სხვა ისტორია ფერებით - ავთანდილ ვაშაძის ახალი წამოწყება 2019, 10 ოქტომბერი, 15:04 2019 წელს გამოჩნდა ახალი ფეისბუქ-გვერდი ახალი წამოწყებით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უახლეს ისტორიაში (მას შემდეგ, რაც ფოტოაპარატი იქნა გამოგონებული) ამ ქვეყნის საუკეთესო შვილების, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, პოეტების, მეცნიერების, ისტორიკოსების და ეროვნული გმირების დღემდე შავ-თეთრ ფოტოებს ახალი სიცოცხლე შესძინოს, პოპულარიზაცია გაუწიოს და უფრო გაალამაზოს ჩვენი ისტორია. წარმოგიდგენთ ავთანდილ ვაშაძის ნამუშევრებს: 1) გალაკტიონ ტაბიძე (1892-1959) - პოეტების მეფე 2) მიხეილ ჯავახიშვილი (1880-1937) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, შესანიშავი მწერალი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თაოსანი. კაცი, რომელიც არ იყო კვაჭი კვაჭანტირაძე, არც თეიმურაზ ხევისთავი იყო და არც ჯაყო. აი, არსენა კი იყო, ალბათ საკმარისზე მეტადაც და სწორედ ეს არ აპატია ბერიამ. ტკივილი, სახელად - მიხეილ ჯავახიშვილი. 3) აკაკი წერეთელი (1840-1915) - დიდებული ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ლიდერი. საქართველოში პირველი ფილმის ავტორი. გალაკტიონი წერდა მისი გარდაცვალების შემდეგ: "მზის სხივებით განათბობი ვარდი როდი ჭკნება, თუ თანდათან ახლოვდება გაზაფხულის გრძნება. იადონი როცა ყვავილს ნანას ეუბნება, როდი ახსოვს სიცოცხლისა და სიკვდილის ცნება... ნეტავი მას, ვინაც იცის ქვეყნის ზნე და ფასი, მწარედ აღარ ეჩვენება მას სიცოცხლის თასი. და იგი კი, ვინც ყოფნისთვის შვების ცრემლი ღვარა, უკვდავია.. და აკაკიც არ მომკვდარა, არა." 4) ქაქუცა ჩოლოყაშვილი (1888-1930) - დიდი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922-1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ იმ რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებისთვის, რომელმაც შემდგომში 32 მილიონი ადამიანი შეიწირა (ლენინმა 9 მილიონი, ხოლო სტალინმა 23 მლნ.) საქართველოს ეროვნული გმირი. "ისეთი თვისებებით დაეჯილდოებინა იგი ბუნებას, ათას კაცში რომ აგერიათ, სრულიად უცნობიც კი მიაქცევდა ყურადღებას, ის ძალიან უყვარდათ ჯარისკაცებს და მათი საერთო პატივისცემით სარგებლობდა კიდეც, როგორი მხდალიც უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში. უდავოდ მხედრად იყო დაბადებული." 5) გრიგოლ რობაქიძე (1882-1962) - დიდი გენიოსი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1960-იან წლებში გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მისმა გარდაცვალებამ. 6) ვაჟა-ფშაველა (1861-1915) - მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწერალი, პოეტი და კლასიკოსი. მთაში, მდინარისპირა ფერდობზე პატარა სახლში დაიბადა გენიოსი. ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული, მნახველებს უთქვამს ეს თმიანობა იმის ნიშანია, დავლეთიანი იქნება, სახელიანიო. სახელიანიც გამოდგა, მერე როგორი... იმ პატარა, ორმარცვლიანი სახელის ხსენებისას კრძალვა და პატივისცემა გამოსჭვივის მთქმელის პირიდან. რაღაცნაირად ფრთხილად, დამარცვლით ითქმება, სხვანაირად არ გამოდის, არც შეიძლება. ყველაფერში ბუმბერაზი იყო, უდიდესი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, მასწავლებელი, მომავლის ადამიანი, მე ვიტყოდი - ჭეშმარიტი იუბერმენში. 7) კონსტანტინე აფხაზი (1867-1923) - დიდი ქართველი გენერალი. ეროვნული გმირი. სამხედრო კომიტეტის დელეგატი მისულა, ჩუმად გაუფრთხილებია: - დაჭერას გიპირებენ, სასწრაფოდ საზღვარგარეთ უნდა გაემგზავროთო. გაქცევა იუკადრისა: - დიდად მადლობალი ვარ კომიტეტის მზრუნველობისათვის, მაგრამ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ამ ბრძოლის, გაჭირვების ხანაში. გარდა ქართულ, ძველ ისტორიულ ტრადიციისა, რომელიც ასეთ დროს იშვიათად ატოვებინებდა ქართველ კაცს თავის სამშობლოს, სად გაგონილა, რომ ღენერლები ჯარს ბრძოლის ველზე სტოვებდნენ? მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა დავეხმარო საქართველოს მებრძოლ ბანაკს მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლაში" რამდენიმე დღეში დააპატიმრეს და სამი თვის განმავლობაში ყოველდღე აწამებდნენ მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანის მკვლელი კომუნისტები ჩეკას ჯურღმულებში. არაადამიანურ ტანჯვას გაუძლო. მაინც ვერ გატეხეს და სასიკვდილო განაჩენი, დახვრეტა მიუსაჯეს 15 თანამებრძოლ ოფიცერთან ერთად. ახლადელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე აღესრულა. მისი ბოლო სიტყვები იყო: - "მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს." მოკლეს... მაგრამ ვერ დაამარცხეს ქართველი გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი! 8) იაკობ გოგებაშვილი (1840-1912) - დიდი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე. "დედაენის" შემქმნელი მოსწავლეთა ფიზიკური დასჯისა და სემინარიის მკაცრი რეჟიმის წინაარმდეგი გახლდათ. აღზრდის მეთოდიკაში დანერგილ იმ დროისათვის ჩვეულ სისასტიკეს ებრძოდა. ბავშვთა ინიციატივებისა და თვითშემოქმედების წახალისების ხელშეწყობისა და სისტემასთან ბრძოლის გამო სამსახურიდანაც კი გაუშვეს და პედაგოგიური საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალეს. უკან არ დაუხევია. დიდ ილია ჭავჭავაძესთან ერთად აქტიურად ჩაება ნაციონალისტურ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მონაწილეობდა ლიტერატურულ სალონში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას. იყო ამ საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი. მისი მონაწილეობით შედგა საზოგადოების პროგრამა ხალხური შემოქმედების შეგროვებისათვის და საქართველოს სხვადასხვა რაიონში სახალხო სკოლებისა და ბიბლიოთეკების გახსნის პროექტები. საქართველოსთვის მოღვაწეობდა და ცხოვრობდა. ბოლო ჟესტითაც დაამტკიცა - მთელი თავისი ქონება და ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა. ის გახდა კაცი, რომელიც ქართული საგანმანათლებლო სისტემის უკვდავ სიმბოლოდ იქცა. 9) ივანე ჯავახიშვილი (1876-1940) - უდიდესი ქართველთა და ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოს ისტორიკოსთა შორის. საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუძემდებელი. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. "საქართველოს ისტორია არა და არ უნდა იქნას გაყალბებული. იგი უძველესი კოლხეთის ისტორიით უნდა იწყებოდეს და არა ისტორიული ზღაპრებითა და ლეგენდებით" 10) ექვთიმე თაყაიშვილი ღვთისკაცად წოდებული (1863-1953) - დიდი არქეოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ქართული საგანძურის, ასეულ მილიონებად შეფასებული განძის მცველი. მას შეეძლო მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გამხდარიყო, მაგრამ სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შიმშილის და სიცივეში გათოშვის ფასად ეროვნული საგანძური და მასთან ერთად - ისტორია შეგვინარჩუნა.მისი წმინდა სახელის წინაშე ვალი გვაქვს და გვექნება მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე თითოეულ ქართველს. ადამიანიანობის მაგალითი და კაცობის ეტალონი - დიდი ექვთიმე. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. საქართველო (ნაწილი II)7. ნაციზმი8. ჰიტლერი9. მეცნიერება10. რელიგია11. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე119 1-ს მოსწონს
|