საზოგადოება "ინკუბატორში ახალშობილი იწვა და განწირული ხმით ტიროდა... ალბათ, ყველა დედა ჩემსავით მოიქცეოდა" - 80-იანი წლების ბოლოს თბილისში მომხდარი ემოციური ამბავი 2020, 27 მაისი, 12:03 მადონა წიტაიშვილი ქართველი ემიგრანტია. 50 წლის ქალი წლებია სამშობლოდან შორსაა - ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ეს საინტერესო და ემოციური ისტორია 80-იანი წლების ბოლოს თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხდა. აი, რას გვიყვება მადონა წიტაიშვილი: - 1987 წლის შემოდგომაზე მეორე შვილი შემეძინა. მაშინ დიღომში, ბავშვთა მეექვსე საავადმყოფო იყო და იქ მოვხვდით ახალშობილთა ქირურგიაში. 3 ნოემბრის ღამით ბავშვის ტირილი მომესმა, გავახილე თვალი, ჩემი შვილი არ იყო. ჩავიძინებდი და ისევ მესმოდა ბავშვის ტირილი. მივაყურადე და აშკარად დერეფნის ბოლოდან ისმოდა. ავდექი, გავყევი ამ ხმას და დერეფნის ბოლოში ვნახე - ინკუბატორში ახალშობილი ბიჭი იწვა, სულ დალურჯებული და მისუსტებული. განწირული ხმით ტიროდა... ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იყო შეერთებული. შემეშინდა, გამოვიხურე კარები და მედდასთან შევედი. ვუთხარი, ჩვილი განწირული ხმით ტირის, რამე უშველეთ-მეთქი. მედდამ მითხრა, ეს ბავშვი სამშობიაროდან გადმოიყვანეს, სასიკვდილო დიაგნოზი აქვს, ნაწლავები არ აქვს, დაღუპვისთვის არის განწირულიო. ამის შემდეგ, ექიმთან დალაპარაკება მოვინდომე, მაგრამ ოპერაციაზე იყო. მედდას შევთავაზე, ძუძუს ვაწოვებ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს. მაშინ მეექვსე კურსის სტუდენტი ვიყავი სამედიცინო უნივერსიტეტში, რეანიმაციაში ექთნად ვმუშაობდი და ორი შვილის დედა ვიყავი, ამდენად გარკვეული გამოცდილება და ცოდნა მქონდა. ექიმსაც ვთხოვე, ბავშვს ვაჭმევ, ტირის და თუ განწირულია, მშიერს ნუ გავუშვებთ-მეთქი. ექიმმა მითხრა, რამე რომ მოხდეს, მერე ძალიან გაგიჭირდება ემოციურად და გირჩევ, ნუ აჭმევო. თანაც ისეთი დიაგნოზი აქვს, კვებას აზრი არ აქვსო. ბავშვს ნაწლავები არ აქვს და ყველაფერი პირდაპირ ცარიელ მუცლის ღრუში გადავაო... შვილებთან ერთად ძალიან შემეცოდა, გულმა არ გამიძლო და ჩუმად ვაჭამე ძუძუ. ისე ვაჟკაცურად და ძლიერად ექაჩებოდა, იმედით აღვივსე! წინ კონსილიუმი და გამოკვლევები იყო და რამდენიმე დღე უჭმელი როგორ უნდა ყოფილიყო?! მეორე დღესაც ვაჭამე ძუძუ, მშვიდადაც დაიძინა. მთელი პალატა, ექიმები, მედპერსონალი, ყველა გვგულშემატკივრობდა. მეორე დღის ბოლოს ბავშვმა უცებ ძილში შეჰკივლა - გავხსენი საფენი და ჩვილი სულ სისხლში იყო მოსვრილი. მერე გაირკვა რაც ყოფილა - ახალშობილს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, წვრილი და მსხვილი ნაწლავებიც ჰქონია, მაგრამ უკანა ტანის ხვრელზე კანი ჰქონდა გადაფარებული, ეს გადამუშავებული საკვები მოაწვა კანს, გახეთქა და სისხლდენაც აქედან წარმოიქმნა. სასწრაფოდ წაიყვანეს, დაამუშავეს და ისევ მომიყვანეს ჩვილი. ოთხი დღე არავინ აკითხავდა და მთლიანად ჩემი იყო. ჩემებმაც გაიგეს, ორმაგი მოჰქონდათ ყველაფერი, ორი ბავშვის სამყოფი. შემდეგ მოაკითხეს ბიჭუნას ბებიამ და მამამ. როგორც გაირკვა, დედას მძიმედ უმშობიარია... განაგრძეთ კითხვა <<< 316 2-ს მოსწონს
|