x
image
თორ ნიკე
პოემა "დავით აღმაშენებელი" - ნაწილი III

პოემა "დავით აღმაშენებელი" - ნაწილი III

.

.

.

დრო დავითამდე

.

პირველი შემოსევა - ახალქალაქი: "შევიდეს ქალაქად თურქნი და ტყუე ყვნეს ურიცხუნი სულნი ქრისტიანეთანი, აღიღეს განძი, და შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა." მატიანე.

"არათუ ახალქალაქისა მმკუიდრნი მოისრნეს, არამედ დიდ-დიდნი და წარჩინებულნი მთავარნი და ერისთავნი სამეფოსა ჩუენისანი ძუირ-ძუირად მოისრნეს და წარწყმიდეს, რომლისა მიერ ღვთის მსახური მეფე ბაგრატ დიდთა მწუხარებათა შთავარდა." გიორგი მთაწმინდელი.

...........

.

ათასსამოცდაოთხი, ურდო ქართვლისკენ მიქრის,

ახალქალაქი გზაზე, პირდაპირ ცეცხლის ხაზზე,

უკვე აყარეს ხიდი, დრო აღარაა ფიქრის,


სიკვდილს დავუდგეთ კვალზე, ხელი დავიდოთ ხმალზე.


პატარაა თუ დიდი, ნათელია თუ ბინდი,

წყალზე ავყაროთ ხიდი, მიდით, ვაჟებო მიდით!

არ შემოვუშვათ მტერი, არ შევარჩინოთ ღერი,

არ მივცეთ ხელში სელჩუკს, ჩვენი სახლი და ჭერი!


იარაღში ზის ყველა, მთავარი, მღვდელი, გლეხი,

მჭედელი რკინის რვალის, ბრძოლაში ელვა-მეხი,

უთვალავია ურდო, დალესილი აქვს კბილი,

წინა აზია ფეხქვეშ ამოდებული წილი.


მოაქვთ კედლების მჭრელი, ლოდსატყორცნების ჯარი,

მიჯრით მოუდით მწკრივი, მხარი და ისევ მხარი,

სამხრით მოადგნენ ქალაქს, აუგუგუნეს ზეცა,

ქალაქი სელჩუკს ზვერავს, ლამის გადიქცეს მხეცად.


ქალაქი არის მტკიცე, წყალზე არაა ხიდი,

მომხდურ-დამხვდურის ფიქრში ცაზე ჩამოწვა ბინდი,

ალფ-არსლან იშლის კარავს, ხალხთან თათბირობს ღამე,

სულთანს ეჭვები ახლავს, არ გამოტოვოს რამე,


გურჯისტანია იცის, ხმალზე ნაცადი მგელი,

ვერ დაუდგება ხმალზე არაბია თუ ელი,

უნდა იფიქროს კარგად, წყალზე ააგოს ხიდი,

მიუახლოვდეს ქალაქს, თავს დაატეხოს დიდი


ლოდსარტყორცნების სეტყვა, ცეცხლი, ისარი, შუბი,

შებმა არა ღირს ხმალზე, ხელჩართული და ჩხუბი,

რკინაზე დაზრდილ გურჯებს, შორით ვესროლოთ ლოდი,

მათგან მოგვიდის წყევლა და სისხლის სუნი მოგვდის.


დილა გათენდა ქუფრი, წყალზე ხიდები გადეს,

კედლების გასწვრივ ყველგან, ლოდსატყორცნები დადგეს,

ჯარად დაუდგნენ უკან, ხმალი შემართეს მშვიდად,

არ ეშინია გურჯის, დარდი არა აქვთ დიდად.


ქართველებს მეხი ელით, ქვების მერეხი ციდან,

ერთად წამოვა ყველა, გრანიტია თუ წიდა,

ფარები ადევთ თავზე, სარდაფში უზით შვილი,

ქალის, მოხუცის არის ყველა ჯურღმულის წილი.


აჰა, დაიწყო სეტყვა, იმსხვრევა თავი, ძვალი,

ცალად აგდია ფეხი და ხელი იქვე ცალი,

- ასე დათმენა გაგვწყვეტს! ერისმთავარი ყვირის,

მრავალი ომის მომსწრე, ათასი რბევა-ჭირის.


ხმალი იშიშვლა თავად, ქალაქის გახსნა კარი,

შეტევაზე ქნა პირი, თან გაიყოლა ჯარი,

მახვილზე დაზრდილ მესხებს, ხელთ ჩაუვარდათ ომი,

მკვირცხლად აჩეხეს მტერი, სისხლით მოზილეს ცომი.


სულთანი გაღმა იდგა, თვალით უყურა ამას,

სიმწარეს ვეღარ ძლევდა, ლოცვად იტყოდა ნამაზს,

აყარა მთელი ურდო, თვითონ გავიდა ხიდზე,

კაცის მჭამელი ვინც ჰყავს, ყველა ფეხდაფეხ მისდევს,


სისხლით გამაძღარ გურჯებს თვითონვე მოსდო ხმალი,

დაატრიალა ბძოლის შეძახილი და ალი,

ქალაქში შეჰყვა მთავარს, სისხლით გაავსო ქუჩა,

მესხების ნაჩეხ ცხედრებს ბოლო აღარსად უჩანს.


ერთზე მივიდა ასი, გადაჩეხეს და ჩაკლეს,

სისხლი ადინეს მესხებს, მათთა მოძმეთა ამკლეს,

მთავარი მოკვდა უხმოდ, ხელში ნაომი ხმალით,

ამოიბუგა მისი ძირი, ოჯახი, კვალი.


შეფიქრიანდა არსლან, გაუნახევრდა ჯარი,

ვერ ამოუღო ქალაქს მათი საფასი ჯავრი,

"ამათთან ომი არ ღირს, კიდევ მჭირდება ძალა,

თან ბიზანტია ზურგში, კლანჭებს აღარა მალავს."


წიგნი მისწერა ბაგრატს, დისწული ცოლად სთხოვა,

- წყენა განვაგდოთ გარზე, მშვიდობა თვითონ მოვა,

ბაგრატ მუხვდა შიშებს ახალქალაქთან განცდილს,

წიგნი მისწერა მანაც, სულთანს, მაჰმადის ნაწილს.


თანხმობა იყო დასტურ, არსლან გაბრუნდა უკან,

ტაშირ ძორაკერტ მეფე ამის გამგონე ცმუკავს,

ბაგრატის დაის წული, მისი ძმისწულიც არის,

სამშვილდის ბატონს არ სურს მაჰმადიანი ქმარი.


ლომებრ აყეფდა ბაგრატ, აღმაშენებლის პაპა,

სამშვილდეს მოდგა ჯარით, ურჩი ხოცა და კაფა,

ძორაკერტ-კვირიკ მეფის მამული იგდო თვისად,

შეპირებული ქალი სულთანს დროულად მისცა.


ამაზე ცოტა ადრე, მისი ასული მართა,

იმპერატორის ცოლი ბიზანტიაში გახდა,

სისხლი დიოდა ყველგან, ანატოლია ჰყეფდა,

ემზადებოდა ქართვლი ისევ შემოსვლად მტერთა...

.

.

მესამე ნაწილის დასასრული.

გაგრძელება იქნება...


ავტორი: გურამ ქართველიშვილი


იხილეთ: პოემის I ნაწილი; II ნაწილი.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწ. II)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწ. II)

12. ქართული მითოლოგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0