საქართველო ვინმემ აუხსნას ქალბატონს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და შესაძლოა, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს-ემზარ საბანაძე 2020, 31 აგვისტო, 15:00 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი საქართველოდან იარაღით. პლაკატზე, რომლითაც თეონა თამაზაშვილი დღეს პროკურატურასთან მივიდა, ეწერა, რომ სამი მაღალჩინოსანი სომხეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ იარაღით ამარაგებდა. ბაჩალიაშვილი აზერბაიჯანის და თურქეთის ხელისუფლებებს მიმართავს და საკითხით დაინტერესებას სთხოვს. „მე დამიკავშირდნენ, არ დავასახელებ არც წყაროს და არც იმას, თუ რა ფორმით დამიკავშირდნენ, ჩემმა მეუღლემ და შვილმაც არ იცოდნენ ამის შესახებ, სახლიდან გამოსვლამდე ბოლო წუთებში დამიკავშირდნენ და მე დავწერე პლაკატზე. ისე წამოვედი, რომ ამათ გავუფრთხილდი, რომ არ სცოდნოდათ, ეს არ არის მარტო ეჭვის დონეზე. მე მივმართავ აზერბაიჯანს და თურქეთს, რომ დაეხმარონ ამათ, გამოაჩინონ ის სამი მაღალჩინოსანი, ხელს რომ აფარებენ. თქვან, რა სახის ფაილებზე იყო საუბარი. მე თეთრიწყაროს გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენე იმ ფლეშკებთან დაკავშირებით, რომლებიც ერთი დაიკარგა და მეორე არასწორად იქნა ამოღებული. არავითარი რეაქცია არა აქვთ და ესე იგი, გაფრთხილებული ყავთ, რომ ასე მოქცეულიყვნენ“, -განაცხადა თამაზაშვილმა. თეონა თამაზაშვილს იმის ეჭვიც აქვს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოესმა მეგობარმა დეა კაპანაძემ ამის შესახებ იცოდა და სწორედ მან გაიტყუა თამარი სახლიდან. მისი თქმით, დეა თამარის ოჯახთან კონტაქტზე არ გამოდის, რაც გარკვეულ ეჭვს აღძრავს. სექტემბრიდან იგი მასშტაბურ აქციებს გეგმავს. თეონა თამაზაშვილის ამ განცხადებას ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციული სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ემზარ საბანაძე: "ან წყარო უნდა დაასახელოს და ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ორგანოს, ან უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. თურქებს და აზერბაიჯანელებს ეუბნები, ქართველებმა იარაღი იყიდეს, ფული გადარიცხეს შენს წინააღმდეგო, ადვოკატი გამოდის და გვეუბნება, ეს ვერსიააო. რომელ ვერსიაზეა საუბარი, ქალი პირდაპირ იძლევა ჩვენებას, ირწმუნება, ჩემმა შვილმა ფული გადარიცხა იარაღის შესაძენად, წყარომ მომაწოდა და მას არ ვასახელებო. აქ ქვეყნის ინტერესებზეა ლაპარაკი, თან რიგითი მოქალაქეა და ვალდებულია წყარო დაასახელოს – რომელი ადვოკატი, ან ჟურნალისტი ეგაა? არ დაასახელებს და მის ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. საქმე ჩვენს მეზობლებს ეხება. ჩვენ აზერბაიჯანთან საზღვრები არ გვაქვს დადგენილი, თურქეთთან დადგენილი გვაქვს პატარა მონაკვეთის საზღვრები და რომელს მოვერევით? ამ ქალბატონმა მათი მხრიდან აგრესიის, შემოჭრისა და ომის საშიშროების წინაშე დაგვაყენა, მხარედ გამოგვაცხადა...ვინმემ აუხსნას ქალბატონს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და შესაძლოა, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. "განაცხადა ambebi.ge-სთან საუბარში ემზარ საბანაძემ. ორიოდე დღის წინ თეონა თამაზაშვილმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ შვილის სიკვდილში მისი ბებიაც, რიტა ზურაბაშვილიც შეიძლება იყოს გარეული: "რიტა ზურაბაშვილის ხელწერა იგივეა, რაც დეას შემთხვევაში. რახან გამოძიებას ენდობა, ნიშნავს, რომ ჩემი შვილის თვითმკვლელობას აღიარებს. როგორც ჩანს, ორივეს მიუძღვის წვლილი ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობაში. უკვე ეჭვებს მიჩენს ეს ყველაფერი. მე უცხო ხალხის იმედი უფრო მაქვს, ვიდრე ვაიბებიასი, მაგასთან ხდება დეას დედის თავყრილობები, აღარ ვიცი, გარეულ მტერს ვებრძოლო, თუ შინაურს. სამეზობლო მყოლია საუკეთესო და სისხლის ნათესავი – მტერი“, 440 5-ს მოსწონს
|