საზოგადოებრივი ჯადოქრობა და უდიდესი კოლხი ჯადოქრები 2020, 6 თებერვალი, 10:59 ჯადოქრობა, მაგია (Magie, ars magica, Zauberei, Magic) - რელიგიებამდელი და მის შემდგომი დამკვიდრებული რწმენა, რაც ზებუნებრივი, მაგიური ძალით საგნებზე და მოვლენებზე ზემოქმედებას ცდილობს და შესაძლებლად თვლის. მაგია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, იმ დროიდან, რაც ადამიანმა ღრმა აზროვნება დაიწყო. ადამიანი ბუნების ძალთა, მოვლენათა, საგანთა ბატონი ხდება, რაც მორწმუნეთა შიშსა და მოწიწებას იწვევს. არჩევენ ჯადოქრობის ორ სახეს: ამხსნელსა და აქტიურს ანუ დივინაციურსა და ოპერატიულს. პირველია მკითხაობა, რითაც მისანი ქალი ან კაცი ხსნის, წინასწარ ჭვრეტს, გამოიცნობს წარსულში თუ მომავალში მომხდარ და მოსახდენ მოვლენებს (მაგ. აკრისიოსს უწინასწარმეტყველებს, რომ შვილიშვილი მოკლავს). მეორე შემთხვევაში ჯადოქარი, მაგი აქტიურად ერევა ბუნების ძალებში, აკეთებს იმას, რაც ზოგჯერ ღმერთებსაც არ შეუძლიათ. ღმერთის და ბუნების დაუხმარებლად აჯადოებს, ცვლის, გარდაქმნის, საერთოდ ზეგავლენას ახდენს ბუნების, საგნის, მოვლენის, ადამიანის ნორმალურ მდგომარეობაზე (მაგ. კოლხი კირკე ჯადოსნური კვერთხით ღორებად აქცევს ადამიანებს; კოლხი მედეა აძინებს დრაკონ ხოლკიკოსს შელოცვით, აბრუებს ტალოსს, რომელიც კლდეებზე ენარცხება და კვდება, ხარშავს ბებერ ცხვარს და აქცევს ბატკნად, მისი მამიდა, კოლხი დედოფალი პასიფაე ამ დროს კრეტაზე აჯადოებს მოღალატე ქმარს - მეფე მინოსს. მინო, იგივე მინოსი იქაურობას აყროლებს და ღუპავს ქალს, რომელიც მასთან წვება, ხოლო პროკრიდა მედეას მეორე მამიდის, კირკეს ბალახის ნახარშს ასმევს მინოსს და ასე გადარჩება სიკვდილს). ჯადოქრობა ძალზე გავრცელებული იყო უძველეს ტომთა შორის, მნიშვნელობა არ ქონდა ეს ხალხები ცივილიზაციის უმაღლეს საფეხურზე იდგნენ, თუ ველური ტომები იყვნენ. მათ ყველას გააჩნდათ მაგიის ცოდნა და რწმენა. აზიაში დახელოვნებული ჯადოქრები ჰყავდათ ინდოელებს, სპარსელებს, ქალდეველებს. მცირე აზიაში ჯადოქრების ქვეყნად ცნობილი იყო ძველი ფრიგია ანუ მუშქეთი (კიბელეს კულტი), კოლხეთი, კოლხ მედეას თვლიან "მსოფლიოს უდიდეს ჯადოქრად", საბერძნეთსა და რომში ჯადოქრებს დიდი ასპარეზი ჰქონდათ. "ოდისეაში" ჯადოქრობის ბევრი მაგალითია: ელენე ჯადოსნურ წვენს ასმევს ტელემაქეს, დარდს ავიწყებს. ეს წვენი ეგვიპტელი ჯადოქრების დამზადებულია. მცენარეთა საიდუმლო რომ იციან და "ყოველი კაცი ექიმია" (4, 220-34). ოდეისევსი რომ ტახმა დაჭრა, ავტოლიკეს შვილებმა შეულოცეს (19, 457-60). კირკემ მოწყვიტა ბალახი "მოლი" და ღორებად ქცეული გმირები ისევ ადამიანებად აქცია. თვით ოდისევსიც ჯადოქრობს (ოდ. 10, 503). სიტყვა "ფარმაკონი" სწორედ ამ პოემაში გვხვდება პირველად. ჯადოქარი ღმერთები: ჰერმესს აქვს "მოლი" და კვერთხი, აფროდიტეს - სარტყელი, ჰომეროსი, თეოკრიტე, აპოლონიოსი, ვერგილიუსი და სხვანი ბევრს მოგვითხრობენ ჯადოქარ ჰეკატეზე, კოლხთა ღამის ხმაურიან ქალღმერთზე, თავისი გველებით, ძაღლებითა და გარდასახვის უნარით რომ აძრწუნებს ყველას. ფრიგიის ღმერთების დედის ქურუმი ბალახებს ხარშავს. ჰეროიკული ჯადოქრობის მაგალითებია ტემესის დემონი, ლაკედემონელი ასტრაბაკოსი, ავგეას ასული აგამედე (ილ. 11, 740), ელენე, კირკე, ჯადოქარ აიეტის ასული მედეა, ჰეკატე, ჰეკატეს მამა - პერსესი, აიეტი, იტ. პიკუსი და ფავნი, აგრეთვე კაბირები, ემპუსა, კერკოპები, კურეტები, ლამიები, ოვიდიუსის ჯადოქარი დემონები (მეტ. 7, 269). ხმის ჯადოქარია ორფეოსი. ჯადოქართა ფართო ასპარეზი იყო აგრეთვე თრაკიაში, თესალიაში, ეტრუსკებში, საბინებში. მაგიის საშუალებანი: ბალახის ნახარში, წვენი, შელოცვა, ფორმულები, წყევლის სიტყვა, ეფესური სიტყვები: ასკი, კატასკიონ, კატასკა და ა.შ. რაც თითქოს ნიშნავდა: სიბნელე, სინათლე, მიწა, მზე, წყალი და ა.შ. ავგაროზების სახით უნდა ეტარებინათ. ანალოგიური რამ რომაელებსაც ჰქონდათ. ჯადო-ბალახები: პოლიონი, მალი, ბერბენა, სკილა, ასფოდელოსი, ძნელად გამოსათხრელი ბალახი (ჰომ. პლინ). მაგიური ქვები, მეტეორიტები, აეროლითები, მისტიკური, მიწაში ნამარხი ფერადი, მრგვალი ქვები; თილისმები, ავგაროზები, ბეჭდები, ჯადო-კვანძები, გვირგვინები, ქამრები, მაგიური ციფრები (7, 99, 12). ანიმისტური მასალა: მგლის კბილი (ძალზე დამახასიათებელი კოლხეთშიც, სვანეთში აკვანზე ჰკიდებდნენ), აფთრის ძვალი (ადამიანისაც: პლინ. 28, 8, 10)... ხალხებს დღემდე სწამთ ავი თვალი, კეთილი სული, ჯადო ჩვარი, შელოცვა, დაფნის ფოთლისა და კვიპაროსის რტოს ჯადოსნური თვისებები, სიყვარულის მოპოვება სასმლით, ბავშვების დაცვა ავგაროზებით, დაკვრის ძალა, მზერით ან ჯადო-ფორმულით გაგიჟება, მოჭკვიანება, თვალთან ხელების ქნევის და ჩაშტერებული მზერის ზეგავლენა, რაც ჰიპნოზური ელემენტებია. ჯადოქრობაში შედის მუსიკით, და სიმღერით ყვავილ-ბატონების დაშოშმინება, მიცვალებულთა გამოწვევის ხელოვნება (ნეკრომანტია, ძლიერ გავრცელებული კოლხეთში), შავი ასსტრობოლით (ქვით) ქალაქთა და ქვეყნების დაპყრობის რწმენა, დემონთა ჯადოქრობა, ღმერთების დაფიცება (რომი, ეტრურია), მათი გამოწვევა, რაც ხდებოდა ლოცვით, მსხვერპლის შეწირვით, მუქარით, ქანდაკთა შემკობით, ჯადო-ჭურჭლით, ფორმულებით, კრეტის ბალახეულით, იბერიული ძვლებით, ეგვიპტური ფრინველებისა თუ ოქროს ბურთის შემწეობით. შამანები, მაგები, საიქიოდან დაბრუნებულნი, მკითხავები, ავგურები, ორაკულები, მისნები - ჯადოქართა მთელი ლეგიონები - მთელი თაობები ლამობდნენ თავის გამოჩენას. ზოგიერთი ილუზიონისტობდა, ხოლო ზოგიერთს დიდი სამეცნიერო ცოდნაც გააჩნდა, თუნდაც შხამ-ქიმიკატების, ქიმიური ნაერთების, მცენარეული წამლების ძალიან კარგი ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რამაც დაუდო კიდეც სათავე ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, სხვა საბუნებისმეტყველო დარგების, თვით მედიცინის განვითარებას. მეცნიერება ჯადოქრობაზე დგას. ათასწლეულთა განმავლობაში მოდიოდა მრავალ ხალხსა და ცივილიზაციაში ეს მტკიცედ გამჯდარი ცოდნა - მაგია. რომში ჯადოქრებს ზოგჯერ ებრძოდნენ, თუმცა ადრიანე თავად უსმენდა უცხო მისნებს. ჯადოქრების სამყარო, როგორც თვალის გადავლებითაც ვხედავთ, ძალზე ძველი, რთული და მრავალფეროვანია. მისი ბოლომდე შესწავლა, უხსოვარი წარსულიდან მომდინარე დიდი ოკულტური ცოდნის ბოლომდე წვდომა მომავლის საქმეა. წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983. კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი მეორე) 6. ნაციზმი 7. ჰიტლერი 8. რელიგია 9. პარანორმალი 10. მეცნიერება 11. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 12. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე670 2-ს მოსწონს
|