ფიტოთერაპია დრაკონის სისხლის ხე ხასიათდება უნიკალური სამკურნალო თვისებებით 2020, 24 ნოემბერი, 19:45 დრაკონის სისხლის ხე - DragonBlood Tree ძირითადად ხარობს არაბეთის ზღვის კუნძულ სოკოტრაზე. იგი მოიაზრება ერთ-ერთ პოპულარულ ბუნების საოცრებად. მცენარემ სახელწოდება მიიღო თავისი ალისფერი სქელი და ხშირი წვენის ("სისხლის") მიხედვით. მიჩნეულია, რომ DragonBlood Tree (დრაკონის სისხლის ხეს) აქვს საუკეთესო სამკურნალო თვისებები. ადგილობრივები მას იყენებენ სხვადასხვა დაავადებისა და ჭრილობის სამკურნალოდ. ძველი ინდიელები და კანარის კუნძულების მკვიდრნი, გუანჩები განსაკუთრებით აფასებდნენ დრაკონის ხის წითელ წვენს, მიაწერდნენ მას სასწაულმოქმედ ძალას. უძველეს დროში დრაკონის ხის წითელ წვენს იყენებდნენ მიცვალებულთა ბალზამირებისათვის, მძიმე ჭრილობების შესახორცებლად, მოსაშუშებლად, ჩირქოვანი წყლულების სამკურნალოდ.
სამკურნალო მიზნებისათვის დრაკონის ხის წვენს აქტიურად იყენებენ თანამედროვე ხალხურ მედიცინასა და ჰომეოპათიაში, რამდენადაც იგი შეიცავს: ბეტაინს; ბორნეოლს; დიპენტენს; დინოსტეროლს; ლიგნინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.
ფარმაკოლოგიური თვისებებით დრაკონის ხის წვენი ჰგავს ალოეს წვენს. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, სისხლის შემაჩერებელი (ჰემოსტატიკური), ანტივირუსული, აღმდგენი, ასევე, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ზრდის იმუნიტეტსა და ამსუბუქებს ფიზიკურ დაღლილობას. დრაკონის ხის მოჭრის შემდგომ გადმოღვრილ წვენს საგულდაგულოდ აგროვებენ. დამუშავების შედეგად ნედლეული მყარდება და იღებს წითელი მინის სახეს. მყარ მასას ფშვნიან ფხვნილის სახით, ან ჭრიან ნატეხებად.
დრაკონის სისხლის ხის გამოყენება ჩვეულებრივი მეთოდია ღრძილების სამკურნალოდ. კერძოდ, დრაკონის ხის ფესვებიდან მიღებული ფისით (გუდრონით) აჩერებენ ღრძილებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს. ოფიციალურად დრაკონის ხე არ შედის სამკურნალო საშუალებათა რიცხვში, მაგრამ ის ძალიან პოპულარულია ჰომეოპათიასა და ხალხურ მედიცინაში. დრაკონის ხის წვენის ექსტრაქტი (ხსნარი) გამოიყენება საკვებ დანამატად, გამოიყენება თრომბოზის, გინეკოლოგიური და დერმატოლოგიური (კანის) დაავადებების, კბილის ტკივილის. სტომატიტის, გინგივიტის (ღრძილის ანთება), მამაკაცის პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ. დრაკონის სისხლის ხის ფესვებიდან მოპოვებული ფისი, ასევე, გამოიყენება მელანის, წებოს, ლაქებისა და კბილის პასტების საწარმოებლად. დრაკონის ხე ასპარგუსთა ოჯახს ეკუთვნის. იგი კანარის კუნძულების ენდემური მცენარეა. შესახედავად იმდენად უჩვეულო და თვალწარმტაცია, გულგრილს ვერავის დატოვებს, ხოლო დრაკონის ხის უნიკალური სამკურნალო ფისი გახდა ამ მცენარეზე ლამაზი ლეგენდების შექმნის მიზეზი. კიდევ რამდენიმე წვნიანი ბუჩქი შედის დრაკონის ხის გვარში. დრაკონის ხე მარადმწვანე ტროპიკული მცენარეა.ზოგიერთი მეცნიერის მიხედვით, იგი 6 000 წლამდე და მეტხანს ცოცხლობს. ყველაზე ძველი დრაკონის ხე, რომელიც აღმოაჩინეს, დაახლოებით 3 000 წლისაა. დრაკონის სისხლის ხე სიმაღლეში იზრდება 20-25 მეტრამდე.სიგანეში ის, სიმაღლეში ზრდის პარალელურად, იმატებს, სქელდება. ზრდასრული დრაკონის სისხლის ხის დიამეტრმა შეიძლება, მიაღწიოს 4 მეტრს. ხის კანი დაფარულია მონაცისფრო-მოყავისფრო ქერქით. მოჭრილი დრაკონის სისხლის ხიდან გადმოჟონავს გამჭვირვალე ფისოვანი წვენი, რომელიც რამდენიმე წამში მკვეთრად წითლდება. ეს გამოწვეულია ხის შემცველობაში არსებული პიგმენტების: დრაკოკარმინისა და დრაკორუბინის ჰაერში დაჟანგვით. წვენს გამოჰყოფს რამდენიმე ასეული წლის დრაკონის სისხლის ხე. უფრო ადრეული ასაკის ხე მიიჩნევა პატარად, ახალგაზრდად. დრაკონის ხის ფესვთა სისტემა განშტოებულია, ვრცელდება სიგანეზე ფართოდ. მცენარის ტანი ფორებიანია, ზრდის რგოლების გარეშე, დროთა განმავლობაში ძველ ხეებს უჩნდება ღრუები. ტოტები გართხმულია, განშტოებულია რამდენიმე მეტრი სიმაღლეზე.უამრავი სქელი ყლორტი მაღლა იწევს და ფირფიტა-ვარჯებს აგვირგვინებს, ასრულებს ხშირი მუქი-მწვანე, ან მოლურჯო ფოთლები. დრაკონის ხის ფირფიტის სიგრძეა 40-50 სმ, სიგანე-2-3 სმ. ეს ხე იშვიათად ყვავის. კვირტები საკმაოდ მსხვილი აქვს, თეთრი, ან ლილისფერი შეფერილობის, ორსქესიანი, 4-6 ცალად შეკრული. ლეგენდა დრაკონის ხეზეადგილობრივებში გავრცელებულია რამდენიმე ლეგენდა დრაკონის ხის წარმოშობის შესახებ. ერთ ერთის თანახმად, ეს ხე ძლიერი ანტიკური დრაკონის სიკვდილის შედეგად ამოიზარდა. უზარმაზარ ბრძენ არსებებს, დრაკონებს ჰქონდათ ჯადოსნური სისხლი, რაც მათ რამდენიმე ათასი წელი აცოცხლებდა. დრაკონი ადვილად იცილებდა ყველა დაავადებას, მალე იკურნებოდა ჭრილობებისაგან. სასწაულებრივი ძალიდან გამომდინარე, ხალხმა დრაკონების მოკვლა დაიწყო, რათა მისი სისხლით ემკურნალათ, თუმცა ამ გზით მიღებულმა საოცარმა წამალმა მალევე დაკარგა დადებითი მოქმედების უნარი. მძიმედ დაჭრილი უკანასკნელი დრაკონის სიხლით მოირწყო, გაიჟღინთა მთელი დედამიწა. უკანასკნელი დრაკონის დაცემის ადგილას ხეები ამოიზარდნენ, მათმა ტანმა კი დრაკონის სისხლი შთანთქა. ამან ხალხს საშუალება მისცა, ესარგებლა ცხოვრების საჩუქრით, რომელზეც დიდხანს ნადირობდა, კერძოდ კი უკანასკნელი დრაკონის მოკვდინებამდე. დრაკონის ხის დაზიანებისას მისი ტანიდან გადმოღვენთილი წვენის მსხვილი წვეთები იმდენად ჰგავს სიხლს, რომ შუა საუკუნეებში ეს მცენარე მოიაზრებოდა ნახევრად ცხოველად. პირველებმა დრაკონის ხე აღმოაჩინეს ევროპელმა მოგზაურებმა სოკოტრასა და ტენერიფეს კუნძულებზე, მე-15 საუკუნის დასაწყისში. აბორიგენები დრაკონის ხეებს წმინდად მიიჩნევდნენ. დრაკონის ხის რამდენიმე სახეობა ხარობს ტროპიკულ ველებში, აფრიკის კონტინენტის სავანეებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში. 254 1-ს მოსწონს
|