x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ჰერაკლეს სხვა საგმირო საქმეები - პარერგა
ჰერაკლეს სხვა საგმირო საქმეები - პარერგა


ჰერაკლე ლომისტყაოსანმა პირნათლად აღასრულა 12 საგმირო საქმე, რაც ჰერას მზაკვრობით დაევალა, თავი გამოიხსნა ევრისთევსის სამსახურიდან, ჯერ თებეში დაბრუნდა და იოლაოსს დაუთმო თავისი მეუღლე მეგარა, შემდეგ კი კუნძულ ევბეაზე გაემგზავრა, ქალაქ ექალიაში (იოქალიაში), ან მესენიაში, უფრო ძველი თქმულებით კი თესალიაში ჩავიდა, მეფე ევრიტეს ესტუმრა, და მშვენიერ აიოლეს ხელი სთხოვა. ევრიტე სახელგანთქმული მოისარი იყო, ოდესღაც თვით ჰერაკლეს ასწავლიდა მშვილდოსნობას, მას კი აპოლონმა ასწავლა. მისი პირობა ასეთი იყო: ასულს მივცემ მხოლოდ მას, ვინც ისრის სროლაში დამამარცხებსო. ჰერაკლემ დაამარცხა, მაგრამ პირობაზე ცივი უარი მიიღო. ევრისთევსის მონადყოფილს ქალს როგორ მივათხოვებო. იოლეს შვილებსაც დახოცავსო და სახლიდან გააგდეს, თუმცა მეფისწული აფიტე სიტყვის შესრულებას ითხოვდა. დაღონებული ჰერაკლე ტრაქინში, ტრაქინიდან კი მშობლიურ ტირინთოში ჩავიდა. შემდეგ მეფემ განაწყენებულ ჰერაკლეს საქონლის ქურდობაც დააბრალა. სინამვილეში საქონელი მოიპარა ქურდობაში სწორუპოვარმა ავტოლიკემ. ჰერაკლეს თავგამოდებით გამოექომაგა მისი ერთგული მეგობარი, ევრიტეს ძე იფიტე და მას ტირინთოში ესტუმრა. გმირმა პატივით მიიღო, საქონლის საძებნელად გაჰყვა. როცა ქალაქის მაღალი ზღუდიდან მიდამოს ზვერავდნენ, გმირს ჰერამ ანაზდეულად სიგიჟე დაატეხა. ჰერაკლემ სტაცა ხელი იფიტეს და ქვესკნელში გადაისროლა. მეფისწულს სული არ ჩაჰყოლია ძირს. ეს ის "კეთილშობილი იფიტეა, არგონავტი, დიდი მოისარის, ევრიტეს მშვილდი რომ ოდისევსს აჩუქა და მუდამ ჰერაკლეს მხარე ეჭირა. ჰომეროსის მიხედვით მან იპოვა ჯოგი, ბედაურები, 12 ფაშატი, რჩეული ჯორები, მაგრამ საკუთარ სახლში მხეცურად მოკლა ჰერაკლემ. რათა ბედაურები მიეთვისებინა. დაარღვია სტუმართმოყვარეობის წმინდა კანონი. ევრიტეს მეგობარმა, პილოსის მეფემ ნელევსმა ცოდვის მოხსნაზე უარი უთხრა და დელფოს მისანმაც კი არ გაიკარა მეგობრის მკვლელი (მერე ის დეიფობოსმა განწმინდა). განრისხებულმა ჰერაკლემ ძალით გაიტაცა სამფეხა და ველზე გამართა სამისნო, რათა საშველი ეკითხა ღმერთებისათვის (მრავალი მოხატულობა ვაზებზე). ამაზე გამწყრალი აპოლონი გმირს თავს დაესხა, ზევსმა შვილები ელვით გააშველა და შეარიგა (ჰომ. ოდ. 21, 22-40; აპ. როდ. არგ. 1, 86; 2, 115; აპოლოდ. 2, 6, 1-2).


ჰერაკლე კოლხეთში პრომეთეს გასათავისუფლებლად


ამისათვის ორაკულის ბრძანებით სამი წლის მონად დაუდგა ლიდიის ფუქსავატ დედოფალს, იარდანის ასულს ომფალეს, ტმოლოსის ქვრივს. ამ ქალს გმირი ჰერმესმა მიჰყიდა სამ ტალანტად (ჰომ. სქოლ. ოდ. 21, 2). ომფალესთან ჰერაკლე ძლიერ დაბეჩავდა, გონებით დაქვეითებული ემსახურებოდა კადნიერ დედოფალს, მისი ბრძანებით იცვამდა ქალის სამოსელს, ეხმარებოდა ძაფის დართვაში, გმირის კომბალს კი ომფალე ათამაშებდა, ლომის ტყავსაც ის იხურავდა და დასცინოდა ჰიდრის მძლეველს. ზოგი სამამაკაცო საქმე ჰერაკლემ აქაც მოახდინა. შებოჭა ეფესოელი ჯუჯა კოჰოლდები - კერკოპები, მძინარეს რომ დაესხნენ თავს და თან წაასხა, მაგრამ გზაში მაიმუნური მანჭვით იმდენი აცინეს, რომ გაუშვა (აპოლოდ. 2, 6, 3). ომფალესთან სამსახურის დროს მოკლა ყაჩაღი სელევსი, რომელიც გამვლელ-გამომვლელს ვენახში ამუშავებდა და კლავდა. ერთი თქმულებით, ჰერაკლე ამ სელევსსაც ემსახურებოდა, ბოლოს ვაზი ამოუძირკვა და მერე მოკლა.



ჰერაკლე ლომისტყაოსანი


კუნძულ დოლიაქის სანაპიროზე გმირმა ნახა იკაროსის გამორიყული გვამი და პატივით დაკრძალა, რისთვისაც მამამისმა დედალოსმა ბრწყინვალე ქანდაკი დაუდგა ჰერაკლეს პისაში, მაგრამ ღამით გმირმა ცოცხალ მეტოქედ მიიღო, ქვა სტყორცნა და დალეწა. ამბობენ, ამ დროს მოხდაო ჰერაკლეს ლაშქრობა კოლხიდაში, კალიდონის ტახტზე ნადირობა და თეზევსის გმირობა ისთმოსზე (აპოლოდ. 2, 6, 3).


და ბოლოს ომფალეს მონობასაც დააღწია თავი, რჩეულ მოხალისე გმირებს მოუყარა თავი, 18 ორმოცდაათნიჩბიანი გემით გაილაშქრა ილიონზე, რათა ბედნიერი მეფე ლაომედონტი დაესაჯა, ოდესღაც რომ ურჩხულისაგან გამოხსნილი ჰესიონე არ მიათხოვა. ჰერაკლემ აიღო ტროა, დახოცა ლაომედონტი და მისი შვილები, გარდა პოდარკესი, რომელიც მისმა დამ, ჰესიონემ გამოისყიდა და ამის გამო პრიამოსი (გამოსყიდული) ეწოდა. ჰესიონე ჰერაკლემ აღარ ითხოვა, მისცა ტელამონს, რომელმაც პირველმა შეანგრია კედელი და ილიონში შევიდა. მაშინ ტროადან გაბრუნებულ ჰერაკლეს ჰერამ ერთი მძლავრი ქარიშხალიც დაატეხა და კუნძულ კოსზე გარიყა. ზევსმა ეს ვერ შეამჩნია, რაგდან ჰერას თხოვით ძილის ღმერთმა ჰიპნოზმა ჩააძინა. როცა გამოიღვიძა, მრისხანე ზევსმა ჰერა ჯაჭვით დაჰკიდა ცაზე.


ჰერაკლე ლომისტყაოსანი


ჰერაკლეს ზევსმა ათენა მიუგზავნა და გიგანტებთან ბრძოლაში დახმარება სთხოვა. ჰერაკლე ოლიმპოზე ავიდა, ჰიდრას შხამში ნაწობი ისრით დაჭრა უძლიერესი გიგანტი ალკიონევსი. დაჭრილი დაეცა, მაგრამ პელენეს მთას რომ შეეხო, ისევ წამოიწია. აქ ის უკვდავი იყო. ჰერაკლემ წამოიკიდა, სხვაგან გადაიტანა და იქ გამოასალმა სიცოცხლეს ბუმბერაზი. ასევე დაეხმარა ღმერთებს პორფირიონის და ეფიალტეს მოკვლაში და იხსნა ოლიმპო. ზოგი ვერსიით, ჰერაკლე ტროადან პირდაპირ საბერძნეთში გაბრუნდა, რათა შური ეძია სხვა მეფეებზე, რომელთაც უწინ აწყენინეს. თავს დაესხა პილოსის მეფეს - ნელევსს, გაუწყვიტა შვილები (გადარჩა ნესტორი, რომელიც შინ არ იყო), დაჭრა თვით ღმერთი ჰადესი, რომელიც პილოსელებს ეხმარებოდა (ჰომ. ილ. 20, 145; 14, 249; 11, 689; ნესტორი შესჩივის პატროკლეს - ჰერაკლემ თერთმეტი ძმა გამიწყვიტაო); აპოლოდ. 2, 7, 2-3.


ჰერაკლე კოლხეთში პრომეთეს დასახმარებლად


პილოსის აღების შემდეგ ლაკედემონი დალაშქრა, რადგან ჰიპოკოონტის შვილები ნელევსს ეხმარებოდნენ და მათვე მოკლეს ელექტრიონის შვილი ლიკიმნიოსი, რომელსაც ჰიპოკოონტის სასახლის დათვალიერების დროს ჯერ დიდი მოლოსური ქოფაკი დაესხა თავს, მერე მეფის შვილებმა კომბლებით დაჩეჩქვეს: ჩვენს ძაღლს ქვა რად დაარტყიო. ჰერაკლემ ჰიპოკოონტთან საბრძოლველად დახმარება სთხოვა არკადიის მეფეს - კეფევსს და მის ოც შვილს. კეფევსს არგოსელტა თავდასხმის ეშინოდა. ჰერაკლემ გორგონას თმის კულული გადასცა მის ასულს, სტეროპეს - თუ მტერი გამოჩნდეს, სამჯერ ასწია ზღუდის თავზეო. ამით ქალაქი გადარჩა, მაგრამ სასტიკ ბრძოლაში დაიხოცნენ მეფე კეფევსი, მისი შვილები და ჰერაკლეს ძმა - იფიკლე. ჰერკლემ დახოცა ჰიპოკოონტი და მისი შვილებიც. ლაკედემონში ტინდალეოსი დააბრუნა და გაამეფა, შემდეგ გზად გაუარა არკადიის მეფის, ალეოსის ქალაქს, მოეწონა მისი ასული ავგე, დაიმორჩილა, გააჩინა ტელეფოსი, მერე ჩავიდა ეტოლიაში, კალიდონში და ოინეოსს (ოინევსს) მშვენიერ დეიანეირას ხელი სთხოვა. იქ დახვდა საშიში მეტოქე - მდინარის ღმერთი აქელოოსი. გველად და ხარად ქცეული ღმერთი დაამარცხა და გამარჯვებულმა გმირმა ქალი შეირთო. მერე კალიდონელებთან ერთად ილაშქრა თესპროტებზე, სძლია მათ, აიღო ქალაქი ეფირი, დაწვა მეფე ფილანტეს ასულ ატიოქესთან, გააჩინა ვაჟი ტლეპოლემოსი, იქიდან შეუთვალა მეფე თესპიოსს - ჩემი ორმოცი შვილი სარდინიაში გაგზავნე, კოლონიის გასაშენებლადო. თვითონ კი ოინევსთან ქეიფის დროს ხელის დაკვრით შემოაკვდა არქიტელოსის ძე ევნომე და თუმცა მამამ აპატია, მაინც დევნილობაში მოუხდა წასვლა. ქალაქ ტრაექინში ჩავიდა, მეგობარ კეიქსს ესტუმრა (აპოლოდ. 2, 6, 6). არც ამ მოგზაურობაში ჰქონდა სიმშვიდე. მდინარე ევენოსს რომ მიადგა, თვითონ ფეხით გადავიდა, დეიანეირა კი კენტავრმა ნესოსმა შეისვა ზურგზე. კენტავრი ვნებით აენთო და ქალის მოტაცება სცადა. ჰერაკლემ ჰიდრას ნაღვლით თუ სისხლით მოწამლული ისრით განგმირა ნესოსი და ეს ექცე მერე საბედისწეროდ. შემდეგ ტრაქინთა მოკლა არესის ძე, ყაჩაღი კიკნოსი. კიკნოსს არესი ეხმარებოდა. ჰერაკლეს - ათენა და იოლაოსი.


ჰერაკლე ლომისტყაოსანი


ვარაუდობენ, რომ აქაიის ოლენოსის მეფე დექსამენე და არკადიის ოლენოსის მეფე იონევსი - ერთი გმირია (ასევე დეიანეირა და მნესიმაქე, აქელოოსი და ევრიტიონი).

ჰერაკლემ ომის ღმერთიც დაჭრა (ჰეს.), ამავე გზაზე, დრიოპთა მიწაზე ჰერაკლეს საჭმელი შემოაკლდა. მოშიებულ გმირს თან ახლდა საყვარელი შვილი, ყრმა ჰილოსი, რომელიც შიმშილს ჩიოდა. ჰერაკლემ ნახა ვინმე თეიოდამანტი, ყანას რომ ხნავდა (თუ გზად შეხვდა ეტლით, რომელშიც ხარები შეება), პური სთხოვა. თეიოდამანტი პურის მაგიერ ლანძღვით გაუმასპინძლდა. ჰერაკლემ გამოხსნა უღლიდან უკეთესი ხარი, დაკლა და შეჭამა (ცხადია ჰილოსსაც გაუნაწილა). ამის შემდეგ ეწოდა ბუტოინასი - ხარიჭამია (უცნობი მითოგრაფი, "ბერძ. მითოგრაფია", 370, გამოჩენილი გერმანელი ფილოლოგის ანტონ ვესტერმანის მიხედვით). სხვა ვერსიით, ვინმე ლინდიელმა მხვენლმა ლუკმა არ მისცა და გალანძღა გზად მიმავალი გმირი. ჰერაკლე განრისხდა, წაართვა ხარი, დაკლა და ჰილოსსაც აჭამა, თუმცა მიწის მუშა ლანძღვას განაგრძობდა. ჰერაკლე ხარხარებდა და ამბობდა: "ასე მადიანად ჯერ პური არ მიჭამია, როცა დასაყოლებლად ლანძღვა მესმოდაო." ამის შემდეგ დაწესებულია ბუძიგების ქურუმთა გვარში ჰერაკლესათვის მსხვერპლის შეწირვის წინ ხნულის გავლებისა და ლანღვის რიტუალი (ბოუს, ბოოს - ხარი; ბუძიგონ - უღელი).


ჰერაკლე ლომისტყაოსანი


დრიოპთა ქვეყნიდან წასული ჰერაკლე თავს წაადგა დორიელთა მეფეს ეგიმიოსს, რომელსაც მეომარი ლაპითები ავიწროებდნენ. ალყაშემორტმულმა დორიელთა მეფემ (ჰერაკლეც ხომ დორიელი იყო) გმირს შეწევნა სთხოვა. ჰერაკლე შეება ლაპითებს, დაამარცხა, მოკლა მათი მეფე კორონე და მისი მოკავშირე დრიოპთა მეფე ლაოგორანტი, და მთელი ქვეყანა დაუბრუნა ეგიმიოსს, რომელიც სამეფოს მესამედს სთავაზობდა. ეგიმიოსმა იშვილა ჰილისი და გახადა ერთ-ერთ ფილეს - ჰილელთა ეპონიმად. ჰერაკლემ არ მიიღო ეგიმიოსის საჩუქარი.


5) უკანასკნელი საგმირო საქმეები, აღსასრული და პოთეოზი.

ტრაქინიდან ექალიაში გაილაშქრა, მეფე ევრიტეს ანანა პირუმტკიცობა, სძლია, მოკლა, დაუხოცა შვილები, როგორც იცოდა, დაანგრია ექალია, წაიყვანა იოლე და წავიდა. იოლე შინ გაისტუმრა, გამარჯვების მახარობლად ლიქასი გააყოლა. დეიანეირა შეშფოთებულია. მსახური ყურში შხამს აწვეთებს: ეს ევრიტეს ასულია, ოდესღაც მამამისმა უარით გაისტუმრა, ახლა ექალია ამის გულისათვის დაანგრია, ცოლად უნდა შეირთოსო. ამას მერე ლიქასიც უდასტურებს. დეიანეირას აგონდება კენტავრ ნესოსის სისხლი, ამდენი წელი ჭურჭელში შენახული: სიყვარულის წამალიაო, დაარწმუნა მაშინ კენტავრმა. ამ წამალს უსვამს ძვირფას სამოსზე და სასწრაფოდ უგზავნის ქმარს, რომელიც ევბეაზე მსხვერპლის შეწირვის თადარიგშია. ცოლის მოოქროვილ სამოსს ჰერაკლე სიხარულით იცვამს და აქ იწყება აუტანელი ტანჯვა. ჰიდრას შხამში ამოვლებული ისრით დაჭრილ ნესოსს თავისი მოშხამული სისხლი მიეცა, ჰერაკლეს ცეცხლი მოედო. სიყვარულის ჯადო სიკვდილის სამსალა აღმოჩნდა (სოფ. ტრაქინ.), ნახევრად დამწვარი და გამწარებული გმირი უდანაშაულო ლიქასს ფეხში ხელს ავლებს, კლდეს ანარცხებს და ზღვაში სტყორცნის (ლიქასის კლდეები). ამ სცენაზე შექმნილია არაერთი სურათი, სკულპტურული ჯგუფი. ტანჯული გმირი საკაცით აჰყავთ, გემით მიჰყავთ. დეიანეირა ისმენს ჰილოსის საყვედურს, ხვდება, რაც ჩაიდინა და თავს იკლავს: მახვილზე აეგება, როგორც მეომარი ქალი.


ჰერაკლე ლომისტყაოსანი


ჰერაკლე იოტას (ეტას) მთაზე აჰყავთ, მისივე ბრძანებით შეშის ზვინზე დაასვენებენ, მაგრამ ცეცხლის შენთება იკისრა მხოლოდ პოიანტმა ან მისმა შვილმა ფილოქტეტემ, რისთვისაც საჩუქრად ჰერაკლეს მშვილდ-ისრებს იღებს. გვამს რომ ცეცხლი ედება, ცაში მეხი იქუხებს, ღრუბელი ეშვება და გმირის გვამს ცად აიტაცებს. ან ათენამ და ჰერმესმა აამაღლეს ოქროს ეტლით. ამიერიდან ის უკვდავთა კრებულშია. პირველად ესალმება ჰერას, რომლის დევნითაც მოახდინა ამდენი საგმირო საქმე, ურიგდება, ირთავს მის ასულ ჰებეს - მარადიულ სინორჩეს და ცხოვრობს ოლიმპოზე (ილ 18, 117). თვით ზევსის დიდი შვილი თავს ვერ დააღწევს დედამიწაზე ტანჯვას და ჯაფას, ვიდრე უკვდავებას ეზიარება. ოდისეაში არის ადგილი, რომლის მიხედვითაც მშვილდოსანი ჰერაკლეს ლანდი ქვესკნელშია, მისი სხეული კი ცაში (11, 601).


ჰერაკლე ლომისტყაოსანი


პროფესორი ოლგა ფრაიდენბერგი ვრცლად ჩერდება ე.წ. მითოლოგიურ კოსმიზმზე (შვილთა მკვლელი ჰერაკლეც ხთონიური ღმერთკაცია). კოსმიური იბედურება ვლინდება მიწისძვრის, ქარიშხლის, ზანძრის, ქალაქის ნგრევისა და მათი მსგავსი სიგიჟის სახით. ჰერაკლეს სიგიჟე ჰერამ მოუვლინაო, დაატეხაო ვამბობთ, მაგრამ ეს სიგიჟე გმირს ატყდება ღამის ასულის, ბოროტი ქალღმერთის ლუტის სახით. ლუტი ეძგერება მკერდში ჰერაკლეს და ურჩხულთა მძლეველს თვით აქცევს ურჩხულად. კრეტის ხარის შემბოჭავს თვით ბოჭავს სტიქიური ძალით და ჩაადენინებს საზარელ დანაშაულს. საკურთხეველთან ცეკვით უვლის გარშემო ცოლ-შვილს და შმაგი როკვით ეცემა საკუთარ შვილებს, ისრებით ხოცავს, შემდეგ იძინებს იქვე კოსმიური სიგიჟის ძილით. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ქვესკნელში მყოფი ჰერაკლეს შვილების დახოცვა განიზრახა ბოროტმა მეფემ ლიკოსმა (მგელმა). დასდევდა კიდეც, მაგრამ ქვესკნელიდან ამობრუნდა ჰერაკლე, თებეს ტახტის კანონიერი მფლობელი, მოკლა ლიკოსი და მერე სიგიჟით არეულმა თავისი საგმირო თავგადასავლები გაიხსენა (მოლანდებანი ჰქონდა აიანტსაც). შვილები მტრებად წარმოიდგინა და ჩაიდინა სიკოსზე უარესი დანაშაული. სიშმაგე, რაც ჰერაკლესა და აიანტს დაატყდათ, მართლაც კოსმიური ძალისაა და ედრება მიწისძვრას, ხანძარს, ამბოხებას (ჰერაკლეს ჰადესში ყოფნის დროს ლიკოსმა თებეში ამბოხება მოაწყო, რაც აგრეთვე სტიქიური უბედურებაა, ანგრევს სახელბს, ქალაქს, არ ამორჩილება კანონებს და ხშირად იმაზე უარესს ამკვიდრებს, რაც იყო).


ჰერაკლეს სხვა საგმირო საქმეები - პარერგა


ასეთივე მოლანდება ჰქონდა მეფე პენთენვსსაც, როცა დიონეს დევნიდა. ეს იყო გიჟური მოლანდება, რამაც იმსხვერპლა გაგიჟებული მეფე პენთევსი (არსებობდა დიონისეს სხვაგვარი, ზომიერი სიშმაგე, რასაც არ მოსდევს კატასტროფა და არ მოაქვს ზიანი). საგულისხმო აქ ისაა, რომ სწორედ სიგიჟის დროს ხედავენ ყველაზე ცხადად სინამდვილეს კოსმიური გმირები: ჰერაკლე, პენთევსი, აიანტი, რომელიც საქონელს ხოცავს და მერე თავს იკლავს. "ჰერაკლეში განსახიერებული მსოფლიო ხანძარი აქცევს მას შვილების მკვლელად" (ო. ფრეიდენბერგი).ლუტის მძვინვარება სტიქიურ უბედურებას, ზღვის მოვარდნას ედრება, ცეცხლოვანი თვალებით ღუპავს ბავშვებს, როგორც ზღვა - გემს. აქილევსის რისხვა აძრწუნებს ტროას, აშფოთებს ღმერთებს, იწირავს ჰექტორს და ურიცხვ გმირს. ასევე ღუპავს აიანტს, რომელსაც ატრიდებმა კანონიერი ნადავლი წაართვეს.


ჰერაკლეს სხვა საგმირო საქმეები - პარერგა


შმაგი ჰერაკლე გონს მოეგო მხოლოდ მაშინ, როცა ათენამ ლოდი ესროლა. კანონიერებისა და სტუმართმოყვარეობის განსახიერებამ თეზევსმა ჰერაკლე შინ წაიყვანა და მისცა სახლის ნაწილი. ესეც გმირის მძიმე ხვედრის სიმბოლოა.

ბრძენმა ხალხმა ჰერაკლეს დიდ მითოსში ჩააქსოვა ადამიანთა სიკეთეც და უმადურობაც, პატივმოყვარე ტირანთა უბადრუკობა და სიფუხჭირე, გამოჩენილ მაშვრალს რომ ამაგი არ დაუფასეს, აწამეს, აწანწალეს, გააწბილეს, და საბოლოოდ დაღუპვამდე მიიყვანეს, უბირთა დონეზე დააყენეს ღმერთკაცი. მხოლოდ ღმერთებმა მიაგეს სათანადო პატივი, თუმცა სიცოცხლეში მათაც ბევრი განსაცდელი განუმზადეს.


აპოთეოზთან ერთად იწყება გმირის საყოველთაო დიდება, მთელს საბერძნეთში დიდ ჰეროსს ღმერთების დარად სცემენ თაყვანს, უგებენ ტაძრებს, სწირავენ მსხვერპლს, უმართავენ დღესასწაულს - ჰერაკლეას. ეს ხდება თებეში, სიკიონში, ლინდოში (ქალაქი როდოსზე), ათენში. მისი სახელი შორს სცილდება საბერძნეთის საზღვრებს, ძველი ევროპის გმირად იქცევა. ჯერ რომში ჰერკულესი უწოდეს, ანალოგიურ ეროვნულ გმირთან გათქვიფეს. ტაძრები და საკურთხეველი აუგეს, მერე ფინიკიაში და სხვა ქვეყნებშიც განივრცო და შეუაერთდა სახალხო გმირებს.


ჰერაკლე ლომისტყაოსანი


იტალიაში ჰერაკლეს კულტი ბერძენმა მოახალშენეებმა დაამკვიდრეს. იქ ახალი საგმირო საქმეებიც მიაწერეს: ჰერაკლემ გააუქმა საბინთა ძველი წესი ადამიანთა მსხვერპლად შეწირვისა, გაავრცელა ცეცხლთაყვანისმცემლობა და გახდა წარჩინებული პატრიციების ზოგი გვარის მამამთავარი.

ჰერაკლეს ერთ-ერთი უდიდესი გმირობა კავკასიაში მიჯაჭვული პრომეთეს, კოლხთა და იბერთა უკვდავი მამის გათავისუფლება და ტიტანის მტანჯველი კავკასიური არწივის მოკვლაა. ამგვარად, ის გვევლინება მარადიული სიკეთის ქომაგად, კაცთა მოდგმის მეგობრად. ხოლო აპოლონთან შებმა სამფეხისათვის - მათი კულტების ბრძოლის სიმბოლოა. კინიკებმა ჰერაკლე წმინდანად შერაცხეს.


ჰერაკლე ლომისტყაოსანი


იაზონმა არ ისურვა დიდების მოცილე გმირის კოლხეთში ჩამოყვანა, მაგრამ ჰერაკლე მაინც ჩამოვიდა, მოკლა არწივი (ბერძნულად "აეტოს") კალაპოტში დააბრუნა მრისხანე მდინარე ფაზისი და იხსნა პრომეთე (თეოკრ. იდილ.).

ჰეროდოტემ საგანგებოდ გაცურა ფინიკიის ტიროსში, რათა ჰერაკლეს ტაძარი ენახა (2, 44). იხილა დიდებული სამლოცველო, ორსვეტიანი, ერთი სუფთა ოქროსი, ხოლო მეორე ზურმუხტისა, ღამეში რომ ციმციმებდა. ტიროსელები მას თვლიდნენ 2, 300 წლის წინ აგებულად.

ჰეროდოტე უარჰყოფს მითს იმის შესახებ, რომ ჰერაკლე ეგვიპტეში სამსხვერპლოზე უნდა აეყვანათ, მაგრამ ბორკილები გაწყვიტა და ხალხი ამოხოცა. ეგვიპტეში წმინდა ცხოველთა გარდა სხვა პირუტყის შეწირვაც კი აკრძალულია და ადამიანს, მით უმეტეს ჰერაკლეს სამსხვერპლოზე დაკვლას როგორ დაუპირებდნენ, ან როგორ გაწყვეტდა იმდენ ხალხს, ის ხომ კაცი იყოო! (2, 45).


ჰერაკლე ლომისტყაოსანი


ჰერაკლეს მეორე ტაძარი კი, თაზოსზე, უფრო ძველია, ჰერაკლეს დაბადებამდე ნაგები, რაც ჰეროდოტეს აზრით, იმის ნიშანია, რომ ჰერაკლე ელინთა ძველი ღმერთია და მას თაყვანს სცემდნენ ორნაირად - როგორც ღმერთს და როგორც ადამიანს.

ჰერაკლე მდიდარია ზედწოდებებით: უბედურების ამცილებელი (ალექსი-კაკოს). ბუზისა და კალიის განმარიდებელი, სახელოვანი, გამარჯვებული (კალინიკოს, ლათ. ვიქტორ), წინამბრძოლი ანუ წინა რიგებში მებრძოლი (პრომაქოს), პალემონი (მოჭიდავე), ბევრის მჭამელი, ტომის მამამთავარი, მუხების წინამძღოლი (მუზაგეტი, აპოლონის საზიარო ზედწოდება), გზათა და მგზავრთა მფარველი (ჰეგემონი), თანვარჯიშის მფარველი, შეუპოვარი (თრაზიმემნონი), უშიშარი (კრატეროფრონი), "ღვთაებრივი (თეიოს), მისანი, წინასწარმეტყველი (მანტისი), დიდი გმირი... მრავალი ეპითეტი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები შველას შესთხოვდნენ. მაგრამ რა გასაკვირია, რომ მოკვდავთა ძენი, მაშვრალნი, ბრძენნი, შველას ჰერაკლეს ევედრებოდნენ, როცა უკვდავნიც ზეცის თაღებში აღძრულ გიგანტებს ვერ ედრებოდნენ - მოკვდავი გმირი მოიშველიეს! ჰერაკლეს კულტი შეიჭრა რომში ძვ.წ. III საუკუნეში, პორტა ტრიგემინა და დიდებულ კელტებშიც კი.


კოლხთა და იბერთა მამა - უკვდავი პრომეთე


ჰერაკლემ გამოსცადა ღმერთთა სიყვარულიცა და სიძულვილიც.


ვინ რა იცის, თუ ჰერაკლე,

ჰერას ძუძუს რადა სწოვდა!

რა მძიმეა შუღლიცა და

სიყვარულიც ცათა სწორთა!


ჰერაკლეს სახელს იფიცებდნენ, როგორც ღმერთისას (ma ton proklea! - არისტოფანე). მისი სახელობისაა თეთრი (ვერცხლისფერი) ჩინარი, ზეთისხილი, ფათალო, თბილის წყაროები. დორიელთა ლომგმირს იონიელებმა დაუპირისპირეს ატიკის გმირი თეზევსი, რომლის ბევრი გმირობა ჰერაკლესას ემსგავსება, მაგრამ მაინც იმდენად ორიგინალურია, რომ არავითარ მიბაძვა-აპიგონობის დანალექს არ ტოვებს.

ჰერაკლეზე ზღვა მასალა შექმნა თვით ანტიკამ: სოფოკლეს "ტრაქინელი ქალები და ფილოქტატე", ევრიპიდეს "გაგიჟებული ჰერაკლე", პავსანიას "ელადის აღწერილობა", ჰეროდოტეს "ისტორია", აპოლონიოს როდოსელის "არგონავტიკა", აპოლოდორეს "ბიბლიოთეკის ცნობები"... ვილამოვიის, ბაიეტის, მ. ნილსონის შრომები და ა.შ.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
158
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
158
  
2021, 5 აგვისტო, 18:43
ჰერაკლე ლომისტყაოსნის მთავარ იარაღს, რომელსაც განუყრელად ატარებდა და რომლითაც ჩაიდინა 12 გმირობა და პარერგა ერქვა "გურზ" - ეს იყო დიდი კომბალი, რომელსაც ბავშვობიდან თან ატარებდა. მეგრულად "გურძ" არის "ძალიან გრძელი", ხოლო "გურზ" - "გაუძელი".
0 1 1