x
image
თორ ნიკე
ფაზისი
ფაზისი


ფაზისი, ფასისი (Phasis) ფასიდი, ფასიდოს იყო პელაზგურ-კოლხური ღმერთის - ჰელიოსის და ოკეანიდ ოკიროეს შვილი, კოლხთა წინაპარ კოლხოსის მამა, რომელმაც დედა უზენაესობისთვის მოკლა. პლუტარქე კი ფაზისს მოიხსენიებდა, როგორც მდინარე ფაზისის (რიონის) ღვთაებას. ფაზისი რომ ნამდვილად რიონია ეს არგონავტიკაშიც კარგად ჩანს, სადაც ის აღწერილია, როგორც კოლხეთის დიდი სანაოსნო მდინარე, რომელიც ამარანტის მთებიდან მოედინება, კვიტაისს (ქუთაისს) და კირკეს ველს გაივლის და ლიკოსთან ერთად, შავ ზღვას ერთვის (არგონავტიკა, 2, 401, 506, 1261, 1278; 3, 57, 1220; 4, 124). მდინარე ფაზისი ძველთაგანვე ევროპისა და აზიის გამყოფ საზღვრად ითვლებოდა, მაგალითად ესქილე წერს: "აქაა ფაზისი, ძლევამოსილი საერთო საზღვარი ევროპასა და აზიას შორის" (ესქ. "გათავისუფლებული პრომეთე", 107).


"მთელი მდელობი ძრწოდა ჰეკატეს ფეხქვეშ. ხოლო ნიმფა ჰელეონომაიმ (ჭაობის ნიმფა) და პოტამეიდამ (მდინარის ნიმფა), რომელნიც ბუდობენ ჭაობებში, შეჰკივლეს ამარანტული ფაზისის შიშით." (აპ. როდ. "არგონავტიკა", 3. 1219).

კოლხეთის მეფე აიეტი ამბობს: "დაე ჰელიოსი (მისი მამა და მზე) იყოს მოწმე ჩემი და ფაზისი - ჩვენი მდინარეების მეუფე." (კალიმახუსი. ძვ.წ. მ-3 საუკუნის ბერძენი პოეტი, "აიეტი", ფრაგმენტი 9).



ფილოსტრატე უმცროსი კი, რომელიც ახ.წ. მე-3 საუკუნეში მოღვაწე ბერძენი რიტორი გახლდათ, ამგვარად აღწერს ერთ-ერთი უძველეს ბერძნულ ნახატს: "არგო, რომელსაც მიჰყავს 50 გმირი ზღვაზე, ღუზას ფაზისში უშვებს, მას მერე, რაც გაივლის ბოსფორს და გემთმსხვრეველ კლდეებს. და თქვენ ხედავთ მდინარე ფაზისს თუ როგორ მიქრის თავის ღრმა კალაპოტში. მისი იერი მკაცრია, თმა სქელი, თავად კი ფეხზე წამომართულა, წვერი ჯაგრისივით ხშირი აქვს, თვალები - მოელვარე. წყალუხვი მდინარე მდორედ კი არ მიედინება, როგორც მდინარეებს ჩვეულებრივ სჩვევიათ, არამედ მთელი სხეულით წამსკდარ ნიაღვრად თქრიალებს, რაც ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ დიდი ნაკადით ავსებს იგი პონტოს."


ვალერიუს ფლაკუსი თავის არგონვატიკაში (5. 205) აღწერს თუ როგორ ლოცულობს იასონი კოლხეთის მდინარე-ღმერთისადმი და მიმართავს: "ო, ფაზის, ნაყოფიერი ჯოვეს (იუპიტერის, ზევსის) ნაშობო, არკადიელი ნიმფის თოვლიან მხარეში დაბადებულო, იყოს ნება შენი, მაგრამ გთხოვ, შეაგებე არგოს ნაკადი მდორე და არ მოგაკლდება ჩემს მიწაზე არც საჩუქრები, არც სალოცავნი, აღვმართავ ქანდაკს შენსას. ო, ფაზის, დაე გაგრძელდეს დიდება შენი, მრავალჟამიერ, როგორც დიდებული ენიფეუსი ან მამა მისი ინაქუსი მყოფობენ დიდხანს, ოქროს გამოქვაბულში."


"გააფთრებული სურვილით გამხეცებული ფაზისი მისდევს (ნიმფა) აიას, მის მშობლიურ ბორცვებზე გავლით. გასაჭირში და პანიკაში ჩავარდნილი ქალწული შეშინებული ისვრის ისრებს. ბოლოს კი ქალის ღონე მიილევა ამდენი სირბილით, და ღმერთი (ფაზისი) ძლევს მას და იჭერს მას თავის სწრაფ ტალღებში" (ვალერიუს ფლაკუსი, "არგონავტიკა", 5. 425).


ვარაუდობდნენ, რომ ეს სანაოსნო მდინარე მოსხთა, მესხთა მთებიდან მოედინებოდა, ხოლო ის, რომ კოლხეთის მდინარეა, ამას არავინ უარჰყოფს. ჰერდ. 4, 40; 45, 86; 4. ქალაქი ამ მდინარის შესართავთან, მილეტელთა კოლონია, მერე კოლხთა ქალაქი ფოთი. მარც., ლივ.; ამ მდინარემ მისცა სახელი საქართველოს ფაუნის მშვენებას - ხოხობს. საერთოდ ხოხობს თითქმის ყველა ევროპულ ენაში ფუძედ აქვს ფაზისის სახელი და მოიხსენიებენ, როგორც ფაზანს.


ფაზისი


ფაზისი, უფრო სწორად კი ფასისი, რთული შინაარსისაა და ეტომოლოგიურად რთულად ასახსნელი სიტყვაა. ცნობილი რომაელი ისტორიოგრაფის, წარმოშობით ბერძენის, ამიანუს მარცელინუსის (ახ.წ. 330-400 წწ.) აზრით, ქალაქმა ფაზისმა სახელი მიიღო მდინარისაგან, რაც უდავოდ სწორია, ხოლო მითის ერთი ვერსიით, მდინარეს ეწოდა ჰელიოსისა და ოკიროეს ხსენებული ვაჟის სახელი, რომელიც ამ მდინარეში გადავარდა (პლუტ. ალექსანდრიელი, 5, 1). საყურადღებო მოსაზრებები აქვთ ამ საგანზე ა. ურუშაძეს, რ. გორდეზიანს, მაქსიმე ბერძენიშვილს (ქ. ფაზისის ისტორიისთვის), მ. ჯანაშვილს "ფშანი", მდინარისპირა წყაროს მიხედვით. პ. ინგოროყვას, რომლის დასკვნითაც რამდენიმე სიტყვის საეჭვო ეტიმოლოგიის საფუძველზე არ შეიძლება უდიდესი მნიშვნელობის დასკვნის გამოტანა (გიორგი მერჩულე, 104). აგრეთვე პ. ულსარს (მიაჩნია ადგილობრივ, და არა შემოტანილ სიტყვად, იმოწმებს ქსენოფონტეს, არაქსის სათავესა და კოლხურ ტომს - ფასიანებს ანუ ფასიელებს უკავშირებს).


ლიტერატორ ნ. ცერცვაძეს, პედაგოგ ს. დათეშიძეს, რომელიც თავის სტატიაში საგულისხმო დეტალს გვაწვდის: უზარმაზარი მყინვარის ძირას გამოდის მთის ნაკადი, ნაზვავებ თოვლში იკარგება, მოშორებით ისევ გამოდის და ესაა რიონის სათავე, სადაც აღმართულა ფასის მთა. რიონის ძველი სახელწოდება უდავოდ ამ მთასთანაა დაკავშირებული, ოღონდ მაინც არ იხსნება საკითხი ეს ბერძნული სიტყვაა, თუ ქართული. შესაძლოა ეს იყოს შერწყმული შინაარსისა. ბერძნულად "ფასის" ნიშნავს გამოჩენას, გამოვლენასაც, გამოთქმასაც ზოგადად, მტკიცებასაც, ამბავსაც და რაც უფრო საგულისხმოა, (მზის) ამოსვლა-ამობრწყინებასაც (პლატონი, არისტოტელე). რამდენადაც ყველა მხილველი ამტკიცებს, რომ ფაზის-რიონის სათავესთან ცხრაწყაროს მხარეს, მზის ამოსვლა განსაკუთრებით ლამაზი და დიდებულია, მდინარის სახელწოდების ბერძნულ-ქართული წარმოშობა ნათელი ხდება.


გავიხსენოთ მითი: პრომეთე ეუბნება იოს: "შენ მიადგები იმ მდინარეს, რომელიც ღირსია თავისი სახელისა. ნუ გადახვალ, გადასვლა საშიშია, გაუყევი მაღლა, კავკასიონამდე, რაც ყველა მთაზე მაღალია. ამ მთის თხემიდან გადმოჰქუხს აქაფებული მდინარე". რაც შეეხება ყუბანის, არაქსის და სხვა მდინარეების ფაზისობას, ხელოვნურია და უსაფუძვლო ვარაუდებს წარმოადგენს. ფაზისზე იყო კიბელას ტაძარი. ქალაქი ფაზისი, ძველი ფოთი ნამდვილად არსებობდა, როგორც ნამდვილად არსებობდა ტროა, მეგარა, ტროიძენი, და თუ ერთ დროს მითურად თვლიდნენ, ეს იყო მხოლოდ ცოდნის ნაკლებობის შედეგი. ჰეს., ნინდ., ესქ., სოფ., ვერგ., ოვ. პროპერც.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
321
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0