x
image
ლანა92
გრიგოლ რობაქიძე "მოდის გილიოტინაზე"

გრიგოლ რობაქიძე (1880-1962)

image გრიგოლ რობაქიძე ყოველთვის გრძნობდა თავს საზოგადოების განუყოფელ ნაწილად, მაგრამ, ამავდროულად, გამოირჩეოდა სხვებისაგან, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ "ქართველი კაცის პათოსი ინდივიდუალურ ყოფაში ცნაურდება და არა კოლექტიურში". 22 წლის ასაკში გეორგ ზემელის სოციოლოგიურ ეტიუდზე "მოდის ფსიქოლოგია", დაყრდნობით, გაზეთ "კვალში" ის წერდა: "ჩვენი ზნეობა კმაყოფილდება ხან მაშინ, როცა ჩვენი "მე" დაახლოებული და დამსგავსებულია სხვებთან, ესე იგი, როცა იგი გაერთიანებულია საზოგადო წრეში; ხან კი პირიქით, ჩვენი ზნეობრივი ყოფა მაშინ კმაყოფილდება, როცა ჩვენი პიროვნება განსხვავებულია სხვებისაგან, გამოცალკევებულია საზოგადოებისაგან [ბაქრაძე, "კარდუ", 14]. ყოველივეს გათვალისწინებით, გრიგოლ რობაქიძე, მსოფლმხედველობასა და მსოფლხატთან ერთად, გარეგნობასაც აყალიბებდა და ძალიან ზრუნავდა ჩაცმა-დახურვაზე.

image

გრიგოლ რობაქიძე გამოირჩეოდა მწყობრი მსოფლმხედველობითი სისტემით, რაზეც მიუთითებდნენ მისი არა მხოლოდ შემოქმედებითი, არამედ სალექციო მოღვაწეობის შეფასების დროსაც. მწერალმა აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა სწორედ ლექციების კითხვით დაიწყო, რომელიც საგანმანათლებლოსთან ერთად, სახელოვნებო-ორატორული მნიშვნელობისაც იყო. ბევრს საუბრობდნენ გრიგოლ რობაქიძეზე, როგორც ორატორზე, რადგან განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ლექციის ფორმას, თუმცა ძველ გაზეთებში ზოგი საყვედურობდა კიდეც, ფორმას მეტ დროს უთმობს, ვიდრე შინაარსსო.

გრიგოლ რობაქიძე თავიდან ლექციებს რუსულად კითხულობდა, რასაც თვით საზოგადოება ამართლებლა იმით, რომ მისი ლექციების არსის ქართულად გადმოცემა შეუძლებელი იყო, ხოლო როცა მსმენელთა თხოვნით, ქართულად დაიწყო ლექციების ჩატარება, მოიხიბლნენ "ლექტორის საოცარი ლამაზი ქართულით". მისი ლექციების სიახლე, გარდატეხა ქართულ აზროვნებაში იყო სწორედ ის, რომ "ხვდა ბედნიერი წილი - ქართული აუდიტორიის შექმნა". მწერალმა თავისი სალექციო მოღვაწეობით გამოაცოცხლა იმ დროის ქართველი საზოგადოება, დაანახვა ქართული ენის სილამაზე და გამოხატვის უსაზღვრო შესაძლებლობები.

image

გრიგოლ რობაქიძის ლექციები გარკვეულ ეტაპზე ერთგვარი საზომი, "მოდაც" იყო ინტელექტუალურ-ორატორული საქმიანობის სფეროში, რისი დასტურიცაა აკაკი ბაქრაძის "კარდუს" ერთ-ერთი თავი - "მოდის გილიოტინა".

აღნიშნული სათაური ერთგვარი კოდია სათქმელის გადმოსაცემად და აკაკი ბაქრაძე მას განმარტავს 1911 წელს გაზეთ "თემში" "მან წილის" (სავარაუდოდ, მიხეილ (მიხაკო) წერეთელს, გრიგოლ რობაქიძის უახლოეს მეგობარს ვარაუდობდა ამ ფსევდონიმით, თუმცა, როგორც შემდგომში გაირკვა, "მან წილი" მარიამ წერეთელია) ფსევდონიმით გამოქვეყნებული სტატიის "გრიგოლ რობაქიძე და მისი ლექციების" ფონზე. კრიტიკოსი იზიარებს "მან წილის" ირონიულ შენიშვნას:"ჯერ რობაქიძე ღმერთი"-ო, ახლა ერთხმად გაჰყვირიან – "რობაქიძე მოდიდან გავიდა"-ო და აღნიშნავს, რომ უგზო-უკვლოდ მოხეტიალე საზოგადოებამ გრიგოლ რობაქიძე აიყვანა მოდის გილიოტინაზე,

imageჯერ ხოტბა-დიდებით ეთაყვანებოდნენ, შემდგომ - ზურგი უჩვენეს.

აკაკი ბაქრაძე ხატოვნად შენიშნავს, რომ "მოდის გილიოტინა" ფართო და მოხდენილი ცნებაა, რომლის მსხვერპლიც ბევრი მოღვაწე გამხდარა, გრიგოლ რობაქიძეს მერეც მრავალგზის მოუწევს გილიოტინაზე ასვლა საქართველოსა და გერმანიაში. აკაკი ბაქრაძე მიზეზების ასახსნელად მოიშველიებს "მან წილის" პუბლიკაციიდან ციტატას: "ეს დამახასიათებელი თვისებაა საზოგადოებისა, რომელიც განსაზღვრულ კრიტერიუმს მოკლებულია და ყოველ ქარის დაბერვაზე მზად არის, მიმართულება და სიმპათიები გამოიცვალოს" [ბაქრაძე, "კარდუ", 31].

"კარდუს" ავტორის სიტყვებით, "1911 წელს დაბეჭდილი სტრიქონები ისე ჟღერს, თითქოს დღეს დაიწერა" [ბაქრაძე, "კარდუ", 33] და თავის თანამედროვე ეპოქაზეც განაზოგადებს "მან წილის" მოსაზრებას, რომ ქართველი ერი ავადაა, მისგან წარმოშობილი ინტელიგენციაც "უგზო-უკვლოდ დაეხეტება, ხელთათმანებივით იცვლის მიმართულებას". ქართველი საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა გრიგოლ რობაქიძის მიერ საზღვარგარეთ შეცნობილი და საქართველოში გადმოტანილი გერმანელის შრომისმოყვარეობისა და პრაქტიციზმის, ფრანგის სიფხიზლისა და გამჭრიახობის, რუსი ინტელიგენტების მისტიციზმის გაგება-დაფასებისათვის.

ძირითადი ლიტერატურა: ბაქრაძე ა., "კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი", გამომცემლობა "ლომისი", თბილისი, 1999, გვ. 29-41 ("მოდის გილიოტინა")

0
72
3-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0