x
image
მანჩო 777
''- შუშანა, მე შენ მიყვარხარ!''- როგორ იპოვა მარჩელო მასტროიანმა სიყვარული ძველ თბილისში
იმ დაუვიწყარ საღამოს ირაკლი კვირიკაძემ თბილისში სტუმრად მყოფი მარჩელო მასტროიანი სერგო ფარაჯანოვის სახლში წაიყვანა. მათ თან ახლდათ თარჯიმანი, რადგან დიდმა იტალიელმა მსახიობმა რუსული ენა ცუდად, ქართული კი საერთოდ არ იცოდა. როცა ფარაჯანოვის სახლს მიუახლოვდნენ, სტუმრები გააოცა ჩაბნელებულმა ფანჯრებმა და აბსოლუტურმა სიბნელემ, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ სახლში ცოცხალი სულიერი არავინ არ იყო. ირაკლიმ კარგად იცოდა სერგოს სიურპრიზებისა და ოინების ამბავი, ამიტომ კარებს ხელი ნელა ჰკრა... ის გაიღო. სამეულმა გულის ფანცქალით გადააბიჯა ზღურბლს და ყოყმანით შედგა ფეხი სიბნელეში ჩაძირულ სიცარიელეში.. და ამ დროს ოთახი უცებ გაჩახჩახდა შუქით. მასპინძელი-სერგო ფარაჯანოვი მოუთმენლად ელოდებოდა ძვირფას სტუმარს და უზარმაზარი მდიდრული მაგიდა გაეწყო, რომლის გარშემო ოცდაათამდე სტუმარი (მასპინძლის მეგობრები) შეკრებილიყო. აქ იყო მსახიობი და მომღერალი, მხატვარი და გოგირდის აბანოს მექისე, არქიტექტორი და ოპერის სუფლიორი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" პარტორგანიზაციის მდივანი და ბრილიანტების ვაჭარი, ექიმი და პარიკმახერი...



image



ამ ჯადოსნურ საღამოს იუმორით, ოხუნჯობებითა და მჭევრმეტყველებით ცნობილმა ფარაჯანოვმა თავის თავს გადაამეტა: სახლის კედლები ლამის დაინგრა მხიარული სიცილისაგან. სულ მალე თარჯიმანიც კი აღარ იყო საჭირო-ნიჭი და სიყვარული ხომ ყველა ენაზე გასაგებია. დილის ოთხ საათზე სტუმრები დაიშალნენ. ფარაჯანოვმა თავად იკისრა იტალიელი სტუმრის გაცილება. მარჩელო, სერგო და თარჯიმანი კოტე მესხის ქუჩაზე დაეშვნენ. ერთ-ერთი თბილისური ძველი სახლის დაბალ აივანთან ფარაჯანოვი შეჩერდა. სერგომ იცოდა, რომ ამ სახლში დიდი იტალიელი მსახიობის თაყვანისმცემელი ქალი ცხოვრობდა.
შოუ გრძელდებოდა. ირაკლი კვირიკაძე შემდგომში სიამოვნებით იხსენებდა დიალოგს, რომელიც ორ გენიოსს შორის გაიმართა:


-მარჩელო, აქ შენი სიყვარული ცხოვრობს. ის მთელი ცხოვრება მხოლოდ შენ -მარჩელო მასტროიანს გელოდებოდა, -ეშმაკური ღიმილით მიმართა სერგომ იტალიელს.


–ჩემი სიყვარული? -გაოცდა მასტროიანი.

-დიახ, მას შუშანა ჰქვია და 74 წლისაა. ის ქალწულად დარჩა შენს მოლოდინში.

მარჩელომ შიშით შეხედა სერგოს:

-74 წლის?

- ჰო, 74-ის. ის ისევ შენ გელოდება.. მთელი ცხოვრება გელოდება და შენც მოხვედი.

ფარაჯანოვი უცებ დატრიალდა, სახლის ეზოში პატარა კიბე იპოვა, აივანს მიადგა და ზედ აძვრა. მარჩელო დაჰიპნოზებულივით მიჰყვა მას უკან. მამაკაცები პატარა საძინებელში აღმოჩნდნენ.

მთვარის შუქით განათებულ ოთახში მათ დაინახეს საწოლი, რომელზეც ფუმფულასხეულიან შუშანას ეძინა. მისი ბინის კედლებზე შპალერის ნაცვლად იტალიელი მსახიობის პორტრეტები იყო გაკრული. ამ წუთებში მარჩელოს გაახსენდა უზარმაზარი სარაგინა ფედერიკო ფელინის ფილმიდან "რვანახევარი". რამდენიმე მონეტის საფასურად, რომელსაც კათოლიკური კოლეჯის მოსწავლე ბიჭები აძლევდნენ, ქალი ზღვის სანაპიროზე ცეკვავდა რუმბას თავისი ფაშფაშა სხეულით, მძიმედ არხევდა სავსე თეძოებს და აჩენდა უზარმაზარ უკანალს.

მამაკაცები საწოლს მიუახლოვდნენ, სერგო ქალისკენ დაიხარა და უჩურჩულა: -შუშანა, გაიღვიძე, შენი ოცნება მოვიდა. გაახილე თვალები, პატარავ!

ბებერმა ორასკილოიანმა ქალმა თვალები გაახილა, იცნო ოხუნჯი მეზობელი და უხეშად ჰკითხა:

-ახლა რაღა ჯანდაბა გინდა?

-შუშანა, შენ ვისზე ოცნებობდი მთელი ცხოვრება? მასტროიანი გიყვარს, არა?

- მასტროიანი? დიახ, მიყვარს, მერე შენ რა?

-აი მოგიყვანე, შენი იყოს, - გაბადრული სახით უთხრა სერგომ გაოცებულ ქალს, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე ქეჩოში წაავლო ხელი მარჩელოს და ცხვირი ქალის ფუმფულა მკერდში ჩააყოფინა.

შუშანა დაეჭვდა: - ეს მართლა ნამდვილი მასტროიანია?

მარჩელომ ქალს გაუღიმა. მას მოსწონდა ეს თამაში, თუმცა თავს უხერხულად გრძნობდა... მაინც მოახერხა და შუშანას რუსულად უთხრა:

— Шушанна, я лублу тебе!

შუშანამ შეხედა მამაკაცს და უცებ გააცნობიერა, რომ მის წინ ნამდვილი მარჩელო მასტროიანი იდგა-მამაკაცი, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ცრემლმორეულმა ქალმა მარჩელოს ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა გულაჩუყებული იტალიელი კინოვარსკვლავი.

ფარაჯანოვი საძინებლიდან გამოიპარა, კარები ჩუმად დაკეტა, აივანზე დადგა და შუა საუკუნეების გამომცხადებელივით ხმამაღლა დაიყვირა:

-შუშანა კაზარიანი უბიწოებას ჰკარგავს. მე გაჩვენებთ მის ზეწარს...

საყოველთაო ხარხარში სერგომ ვერც კი შეძლო წინადადების დასრულება. ხმაურზე მეზობლებს გაღვიძებოდათ და სულ მალე მთელი სოლოლაკის უბანი ფეხზე დადგა. ვიწრო ქუჩაზე ნელ-ნელა იკრიბებოდა ხალხი: ზოგს ღვინის ბოთლი ეჭირა ხელში, ზოგს პური და მწვანილი, ზოგსაც ის საჭმელი, რაც კი სახლი მოეპოვებოდათ. სახელდახელოდ გაიშალა სუფრა და ქეიფიც გაგრძელდა.

მიმქრალი მთვარის შუქზე მარჩელო უსმენდა ქართულ მრავალხმიან სიმღერებს, ენობრივი ბარიერის მიუხედავად ცურავდა სახალხო სიყვარულის მორევში და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა. ის ყვიროდა: "ეშმაკსაც წაუღია ყველა ოსკარი. ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს, საცხოვრებლად თბილისში ვრჩები"...


(ირაკლი კვირიკაძის მოგონებებიდან)


3
738
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
738
  
2020, 5 თებერვალი, 10:08
გადასარევი სტატია! ....... მანჩო, ეს დანილენკები და მირასელები სტატიებს იწონებენ მაინც)))
2020, 5 თებერვალი, 2:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 4 თებერვალი, 22:55
რამდეგს გვიყვარდა ეს მარჩელო
0 1 3