კრიტიკა ეროვნული ენერგიის ძიების პრობლემა გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგში" 2021, 5 თებერვალი, 11:52
ეროვნული ენერგიის ძიების პრობლემა ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებით აქტუალური ხდება გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან, რამდენადაც მეფის რუსეთის საუკუნოვანი ბატონობის გადაგდების შემდგომ ნანატრი თავისუფლების ხანა მხოლოდ სამ წელიწადს გაგრძელდა და საქართველო ახლა უკვე საბჭოთა რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ აღმოჩნდა. ეროვნული მწერლობაც გაიხლიჩა ორ ფრთად: საბჭოთა და ანტისაბჭოთა მწერლებად. მწერალთა პირველი ჯგუფი ვერ თუ არ ამჩნევდა გადაგვარების საფრთხეს, მიესალმებოდა საბჭოთა პოლიტიკას და მის პროპაგანდაზეც არ ამბობდა უარს, ხოლო მეორე ნაწილი, რომელშიც თითზე ჩამოსათვლელი ავტორები შედიოდნენ, სწორად განჭვრეტდა ქვეყნის მდგომარეობას, პირდაპირ თუ შეფარულად არ ერიდებოდა საბჭოთა სისტემის კრიტიკას. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გრიგოლ რობაქიძე იყო ქართველ მწერალთაგან ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შენიშნა, თუ რაოდენ სახიფათო იყო საბჭოთა მონობა ქვეყნის მომავლისათვის, თუ როგორ აცლიდა საბჭოთა პროპაგანდა ყოველივეს ეროვნულ სულს და რაც ყველაზე საბედისწერო იყო, იმონებდა ადამიანებს, განდრეკდა ეროვნული დროისა და სივრცისაგან. გრიგოლ რობაქიძემ, გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა რეჟიმის დამყარების ადრეული ეტაპიდანვე ცხადად შეიცნო საქართველოს, ქართული სახელმწიფოებრიობის დაუძლურების, ქვეყნის მომავლის მოსპობის უდიდესი საფრთხე, თავის შემოქმედებაში მთელი სერიოზულობით დააყენა ეროვნული ენერგიის ძიების პრობლემა, რათა წარმოეჩინა გადარჩენისათვის ბრძოლის აუცილებლობა. განსაკუთრებით ეს ითქმის ცნობილ რომან "გველის პერანგზე", სადაც არა მხოლოდ ერის გადაგვარების სურათია ნაწინასწარმეტყველები, არა მხოლოდ ხსნის გარდაუვალი საჭიროებაა დანახული, არამედ გადარჩენის პერსპექტივაც. "გველის პერანგი" გრიგოლ რობაქიძემ გერმანიაში ემიგრაციამდე, 1925 წლის შემოდგომაზე, ბორჯომში დაწერა, 1926 წელს გამოსცა ქართულად, 1928 წელს კი იენაში, გამომცემლობა "დიდერიხში" გერმანულად გამოვიდა შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით და მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოში განვითარებული მოვლენების უშუალო გამოძახილია, აქ ყველაზე მძაფრად წარმოჩინდა ეპოქის ტრაგედია, ადამიანების განდრეკა ეროვნული დრო-სივრცისა და ღვთის რწმენისაგან. რომანი "გველის პერანგი" ქართული ლიტერატურის ისტორიაში წარმოადგენს სიახლეს, რასაც არა მხოლოდ ფორმა, არამედ შინაარსიც ამტკიცებს. კერძოდ, გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი" არის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები იმ პერიოდის ქართულ ლიტერატურაში, რომელშიც ისეთი მარადიული თემა, როგორიცაა ადამიანური არსებობის საზრისის, წარსულის, ფესვების, მიწიერი (ფიზიკური) თუ ზეციური მამის, ღმერთის ძიება და პირველსაწყისთან დაბრუნების პრობლემა გააზრებულია ერთდროულად ისტორიულ-მითოსურად. ეროვნული ენერგიის ძიების პრობლემა "გველის პერანგში" წამოჭრილია არჩილ მაყაშვილის ცხოვრების ისტორიის ფონზე. სახელდობრ, ნაწარმოების მთავარი გმირი იმყოფება უცხო მიწაზე, სპარსეთში და იწოდება არჩიბალდ მეკეშად, სინამდვილეში კი მას ქართული ფესვები აქვს და ქვეცნობიერად გრძნობს ხოლმე. არჩიბალდ მეკეშში შეიძლება, ადვილად ამოვიცნოთ ბოლშევიზმის, საბჭოთა იდეოლოგიის გავლენით საკუთარი ქვეყნისაგან, ეროვნული დრო-სივრცისაგან გაუცხოებული ადამიანი, ახალგაზრდა, ან თუნდაც მთელი დაკნინებული, გადაგვარების პირას მყოფი ერი. ამიტომაც აუცილებელი ხდება განახლება, ეროვნული ენერგიის ძიება და ფესვებისაკენ მიბრუნება. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ გრიგოლ რობაქიძე "გველის პერანგში" კონკრეტულ დრო-სივრცეს აღწერს ისტორიული ეპოქის, მისი თანხმლები მოვლენების გათვალისწინებით. რომანში წარმოჩენილია რევოლუციური პეტროგრადი, რუსეთი იხატება ძირეული გარდატეხის პერიოდში, ლენინის ეპოქაში. რევოლუციური ტალღა აღწევს ყველგან, რომანში როგორც ვკითხულობთ, შორეული აღმოსავლეთის ველებზე ურაკვიცი დარბის "წითური ჭიხვინით" და არჩიბალდ მეკეშსაც ირანში ჩაესმის ლენინის სახელი, მთავარი გმირის სიტყვებით, "მიწის გულს ყური უნდა დაადო, რომ გაიგონო შორი გუგუნი". ბოლშევიზმის საყოველთაო მძინვარების ეპოქაში სულიერი განახლება, ქართული ეროვნული ენერგიის ძიება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გრიგოლ რობაქიძისათვის. ცნობილია, რომ გრიგოლ რობაქიძე ქართველი ერის დაკნინების საგანგაშო ტენდენციაზე, ეროვნული საწყისებისაკენ მიბრუნების პრობლემაზე "გველის პერანგზე" ადრე ამახვილებდა ყურადღებას, თუმცა ეროვნული ენერგიის მიმართ სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას ავლენს. კერძოდ, როგორც კრიტიკოსი აკაკი ბაქრაძე თავის ცნობილ ნაშრომში "კარდუ" აღნიშნავს მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში" თეიმურაზ ხევისთავის პერსონაჟით ნაჩვენებია ქართველი ერის დაუძლურება, რასაც გრიგოლ რობაქიძე არ ეთანხმებოდა და 1926 წელს "გველის პერანგის" გამოცემით შეძლო, გაეპროტესტებინა ეროვნული ენერგიისადმი სკეპტიკური, იჭვნეული დამოკიდებულება. ოდნავ მოგვიანებით, 1927 წელს, წერილში "საქართველოს ხერხემალი" გრიგოლ რობაქიძე აცხადებდა, რომ ქართული ეროვნული ენერგია სხვა ერებისაზე არათუ ნაკლები, არამედ მეტიც კი არის. საყურადღებოა, რო გრიგოლ რობაქიძე "გველის პერანგით" არა მხოლოდ "ჯაყოს ხიზნებით" ნაჩვენებ პესიმიზმს, უიმედობას აბათილებს, აქარწყლებს ეროვნული ენერგიის მიმართ, არამედ ინანიებს უფრო ადრე თავის 1913 წლის პუბლიკაციაში "ერის სული და შემოქმედება" გამოთქმულ ეჭვსაც: "საქართველო აღარ არის მთელი და როგორც ცოცხალი არსი იგი ქართველში არ არსებობს.. " (ბაქრაძე, 1999, 75). "გველის პერანგში" ეროვნული ენერგიი ძიების, განახლების აუცილებლობა წარმოჩენილია და მიმდინარეობს არჩიბალდ მეკეშის, ვამეხ ლაშხის პერსონაჟების ირგვლივ, მათი რაინდული შემართების, ბუნების, ხასიათის ჩვენების საფუძველზე. გრიგოლ რობაქიძე ფიქრობს, რომ ეროვნული ენერგიის მოძიება სწორედ წარსულის, ფესვებისაკენ მიბრუნებითაა შესაძლებელი, სხვაგვარად ერი ვერ გახდება ისევ მთელი, ვერ განახლდება. ინგლისელ მხატვრად ნახსენები არჩიბალდ მეკეში რომანის დასაწყისში ქვეცნობიერად გრძნობს შინაგან გაორებას, მაგრამ როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება ქართული წარმომავლობის, ფესვების შესახებ, უკვე ცნობიერი მიზნისაკენ შეუჩერებლად ისწრაფვის და საბოლოოდ აღწევს კიდეც. გრიგოლ რობაქიძე არჩიბალდ მეკეშის, ვამეხ ლაშხის ძლიერი ხასიათის, მტკიცე ნებისყოფის ჩვენებით ხაზს უსვამს, რომ ერის სულიერი მთლიანობის აღდგენის, მისი განახლებისათვის შინაგანი ენერგიაა საჭირო. გრიგოლ რობაქიძე ქართველთა ეროვნულ ენერგიას, მისი განახლების პერსპექტივას ხედავს ფესვებისაკენ, ქრისტეს რწმენისაკენ მიბრუნებით. რომანში ვკითხულობთ, რომ 1250 წელს მონღოლები შემოჭრილან საქართველოში, შეუმუსრავთ ირგვლივ ყველაფერი, მტერს მედგრად დახვედრია მხოლოდ კარდუ ირუბაქის ძე ირუბაქიძე, არჩიბალდ მეკეშის (არჩილ მაყაშვილის) წინაპარი და ეს მის დასვენებული წმინდა ნინოს ჯვრის წყალობით მოუხერხებია. "გველის პერანგის" ავტორი ერის ხნის, არჩიბალდ მეკეშის სულიერი განახლების ერთადერთ გზასა და შესაძლებლობას ხედავს სწორედ ფესვების ძიებაში, მის მიკვლევაში. "ინგლისელი" მხატვარი არჩიბალდ მეკეში სპარსეთის ქალაქ ჰამადანში, იგივე ეკბატანაში მოგზაურობისს ერთ-ერთ რესტორანში შემთხვევით მოისმენს ქართულ სიმღერას, მოიხიბლება მისი ტკბილხმოვანებით, ყველაზე მეტად ქართველებიდან ვამეხ ლაშხს დაუახლოვდება, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა, რომ მისი ნახევრაძმაა. სწორედ ქართული სიმღერისა და ცეკვის გავლენით ხსნის იგი მამისაგან სახსოვრად შემორჩენილ რკინის ყუთს და გაიგებს, რომ თვითონაც ქართული ფესვები ჰქონია. ფესვებისაკენ სწრაფვა მას ჩამოიყვანს საქართველოში და აქ იპოვოს საკუთარ თავს, მშვიდ ნავთსაყუდელს, სამუდამოდ დაუბრუნდება მშობლიურ დროსა და სივრცეს. "გველის პერანგით" გრიგოლ რობაქიძე ხაზს უსვამს ქართული გენის, ქართული სულის უკვდავებასა და განსაკუთრებულობას, იმას, რომ "რასსა უჩინარად ამხელს თავის თავს". რომანში ეროვნული ენერგიის, ფესვების ძიება სრულდება ბედნიერად, არჩიბალდ მეკეში წარმატებით გარდაისახება არჩილ მაყაშვილად, რითაც ავტორი გვეუბნება, რომ, მართალია, ისტორიულმა ქარტეხილებმა შეიძლება, შეაფერხოს ერის ბუნებრივი განვითარება, მაგრამ მისი ძლიერი ფესვები ბოლომდე მაინც არასოდეს დაიკარგება. ამდენად, გრიგოლ რობაქიძემ არჩიბალდ მეკეშიც არჩილ მაყაშვილად გარდასახვის მაგალითით გვიჩვენა ქართველი ერის, ეროვნული ენერგიის მდგრადობა, მისი გადარჩენის გზა და პერსპექტივა. "გველის პერანგით" გრიგოლ რობაქიძემ მიანიშნა იმაზე, რომ, მიუხედავად საბჭოთა წყობილების დამყარებისა, ქართული ეროვნული ენერგია ძლიერი იყო, მომავალში ქვეყანას შესწევდა ძალა განახლებისათვის და თავს დაიხსნიდა უცხო ძალისაგან.
211 1-ს მოსწონს
|