``ექვსი თვე გავიდა, როგორც იქნა, გავბედე და შენს ჩანაწერებს ვათვალიერებ… ექვსი თვე დამჭირდა, რომ შენს ნივთებს შევეხო, სურათებში შეგხედო. ვიდეო ჩანაწერებს ჯერ ვერ ვეკარები, შენი ხმის გაგონება აუტანელ ტანჯვას მაყენებს… სიმართლე რომ ითქვას, ჯერაც არ ვარ მზად ამ ყველაფრისთვის, მაგრამ დაგვიანება არ შეიძლება…
მალე შენი დაბადების დღეა, უსაჩუქროდ არასოდეს დამიტოვებიხარ… ჩოხში უნდა წამეყვანე შენს პოეტებთან ერთად, გუდამაყარში, ძალიან გიყვარდა გოდერძი… ალბათ როგორი საღამო გამოვიდოდა… მაგრამ იძულებული ვარ, საჩუქრად ეს მცირე ნოველა თუ უკანასკნელი მოგონება გამოგიგზავნო… უსასრულობაში…
28. 09. 2018. ბორჯომში ვიყავით, სასტუმროში. სახლიდან შემატყობინეს, რომ ანას დილით შეტევა დაეწყო, ძვლები ასტკივდა და სასწრაფო გამოვიძახეთო. შევშინდი, გერმანიის კლინიკაში ორი კვირის შემდეგ ვიყავით ჩაწერილები. ვიფიქრე, არ დაგვაგვიანდეს, პირველ ქიმიას თბილისში გავუკეთებ, ექიმს დავურეკე შესათანხმებლად და მისგან გავიგე სიმართლე.
თავზარი დამეცა, თითქოს მზე დაბნელდა, ცუდად გავხდი, სხვა რამ ვიცოდი, ამას არანაირად არ ველოდი. “ხომ არ გეშლებათ, ერთი კვირის წინ იყო თქვენთან და სერიოზული არაფერი აღმოაჩნდა”. “ავადმყოფს პირდაპირ არ ეუბნებიან, მამამისს ველაპარაკე, თუ სასწაული მოხდება, ხუთი წელი იცოცხლებს, თუ არა – რამდენიმე თვე”.
სხეული გამეყინა, გონება გამეთიშა, გული გამიჩერდა. ვეღარ ვსუნთქავ, მძღოლს კონიაკი აქვს, ცოტას მშველის. ტურისტები ბორჯომშივე მივატოვე. შემკვეთ კომპანიას ვამცნე, რაც მჭირდა. სტუმრები სხვა გიდს გადააბარეს.
გზა თბილისამდე უსაშველოდ დაგრძელდა. ვეღარ ვაზროვნებ. ვურეკავ:
– როგორ ხარ?
– ნორმალურად, რა გჭირს, როგორი ხმა გაქვს?
– ნორმალურად?… და მივხვდი, რომ მან არ იცოდა სიმართლე.
ტკივილმა გული გამიჩერა. ნუთუ?.. წარმოდგენაც არ მინდა… ხუთი წელი ხელში მეჭირა, იმიტომ, რომ ასე შემპირდნენ ქართველი ექიმები. მერე კი ახალ წამალს ან მეთოდს გამოიგონებენ… თავსაც ვაჯერებდი და ყველას… ყველა მეთანხმებოდა და მეც გულწრფელად მჯეროდა.
“საუკეთესო შემთხვევაში, თუ ძალიან გაუმართლებს ხუთი წელი”… ჩემმა გონებამ ყოველგვარი “თუ” მოიშორა და მხოლოდ იმას ჩაეჭიდა, რაც განწირულის მაშველ ხავსს უფრო ფესვმაგარს გახდიდა…
ათათურქის აეროპორტიდან ორი საათია მოვდივართ. სუსტადაა, ხან სძინავს, ხან დაღლილი სახით იყურება. პირველად ვნახეთ დიდი ქალაქი, ფართო თვალებით უცქერს გარემოს, როგორც იქნა, ნატვრა აიხდინა. “შენთან ერთად… სადმე დიდ ქალაქში, რამდენიმე დღით… მოწყვეტილი ყოველდღიურობას… ერთხელ მაინც…” და აი, ის “ერთხელ მაინც”… მაგრამ მეორედ?..
მარი… შუამავალი ჩვენსა და დიდ ქვეყანას შორის, ექიმის თანაშემწე.
– აქ სასწაულები ხდება, საიმედო ხელში ხართ, ასობით განწირული მოსულა, გადარჩენილან”, – იმედებით გვავსებს და სულს გვითბობს. ბაზარი მიგვასწავლეს, დაკიდებული აღმართის ბოლოს, ამოსვლა ძალიან გაუჭირდა, ყოველი წუთის ბოლოს ისვენებს, სასტუმროში უნდა, ვაგულიანებ… ცოტაც და მივალთ… და მე შემიპყრო სასოწარკვეთილებამ… ნუთუ ეს… ჩემი ცოლი, ჩემზე ხუთი წლით პატარა, გუშინ სიცოცხლით სავსე, ცელქი, თავნება და მეტიჩარა… დღეს დაღლილი და გამოფიტული, მძიმე ნაბიჯებით, სევდიანი, დიდრონი თვალებით სადღაც სამყაროს გაღმა მომზირალი…
იმ ღამით შეტევა დაეწყო, ფეხზე ვეღარ დგებოდა. ეს იყო კულმინაცია. უკვე განძრევაც აღარ შეეძლო, ვეღარც წვებოდა, იყო გაშეშებული, ძლივს, დიდი გაჭირვებით ავაყენე, ტანს ვეღარ იჭერდა, ნაბიჯს ვეღრ დგამდა, ძვლები საშინლად სტკიოდა, სუნთქვა გაუჭირდა.
დიდი წამების ფასად ისევ ლოგინამდე მივიყვანე და დავაწვინე, ოდნავ გაუარა და მაშინვე მკვდარივით ჩაეძინა… ხუთი წელი? სად არის ხუთი წელი? ან თუ არის, ნუთუ ასეთ წვალებაში… სიმწრის ოფლი მასხამს, როგორ დავიძინო…
მეორე დღეს ექიმმა მიგვიღო. გასინჯა, ისტორიას გადახედა. ერთი ნერვიც არ უტოკავს სახეზე. დავაკვირდი, გონება დავძაბე. თუ იმედი აღარაა, აუცილებლად შევამჩნევ. ვერ შევამჩნიე, ესე იგი ყველაფერი კარგადაა. საოცრად არის ადამიანის ტვინი მოწყობილი. განწირულობის ჟამს იგი ვერ იტანს უიმედობას, ყველაფერში მხოლოდ დადებითს ხედავს. კლინიკაში ტკივილი ქრება და სხეული იმედით ივსება. ახლის მოლოდინი… რას გვეტყვიან? გონების სიჯიუტეს და თავხედობას საზღვარი არ აქვს… ის საშინელი ღამე თითქოს არ იყო. რას გვეტყვიან?
და გადაღების შემდეგ მითხრა მარიმ…
– ხუთი წელი?
– არა.
– ორი წელი?
– არა, არა. ძალიან დაგვიანებულია… სიკვდილს, რომელიც სასთუმალთან გვეჯდა, თავისი სახელი ერქვა – ადენოკარზინომა… მეოთხე სტადიის დასასრული… იღებს ტელეფონს და მაჩვენებს ვიდეოგამოსახულებას, ეკრანზე ტრიალებს კაფანდარა სხეული, შავი ღრუბლებით დაფარული.
– ეს ღრუბლები?
– მეტასტაზები… ყველა ნერვი, ყველა ძვალი, ყველა უჯრედი დაფარულია, არანაირი გამოსავალი… მაგრამ… ათასში ერთხელ ხდება სასწაული და ამ სასწაულისთვის ერთადერთი და ბოლო იმედი არის ავადმყოფის ფსიქოლოგია, მებრძოლი და იმედით სავსე…
და მივიღე დავალება, უნდა ვამცნო, რომ ყველაფერი კარგადაა, სერიოზული არ აღმოჩნდა, უმნიშვნელოა, კეთილთვისებიანი, იოლად ექვემდებარება მკურნალობას… და მე გადავიქეცი სხვა ადამიანად… ვიცინოდი, როცა ცრემლი მახრჩობდა… ვხუმრობდი, როცა სიკვდილი მინდოდა… ვაიმედებდი, როცა ჩემთვის ბოლო იმედიც მკვდარი იყო… და მისი თვალები… დიდრონი, იმედით სავსენი, გაღიმებულნი, გაცისკროვნებულნი… და მე ვატყუებდი… უსინდისოდ… მაგრამ ეს იყო დავალება, რომელიც უნდა შემესრულებინა, რადგან არსებობდა “სასწაული”… და ბოლო ღამე ერთად…
ღამე თეთრდება… ვეღარ სუნთქავს… განუწყვეტლივ წყლის მისხურებას ითხოვს, აივნისკენ მიიწევს… ჰაერი… წუთითაც ვერ ძლებს სავარძელში, ისევ საწოლს უბრუნდება. საწოლი… სიკვდილის სარეცელი… უკვე ვხვდები, რომ იმედიც კვდება… ყოველ წუთს შეკითხვა – რომელი საათია, აღარ თენდება, ვატყუებ, ორი საათით წინ ვწევ დროს… ვეღარ სუნთქავს, ვეღარ ლაპარაკობს… ფეხები ეყინება… ვუთბობ, წყალს ვასხურებ, აივანზე გამყავს, წამალს ვაწვდი. ტკივილ გამაყუჩებელს? სუნთქვის დასარეგულებელს? აღარ ვიცი, ამაოა ეს ყველაფერი… რაღაცას ვეუბნები, ვეღარ ვაზროვნებ, ვეღარ ვჯდები, ვეღარც ვდგები, აღარ თენდება…
და არ ვიცოდი მთავარი… გული… უჰაერობისაგან გადაღლილი და არაქათ გამოცლილი გული… ანას გული… თითო საათის გასვლა დღესასწაულია. ვიცი, რომ კლინიკაში უკეთ იქნება. ექიმის დანახვა სასწაულებრივ მოქმედებს, ტკივილი ქრება, ხოლო როცა ბალონს მოაშორებენ, ტკივილი გაქრება, ვინ გვითხრა, რამ დაგვარწმუნა, არ ვიცით, მაგრამ გვჯერა.
როგორც იქნა, კლინიკაში ვართ, აპარატი მოხსნილია, ტკივილი მიყუჩებული. ვდგები და წამოდგომაში ვეხმარები. სულ მალე დანაყრდება, მოღონიერდება და ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ექიმი ხელით გვანიშნებს, ისევ ვჯდებით… მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ იწყებოდა დასასრულის დასაწყისი… ერთად ვეღარასოდეს გავივლიდით… ბოლომდე მქონდა სასწაულის იმედი…
სუნთქვის უკმარისობა, ჩათრეულია გული… კარდიოგრამა… შევდივართ რეამინაციაში… დარჩენილია სიცოცხლის რამდენიმე საათი… და მისი ბოლო შემოხედვა, ბოლო გაღიმება, დაღლილი, არაამქვეყნიური…
– დღეს აღარ გაგაწვალებ, კარგად გამოიძინე და დაისვენე, ხვალ ძველ სტამბოლში მივდივართ, მთელი დღე უნდა ვიაროთ… რაღაცას მაჩეჩებენ ხელში, ჩავიხედე და გული გამეყინა … ტანისამოსი… ნუთუ აღარ დასჭირდება… შეკითხვის თავი აღარა მაქვს, სასტუმროში მივდივარ… ვუყურებ რაღაც ფილმებს უაზროდ, როდის მძინავს და როდის მღვიძავს, ვეღარ ვიგებ, ძილბურანში ჩამესმის ტელეფონის ხმა, გათენებულა, შეტყობინება: “კლინიკაში მოდი, გელოდები, მარი”…
ქუჩაში ვიღაც მიყვირის, მგონი, მანქანას გადავუჭერი გზა, ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევ… ოღონდ არა ის, რისი წარმოდგენაც გულს მიყინავს და ფეხებს მკვეთს, ოღონდ ცოცხალი დამხვდეს და ერთად შეუძლებელს შევძლებთ, მიეჯაჭვოს სავარძელს, თუნდაც საწოლს, თუნდაც აპარატს, ოღონდ სუნთქავდეს, ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი დალაგდება, ოღონდ ახლა სუნთქავდეს, ღმერთო, რამდენი რამე დამრჩა მისთვის სათქმელი…
კლინიკაში შევედი, მორიგე ექიმი ვიცანი, თვალს მარიდებს, უკვე ყველაფერი ნათელია, მარი ლიფტთან მელოდება.
– მე არაფერი ვიცი… მეუბნება, მაგრამ ვატყობ, ცრემლებს ვეღარ იკავებს, რეამინაციის კარი იღება და ექიმი გამოდის…
– გული გაუჩერდა… ორმოცი წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, აღედგინათ გულის მუშაობა, მაგრამ ვერაფერი უშველეს…
ათათურქის აეროპორტი, ილუმინატორიდან გავყურებ სტამბოლს, თვითმფრინავი მაღლა მიიწევს, ტვინის ყველა უჯრედი გათიშულია… ანგარიშმიუცემლად, მექანიკურად ვითვლი ყველაფერს, რასაც ვხედავ, ვითვლი სავარძლებს, ადამიანებს… დავითვლი და მეყსეულად მავიწყდება… თავიდან ვიწყებ… თითქოს ამისთვის ჩამოვედი ამხელა გზაზე, რომ ყველაფერი დავითვალო, რაც თვითმფრინავშია, თითქოს ეს არის ჩემი უმაღლესი დანიშნულება…
ჩვენ ისევ ერთად ვართ, შინ ვბრუნდებით, ოღონდ ჩემ გვერდით აღარ ზის და ხელს ხელზე აღარ მადებს, ის არის სადღაც ქვემოთ, საბარგულში… ალბათ ჯერ ისევ თბილი… ტვინს მეტის ზიდვა აღარ ძალუძს, ალბათ სჯობს, ისევ ადამიანები ითვალოს, შემოდიან ჯგუფ-ჯგუფად, გაღიმებულნი, გადაღლილნი, სახლებისკენ მიეჩქარებათ…``