x
image
ლურჯი თოლია
ლეილა მასწავლებელი "35 წელი ასწავლიდა ბავშვებს. ვინ მოთვლის, რამდენი ჯილდო და მადლობა მიუღია."
image
ჩემს სამივე შვილს ასწავლიდა დაწყებითში.
მთელი თორმეტი წელი ლეილას სახელი ისმოდა ჩვენს ოჯახში.
– ლეილა მასწავლებელს თმა შეუღებავს…
– ლეილა მასწავლებელმა პროფესორი ხარო…
– ლეილა მასწავლებელმა მშობელი მოიყვანეო…
ლეილა მასწავლებელი და ლეილა მასწავლებელი…
მოკლედ, ოჯახის წევრივით იყო.
კაი ხანი გავიდა მას მერე.
ჩემმა შვილებმა სკოლაც დაამთავრეს და ინსტიტუტიც.
სამოცი წლის გახდა ლეილა.
სკოლაში მისულს სამასწავლებლოში ტორტი და ლიქიორი დახვდა.
დიდი სიყვარულით მიულოცეს.
გაკვეთილების შემდეგ მშობლებმაც ტორტი მიართვეს.
ბავშვებს აჭამეთო – დაჭრა და ბავშვებს დაურიგა.
მეორე დღეს დირექტორმა მორიდებულად უთხრა:
– ლეილა, სერთიფიცირებული მასწავლებლები გვყავს, გამოცდა უნდა ჩააბარო, თორემ შეგავიწროვებენო.
ოცდახუთი წლის იყო ლეილა ამ სკოლაში მასწავლებლად
რომ მოვიდა. აქ დაბერდა. ოჯახი ვერ შექმნა.
ოცდათხუთმეტი წელი ასწავლიდა ბავშვებს.
ვინ მოთვლის, რამდენი ჯილდო და მადლობა მიუღია.
ახლა კი, გამოცდა ჩააბარე, თორემ შეგავიწროვებენო…
ის სერთიფიცირებულებიც ხომ ჩემი გაზრდილებიაო,
გულს ასკდებოდა ლეილა, მაშინაც ხომ არ მქონდა
ეს ოხერი სერთიფიკატი, რა, ცუდად ვასწავლე რამე?
– ახლა სხვა დროა, ქალბატონო ლეილა,
არ ეშვებოდა დირექტორი, ახლა სხვანაირი ახალგაზრდები
მოდიან… მეტი მოეთხოვება მასწავლებელს.
– კოლაბორაციონიზმი რა არის მას?
ჰკითხა ერთ დღეს იმ სერთიფიკატიანის შვილმა.
დაიბნა ლეილა, ასჯერ ჰქონდა ეს სიტყვა გაგონილი
და არცერთხელ მისი მნიშვნელობით არ დაინტერესებულა.
– ხვალ ვილაპარაკოთ მაგაზე!
გულმოსულმა უპასუხა მოსწავლეს.
– სახლში მეც კი დავგუგლავ, ახლა მაინტერესებს,
არ მოეშვა მოსწავლე.
ახლა ეს „გუგლი“ ჩაეჭედა თავში – „ეს დაგუგლვა რა ჭირია ნეტა…“
– არა, არა, მართლა უნდა წავიდეო, ფიქრობდა ლეილა,
ჩავამთავრებ ამ წელს და მორჩა, არ ავიყვან პირველ კლასს…
მეყოფა ჩემი პენსია, მოვახერხებ რამეს.
რა დროს ჩემი გამოცდა და სუფთა წერაა…
უნდა წავიდე!
მაისის ბოლოს განცხადება აახლა დირექტორს,
არ მინდა აქაურობა, ვერ გავხდები აბიტურიენტიო.
დარჩა ლეილა პენსიის ამარა. ცოტა დანაზოგი ჰქონდა და ერთხანს ციცქნიდა.
ერთი ძროხა ჰყავდა და შიგადაშიგ ყველსაც აბარებდა. ბოსტანშიც მუშაობდა.
ერთ დღეს თავი ცუდად იგრძნო და ექიმთან მივიდა. წამლები გამოუწერეს.
იანგარიშა და პენსია წამლებს უნდებოდა. თან მუდმივად უნდა ესვა.
გამოილია დანაზოგი. ძროხაც გაშრა.
გაუჭირდა ლეილა მასწავლებელს.
იმ დღეს უმცროსმა ბიჭმა ოცლიტრიან მოწნულათი არაყი მოიტანა.
– ბიჭო, არაყის მეტი რა გვაქვს, რად გინდოდა სხვისი, არ იცი, რომ გვაქვს?
– ლეილა მასწავლებელი ყიდის თავის გამოხდილ
მსხლის არაყს, სულ ნისიად მიაქვთ თურმე და იმ დღეს
პურის ფული არ ჰქონია… გამოვართვი ოცი ლიტრი, ასი ლარის,
მეტი არც ჰქონდა, იყოს, ხომ არ გაფუჭდება… არაყი სულ არ მინდოდა, ფულს ისე ვაჩუქებდი, მაგრამ არ გამომართმევდა, ხომ ვიცი…
– კაი, შვილო, გადაცალე ჩვენს ჭურჭელში და წაუღე უკან მოწნულა.. დედაშენს უთხარი, ყველიც გაგატანოს…
ახლა გოგო მიყვება:
– ლეილა მასწავლებელი ავტობუსში თავმოკრული ვედროთი ამოვიდა, კვერცხები მინაქონა ჩასაბარებლად.
ჩასვლისას დაუცდა ფეხი, დაეცა და დაემტვრა კვერცხები,
უნდა გენახა, რა დაემართა… შერცხვა, გაწითლდა…
დამტვრეული კვერცხები ისევ ვედროში ჩაყარა და
ნაგვის ურნაში ჩაუძახა…უკან დასაბრუნებელი
ორმოცდაათი თეთრი ჩუმად მესესხა და იმავე რეისით დაბრუნდა.
ისე შემეცოდა, ვიტირე.
გარებიძაშვილის ცოლი იყო თურქეთში.
ლოგინად ჩავარდნილს უვლიდა.
სთხოვა ლეილამ, ეგებ მეც მიშოვო ერთი დავრდომილიო.
კარგა ხანს ელოდა ზარს. როგორც იქნა დაურეკა რძალმა.
დაურეკა და წავიდა.
გამოკეტა ოდა. დაადო ბოქლომი ჭიშკარს.
წავიდა და ჩვიდმეტი წელი არ ჩამოსულა.
სოფლის გამგებლად ვმუშაობდი.
მობილურზე უცხო ნომერი აციმციმდა.
– ლეილა მასწავლებელმა გთხოვათ, თუ შეგიძლიათ ჩემთან,
სახლში მობრძანდითო, მითხრა უცნობმა.
– რასაკვირველია მივალ, გადაეცით, ერთ საათში გეახლებათ-თქო.
არ გამიგია ლეილას ჩამოსვლა, ისევ თურქეთში მეგულებოდა.
ვიფიქრე, ხელცარიელი ხომ არ მივალ-მეთქი,
ერთი პატარა ტორტი და ყავის ლიქიორი ვიყიდე.
დიდი სითბოთი შემომეგება, ზალაში შემიძღვა და
ძველებურ მრგვალ მაგიდასთან სკამი მიმიჩოჩა.
ტორტი და ლიქიორი მაგიდაზე დავდე.
გაეცინა, ცუდად მაქვს დაცდილი ამათი კომბინაციაო.
შვილები მომიკითხა. შენთან დიდი გული მაქვს და
აქეთ იმიტომ მოგიყვანეო. დაბერებულიყო. ოთხმოცს უკაკუნებდა.
კვირაზე მეტია ჩამოვედი და სახლ-კარი ვერ მოვიყვანე ჭკუაზეო,
უწესრიგობისთვის თითქოს მომიბოდიშა.
– შენ ხომ იცი, როგორ მიყვარდა ბავშვები, მარტო შენები კი არა,
ვისაც ვასწავლიდი ყველა მიყვარს და მახსოვს.
– ვიცი, ქალბატონო ლეილა, თქვენც უყვარხართ თქვენს აღზრდილებს,
ჩემები დღესაც თქვენს ხსენებაში არიან.
– შენი მაინც სხვა ყოფილა, სამი დღეა არ მინახავს და ლამის გავგიჟდე!
გაოცებულმა შევხედე. ცოტას ხომ არ ურევს-მეთქი, გავიფიქრე.
მიმიხვდა, გაგიკვირდა ხომო, ახლავე აგიხსნი ყველაფერსო.
– თურქეთში რომ ჩავედი, მსახიობების ოჯახში მოვეწყვე ძიძად.
კირბიიკები იყვნენ გვარად. მთელი დღე საქმეებზე დადიოდნენ.
ხან სერიალში იღებდნენ, ხან სპექტაკლი ჰქონდათ,
ხან ღონისძიებები მიჰყავდათ.. მოკლედ, დილიდან
შუაღამემდე ქანცი ჰქონდათ გაწყვეტილი.
პატარა ბიჭი ჰყავდათ, ჩინარა ერქვა, თერთმეტი თვის იყო,
როცა ჩავიბარე, არც სიარული იცოდა და არც ლაპარაკი…
ხუთი წლის იყო ჩინარა, როცა მისი მშობლები ავიაკატასტროფაში
დაიღუპნენ. ბავშვი დედის მშობლებმა წაიყვანეს. სხვა ძიძას ავიყვანთო.
მითხრეს, თვის ბოლომდე წავსულიყავი.
ცუდად გავხდი. მიყვარდა ჩინარა. ვერ ვიქნებოდი უიმისოდ.
ბავშვმაც მიატოვა, თურმე, ჭამა. დღე და ღამე ტიროდა.
არ ელაპარაკებოდა ბებია-ბაბუას… ისევ დააბრუნეს ჩემთან და
მთხოვეს, დავრჩენილიყავი ამ სახლში სანამ ბავშვი დავაჟკაცდებოდა.
ჩვიდმეტი წელიწადი მე ვზრდიდი და ვემსახურებოდი.
სკოლაში ვატარებდი, გაკვეთილებს ვამზადებინებდი…
ჩემი ზღაპრებით გავზარდე, ჩემი საბავშვო და სადიდო ლექსებით…
უჩემოდ არ იძინებდა…აგარაკზეც მე დავყვებოდი, სხვის გაკეთებულ
საჭმელს არ ჭამდა… განახათ ერთი, რა ბიჭი გაიზარდა,
ბებოს მეძახის, ენაცვალა ბებო, ჩემი მშობლიური ენა ქართულიცააო,
ერთხელ სასკოლო დავალებაში ჩაწერა…
მთელი ქართული მწერლობა და კულტურა გავაცანი,
ქართველ კაცად გავზარდე, რაც შემეძლო, არაფერი დამიკლია!
სული მოითქვა ლეილამ.
– მოდი, დავჭრათ ეს ტორტი…
თეფშები მოიტანა, ახლავე ყავას მოგართმევო.
ტორტის ნაჭერი გადმომიღო.
– ცუდად გავხდი და ვიფიქრე, აქ არ მოვკვდე -მეთქი
– გააგრძელა ლეილამ – მთელი ჩვიდმეტი წელი არალეგარულად
ვიცხოვრე, სად წამსვლელი ვარ, მაგრამ აწი იქით ვერ გადავალ,
საზღვარზე რაღაც ჩამიწერეს…ჩინარა ჩამომყვა, მისი
მანქანით ჩამოვედით…ერთი თვე აპირებდა დარჩენას…
ეჰ, ნეტა არ ჩამოვსულიყავი, ლამისაა გული გამისკდეს…
– რატომ, ქალბატონო ლეილა?
– ცაკა გეგია ხომ გახსოვს, შენი კლასელი იყო მგონი.
– კი, თავი დავუქნიე.
– ცაკას უმცროსი გოგო, გულიადა, ჩემი მონათლულია,
სისხლის გათეთრების დიაგნოზი დაუსვამთ,
ისრაელშიაო წასაყვანი, სამოცი ათასი დოლარია
საჭირო და გადარჩებაო…
თურქეთში ყოველთვე ხუთას დოლარს მიხდიდნენ, თვე არ
გამოუტოვებიათ. ჩინარას ბებია თითქმის ყოველდღე მოდიოდა,
საჭმელ-სასმელი და წამალი არ მაკლდა,
ტანზეც და ფეხზეც ბევრი მიყიდა, საკმაოდ ახალგაზრდა ქალია,
ცოლ-ქმარს მაღაზიათა ქსელი აქვთ სტამბოლში,
ჩინარას მეტი არავინ ჰყავთ, მასზე ლოცულობენ დღე და ღამე…
რაში დამეხარჯებოდა ფული, ვინახავდი სახლის სეიფში,
ასი ათასი დოლარი მაქვს იქ, სეიფის კოდი მე და ჩინარამ
ვიცით… ახლა იმ ფულის ჩამოსატანად გავგზავნე ბიჭი,
ჩამომიტანს და ცაკას მივცემ, მე რა ჯანდაბად მინდა,
მიწაში ხომ არ წავიღებ… დავიტოვებ ჩემთვისაც,
დაგროვილი პენსიაც დამხვდა…დღე-დღეზე დაბრუნდება და
ფულს ჩამოიტანს. არ იცის ეს ჯერ ცაკამ, რომ მოვა,
თუ გინდათ ერთად მივიდეთ და გავახაროთ!
– რომ არ ჩამოვიდეს ჩინარა? ასი ათასი დოლარი
არაა პატარა ფული, ქალბატონო ლეილა…
– როგორ გეკადრებათ, რას ჰქვია არ ჩამოვა, ჩემი გაზრდილია
ის ბიჭი, არ ვიცი რა გავზარდე?!
ვინანე, არ უნდა მეთქვა. სასწრაფოდ შევცვალე საუბრის თემა:
– მე რისთვის დამიბარეთ, ლეილა მასწავლებელო?
– შენ რისთვის შვილო და, ანდერძი მინდა დავწერო,
არ ვარ კარგად, რომ მოვკვდე, შეჭამენ ერთმანეთს
ამ ასი წლის სახლისთვის ჩემი ნათესავები, რომელთაც
სიცოცხლეში არასოდეს გავხსენებივარ. სახლ-კარიც
გულიადას მინდა დავუტოვო… თუ არ გადარჩა, დარჩება
მის ოჯახს…
ისე ამოიოხრა, გული ამოაყოლა.
– კარგი, ქალბატონო, რეგისტრაცია უნდა ანდერძს,
მობრძანდით ჩემთან სამსახურში და შევადგინოთ.
– როდის მოვიდე, დედა?
– ხვალ და ზეგ დასვენებაა, ორშაბათს თათბირია ზუგდიდში,
სამშაბათს რაიონში ვთათბირობთ, ოთხშაბათს მობრძანდით
თერთმეტ საათზე.
– კარგი, ჩემო კარგო, აგერ მაქვს ანდერძი, წაიღე და
თუ მოიცალო, გადახედე, ხელითაა დაწერილი, მაგრამ იკითხება.
ლეილამ კონვერტი გადმომცა. გამოვემშვიდობე და წამოვედი.
ოთხშაბათ დილით უბნის ექიმმა დამირეკა,
წუხელ ლეილა გარდაიცვალა და გარდაცვალების ოქმია შესადგენიო…
– როგორ, რას ამბობ! – შევიცხადე მე.
– ამ დილით რძე მიუტანია მეზობლის გოგოს და მკვდარი
დახვედრია საწყალი, ძილში გაპარულა. გულის უკმარისობა
ჩაუწერე გარდაცვალების მიზეზის გრაფაში, გინდა – ინსულტი…
ისე გულგრილად მითხრა, მობილური გავთიშე!
უჯრიდან კონვერტი ამოვიღე. ანდერძი ლამაზი კალიგრაფიით
იყო დაწერილი. გულიადას პირადი ნომრისთვის
ადგილი იყო დატოვებული. ჩავწერე პირადი ნომერი.
დავადასტურე ხელმოწერის იდენტურობა
და რეგისტრაციაში წინა დღის რიცხვით გავატარე.
ლეილას დასაფლავების კვირის თავზე ცაკასთან მივედი.
უხასიათოდ იყო, მაგრამ მაინც კაცურად დამხვდა.
ჯერ წამლებით მკურნალობენ გულიადას, საოპერაციოდ ამზადებენ.
ერთ თვეში ისრაელში წავალთო.
გადავეცი ანდერძი.
თვალები ცრემლებით აევსო.
ვყიდი ყველაფერსო, მითხრა. ჩემმა ძმამ ბინა გაყიდა დიდუბეშიო.
დამ და სიძემაც ბინა გაყიდეს და ზუგდიდში მშობლებთან გადავიდნენო.
ეს სახლ-კარიც გაყიდული მაქვსო.
ერთ თვეში თბილისში წავალ ბიჭებიანად და
მშენებლობაზე ვიმუშავებთო.
ოღონდ ბავშვი არ მომიკვდეს და მათხოვრად ვივლიო.
ცოტა დავლიეთ.
გულდამძიმებული წამოვედი. დოლარების ამბავი
არ მითქვამს. ჩინარა იგვიანებდა.
ორი წელი გავიდა ამ დღიდან.
არ ჩამოვიდა ჩინარა.
უმკურნალეს გულიადას ისრაელში და გადარჩა გოგო.
ლეილას სახლიც გაყიდეს.
თბილისში დარჩა ცაკა.
ერთ-ორჯერ დამირეკა. ძმაც ჩემთანაა, ნაქირავებშიო.
გულიადა გადამირჩა და ღმერთს მადლობაო!
იმ დილით თავი მისკდებოდა.
ნამთვრალევი ვიყავი და ვერაფრით გამოვკეთდი.
თვალს ძლივს ვახელდი.
რეზინის ჩექმებიანი კაცი შემოვიდა. დაუკაკუნებლად შემოვარდა.
შევატყვე, ხასიათზე არ იყო.
– დამიწყდა ფუტკრები! – ყვირილი მორთო – რა წამალი
დაასხით ამისთანა, ყოფილიყო ის პეპელა,
ოცი ბუკი ფუტკარი დამეღუპა ამის დედა რომ ვატირე…
ამინაზღაურეთ ახლა ზარალი, თორემ შუბლს გაგიხვრიტავთ!
კი მემუქრებოდა, მაგრამ ისე მეძინებოდა,
იავნანად ჩამესმოდა მისი ყვირილი.
– მოვა, მოვა კომისია, ამოვღერღე როგორც იქნა.
– როდის მოვა, როდის!!!
– გამოგზავნიან და მოვა, რა ვიცი როდის!
( თან, მეტი არაა შენი მტერი-მეთქი, გავიფიქრე! )
კაი ბატონო, არ მოვა და შენი აჯობებსო, დამემუქრა
და კარი გაიჯახუნა.
რავა ამომწყვიტეს ამ ამოსაწყვეტებმაო, დერეფნიდან მომაძახა.
მართალი იყო ის კაცი. რა მეთქმოდა.
ის, ის იყო, თვალი მივლულე და კარზე დააკაკუნეს.
– მობრძანდით.
ოთახში მაღალი, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა შემოვიდა.
– გამარჯობა, გამგებელი თქვენ ბრძანდებით?
წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი.
– დიახ, მე გახლავარ!
– მე თურქი ვარ, ჩინარა კირბიიკი…
აზრზე ვერ მოვედი.
– ვინ, ვინ?
– ჩინარა კირბიიკი, ლეილა ბებიას გაზრდილი.
უცებ გამოვფხიზლდი.
– დიახ, დიახ, გამახსენდით!
– ლეილა არ დამხვდა და თქვენთან მოვედი…
– გელოდათ ლეილა, სად იყავით… ორი წელია გარდაიცვალა!
– ვიჯექი!
– რა თქვით?
– ვიჯექი, აქედან რომ წავედი, საზღვარზე თქვენმა
პოლიციამ დამაკავა, ინფორმაციაა შემოსულიო…
– რა ინფორმაცია იყო!?
– არ ვიცი, მაგრამ საბარგულიდან წამალი ამომიღეს…
– ჩაგიდეს?
კი, ჩამიდეს! თან – ბევრი.ორი წელი მაწვალეს.
ევროპელი ადვოკატები ჩარია ბაბუამ…
ნარკოტიკი თვალით არასოდეს მინახავს…
გამამართლეს, მაგრამ ორი წელი ჯოჯოხეთი გამოვიარე!
პირდაღებული მივჩერებოდი ჩინარას და წამითაც არ
შემპარვია ეჭვი მის გულწრფელობაში!
რაც მართალი – მართალია, სუფთა ქართულით მეტყველებდა
და დახვეწილ მანერებს ავლენდა.
– გამიშვეს თუ არა, საბუთები მოვაგვარე და წამოვედი. ბებია გარდაცვლილა. სასაფლაოზე მინდა მისვლა.
– კარგი, წავიდეთ, მე გაგყვებით.
მანქანაში ჩავსხედით.
ლეილას საფლავზე ზლუქუნით ტიროდა ჩინარა.
ასე ატირებული მამაკაცი არც მინახავს.
– ამ საფლავს მე მოვუვლი და გავაკეთებ – მითხრა დაწყნარებულმა.
– ახლა ერთი მითხარით, გულიადა გეგია ცოცხალია?
– კი, ცოცხალია და კარგადაა, სამი სახლი გაიყიდა მაშინ.
ძლივს გადაარჩინეს.
თვალები გაუბრწყინდა ჩინარას.
– კიდევ კარგი, კიდევ კარგი, ესაა მთავარი, დანარჩენს ეშველება!
სად ვნახავ გულიადას?
– თბილისში არიან, მისამართი არ ვიცი, მაგრამ მივაგნებთ, რატომ ეძებთ ყმაწვილო?
– ლეილას მობარებული ფული უნდა გადავცე, ასი ათასი დოლარი,
ასე უნდოდა ბებიას!
გამაჟრჟოლა. ლეილას ნათქვამი გამახსენდა:
„ - რას ჰქვია არ ჩამოვა, ჩემი გაზრდილია ის ბიჭი, არ ვიცი რა გავზარდე?! “

ავტორი: ვასილ ბესელია
0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0