x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ სჯიდნენ დამნაშავეებს ფარაონების ეპოქაში

ძველ ეგვიპტეში დამნაშავეებს რელიგიური და მორალური კანონებით ასამართლებდნენ. ამასთან, ბრალდებული, მხოლოდ ცოცხალი კი არა, მიცვალებულიც შეიძლებოდა ყოფილიყო — ასეთ პროცესს «სხვა სამყაროს სასამართლო» ერქვა და იმ დროს, ეს ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა.

ეგვიპტელებს, ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის, თავისი ღვთაება ჰყავდათ და მათ შორის, მართლმსაჯულების ქალღმერთი — მაატიც იყო, რომელიც ჭეშმარიტების, წესრიგის და კანონიერების მფარველად ითვლებოდა. გარდა ამისა, ეგვიპტელებისთვის, მაატი სამყაროში წესრიგის სიმბოლოდაც ითვლებოდა, რომლის გარეშე, მათი აზრით, საზოგადოებაში და ბუნებაში, ქაოსი დაიწყებოდა. ამიტომ, ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩადიოდა, ამით ზიანს მხოლოდ მსხვერპლს კი არ აყენებდა — ის თავისი ქმედებით, კოსმოსურ ჰარმონიასაც არღვევდა.


image


ძველ ეგვიპტეში ჩადენილი ყველა დანაშაული ორ კატეგორიად იყოფოდა: პირველში, საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტება, — მკვლელობა, ქურდობა, ყაჩაღობა და მრუშობა შედიოდა. ხოლო, მეორე, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებს — მექრთამეობას, სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმას, ქვეყნის ღალატს, სახელმწიფო ქონების დატაცებას და მკრეხელობას აერთიანებდა.

ქვეყანაში, თითქმის მთელი ძალაუფლება ფარაონის ხელში იყო კონცენტრირებული და ეგვიპტის სახელმწიფოებრიობის გარიჟრაჟზე, დამნაშავის ბედს სწორედ ის წყვეტდა. ხოლო, მოგვიანებით, ამ მიზნებისთვის, სპეციალური დაწესებულებები შეიქმნა. მაგრამ, ფარაონები მართლმსაჯულებას სრულად არ ჩამოშორებიან. ისინი რთულ და გახმაურებულ პროცესებში მონაწილეობას ყოველთვის იღებდნენ.


დანაშაული და სასჯელი


მკვლელობა. ადამიანს სიცოცხლე ღმერთისგან ეძლევა და ვინც სხვას მოკლავდა, თავადაც სიკვდილის ღირსი იყო — ასე თვლიდნენ ძველ ეგვიპტეში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ერთმანეთისგა განზრახ და არაგანზრახ მკვლელობას ანსხვავებდნენ: არაგანზრახ მკვლელობის შემთხვევაში, ბრალდებულს მსხვერპლის ოჯახისთვის, კონპენსაციის სახით, ჯარიმა უნდა გადაეხადა, განწმენდითი რიტუალი გაევლო და სახლში დაბრუნება მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო.

რაც შეეხება განზრახ მკვლელობას და სასამართლო განაჩენის აღსრულებას, — ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაზე იყო დამოკიდებული. მაგ., ადამიანს, რომელიც საკუთარი მშობლის მკვლელობისთვის იყო გასამარათლებული, ჯერ აწამებდნენ და სიკვდილით მხოლოდ ამის შემდეგ სჯიდნენ. ხოლო, შვილის მკვლელობისთვის, ბრალდებულს წამების შემდეგ, მსხვერპლის გვამზე აბავდნენ და 3 დღე მზის გულზე სვამდნენ. მას სიკვდით მხოლოდ გვამის გახრწნის დაწყების შემდეგ სჯიდნენ. სხვა შემთხვევებში კი, თუ მკვლელს მსხვერპლთან ნათესაური კავშირი არა ჰქონდა, დამნაშავე მდინარეზე მიჰყავდათ და შესაჭმელად, ნიანგებს უგდებდნენ. ზოგჯერ კი, სიკვდილმისჯილის მიმართ განსაკუთრებულ გულმოწყალებას იჩენდნენ და მას თვითმკვლელობის უფლებას აძლევდნენ.

ძველ ეგვიპტეში სიკვდილით, ადამიანის მკვლელობის გარდა, წმინდა ცხოველის ან ფრინველის (მაგ., კატის ან საღვთო ივეოსი) მოკვლისთვისაც ისჯებოდნენ.

კიდევ ერთი დანაშაული, ამ კატეგორიაში, რომელის ჩადენისთვისაც სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოჰქონდათ, დანაშაულის დაფარვა იყო. მკვლელობის მოწმეს, თუ ის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას დამალავდა, ხშირ შემთხვევაში, დამნაშავესთან ერთად, სიკვდილით სჯიდნენ.


მრუშობა. ეგვიპტეში მრუშობა რელიგიურ დანაშაულად ითვლებოდა და სიკვდილის დსჯით ისჯებოდა. ამ სახის დანაშაულში, მამაკაცის გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობები იგულისხმებოდა. მაგრამ, კანონის მიხედვით, მხოლოდ მამაკაცი ისჯებოდა. ღალატში მხილებული ქალის ბედი კი, ქმრის გადასაწყვეტი იყო. მას შეეძლო ცოლისთვის ეპატიებინა, ან თავად დაესაჯა.


ქურდობა და ყაჩაღობა. აღნიშნული დანაშაული, ძველ ეგვიპტეში, ჩვეულებრივ, ჯარიმით ისჯებოდა. ამასთან, თანხა, მოპარული ნივთის ღირებულების სამმაგი ოდენობის იყო. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი კერძო პირის ან საზოგადოებრივი საკუთრებას იყო. მაგრამ, თუ ის სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ჯარიმის ოდენობა, ნივთის ღირებულებას, 180-ჯერ აღემატებოდა! გარდა ამისა, დამნაშავეს, თავისი ქმედების გამო, ბოდიში საჯაროდ უნდა მოეხადა და პირობა დაედო, რომ მსგავს საქციელს აღარ გაიმეორებდა. ხანდახან, ისეც ხდებდა, რომ ქურდი «აღსარების» შემდეგ, შეკრებილი ბრბოს აგრესიის მსხვერპლი ხებოდა — მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ზოგჯერ, ეს მისი დასახიჩრებით და სიკვდილითაც კი სრულდებოდა. თუმცა, სასიკვდილო დარტყმებს განზრახ არ აყენებდნენ, რადგან მას ჯერ მოპარული ნივთი უნდა დაებრუნებინა და ჯარიმა გადაეხადა ან გამოემუშავებინა.

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ადამინი დანაშაულს არ აღიარებდა და არ მოინანიებდა, მას გამოუსწორებლად მიიჩნევდნენ და ნიანგებთან, მდინარეში აგდებდნენ.


კორუფცია. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ქრთამს სახელმწიფო მოხელეები, თითქმის არასდროს იღებდნენ, რადგან ასეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თანამდებობის პირს სამუშაოდან სირცხვილით აგდებდნენ და გლეხის სტატუსამდე აქვეითებდნენ. გარდა ამისა, მას სახდლმწიფოსთვის, თავისი ქმედებით მიყენებული ზარალიც უნდა აენაზღაურებინა.

და თუ მსგავსი დანაშაულის ერთეული შემთხვევები მაინც ხდებოდა, საქმე სასამართლომდე არ მიდიოდა, რადგან ხშირ შემთხვევაში, ქრთამის აღებაზე, არც მოსამართლეები ამბობდნენ უარს.

სახელმწიფო ღალატი. ყველა დანაშაული, ჩადენილი სახელმწიფოს და განსაკუთრებით, ფარაონის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ, მკაცრად ისჯებოდა. ნებისმიერი ფენის წარმომადგენელი, მსგავსი დანაშაულისთვის, სიკვდილით ისჯებოდა, მათ შორის, ფარაონის ოჯახის წევრები და მეუღლეც კი. ხოლო, განაჩენის სისრულეში მოყვანის ყველაზე გავრცელებული მეთოდი, დამნაშავის ნილოსში გადაგდება იყო.


სამარხების ძარცვა. სამარხების და ტაძრების მძარცველებისადმი, ეგვიპტელი მოსამართლეები ისეთივე სიმკაცრეს იჩნდნენ, როგორც სახდლმწიფოს მოღალატეებისადმ.

როგორც ცნობილია, ფარაონებს, უმაღლესი ფენის წარმომადგენლებს და მდიდრებს, სამარეში ძვირფას ნივთებს ატანდნენ, რომელებიც მძარცველებისთვის, ყოველთვის «გემრიელ ლუკმად» ითვლებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოროტმოქმედებს არც ფარაონები ჩამორჩებოდნენ — როდესაც ხაზინა ცარიელდებოდა, მმართველს თავისუფლად შეეძლო, თავისი წინამორბედის სამარხში «შენახული» ძვირფასეულობის გამოყენება. მაგრამ, ეს უკვე სამარხის ძარცვა კი არა, — სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე იყო და მსგავსი ფაქტების აფიშირება არასდროს ხდებოდა.

სამარხების გარდა, მძარცველები არც ტაძრების ძვირფას ნივთებზე ამბობდნენ უარს — იპარავდნენ ყველაფერს, მათ შორის წმინდა ცხოველებსაც კი. თუ ტაძრიდან მოპარულ ხარს, კატას ან ივეოსს ქურდი გაყიდიდა, მას სიკვდილით სჯიდნენ. ხოლო, თუ თავისთვის დაიტოვებდა, დამნაშავეს ცხვირს აჭრიდნენ და ამათრახებდნენ (მინიმუმ, 100 დარტყმა გარანტირებული ჰქონდა). გარდა ამისა, ქურდობაში მხილებულს, ტაძრისთვის მიყენებული ზარალი ასმაგად უნდა აენაზღაურებინა. imageimageimage* უცნაური იურიდიული კაზუსი
* ჩანახატები სასამართლო დარბაზიდან. საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია
* ცხოველებზე წარმოებული გახმაურებული სასამართლო პროცესები
* საინტერესო ფაქტები თაღლითობაზე და თაღლითებზე

* ქურდები სახლში შევიდნენ, რომელშიც მხოლოდ 6 წლის ბავშვი იყო



0
405
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0