x
image
ნინო ხიმშიაშვილი
რატომ წვმიმს ასე ხშირად ბათუმში

წვიმიანი ბათუმი

ვინც ადგილობრივია, იცის, და

ჩვეულია მისთვის ბათუმის წვიმა.

ლიკა მეგრელიძე- გარემოს ეროვნული სააგენტოს,  ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ამიტომ ყოველი ბათუმელის თუ არა,

ყოველი მეორბათუმელის

ხელჩანთაში იპოვით ქოლგას.

თუმცა, თუ დასასვენებლად ხართ ზაფხულში,

და თანაც პირველად, აუცილებლად შეამჩნევთ

ამ ქალაქის წვიმიანობას

და ასეთადაც დაგამასხოვრდებათ.

დიახ, ბათუმი წვიმიანი ქალაქია,

განსაკუთრებით სექტემბერში და ზაფხულში.

რა განაპირობებს ამას?

გთავაზობთ ინტერვიუს

გარემოს ეროვნული სააგენტოს,

ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის

უფროსის მოადგილე ლიკა მეგრელიძესთან






ქალბატონო ლიკა, რატომ წვიმს ასე ხშირად ბათუმში, რა გარემო პირობები უწყობს ამას ხელს?


პირველ რიგში, ხელს უწყობს ბათუმის მდებარეობა და სინოპტიკური პროცესები, რომელთა ზემოქმედება განსაზღვრავენ აქ არსებული კლიმატური პირობების ჩამოყალიბებას.

დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი, ძირითადად, დაკავშირებულია ჩრდილო-დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრასთან, რომლებიც შავ ზღვაზე გადმოსვლისას ტრანსფორმიდება, ტენიანდება, შემდეგ კი სანაპიროზე შემოსვლისას შემხვედრი მთის ფერდობების ექსპოზიცია ხელს უწყობს ნალექების გამოყოფას კონკრეტულ ტერიტორიებზე.

კერძოდ, ბათუმის შემთხვევაში, სამხრეთ-დასავლეთისკენ დახრილ მთათა სისტემებთან ჰაერის ნოტიო არამდგრადი მასების შეჯახება განაპირობებს სწორედ დიდი რაოდენობით ნალექის მოსვლას.


თუ შევადარებთ აჭარას და აფხაზეთს, ორივეს სანაპირო აქვს, ორივეგან შემოდის ზღვაზე გადმოსვლისას დატენიანებული ჰაერის მასები, მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსულ ჰაერის მასებს ხვდება ისეთი დახრილობის მთები, რომელსაც ის კი არ ეჯახება, არამედ თითქმის პარალელურად მიყვება. შედეგად, ნალექი გამოიყოფა, მაგრამ არა ისეთი რაოდენობით, როგორც აჭარაში.



რომელ მთებზეა საუბარი?


კავკასიონზე - აფხაზეთის შემთხვევაში და აჭარა-გურიის მთებზე ბათუმის შემთხვევაში. მაგალითად, აღსანიშნავია მტირალას მთის მიდამოები აჭარაში - ყველაზე ნალექიანი ადგილი ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. აქ, ჩაქვის ქედის ზღვისკენ მიქცეულ კალთაზე, დაახლოებით 4000 მილიმეტრამდე ნალექი მოდის წელიწადში, ბათუმში და სანაპიროზე კი შედარებით ნაკლებია.

მტირალას მთა და მისი მიდამოები


აფხაზეთის შემთხვევაში,  შეგვიძლია ვნახოთ ნალექი როგორ მიყვება კავკასინის ქედებს


კავკასიონი მთლიანი ხედით



სეზონურად როგორია ნალექიანობა ბათუმში?


წლიურ ციკლში ყველაზე ნალექიანი თვე ბათუმში არის სექტემბერი, ყველაზე მშრალი - მაისი. ასეთი სურათია ბოლო 30 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. იქამდე ნალექების უდიდესი რაოდენობა ოქტომბრის თვეზე მოდიოდა, ყველაზე მცირენალექიანი ადრეც გაზაფხულის ბოლო იყო.

სხვათა შორის, ნალექების წლიური სვლა, განსხვავებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთში ყველაზე ნალექიანია მაის-ივნისი, ზაფხული არის შედარებით მშრალი და შემდეგ უკვე აღინიშნება ნალექების მეორე მაქსიმუმი ოქტომბერში, მაშინ როცა თითქმის შებრუნებულია ნალექების წლიური განაწილება დასავლეთ საქართველოში, მაქსიმუმით - შემოდგომის ბოლოს და მინიმუმით აპრილ-მაისში.




ასეთ ცვლილებებს რა განაპირობებს?


ეს ცვლილებები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია გლობალური დათბობასთან. თავისთავად დათბობის ძირითადი განმაპირობებელი, როგორც აღიარებულია, უშუალოდ, ან ირიბად დაკავშირებულია ადამიანის საქმიანობასთან. ანუ არის ანტროპოგენური ფაქტორი. პირველ რიგში, ეს არის ატმოსფეროში ნახშიროჟანგის და სხვა ე.წ. სათბურის აირების კონცენტრაციის მომატებული დონე.

დათბობა და მასთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილება განაპირობებს მთელ რიგ ცვლილებებს ატმოსფეროს დინამიკაში, ცირკულაციურ პროცესებში, რაც ნალექების რეჟიმზეც აისახება. ანუ, დათბობის შედეგად იცვლება არა მხოლოდ ტემპერატურა, რაც დათბობის ძირითადი ინდიკატორია, არამედ იცვლება ნალექების და ატმოსფეროში ტენის განაწილების სივრცით-დროითი თავისებურებებიც. მაგალითად, ადგილი აქვს, როგორც ნალექების რაოდენობის, ასევე წლის განმავლობაში მშრალი და ნალექიანი პერიოდების განსხვავებულ გადანაწილებას. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, ასევე, რომ გახშირებულია ექსტრემალური მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია უხვი ნალექის მოსვლასთან მცირე პერიოდებში.




რომ შევადაროთ, რამდენი პროცენტით განსვავდება ბათუმის ნალექიანობა სხვა დანარჩენ საქართველოსთან?


ზოგადად, საქართველოს ტერიტორიაზე, მით უმეტეს მის დასავლეთ ნაწილში, ნალექების სივრცით განაწილებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის შავი ზღვის ფაქტორი. ზღვიდან დაშორების მიხედვით ნალექების რაოდენობა მცირდება. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი. ასეთია რელიეფის სიმაღლე, მთის კალთების ექსპოზიცია ტერიტორიაზე გავრცელებული ჰაერის მასების მიმართულების მიმართ და სხვ.

აჭარა საქართველოში ყველაზე ნალექიანი რეგიონია. ძნელია პროცენტულ განსხვავებაზე ლაპარაკი, თუმნდაც იმიტომ, რომ თვითონ აჭარის ფარგლებშიც ნალექების რაოდენობა საკმაოდ ცვალებადობს, როგორც ზღვიდან დაშორების, ისე ადგილის სიმაღლის მიხედვით.

ყველაზე უხვნალექიანი სანაპირო ზოლია, განსაკუთრებით, ბათუმი-ჩაქვის რაიონები, სადაც წლიურად 2500-2700 მილიმეტრი ნალექი მოდის, ქობულეთში ნალექების რაოდენობა შდარებით ნაკლებია (2300-2400 მმ-მდე), ხოლო მთაში ასვლისას, დაახლოებით 1000-1500 მმ-ით მცირდება. მაგალითად, აჭარისწყლის ხეობაში - ქედაში 1600 მმ, ხულოში -1300 მმ გოდერძის უღელტეხილზე კი საშუალოდ, 1200 მმ ნალექი დაიკვირვება წლის განმავლობაში. ამასთან, კლიმატის ცვლილების ფონზე, თითქმის მთელს რეგიონში აღინიშნება ნალექების მატების ტენდენცია, რაც ყველაზე მეტად გამოკვეთილია ზაფხულის და განსაკუთრებით, შემოდგომის სეზონებზე, მაშინ როცა საქართველოს უმეტეს რაიონებში, მითუმეტეს აღმოსავლეთში, ზაფხულში ნალექიანობა მდგრადად იკლებს.




გლობალური დათბობა ახსენეთ, მაინტერესებს რამდენადაა საქართველო ამ პროცესში ჩართული და რას აკეთებს გლობალური დათბობის წინააღმდეგ?


დათბობის წინააღმდეგ რიგი ღონისძიებები იგეგმება და საერთაშორისო შეთანხმებები ფორმდება. 2015 წლის 12 დეკემბერს, ქ. პარიზში, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიღებულ იქნა ე.წ. პარიზის შეთანხმება (საქართველომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 2016 წელს), რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას, რათა მოხდეს გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5°C-მდე შეზღუდვის მცდელობა.

გლობალურად და საქართველოშიც, ძირითადად ორი მიმართულებით მიმდინარეობს ქმედებები. ეს არის ღონისძიებები კლიმატის ცვლილების შერბილების, ანუ საწვავის წვის პროდუქტების ატმოსფეროში გაფრქვევის შემცირების მიმართულებით და ადაპტაცია, რაც ნიშნავს იმ კლიმატურ პირობებზე და ცვლილებებზე მორგებას, რაც უკვე აღინიშნება კლიმატის ცვლილების ზემოქმედებით, ან მომავალში არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება ჩვენ სამსახურს, ჩვენი კომპეტენციიდან გამომდინარე, ძირითადად, მიმდინარეობს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პოტენციალის ამაღლებისა და მოწყვლადობის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის, აღსანიშნავია ამჟამად მიმდინარე პროექტი, კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების ფონზე გახშირებული საშიში ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების, როგორიცაა სეტყვა, ძლიერი ქარი, წყალდიდობა-წყალმოვარდა, გვალვა და სხვ. გახშირების საპასუხოდ, საქართველოში მრავალსაფრთხიანი ადრეული გაფრთხილების სისტემის ჩამოყალიბება და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის და მოსახლეობის კლიმატური ინფორმაციით უზრუნველყოფა.




როგორ აისახა პანდემია გლობალურ დათბობაზე, შეიძლება ვთვათ, რომ შეუშალა ხელი გლობალურ დათბობას?


იცით რაშია საქმე, ვირუსი და პანდემია არის შედარებით ხანმოკლე მოვლენა, ვიდრე არის კლიმატის ცვლილება და უფრო კონკრეტულად, ნახშირორჟანგის ატმოსფეროში და ოკეანეებში არსებობის სიცოცხლის ხანგრძლივობა (დაახლოებით, ერთი-ორი ასწლეული).

ადრე გაზაფხულზე და ზაფხულში საყოველთაო ჩაკეტვის ფონზე აღინიშნებოდა ატმოსფეროს მნიშვნელოვანი გასუფთავება წვის აირების ემისიების შემცირების შედეგად. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ უმნიშვნელოდ, ან მოკლევადიანად შეამცირებს CO2-ის კონცენტრაციის ზრდის ტემპს და ამდენად, ვერ ექნება კლიმატის ცვლილებაზე ისეთი გავლენა, რომ დათბობის ტრენდი შემოაბრუნოს. მითუმეტეს თუ გავიხსენებთ, რომ როგორც კლიმატის ცვლილების სამთავრობოთაშორისო საბჭოს მოხსენებებში ადრეც იყო აღნიშნული, მომავლაში სათბურის აირების კონცენტრაციის ამჟამინდელ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, ოკეანის დიდი ინერტულობის და სათბურის აირების ხანგრძლივი სიცოცხლის დროის გამო, გლობალური დათბობის ტემპი მხოლოდ ათწლეულების შემდეგ დაიწყებს კლებას.

აჭარა-გურიის მთები


ნისლიანი ბათუმი | ნური-გელისტბა






0
815
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
815
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0