მწყენია...
ტკივილამდე მენატრება „აზარი“ და „ვარადო“...
შენი ნაჩუქარი ცხენით უშენოდ ვერ ვნავარდობ!
ქართველს პაემანზე, ერთდროს, აფხაზი რომ ელოდა,
მერე ქორწილს იხდიდა და ყველა ერთხმად მღეროდა,
ხან აფხაზი, ხან ქართველი თამადობდა სუფრაზე,
ღვინოც ერთად ისმებოდა და ერთ ამოსუნთქვაზე...
აფხაზ დედის დარიგება დღემდე გზას რომ მინათებს,
სადაც ნაბიჯს გადავადგამ, მისი ლოცვით მიმართლებს:
„შვილო, ცეცხლი გეახლოვოს -
არ გასდიო, არ გაჰყვე,
ძაღლის ყეფა თუ გეშოროს -
არ გაჩერდე, არ აჰყვე,
გზაზე წვიმა თუ დაიწყოს -
რცხილას თავი აფარე,
წვრილფოთოლა არის,
მაგრამ კალთას გადაგაფარებს,
კაკლის ფართო ფოთლების ქვეშ,
არ მადარდო, არ დადგე!“:-
დედაჩვენო, ეს რა სიბრძნე გვასწავლე და გაგვანდე!
აიაშა, ვიცი, მისმენ, თუმცა არ ვარ მისანი -
უწყინარი აფხაზური იუმორით გიცანი!
აქ გითხარი, რაც ითქმება, შენ მიხვდები დანარჩენს...
ვინც ცოტაა, ვინც მცირეა, ერთად ყოფნით გადარჩეს!
გმირის კეთილშობილებით ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,
მტრის ქეზებით, მოდი, ერთურთს ნუღა დავეჭიდებით,
კვლავ გავზარდოთ სიყვარულით ერთად ჩვენი ბიჭები,
თავს მოვიკლავ გამზრდელივით, თუ მათ დავავიწყდები!
მოდი, ერთად მოვიტაცოთ მთვარე, განარინდები,
და თვალი თვალს შევახვედროთ, წლობით ანარიდები...
ჭირლხინგამზიარებლებად ერთ უბეში გავზრდილვართ,
ვაი ჩვენ, რომ ერთმანეთის სისხლით ხელებგავსვრილვართ!
წასულ ბიჭებს სიმშვიდისთვის ერთად ვუდგათ წირვები,
სულის მოსახსენებელი ლოცვით - პანაშვიდები...
ერთად დავდგათ ძეგლი ჩვენი დაღუპული გმირების,
ძმის, ძმის ხელით სასიკვდილოდ დაჭრილ-განაწირების!
მოდი, ჩვენვე გადავწყვიტოთ ჩვენი ძმობის სვე-ბედი
და თვითონვე გავიაზროთ კინკლაობის შედეგი!
აფხაზობა არის ჩემთვის ვაჟკაცობა, ზრდილობა,
უტყუარი თანადგომა, თავდადება, გმირობა..
უშენობას ვითმენ, მაგრამ თმენამ სული დაგრიხა,
ენგურს გაღმა გადმოგძახებ - მენატრებიიი! მაკლიხააარ!
სხეულიდან მოგლეჯილო ხორცო, სისხლის ნაწილო,
სამუდამო განშორება ჩვენი - ღმერთმა გვაცილოს!
აბზი’არაზ ! აიაშა, საით გინდა, იარე!
მე ამ ლექსით მხოლოდ ჩემი გრძნობა გაგიზიარე!
გლოცავ, საქმე გქონდეს მუდამ სალხინოდ და საზეოდ,
აფხაზეთი ნუ მანახოს ღმერთმა უაფხაზებოდ!
დღეს გიმღერე, ძველებურად, მშობლიური ტკბილის ხმით,
მისმენს ჩემი სოხუმი და გელის შენი თბილისი!
1
101
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
101
  
2021, 13 მარტი, 16:45
ბრავო!ზუსტად ეს არის სახალხო დიპლომატია!
0 1 1