საზოგადოება დედოფლისწყაროს ბიბლიოთეკაში კონფერენცია „ყველაფერი ფიროსმანზე“ გაიმართა 2019, 27 ოქტომბერი, 10:17 დედოფლისწყაროს მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინფორმაციის დღის ფარგლებში კონფერენცია „ყველაფერი ფიროსმანზე“ გაიმართა. ღონისძიებაზე, სამკითხველო დარბაზსა და ფოიეში გამოფენილი იყო დედოფლისწყაროს ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლის მანანა ინაშვილის მიერ ფიროსმანის თემაზე შექმნილი ნახატებისა და ნამუშევრების გამოფენა. ფიროსმანს თავისი წილი „ხარკი“ გადაუხადეს მისმა თანამემამულე ჩვენი დროის პოეტებმაც. უზომოდ ლამაზი ლექსები მიუძღვნეს მას თამარ ნასრაშვილმა, ჯუმბერ უთრუთაშვილმა, თამაზ წიკლაურმა, ზიზო ბურდულმა, ნატო ყატაშვილმა, ზაურ გონაშვილმა და სხვებმა. შეხვედრა ერთ-ერთმა მათგანმა ლევან ალავერდაშვილმა დაამშვენა და მხატვრულად წაიკითხა თავისი მშვენიერი ლექსი „ლოთი მხატვარი“. აქვე თემის ავტორმა თინათინ ელაშვილმა დამსწრეთ გააცნო ჩვენი რაიონის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვრის, ამქვეყნიდან უდროოდ წასული ნიჭიერი კაცის, ხვთისო ბიკაშვილის ნიკალასადმი მიძღვნილი ლექსი „შემეჯიბრეთ, ქართველებო!“. ღონისძიება შეაფასეს დედოფლისწყაროს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ თამაზაშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორმა ილია მარტყოფლიშვილმა და რესურსცენტრის დირექტორმა ეთერ ზურიკაშვილმა. მათ მადლობა გადაუხადეს ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს და მომხსენებლებს გაწეული სამუშაოსთვის და საინტერესო თემების წარმოდგენისთვის. ილია მარტყოფლიშვილმა საზოგადოება 10 ნოემბერს, სოფელ მირზაანში, ფიროსმანობის ტრადიციულ სახალხო ღონისძიებაზე მიიწვია. 10 შეფასება არ არის
|