პოეზია პოემა "დავით აღმაშენებელი" - ნაწილი V 2020, 12 იანვარი, 6:28 . .
დავითის ბავშვობა. 1073-1089 წლები. გიორგი II-ის მეფობა (1072-1089). . ჭყონდიდელის სამეფო შეგონებანი
. გამეფებისას, დავითის მამას, გიორგი მეფეს, მთლად აუმხედრდა ერისთავი და მისი სეფე, ბაღუაში იყო იოვანე, ლიპარიტის ძე, ცუდად შეერგო დედისა და დიდი ძიძის რძე.
ჯარი იახლა, წამოშალა კახი და ჰერი, ქსანზე გამაგრდა, მეფისაკენ მუქარის მჟღერი, აქეთ სვანები აამხედრა, ერისთავ ვარდან, სარბევად ზურგად გაიყოლა საეგროს კართან.
მთლად გადაბუგა, გადაძარცვა მეგრელთა არე, ხალხი ატირა, გაუთენა დღეები მწარე, ქუაბულისძემან ნიანიამ ყველას აჯობა, გაუგონარი ჩაიდინა, უცხო ქაჯობა.
დედაქალაქი ქუთაისი აიკლო ომით, შიგვე ჩასახლდა სახლეულით, გვარით და ტომით, მეფის ხაზინა მიითვისა, როგორც კუთვნილი, ლამის გვირგვინის მოერია მადა-სურვილი.
მოჭრა გიორგიმ, დაამარცხა, ყველა ალაგმა, - დეე ისმინოს სოფელმა და ყველა ქალაქმა, დამნაშავეთა ერისთავთა არა ვარ მტერი, სურვილი მახრჩობს, შევარიგო ერი და ბერი!
ბაღუაშს ივანეს შერიგების მადლით და ძალით, ვჩუქნი სამშვილდეს სიყვარულით და გულით ცალით, მის ძეს, ლიპარიტს, მოკრძალებულ დაბას ლოწობანს, ეს საჩუქრები, ვიმედოვნებ, ხელს სისხლს ჩამობანს.
ნიანიასთვის მემეტება ქორ-ბუდე თმოგვი, მისი სოფლებით, ხალხითა და მოხელე-"მოგვით", სვანთა ერისთავ ვარდანს ვუძღვნი ასკალანს ციხეს, მისი შემყურე მტერი უკან უომრად იხევს.
ასე აყუჩა, ჩააყუჩა მეფემ ქართველი, გეგუთს დანათის ბახუსის და ლხინის ნათელი, მეფემ შეკრიბა, ერთად დასვა მტრული გულები, ტახტის ერთგულნი, მოსისხარნი და ორგულები.
გადაიქუხა კვირიანმა გეგუთის თავზე, ქვევრების დაცლამ, ბახუსობამ ტივზე და ნავზე, მობოდიშებამ, სიმთვრალეში ფიცმა და გულმა, სადღეგრძელომან! დადაგულმან! კრულმან! მამულმან!
და როცა მთელი მძვინვარება შუღლის და ბოღმის, ღვინოში მოკლეს, იდღეგრძელეს ჯიშის და მოდგმის, ყველა პაპა და პაპის პაპა ყანწით ახსენეს, ურთიერთს სისხლით ერთტომობა კვლავ შეახსენეს... . მერე გიორგი ჭყონდიდელი დავითს უხსნიდა, რომ ასე მართვა ამოაგდებს ქართველს გუთნიდან, ყველა აზნაურს მოუნდება შფოთი და ავი, ბევრი უღონოდ გაგორდება მკლავი და თავი.
მეფეს უხდება სიმკაცრე და მართალი ნება, სამართლიანი აზროვნება, მგელის გონება, ეგ ნიანია, ეგ ივანე და სვანი ვარდან ბორკილგაყრლნი უნდა იდგნენ დილეგის კართან.
ქვეყნის აწეწვა ღალატია აუტანელი, მისი ჩამდენი - მოღალატე, გაუტანელი! შენს სავალ გზაზე ასეთები უხვად იქნება, სიმკაცრე გმართებს, ყველა გულის ფიქრის მიგნება...
წვრთნიდა სამეფოდ, ასწავლიდა ზეცაში ფრენას, ღვთისმეტყველებებს, სხვა სწავლებებს, ხალხების ენას, ათონში იდგა, ივერონში ქართული სული, მთაწმინდელების დახვეწილი, სიბრძნის მამული.
დიდი თურქობა მძვინვარებდა დავითის თვალწინ, უბედურება ვერ ილევდა დროსა და მანძილს. მისი ბავშვობის დროს დაემთხვა აკლება ქართვლის, ძროხის სადგომად გადაქცევა საუფლო სახლის.
წინ იდო რბილი და შემწყალე მამის ზეობა, სადაც ღირსება დაეკარგა ხალხს და ზნეობა, უკვე კაცობდა, ვაჟკაცობდა ჯერ კიდევ ბავშვი, თავს დაჰგალობდა ერწუხის და დიდგორის შაშვი...
. მეხუთე ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება... ავტორი: გურამ ქართველიშვილიიხილეთ: პოემის I ნაწილი; II ნაწილი; III ნაწილი; IV ნაწილი; . კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. საქართველო5. საქართველო (ნაწ. II)6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. რელიგია9. პარანორმალი10. მეცნიერება11. მეცნიერება (ნაწ. II)12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე148 1-ს მოსწონს
|