სხვა OK - როგორ და როდის წარმოიშვა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გამოთქმა 2020, 22 აპრილი, 11:02 181 წლის წინ წარმოიშვა ინგლისურ ენაში ყველაზე მეტად გავრცელებული ფრაზა - OK, რომელმაც დღეისათვის მსოფლიოს უამრავ ენაში დაიმკვიდრა ადგილი. მაინც საიდან გაჩნდა ეს გამოთქმა, როგორია მისი წარმოშობის ისტორია? - ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ მისი წარმოქმნა დაკავშირებულია 1840 წლის საპრეზიდენტო კამპანიასა და ბოსტონის გაზეთში დაბეჭდილ ერთ ჩვეულებრივ ხუმრობასთან, თუმცა არსებობს ამ გამოთქმის წარმოშობის კიდევ უამრავი, განსხვავებული ვერსიები.
ისტორიაში პირველად აბრევიატურა ok, რომელიც სიტყვასიტყვით აღნიშნავს-''ყველაფერი კარგადაა'', ხუმრობის სახით გამოყენებული იქნა გამოცემა Morning Post -ის 1839 წლის 23 მარტის ნომერში და მიმართული იყო კონკურენტი ჟურნალის Providence-ის მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს ძალიან პოპულარული იყო ფრაზების და წინადადებების შემოკლებულად, აბრევიატურებით აღნიშვნა. განსაკუთრებით ხშირად ამ შემოკლებებს განათლებული ახალგაზრდობა და სტუდენტობა იყენებდა. საუბარში ასეთი შემოკლებული ფრაზების ჩართვა გონებამახვილობის და ჭკუის გამოხატულებად მიიჩნეოდა. ასე, მაგალითად, XIX საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული გამოთქმა KG, რომელიც ინგლისურად ნიშნავდა " ვიცი, მოვდივარ" (know go). დღესდღეობით ეს გამოთქმა დაკარგულია, თუმცა 150 წლის წინ ის არანაკლებ პოპულარული და გავრცელებული იყო, ვიდრე დღევანდელი Ok. ფრაზა OK, რომელმაც სულ პირველად გაზეთში გაიჟღერა, წარმოადგენდა შემოკლებულ ვარიანტს გამოთქმისა «oll korrect»-ყველაფერი სწორია. ფრაზა მიზანმიმართულად არასწორად იყო დაწერილი, რათა მისთვის სარკაზმი და იუმორი მიენიჭებინათ. OK-ის მამა გახლდათ ბოსტონის გაზეთ Morning Post-ის რედაქტორი ჩარლზ გორდონ გრინი, რომელიც ხშირად აქვეყნებდა სახუმარო, გონებამახვილურ სტატიებს და სხარტულებს კონკურენტებისა და ოპენენტების მისამართით. სამიოდე დღის შემდეგ აბრევიატურა Ok გაზეთის სხვა ნომერში დაბეჭდილ სტატიაშიც გამოჩნდა. გამოთქმამ ნელ-ნელა დაიწყო ამერიკულ ჟარგონში შეღწევა. წლის ბოლოს მას უკვე ხშირად ნახავდით ყველაზე პოპულარულ გამოცემებში, თუმცა პოპულარობის ზენიტი OK -ის მომავალ წელს ელოდა, როცა დაიწყო წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანია. მოქმედი პრეზიდენტის-მარტინ ვან ბიურენის კონკურენტი იყო სამოქალაქო ომის გმირი უილიამ ჰენრი ჰარისონი. ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ნაწილში-კინდერჰუკში დაბადებულმა ვან ბიურენის მომხრეებმა დაიწყეს კლუბების, სახელად Ok-ის შექმნა, რომელიც სიტყვასიტყვით აღნიშნავდა ძველ კინდერჰუკს (Old Kinderhook). ამ აბრევიატურას ორმაგ აზრი გააჩნდა: ''ძველი კინდერჰუკი-ყველაფერი სწორია'' (Old Kinderhook- oll korrect). მაგრამ ამომრჩევლებმა მიიჩნიეს, რომ ბიურენი-ეს არის არასწორი არჩევანი და მხარი ჰარისონს დაუჭირეს-მან არჩევნებში გაიმარჯვა და პრეზიდენტიც გახდა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული ფრაზა OK საბოლოოდ დამკვიდრდა ამერიკელთა ყოველდღიურ სასაუბრო ენაში, 1864 წელს კი ის შევიდა "სლენგებისა და ვულგარული გამონათქვამების ლექსიკონში". მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრაზა აქტიურად გამოიყენებოდა თეატრალურ დადგმებსა და სპაქტაკლებში, ხოლო XX საუკუნის შუახანებში ის საბოლოოდ შევიდა არამარტო ინგლისური ენის ლექსიკონში, არამედ უამრავ სხვა ენაში, როგორც აღმნიშვნელი წინადადებისა - "ყველაფერი კარგადაა". მის ისტორიასა და წარმოშობაზე ბევრს კამათობდნენ და ბჭობდნენ ლინგვისტები და მხოლოდ გასული საუკუნის 60-იან წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტეის პროფესორმა ალენ უოლკერ რიდმა (Allen Walker Read) გამოსცა ნაშრომი Ok-ის წარმოშობის და ისტორიის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ შორეულ 1839 წელს დაიწყო. გარდა ზემოთაღნიშნულისა, არსებობს ამ გამოთქმის წარმოშობის კიდევ რამდენიმე ვარიანტი: ფრანგები ვარაუდობენ, რომ გამოთქმა OK წარმოიშვა ომის დროს, როცა უფროსებს პატაკს აბარებდნენ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ. წერდნენ: «0 killed» ანუ მკვდარი არავინაა, რომელიც შემოკლებულად იწერებოდა OK. მოგვიანებით ამ სიტყვა სხშირად იყენებდნენ ინგლისელი მფრინავები მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ისინი ბაზას აცნობებდნენ, რომ დანაკარგის გარეშე განახორციელეს საბრძოლო მანევრი; შემდეგი ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯეკსონი ამ გამოთქმას იყენებდა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღების დროს. ის წერდა «all correct» გერმანული ვარიაციით «oll korrekt», რაც შემოკლებით ნიშნავდა OK-ს; კიდევ ერთი ვერსიით OK წარმოშობილია თანამედროვე ბერძნული გამოთქმისაგან «OLA KALA», რომელსაც გამოიყენებდნენ ბერძნები, რომლებიც რკინიგზას აგებდნენ აშშ-ში. ისინი რელსებზე ხშირად წერდნენ OK, რაც ნიშნავდა ყველაფერი კარგადაა; ოკლაჰომას შტატის მცხოვრებლები დარწმუნებული არიან, რომ OK წარმოიშვა მათი მშობლიური შტატის პირველი ორი ასოსაგან, რომელსაც იყენებდნენ ერთ-ერთი წინაასაარჩევნო კამპანიის დროს; კიდევ ერთი ვარიანტით, OK წარმოდგა ინდიელი ბელადის სახელისგან, რომელსაც ერქვა Old Keokuk’a; არსებობს აგრეთვე ვერსია, რომელიც დაკავშირებულია საზღვაო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი კონტეინერების გაჩენასთან. პორტის მტვირთავის მოვალეობაში შედიოდა კონტეინერებზე გაეკეთებინა მარკირება სიტყვებით All Keep ანუ ''ყველაფერი მთელია, გადარჩენილია''. რა თქმა უნდა, განათლების დონე მაშინ არც ისე მაღალი იყო, მით უმეტეს პორტის მტვირთავს გამართული გრამატიკის ცოდნას ვერ მოთხოვდი. ასე რომ, რომელიღაც მუშამ, თავი რომ არ შეეწუხებინა ზედმეტი წერით, ერთხელაც შემოკლებულად დაწერა OK, დაუშვა რა შეცდომა ოირველივე ასოში. კოლეგებმა მას მიბაძეს და ასე გავრცელდა ეს ფრაზა; ზოგიერთი ლინგვისტის აზრით, OK-ს აქვს ევროპული წამრომავლობა და ის შეიძლება წარმოშობილი იყოს გერმანული გამოთქმის Oberst Kommandant ან ფრანგული Aux Cayes -გან. ეს უკანასკნელი ჰაიტის ერთ-ერთი ქალაქის სახელია, სადაც აწარმოებდნენ მსოფლიოში საუკეთესო რომს; ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ OK ჯერ კიდევ შექსპირის დროს გამოჩნდა ინგლისურ სალაპარაკო ენაში; მკვლევარების ნაწილი OK-ს წარმოშობას ამერიკელ ინდიელებთან აკავშირებს, რომელთა ენაზე ტერმინი "oken" თანხმობას, კის აღნიშნავდა. სამწუხაროდ, უამრავი ტურისტი, რომელიც აშშ-ს სტუმრობს, ხშირად ბოროტად იყენებს ამ საყოველთაოდ გავრცელებულ გამოთქმას. უცხოელების ნაწილი წამდაუწუმ გაიძახის OK-ს ისე, რომ ეს სიტყვა კონტექსტიდანაა ამოვარდნილი და კარგავს ყოველგვარ აზრს. ერთი იტალიელი ჟურნალისტი, რომელმაც 2 წელი შტატებში გაატარა, წერდა: ჩემი თანამემამულეები, როგორც კი თვითმფრინავის ბორტიდან ფეხს ჩამოდგამენ, დამხვდურებს უხვად აყრიან OK-ს იმის მიუხედავად, ეთანხმებიან თუ არა ისინი თანამოსაუბრეს ან საერთოდ, ესმით თუ არა, რაზეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოთქმა ამჟამად სხვა ქვეყნებში უფრო პოპულარულია, ვიდრე მის სამშობლოში, აშშ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ სიტყვის სემანტიკა (მნიშვნელობა) არ მახინჯდება. საქმიან, ფორმალურ სიტუაციებში და საუბრებში ის საერთოდ არ გამოიყენება. მაგალითად, ბოსის კითხვაზე: : Could you please have this memorandum ready by 2:00 this afternoon? არ არის სასურველი ქვეშევრდომმა უპასუხოს :OK, sure. უფრო კორექტულია პასუხი Yes, of course. არაოფიციალურ საუბრებში OK ასრულებს თანხმობის ფუნქციას. So we’ll meet at 6:00 at John’s place for drinks? — OK / Fine, see you later / then. p.s. გარდა იმისა, რომ მეცნიერებს OK-ის წარმოშობაზე სხვადასხვა აზრი აქვს, ეს გამოთქმა და ჟესტი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ დატვირთვას ატარებს. ინგლისურენოვან ქვეყნებში საჩვენებელი და ცერა თითისაგან შედგენილი კომბინაცია აღნიშნავს - ''ყველაფერი რიგზეა", იაპონიაში ამ ჟესტს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და ნიშნავს ფულის თხოვნას სესხად. ბრაზილიაში სექსუალური ურთიერთობის სურვილს, ხოლო საფრანგეთში უნდობლობას თანამოსაუბრის მიმართ. თურქეთსა და საბერძნეთში ჟესტი შეიძლება მიიღონ, როგორც მინიშნება თანამოსაუბრის ჰომოსექსუალური მიდრეკილების შესახებ. 261 6-ს მოსწონს
|