x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დღეიდან „უცნობი“ ახალ საინფორმაციო ტელევიზიას ხსნის
image


მედიაჰოლდინგი „უცნობი“, რომლის ნაწილიც ცნობილი ბრენდი „რადიო უცნობია“, 14 სექტემბრიდან ტელე მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე თვეა დაწყებულია გია გაჩეჩილაძის ახალი სატელევიზიო გადაცემა „კიდობანი“, რომელიც რადიო ეთერში გადის, რადიო „უცნობის“ სტუდიაში საინტერესო სტუმრებთან დიალოგს გულისხმობს. ვინაიდან გადაცემის ვიდეო ვერსია სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერშიც გადაიცემა, უცნობის გუნდს სურს პროექტი უფრო მასშტაბური გახდეს და სატელევიზიო ეთერშიც მოხვდეს.


ასევე რამდენიმე თვეა რადიო და ფეისბუქ ეთერის გარდა გია გაჩეჩილაძის გადაცემის პარალელურ ტელე ტრანსლაციას უკვე მოქმედი ტელეკომპანია „ქართული არხი“ ახდენდა. როგორც ჩანს, უცნობის გუნდი თანამშრომლობის გაგრძელებას სწორედ ამ ტელეარხთან გეგმავს და საკუთარ გადაცემებს, „ქართული არხის“ საეთერო ბადეში განათავსებს. რადიო უცნობის ხელმძღვანელი გიორგი შარაშიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ არხი ტელე საინფორმაციო გამოშვებების მომზადებასაც გეგმავს, რომელიც ყოველ ორ საათში გავა პირდაპირ ეთერში.


განცხადებაში უკვე ოფიციალურად ადასტურებენ, რომ რადიო უცნობი მაყურებელს ახალ სატელევიზიო პროდუქტს „ქართულ არხზე“ წარუდგენს. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობი რჩება, არხის სახელწოდება შეიცვლება, თუ ისევ „ქართული არხის“ სახელით გავა განახლებული მაუწყებლობა.



გთავაზობთ ჰოლდინგ „უცნობის“ განცხადებას:


„ახალი პროექტი მაყურებელს ახალი ამბების განსხვავებულ ფორმატს შესთავაზებს, რომელიც ეთერში ყოველ ორ საათში ერთხელ გავა. ახალი პროექტით ასევე დაგეგმილია გია გაჩეჩილაძის (უცნობი) საავტორო გადაცემა „კიდობანი“.


მედიაჰოლდინგი „უცნობი“, რომლის ნაწილიც არის ცნობილი ბრენდი „რადიო უცნობი“, 14 სექტემბრიდან მაყურებელს წარუდგენს ახალ სატელევიზიო პროდუქტს „ქართულ არხზე“. ახალი პროექტი დასაწყისში მაყურებელს შესთავაზებს ახალი ამბების განსხვავებულ ფორმატს, რომელიც ყოველ ორ საათში ერთხელ გავა ეთერში, ასევე გია გაჩეჩილაძის (უცნობი) საავტორო გადაცემას „კიდობანი“.


მედიაჰოლდინგ „უცნობის“ მიზანია, ქართველი მაყურებლისთვის მიუკერძოებელი, პარტიული ინტერესებისგან დაცლილი საინფორმაციო პროდუქციის და მაღალი ხარისხის გასართობი და შემეცნებითი გადაცემების შეთავაზება, რომლითაც „ქართული არხის“ ეთერი ეტაპობრივად დაიტვირთება.


ტელეკომპანია „ქართული არხი“ საქართველოში რამდენიმე წელია მაუწყებლობს, ძირითადად ქართული ფილმებისა და რელიგიური გადაცემებითაა ცნობილი. მისი ყურება შესაძლებელია საკაბელო ტელევიზიებით და მაგთისატის აბონენტებისთვის. რამდენიმე წლის წინ უფასო სიხშირეებზეც ვრცელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, შემდეგ დავალიანების გამო უფასო ტელე ანძებით მისი გადაცემები გათიშეს.

image

დამატებითი ინფორმაცია სატელევიზიო სიახლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე https://www.facebook.com/aiucnobi


მედიაჰოლდინგ „უცნობის“ გენერალური დირექტორი: გიორგი შარაშიძე.


შეგახსენებთ, რადიო უცნობი შპს ქართული კულტურის ტალღის სახელით 2004 წლის 17 თებერვალს დარეგისტრირდა. რადიო უცნობი B70 ლიცენზიას ფლობს, რომლითაც თბილისისში საერთო მაუწყებლობის განხორციელების უფლება აქვს ტალღაზე FM 98, 1.


მისი დამფუძნებლები გიორგი ასანიშვილი (33%), ვასილ ჯანიკაშვილი (33%), გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) (34%) იყვნენ. 2006 წლის 19 სექტემბერს შპს ქართული კულტურის ტალღა შპს რადიო უცნობად გადაკეთდა. მანამდე კი 2006 წლის 8 თებერვალს ჯანიკაშვილმა და ასანიშვილმა საკუთარი წილებიდან - 8, 5-8, 5%, გაჩეჩილაძემ კი 34% წილი სააქციო საზოგადოება ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ დათმეს. კომუნიკაციების კომისიაში წარდეგენილი შესაბამისობის დეკლარაციის მიხედვით სს ლევან გაჩეჩილაძის მფლობელები არიან - ძმები ლევან (70%) და გიორგი (უცნობი) (15%) გაჩეჩილაძეები და ბიძინა გეგიძე (15%). გიორგი გაჩეჩილაძე ფლობს ტელეკომპანია მაესტროს (შპს სტუდია მაესტრო) წილსაც, რომელიც მფლობელთა შორის სადავოა.


ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს და მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი იყო.

2
485
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
485
  
2020, 14 სექტემბერი, 9:44
ძალიან საჭირო ინფორმაციაა :) იმედია,მოგვიყვება კვირიკაშვითან გაგზავნილ და მიღებულ მესიჯებზე. თუ გაქვთ ინფორმაცია,2007 წელს აღებული ფულით დაარსეს ეს ჰოლდინგი გრეჩომ და უცნობმა?
2020, 14 სექტემბერი, 9:16
საინფორმაციო გამოშვებები სახელწოდებით „აი უცნობის ამბები“ ტელე ეთერში გავა ყოველდღე 9:00; 11:00-13:00-15:00-17:00-19:00-21:00 და 23:00 საათზე გავა
0 1 2