საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა 2020, 19 დეკემბერი, 15:32 ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიმართა, რათა რეაგირება მოახდინონ ნიკა გვარამიაზე, რომელმაც Facebook-ის პირად გვერდზე, პრეზიდენტის მიმართ „შეურაცხმყოფელი და ყოვლად მიუღებელი" პოსტი გამოაქვეყნა. ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წერილი 16 დეკემბერს მიიღო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე.განცხადების შინაარსი ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის მედიის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც დადგენილი სტანდარტებით აფასებს მედიაპროდუქტის ეთიკურობას. სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ქარტიის საბჭო ვერ შეაფასებს ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Handyside v. the United Kingdom (1976) ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას. [ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის] მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იგი გამოიყენება არა მარტო "ინფორმაციისა" და "მოსაზრებების" მიმართ, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისთვის".
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას.
მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 11 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტზე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
"სტატუსურად, ძალადობით არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტი ხარ ჩემთვის
იდეოლოგიურად, პრორუსი და მოღალატე ხარ ჩემთვის
ადამიანურად, ჩვეულებრივი ნაძირალა და ყ**ქალა ხარ ჩემთვის
ხოდა ტრ**ში გაიკეთე ეგ შენი ლექციები სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაზე და მის სტანდარტებზე და როლზე.
გმადლობთ ყურადღებისთვის."
410 2-ს მოსწონს
|