x
image
klopka
მონბლანი - დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალი

imageშვეიცარიელი ნატურალისტი
ორასტ ბენედიქტ სოსიური (1740—1799) ბავშვობიდან იყო მოჯადოებული ალპების ბუმბერაზი
მთის მასივის სილამაზით, რომელიც დღეს მონბლანის სახელით იწოდება. ამ დაულაშქრავი და
მიუწვდომელი მთით მოხიბლულმა სოსიურმა 4 807 მეტრიანი მწვერვალის დაპყრობისთვის
ჯილდო დააწესა. მწვერვალზე ასვლა პირველად 1741 წელს არაერთხელ სცადეს, მაგრამ
უშედეგოდ. მონბლანის მწვერვალის დალაშქვრა მხოლოდ 1786 წლის აგვისტოში შეძლეს
კრისტალის მაძიებელმა ჟაკ ბალმამ და ექიმმა მიშელ გაბრიელ პაკარმა, რომლებიც შამონიდან
(საფრანგეთი) იყვნენ. მომდევნო წელს სოსიური სამეცნიერო ექსპედიციასთან ერთად დასავლეთ
ევროპის ამ უმაღლეს ადგილზე ავიდა; 1788 წელს კი მან კოლ დუ ჟანზე დადგა ფეხი,
სადაც 17 დღე დაჰყო. წერილობითი წყაროების თანახმად, ალპინიზმს, როგორც სპორტის
ერთ-ერთ დისციპლინას, ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი.

1855 წელს იტალიელთა
ხელმძღვანელობით ერთი ჯგუფი მონბლანზე სხვა, შედარებით უფრო რთული გზით ავიდა. იტალიის
მხრიდან მწვერვალი მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ დაიპყრეს. ეს მამაცი გზის გამკვლევები ყოველგვარი
თანამედროვე მოწყობილობების გარეშე, მხოლოდ რკინის წვეტიანი ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულები.
გეოგრაფი ჯოტო დაინელი აღნიშნავს: მაშინ „ბარიდან სტარტის აღება და მწვერვალის დასაპყრობად
სრულიად უცნობი გზის გაკვლევა, დიდ ფიზიკურ და შინაგან ძალას მოითხოვდა. დღევანდელი
მთამსვლელებისთვის ეს, ალბათ, რთული წარმოსადგენია“. დღეს მონბლანის მასივის ყველაზე
რთულად მისადგომი მხარეებიც კი რამდენჯერმეა დალაშქრული.


მიუხედავად იმისა, რომ
მონბლანი ევროპის შუაგულში მდებარეობს, ძველად ის შეუსწავლელი იყო. პირველი ცნობილი
დოკუმენტი, რომელშიც მონბლანია ნახსენები ახ. წ. 1088 წლით თარიღდება.
შამონელ ბენედიქტელთა საკუთრების რუკაზე იგი „რუპეს ალბას“ სახელით მოიხსენიება, რაც
„თეთრ მთას“ ნიშნავს. მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა მას
„დაწყევლილ მთას“ ეძახდა, რადგან ლეგენდის თანახმად, ის დემონებისა და ურჩხულების სამკვიდრო
იყო. როგორც ჩანს, სახელწოდება მონბლანი პირველად 1744 წლით დათარიღებულ ნახატზე
ჩნდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ხალხი აღარ უწოდებდა მას „დაწყევლილ მთას“.

imageშორიდან დანახული მთაგრეხილი


მთლიანი მონბლანის მასივის
დანახვა მხოლოდ თვითმფრინავიდან შეიძლება. იგი 600 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული,
ხოლო იმ ქედის სიგრძე, რომელიც იტალიას, საფრანგეთსა და შვეიცარიას ერთმანეთისგან ყოფს
50 კილომეტრზე მეტია. მონბლანს რამდენიმე მწვერვალი აქვს, რომელთა სიმაღლე ზღვის
დონიდან 4 000 მეტრს აღემატება. მთის მასივი აგებულია კრისტალური ფიქლებითა და
გრანიტით, რომელიც დედამიწის ქერქის სიღრმეში წარმოიქმნა. გეოლოგები ამ მთაგრეხილს
ახალგაზრდად მიიჩნევენ, რომელიც სულ რაღაც 350 მილიონ წელს ითვლის. ატმოსფერულმა
მოვლენებმა და მყინვარებმა დაარბილა გრანიტის კლდეები და წარმოქმნა ბზარები, დაკბილული
ქედები, მწვერვალები და უჩვეულოდ ლამაზი მთის წაწვეტებული ბოლოები, რაც მთამსვლელთა
განსაკუთრებულ ინტერესს იპყრობს.

imageმონბლანი ახლოდან


პროფესიონალი მთამსვლელიც
რომ არ იყოთ, მთის მასივის ცენტრალური ნაწილის ახლოდან დანახვას შეძლებთ საბაგიროთი,
რომელიც 1958 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. უმაღლესი წერტილი, რომელზეც საბაგირო
გზა გადის, ზღვის დონიდან 3 842 მეტრზე აზიდული მწვერვალი აგუი დუ მიდია.
ამ ადგილიდან შამონის ხეობის არაჩვეულებრივი პანორამა იშლება.


დღეს ტოპოგრაფიული თვალსაზრისით
მონბლანი საიდუმლოებებით აღარ არის მოცული. ის არაჩვეულებრივ სანახაობას სთავაზობს
მნახველს, განსაკუთრებით გარიჟრაჟზე და შებინდებისას — როგორც კი მზის სხივები
ევროპის მწვერვალის გაყინულ კლდეს მოეფინება, წითელ ფერთა გამა იშლება და გრანიტის
ქვები ალისფრად ელვარებს.


მონბლანის გვირაბი image- ინტუიცია გამართლდა

„ვხედავ ორ ველს, სადაც ერთ ენაზე ლაპარაკობენ და
სადაც ერთი ხალხი ცხოვრობს. მოვა დრო და მონბლანის ქვეშ გზას გაიყვანენ და ეს ორი ველი
გაერთიანდება“. ორასტ ბენედიქტ სოსიურის ეს სიტყვები ორი საუკუნის შემდეგ გამართლდა.
გზის გაყვანის თაობაზე პიემონტისა და სარდინიის მეფეს ჯერ კიდევ 1814 წელს მიმართეს
თხოვნით. მაგრამ სამუშაოები მხოლოდ 1959 წელს დაიწყო და 1965 წლამდე გაგრძელდა.
გაიყვანეს 11, 6 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც იწყება იტალიაში, ზღვის დონიდან
1 381 მეტრ სიმაღლეზე და მთავრდება საფრანგეთში, ზღვის დონიდან
1 274 მეტრზე.


1999 წლის 24 მარტს გვირაბში სატვირთო
მანქანა აფეთქდა. ტემპერატურა 1 000 გრადუსამდე ავარდა და ათობით მანქანა
დაადნო. 39 ადამიანი გაიგუდა და 30-ზე მეტი დაშავდა. ერთწლიანი გამოძიების შემდეგ
აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. 2002 წლის 25 ივნისს გვირაბი გაიხსნა, მიუხედავად
იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოს დამცველები აპროტესტებდნენ გვირაბში
სატვირთო მანქანების მოძრაობას, რადგან ეს გარემოს დაბინძურებას იწვევდა. უკანასკნელი
ოთხი თვის მონაცემებით, ამ გვირაბში 132 474-მა მანქანამ გაიარა.


ბუმბერაზის გარშემო


მართალია, მონბლანი ძირითადად მთამსვლელებს იზიდავს,
მაგრამ მათაც კი, ვინც მთაზე არასდროს ასულა, შეუძლიათ მას უბრალოდ გარშემო შემოუარონ
და მისი სილამაზით დატკბნენ. როგორც წესი, მთის მასივის საუკეთესო სურათები შორი მანძილიდან
არის გადაღებული და არა მწვერვალებიდან. მონბლანის გარშემო ბევრი ადგილია, საიდანაც
შესანიშნავი ხედები იშლება. ვისაც უყვარს ბუნება და მუხლი ერჩის, უარს არ იტყვის
130 კილომეტრიანი გზის გავლაზე. ეგრეთ წოდებული მონბლანის ტურნეს წყალობით შესაძლებელია
წრიული მარშრუტით მოგზაურობა საფრანგეთის, იტალიისა და შვეიცარიის გავლით. ეს ტურნე
ათ ეტაპად იყოფა და დღეში 3-დან 7 საათამდე სიარულს მოიცავს. ვინც დროში შეზღუდულია,
შეუძლია ბუმბერაზი მთის გარშემო მდებარე ერთ რომელიმე მთაზე ავიდეს და იქიდან დაათვალიეროს
მონბლანი.

0
687
3-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
687
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0