საზოგადოება 100 წლის წინ შექმნილი ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსისგან იცავს - ის ქართველების უმეტესობას გაკეთებული აქვს 2020, 30 მარტი, 11:30 ვაქცინას, რომელიც 100 წლის წინ შეიქმნა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, მელბურნელი მედიკოსები ახლა კორონავირუსის წინააღმდეგ ცდიან. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ, შესაძლოა, ის ადამიანს COVID-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტს უმუშავებს. ამის შესახებ Bloomberg წერს. ვაქცინას სახელად bacillus Calmette-Guerin, იგივე BCG (რომელსაც ჩვენთან „ბეცეჟეს“ უწოდებენ) ბევრ სასარგებლო თვისებას მიაწერენ და რაც მთავარია, სპეციალისტების თქმით, ის ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლის იმუნიტეტს უმუშავებს. "ამ ვაქცინას შეუძლია იმუნური სისტემის გაძლიერება. ორგანიზმს უკეთესად მებრძოლს ხდის უამრავი განსხვავებული ინფექციის ბაქტერიისა და ვირუსის წინააღმდეგ“, - ამბობს მელბურნის ბავშვთა კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნაიჯელ კურტისი. BCG (Bacillus Calmette–Guérin) ვაქცინა ავსტრალიის კლინიკებში მომუშავე 4000 მედიკოსზე გამოიცდება. მკლევარები ამით დაადგენენ, რამდენად ეფექტური იქნება COVID-19-თან საბრძოლველად. ვაქცინაცია დღეს იწყება. ანალოგიური კვლევა მიმდინარეობს ნიდერლანდებშიც. ვაქცინა ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 130 მილიონი ახალშობილის იმუნიზაციისთვის გამოიყენება და თუ კვლევა წარმატებული აღმოჩნდება, მას ადამიანთა უფრო ფართო ჯგუფებს შესთავაზებენ. თავდაპირველად კი მათ, ვინც მაღალი რისკის ქვეშ არიან. ესენი არიან, რა თქმა უნდა, ექიმები, რომლებსაც ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი აქვთ და მათი ინფიცირების საფრთხე დიდია. "ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა შესაძლო გზაზე ჯანდაცვის წარმომადგენლების დასაცავად“, - ამბობს ნაიჯელ კურტისი. მისივე ინფორმაციით, მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტი შედეგებს სამი თვის განმავლობაში განიხილავს და სავარაუდოდ, სამ თვეში გვეცოდინება მუშაობს თუ არა ეს მიდგომა. "ჩვენ არ შეგვიძლია გარანტია მივცეთ ადამიანებს, რომ ეს ეფექტური იქნება, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ სწორი გზით მივდივართ“, - ამბობს კურტისი. მისივე თქმით, ტესტირების მიზანია COVID-19-ის წინააღმდეგ ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერება, რაც ამ ინფექციის საწინააღმდეგო კონკრეტული ვაქცინის შექმნისთვის დროის მოგების საშუალებას იძლევა. მეცნიერების ვარაუდით რა დრო დასჭირდება ვაქცინის შექმნას? განაგრძეთ კითხვა565 1-ს მოსწონს
|