x
image
დავითი ჩუთლაშვილი
12 წლის ქართველი გოგონას გამოძევებამ ავსტრიაში მძაფრი საპროტესტო ტალღა ააგორა - რას მოასწავებს ის?
ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს ტყუილად როდი უწოდებენ ავსტრიელ ტრამპს. ის სწორედ იმ ტალღის ნაშიერია, რომელმაც წლების წინ რიგი დასავლური ქვეყნების სათავეში არადემოკრატი და პრორუსი პოპულისტები მოიყვანა. ადოლფ ჰიტლერის სამშობლოში, რომელიც NATO-ს წევრიც კი არ გახლავთ და რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცენტრალურ ევროპაში საბჭოთა კავშირის არაფორმალური გავლენის სფეროდ და “სუკის” აგენტურის ერთ-ერთ ძირითად საყრდენად გადაიქცა, ევროსკეპტიციზმი ყოველთვის განსაკუთრებით ძლიერი იყო. რამდენიმე წლის წინ კინაღამ არჩევნებიც კი მოიგო საპრეზიდენტო კანდიდატმა, რომელიც მხარს ღიად ავსტრიის ევროკავშირიდან გასვლას უჭერდა და მხოლოდ პროგრესული, დემოკრატიული და პროევროპული ძალების უპრეცედენტო კონსოლიდაციის შედეგად გახდა მისი დამარცხება და მოქმედი პრეზიდენტის (რომელსაც ფაქტიურად თითქმის მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციები გააჩნია) გამარჯვება შესაძლებელი. მოკლედ, ეს არ არის ჩვენი ქვეყანა, სადაც მხოლოდ 8 %-ია ევროკავშირის წინააღმდეგი და მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (ბოლო გამოკითხვებით 80 %-ზე მეტი) ევროპული ერთიანობის იდეას უჭერს მხარს. საქართველო საბერძნეთთან და კვიპროსთან ერთად ევროპული ცივილიზაციის უძველესი აკვანია, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არ არსებობს ცნება “ძველი ქართული ენა” და დღეს ქართველები იმავე ენაზე ვმეტყველებთ, რაზეც 2000 და მეტი წლის წინ ჩვენი წინაპრები მეტყველებდნენ, შესაძლოა, ევროპული ცივილიზაციის ერთადერთი უძველესი აკვანიც კი ვიყოთ, რომელსაც დემოკრიტეს, ესქილეს, ჰომეროსის, პრომეთეს და არგონავტების სამყაროსთან შთამომავლობის პირდაპირი ხაზი აკავშირებს. მოკლედ, ქართველებმა კარგად ვიცით, რომ ერთიანობის გარეშე ევროპულ ქვეყნებს მომავალი არ გაგვაჩნია.


სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით ზოგიერთ სხვა ევროპულ ქვეყანაზე. სწორედ ამაზე მეტყველებს უპრეცედენტო და გაუგონარი ბარბაროსობა - 12 წლის გოგონას დეპორტაცია, გოგონასი, რომელმაც თითქმის არც კი იცის ქართული ენა და რომელიც ავსტრიული საზოგადოების ნაწილს წარმოადგენდა. რას მოასწავებს ეს? რა ყაიდის სახელმწიფომ უნდა გააკეთოს მსგავსი რაღაც? განა ეს ფაშისტური სახელმწიფო არ არის? ბავშვი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა შენთან, ჩამოაშორო მეგობრებს, ახლობლებს და თავი უკრა მისთვის სრულიად უცნობ ქვეყანაში მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მშობლები ამ ქვეყნიდან არიან, ამის გაკეთება მხოლოდ ევროპის ერთიანობის და ადამიანთა მოდგმის მოსისხლე მტრებს შეუძლიათ. ამიტომ გასაოცარი არ არის, პროტესტი რომ არ წყდება. იმედია, ეს პროტესტი მალე კურცის ხელისუფლების ჯანდაბის იქით გაშვებით დასრულდება. ავსტრია არ იმსახურებს ნეოფაშისტ კანცლერს, რომელმაც არჩევნებში წარმატებას ხმების მანიპულირების და სიყალბის გზით მიაღწია და რომლის კავშირების შესახებ რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან უამრავი თვალნათელი მტკიცებულება არსებობს.


ჩემი მოწოდებაა, ვინც ავსტრიაში ცხოვრობთ, ყველა გამოხვიდეთ და გააპროტესტოთ თინას გამოძევება. 21-ე საუკუნის ევროპაში საზღვრები და ბარიერები აღარ უნდა არსებობდეს და ევროპელებს საკუთარ კონტინენტზე ყველგან უნდა შეგვეძლოს თავისუფლად ცხოვრება და საქმიანობა.


დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლაა საჭირო. არცერთ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოო და შეუქცევადი მონაპოვარი არ არის და თუ ყოველდღიურად არ ვიბრძოლებთ, ერთ დღეს ჰიტლერის გერმანიაში ან პუტინის რუსეთში გავიღვიძებთ.



თინა

0
400
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0