x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ბოსლობა - წარმართული ქართული დღესასწაული
ბოსლობა - წარმართული ქართული დღესასწაული


სვანურად ბოსლობას ასევე ეწოდება ბემღუ, ლიღმესარი. ბოსლობის დღესასწაული ეძღვნება ნაყოფიერებისა და გამრავლების ღვთაება ბოსლეს, რომელსაც ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ საქონლის ანგელოზსაც უწოდებდნენ, ვინაიდან საქონელს მფარველობდა ყველაზე მეტად. სწორედ ამ ღვთაების სახელზე დაერქვა მთელ საქართველოში, საქონლის სადგომს - ბოსელი. მისი კულტი უძველეს დროში გავრცელებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ყველა რეგიონში, მაგრამ ბოლო დრომდე მხოლოდ დასავლეთ საქართველოში შემორჩა უმეტესად კი მთიან სვანეთში, სადაც დღეობათა უმეტესობა დაკავშირებულია წარმართულ რწმენასა და მითურ წარმოდგენებთან და ასევე შემორჩენილია რაჭა-ლეჩხუმში. სწორედ ბოსელში სრულდებოდა ბოსლობის მთავარი რიტუალები. ამ რიტუალთა მიზანი არა მხოლოდ საქონლის გამრავლება და ჯანმრთელობა იყო, არამედ საერთოდ შინაური ფრინველის, მარცვლეულის, ღვინის მოსავლის ყანა-ვენახების დაცვა უამინდობაში, დაცვა სხვადასხვა მავნებელთაგან, რომელიც აფუჭებს მოსავალს, ან მხეცთაგან, რომლებიც იტაცებს ნადირ-ფრინველს და ჭამს. ბოსლობა მოძრავი სახალხო დღესასწაული იყო, მაგრამ ყოველთვის აღინიშნებოდა იანვარ-თებერვალში.


ბოსლობა - წარმართული ქართული დღესასწაული


ქვემო რაჭაში სადღესასწაულოდ მეტწილად ლობიოსგულიან სამ "განატეხს" ანუ სარიტუალო პურს აცხობდნენ. ერთს ძროხებისთვის, მეორეს ხარებისთვის და მესამეს "ვენახის მისალოცავად". გამოცხობის წინ "ძროხების განატეხზე" აწებებდნენ ცომისგან გაკეთებულ ჯიქანს, "ხარის განატეხზე" სახვნელისა და უღლის გამოსახულებას, ხოლო "ვენახის მისალოცავ განატეხზე" ცომითვე აწებებდნენ მტევნებიანი ვაზის ფორმის გამოსახულებას. შეღამებისას, ძროხისა და ხარის განატეხები ერთი ხელადა ღვინო და ანთებული სანთლები ბოსელში, საქონლის სადგომში შეჰქონდათ, სადაც ოჯახის უფროსი ხარსა და ძროხას შუბლზე სანთლით თმას ოდნავ შეუტრუსავდა, ტანზე კვერცხს გადაუსვამდა, ხოლო ბოსელში შეკრებილი ოჯახის სხვა წევრები ჭიქა ღვინოს შესვამდნენ და საქონელს დალოცავდნენ.



წყარო: 1. აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983; 2. ა. სოხაძე. "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია". 1977 წ.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
356
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0