x
image
ლანა92
ვინ არიან წმინდა გრაალის მცველი რაინდები ქართულ ლიტერატურაში

გრიგოლ რობაქიძის მთელი შემოქმედება არის ძიება ქართველთა მსოფლხატისა, რომელიც კარდუს კერპისა და წმინდა გრაალის თასის შესახებ ახალი ლეგენდის შექმნით გამოიხატა მის რომანებში.

გრიგოლ რობაქიძე გრაალის თასის ევროპელი ავტორებისაგან აბსოლუტურად განსხვავებულ ვარიანტს აყალიბებს ცნობილ რომანში "გრაალის მცველნი". კერძოდ, ნაწარმოების მიხედვით, გრაალის მცველი უკანასკნელი რაინდები, რომლებიც ატარებენ რელიკვიას, წმინდა ნინოს ჯვარს, უფსკრულის პირას დგანან და მტრის ხელში ჩავარდნას ამჯობინებენ, იქვე უფსკრულში გადაეშვან. გადამწყვეტ წამს პატარა მტირალი გოგონა შეეხება წმინდა ნინოს თმებით შეკრულ ვაზის ჯვარს, რის შედეგადაც გამხმარი ვაზი აყვავდება და ოქროსფერი მტევნებით შეიმოსება. ხილული სასწაული სასოწარკვეთილ რაინდებს იმედით ავსებს და ზეადამიანური ძალით, უძლეველობით მოსავს. გრაალის ქართველი რაინდები წმინდა ნინოს ვაზის ჯვარზე მტევნებს წურავენ, ყურძნის ტკბილ სითხეს თასში აგროვებენ (ისევე, როგორც იოსებ არიმათიელმა გოლგოთაზე გრაალის თასში დააგროვა ქრისტეს სისხლი), თასს საიდუმლოდ ინახავენ, მოწიწებით იცავენ მას, როგორც წმინდა საგანს, სიწმინდეს.წმინდა გრაალის მსგავსად, ქართველ რაინდთა თასის დასაცავად ყალიბდება საიდუმლო ორდენი, საუკუნეთა განმავლობაში თასს იცავენ სხვადასხვა თაობის გამორჩეული წარმომადგენლები.საუკუნეების მანძილზე ქართველ რაინდთა თასი მცველიდან მცველში გადადის, მისი დაცვა წმინდა მისიაა, რადგანაც თასში გული - საქართველოს მზე ასვენია; გრაალის ქართველი გუშაგები დარაჯობენ იდუმალ მიწას.

მინდა გრაალის თასის რაინდებად გრიგოლ რობაქიძის რომანში "გრაალის მცველნი" წარმოდგენილნი არიან არა ევროპული ლიტერატურისათვის ნაცნობი გალაჰადი, ლანსელოტი, პარციფალი, ლოენგრინი, გავეინი ან სხვა, არამედ მე-20 საუკუნის საქართველოს, საბჭოთა საქართველოს მწერლობისა და ხელოვნების, ასევე, ზოგი სფეროს საუკეთესო წარმომადგენლები.

კერძოდ, გრიგოლ რობაქიძის მეგობარი, ქართველი ემიგრანტი და ცნობილი ჟურნალისტი, კალისტრატე სალია 1964 წელს, პარიზში, თავისივე მიერ დაარსებულ საერთაშორისო ჟურნალში "ბედი ქართლისა" (1948 წლიდან) აქვეყნებს სპეციალურ წერილს, რომელშიც აცხადებს, რომ რომანის "გრაალის მცველნი" რაინდები, უბრალო პერსონაჟები კი არა, რეალური ისტორიული პირები არიან; კალისტრატე სალია აქვე დასძენს, რომ გრიგოლ რობაქიძეს ჟურნალის "ბედი ქართლისა" ერთ-ერთ ნომერში სურდა კიდეც რომანის რაინდების რეალური ვინაობის გამოქვეყნება, მაგრამ ვერ მოასწრო (1962 წელს, ჟენევაში გარდაიცვალა) და ახლა მეგობრის სურვილს თვითონ ასრულებს.

კალისტრატე სალიას წერილის მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის რომანის "გრაალის მცველნი" პერსონაჟებს განასახიერებენ რეალური პირები:

წმინდა გრაალის მცველი ქართველი რაინდები:

1.თავადი გიორგი - მისი რეალური პროტოტიპი უცნობია;

2. ლევან ორბელი - თვითონ გრიგოლ რობაქიძე

(ქართველი მწერალი, რომანის "გრაალის მცველნი" ავტორი)

image

3.ოდილიანი - პაოლო იაშვილი

(ქართველი პოეტი, "ცისფერყანწელთა" ორდენის მეთაური)

image

4.ავალა - ტიციან ტაბიძე

(ქართველი პოეტი, "ცისფერყანწელი")

image

5.მამია ოდიშელი - შალვა დადიანი

(ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე)

image

6.ვანო - იაკობ ნიკოლაძე

(ცნობილი ქართველი მოქანდაკე)

image

7.მარჯანი - კოტე მარჯანიშვილი

(ცნობილი ქართველი რეჟისორი)

image

8.ხორავ - აკაკი ხორავა

(ქართველი მსახიობი და პედაგოგი)

image

9.უშანგ - უშანგი ჩხეიძე

(ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი)

image

10.ვასსა - აკაკი ვასაძე

(ქართველი მსახიობი, რეჟისორი)

image

11.მზისავარ - აპოლონ წულაძე

(ქართველი მეფუტკრე, ეთნოლოგი და ჟურნალისტი)

image

12.ჰიდდირ - მამედ ბეგ აბაშიძე

(ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი,

სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი)

image

13.საღარა- საბჭოთა პერიოდის ქართველი მფრინავი,

სამხედრო პირი ალექსანდრე (ამბაკო) საღარაძე

14-15.დათა და კოსტა -

ტყუპი ძმები ვლადიმერ (ლადო) და გრიგოლ (გრიშა) ჯაფარიძეები

(ვლადიმერ ჯაფარიძე - ქართველი იურისტი და პედაგოგი, გრიგოლ ჯაფარიძე - ისტორიკოსი და ფილოლოგი)

image

გრაალის თასის ქართველი მტრები:

ს.ო. - სერგო ორჯონიკიძე

(ქართველი ბოლშევიკი რევოლუციონერი,

საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე)

image

შავდია - ლავრენტი ბერია

(საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე)

image

ლეგა - ლევან ღოღობერიძე

(საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთი მეთაურთაგანი, 1926-1930 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი)

image

გრიგოლმ რობაქიძის რომანში "გრაალის მცველნი" ლევან ორბელი თვითონ გრიგოლ რობაქიძეა, ხოლო თავადი გიორგის, რომლის ოჯახშიც ინახება წმინდა თასი, რეალური ვინაობა უცნობია.

რომანში გრაალის თასის მცველებად გვევლინებიან: თავადი გიორგი, ლევან ორბელი, ოდილიანი, ავალა, მამია ოდიშელი, მზისავარ, ჰიდდირ, საღარა და სხვები, თასის მტრებად: შავდია, ს.ო., ლეგა და რუსი ჩეკისტი ველსკი. ყველა მათგანი კალისტრატე სალიას წერილში იდენტიფიცირებულია, მხოლოდ გრაალის მცველი თავადი გიორგისა და თასის მტერი რუსი ველსკის რეალური ვინაობა რჩება ამოუხსნელი, უცნობი.

ევროპულ ლიტერატურაში გრაალის მცველები რაინდები არიან, ხოლო ქართულში გრიგოლ რობაქიძე ამ წმინდა მისიას მწერლობისა და ხელოვნების მოღვაწეებს აკისრებს ძირითადად.არსებობს მეცნიერთა ნაწილის (კარლ ზიმროკი) მოსაზრება, რომ თითქოს გრაალის თასს თავიდან იცავდნენ ანგელოზები, ანგელოსები, რომლებმაც ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს ღმერთისა და ლუციფერის, ბოროტის ბრძოლაში.გრიგოლ რობაქიძისათვის ასეთი ანგელოზები, რაინდები მწერლობისა და ხელოვნების წარმომადგენლებია.რომანის "გრაალის მცველნი" ავტორი მიიჩნევს, რომ ცალკეული პიროვნებისა თუ მთელი ერის გადასარჩენად უმთავრესია სულის სიწმინდის დაცვა, მისი შეურყვნელობა. რომანის თავადი გიორგი, რომლის ოჯახშიც ინახება გრაალის თასი, არა მხოლოდ შთამომავლობითაა არისტოკრატი არამედ უპირველესად სულით და გრაალის დაცვის გზაზე უდიდეს სულის სიმტკიცესა და მთლიანობას ავლენს. თავის მხრივ, რუსი ჩეკისტი ველსკიც იმიტომ მტრობს გრაალის ორდენს, გავეშებული დაეძებს თასს, რომ ამით ქართველი ერის სულიერი გატეხვა, ბრძოლისუნარიანობის დაკნინება სურს; მხოლოდ ამ გზით წარმოუდგენია პიროვნებისა და ერის დამორჩილება შესაძლებლად. იგი რიგითი ჩეკისტი კი არაა, ადამიანებს უბრალოდ კი არ იჭერს, არამედ გაქნილია, ფრთხილი, გონებამახვილი და თითოეულ ნაბიჯს დიდი ცბიერებით ზომავს, ყოველთვის იტოვებს უკანდასახევ გზას, თავისი ბინძური ქმედებების გასამართლებლად არგუმენეტები ყოველთვის წინასწარ აქვს მოფიქრებული, ისე ნაბიჯსაც არ დგამს.

გრიგოლ რობაქიძის რომანში "გრაალის მცველნი" ორი იდეა - წმინდა გრაალის დაცვა და გრაალის ნგრევა უპირველესად ასოცირდება რომანის მთავარ პერსონაჟებთან: ქართველ რაინდ ლევან ორბელითან (პროტოტიპი თვით გრიგოლ რობაქიძე) და რუს ჩეკისტ ველსკისთან.

ადამიანთა, ერის სულიერი გატეხვის გზით დამორჩილებას ჩეკისტი ველსკი აბსოლუტური თავისუფლების დამკვიდრების სურვილად ნათლავს.ლევან ორბელთან საუბრისას იგი აღნიშნავს კიდეც, რომ "ჩვენ გვინდა კაცობრიობას ტოტალური თავისუფლება მოვუტანოთო" ("ჩვენ" - აქ იგულიხმება ბოლშევიკები), რისთვისაც აუცილებლად სახავს ადამიანის სულიდან ღმერთის განდევნას, ღმერთის იდეის სიკვდილს.ველსკი აცხადებს, რომ სადაც ღმერთია, იქ თავისუფლება ვერ იქნება, რადგან იგი უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს მორწმუნეთაგან; "უსიტყვო მორჩილება კი მონობაა.თუ მონა ხარ, რა მნიშვნელობა აქვს იმას, ვისი მონა იქნები - ღმერთისა თუ ადამიანისა? ამიტომ ადამიანი ღმერთისაგან უნდა განთავისუფლდეს". ველსკი ხედავს, რომ ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა ძნელია საქართველოში, რადგან აქ ყველაფერი საიდუმლოებითაა მოცული, რის გამოც საჭიროს მიიჩნევს რწმენისადმი მისტიკურობის მოხსნას, ღმერთის იდეის სიცარიელედ, უაზრობად, ამაოებად წარმოჩენას. ველსკი იხსენებს, რომ როცა ნაპოლეონმა გენუას სან ლორენცოს ტაძარში წმინდა გრაალი იპოვა, პარიზში გააგზავნა, რათა მისი მიწიერი ღირებულება დაედგინათ.რუს ჩეკისტს სურს, ხაზი გაუსვას, რომ ვინც "ვაშინერსის" (მეგრული სიტყვა, "ტაბუს "აღნიშნავს) დარღვევას გაბედავს, უბრალო მკრეხელზე, რიგით ათეისტზე მეტია.ლევან ორბელისათვის უკვე ცხადია, თუ რატომ დაეძებს ველსკი წმინდა გრაალს, მას ქართველთათვის რწმენის წართმევა სურს, რათა თვითონ გაბატონდეს, უბრალო ათეისტზე ბევრად მეტი იყოს. ლევან ორბელი ვესლკისთან საუბარში აცხადებს, რომ ჭეშმარიტი და უძლეველი ძალა მოსავს სწორედ იმას, ვისაც სიწმინდის დაცვა ძალუძს, გრაალის თასის მცველი გრაალის დამანგრეველზე ძლიერია, რაინდი პარციფალი გაცილებით ძლიერია, ვიდრე მკრეხელნი, მათ შორის თუნდაც ნაპოლეონი.გრიგოლ რობაქიძის რომანში "გრაალის მცველნი" იდეათა ეს მძაფრი დაპირისპირება მხოლოდ სიტყვიერად კი არ გამოიხატება, არამედ სისხლიანი ომითაც, რისი დასტურიცაა რომანში ასახული 1924 წლის აგვისტოს აჯანყება. ველსკიმ შესანიშნავად უწყის, რომ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებას ადვილად ჩაახშობენ, მაგრამ თუ ამით ქართველთა რწმენა არ შეირყა, გრაალი არ განადგურდა ეს ბოლშევიკთათვის საბოლოო გამარჯვება ვერ იქნება.ლევან ორბელის აზრითაც, აჯანყების ჩახშობა მეორეხარისხოვანია, მთავარია, ქართველ ერში მომავლის რწმენა და იმედი, წმინდა გრაალი გადარჩეს.გრიგოლ რობაქიძის რომანში "გრაალის მცველნი" წმინდა გრაალის ქართველი მცველები, ლევან ორბელი და მისი მეგობრები იმარჯებენ, რუსი ჩეკისტი ველსკი და თავისი ბოლშევიკი მეგობრები მარცხდებიან. ამდენად, ამ რომანით გრიგოლ რობაქიძემ ალეგორიულად მიანიშნა იმაზე, საქართველოსათვის საბჭოთა რეჟიმის მძინვარების პირობებშიც კი რწმენა, იმედი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, გრაალის, რწმენის დაცვა ქართველი ერის გადარჩენის საწინდარია.

1
681
3-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
681
  
2019, 26 თებერვალი, 3:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1