x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საბჭოთა "კოშმარები" - აღარავინ თქვას, რა ქვეყანა დაანგრიესო!

დღეს ბევრი საუბრობს რთულ ცხოვრებაზე და იმ სიმშვიდეს და სტაბილურობას მისტირიან, რომელიც სსრ კავშირში იყო. ყველაზე ხშირად კი, მათგან, დაახლოებით, ასეთი ფრაზა ისმის: «როგორი ქვეყანა იყო, ომი მოიგო, მრეწველობა ააყვავა, კოსმოსში პირველი თანამგზავრი გაუშვა, ჩვენი ყველას ეშინოდა, ყველას ჰქონდა მუშაობის და დასვენების უფლება და საშუალება, იყო სტაბილურობა, სიამაყე. ასეთი ქყეყანა დაანგრიეს... ხოლო, მაღაზიებში ყველაფერი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედას პროდუქტები და ნივთები საიდან მოჰქონდა?»


image


სწორედაც, საიდან მოჰქონდა?! ეს ნამდვილად სწორად დასმული კითხვაა და მასზე პასუხის მისაღებად, საკმარისია საბჭოთა პრესის ფურცლებს გადავხედოთ.

70-იანი წლების ჟურნალში «მეცნიერება და ცხოვრება» («Наука и жизнь») უამრავი სტატიაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ხელით ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც საჭირო იყო, მაგრამ მაღაზიებში არ იყიდებოდა; როგორ შეიძლებოდა ნივთებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება – გატეხილის შეკეთება, ან გადაკეთება.

1979 წელს ჟურნალი «მომუშავე ქალი» («Работница») წერდა, რომ გასულ წელში საბჭოთა მრეწველობამ არ გამოუშვა 21 მლნ. წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი, რომ საერთოდ არ იწარმოებოდა გამოსაცვლელი ფეხსაცმელი ბავშვებისთვის, დეფიციტური იყო სპორტული ფეხსაცმელი და ბავშვის ჩექმა. 1979 წელს სსრ კავშირში 42 მლნ ოჯახი იყო, რომელშიც 18 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავდათ. სავარაუდოდ, სიტუაცია განსხვავებული არ იქნებოდა არც წინა და არც მომდევნო წლებში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვების უმრავლესობას, ფეხსაცმელთან დაკავშირებით, პრობლემა ჰქონდა (ფეხშიშველები არ დადიოდნენ, – ყველა დიდ ქალაქში და დაბაში იყო ფეხსაცმლის შეკეთების და განახლების პუნქტები).

იგივე ჟურნალში ვრცელი სტატიაა ქალის წინდებთან დაკავშირებით. ირკვევა, რომ აღნიშნული საქონელი ძალიან ცოტა იყო და რაც იყო, ისიც უხარისხო. უხარისხო იყო საბჭოთა წარმოების სხვა ნივთებიც: ჩექმას 4 დღის შემდეგ ძირი სძვრებოდა, ხოლო მაისური პირველსავე გარეცხვის შემდეგ, იმხელა ხდებოდა, რომ მისი გამოყენება ბალიშის გადასაკრავად შეიძლებოდა. სხვა სტატიებიდან ირკვევა, რომ მაღაზიებში ელემენტარული ნივთებიც კი არ იყო, მაგ., სარეცხის სამაგრები, ე. წ. შპილკები.

წარსული ეპოქის მკვლევარებისგან განსხვავებით, დღეს იმის შესაძლებლობა გვაქვს, რომ ცოცხალ მოწმეებს ვესაუბროთ და თუ გინდათ ზუსტი ინფორმაციის გაგება, იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ საბჭოეთში უბრალო ადამიანები, ქალებს უნდა ჰკითხოთ, რადგან ყოველდღიური საკვები პროდუქტების შოვნის ვალდებულება, სწორედ მათ მოვალეობას წარმოადგენდა.

თანამგზავრი კოსმოსში — ძალიან კარგია, მაგრამ საკვებიც ხომ აუცილებელია? თან კოსმოსური ხომალდებით ზამთრის ჩექმის ჩანაცვლება შეუძლებელია და ვერც სიმწრით ნაშოვნ ტანსაცმელს გარეცხავთ სიამაყით!!!

სოციალურ ქსელში საკუთარ ხელმომწერებს ვთხოვე, რომ იმ პერიოდის ცხოვრების მომენტები გაეხსენებინათ და ჩვენთვის გაეზიარებინათ. 50–70 წლის ქალბატონებმა დიდი სიამოვნებით გააკეთეს ეს და როგორც გაირკვა, სიტყვა — «შოვნა», იმ ეპოქაში მთავარი სიტყვა იყო.


image


«ერთხელ ჩვენს გასტრონომში მაიონეზი შემოიტანეს. მაშინ 8 წლის ვიყავი და როდესაც მაღაზიაში პურზე და რძეზე ჩავედი, ჭყლეტაში მოვყევი. უეცრად იმდენი ხალხი მოაწყდა... რადგან მხოლოდ პური და რძე დამავალეს, მხოლოდ ერთი ქილა მაიონეზი ავიღე, ვიფიქრე, დედა არ მეჩხუბოს მეთქი... იქვე ერთი ქალი იდგა და მკითხა, მხოლოდ ერთს რატომ იღებო? მხრები ავიჩეჩე და წამოვედი.

აღმოჩნდა, რომ მეტი უნდა მეყიდა. დედამ ფული კიდევ დამიმატა და მაღაზიაში ისევ გამგზავნა. მაგრამ, მაიონეზი უკვე აღარ იყო... სამაგიეროდ, უცნაური საპონი შემოიტანეს – გრძელი, ლამაზ ქაღალდში შეხვეული და საოცარი სურნელი ჰქონდა. ორიოდე წუთში ისევ გაივსო მაღაზია ხალხით, ისევ დადგა უშველებელი რიგი და რაც ფული მქონდა, საპონი ვიყიდე, – ვიფიქრე, რაც იქნება, იქნება მეთქი. სახლში რომ მივედი, დედამ შემაქო და სიამაყე ვიგრძენი — მეც უკვე «მომპოვებელი» ვიყავი ოჯახში».


«თარიღი ზუსტად მახსოვს, 1974 წელი იყო. სკოლაში პირველად უნდა წავსულიყავი და დედამ მაღაზიაში თეთრი პერანგი და თეთრი წინდები მიყიდა, კიდევ შავი ქსოვილი, ქვედაბოლოს და ჟილეტის შესაკერად. ხოლო, ფეხსაცმელი «სპეკულიანტთან» (ადამიანი, რომელიც მოსკოვში დადიოდა და იქიდან სამოსი და წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები ჩამოჰქონდა გასაყიდად) შეიძინა. ის უცხოური წარმოების იყო და თან, ძალიან ლამაზი. ერთი სული მქონდა, 1 სექტემბერი მალე მოსულიყო. მაგრამ, 2 დღის შემდეგ, ქალი დაიჭირეს, ვისგანაც ფეხსაცმელი მიყიდეს და მილიციამ ჩემი ფეხსაცმელი ნივთმტკიცების სახით წაიღო. დედამ მითხრა, რომ მას მალე გამოუშვებენ და ფეხსაცმელს დაგიბრუნებენო. ქალი მართლაც გამოუშვეს (სავარაუდოდ, დიდი თანხის გადახდის შემდეგ), მაგრამ მან ფეხსაცმლის ნაცვლად, ფული დაგვიბრუნა და გვითხრა, რომ საქონელი არ დამიბრუნესო. რაღა უნდა გვექნა? წავედით და მაღაზიაში ადგილობრივი წარმოების ბასანოჩკები შევიძინეთ.

სკოლაში რომ მივედი, ის ფეხსაცმელი კლასელ გოგონას ეცვა, მეზობელი კორპუსიდან და გული დამწყდა... ეტყობა, მილიციაში იმ ქალს უთხრეს, კლიენტმა «ჩაგიშვაო» და უკან დაბრუნებული საქონელი სხვებს მიჰყიდა».


«დედას ძალიან უყვარს იმის გახსენება, თუ როგორ იყიდა მოსკოვში ქვედა საცვალი: თავისთვის, ბებოსთვის, დეიდებისთვის და დებისთვის. ვიდრე რიგში იდგა, თითქმის მთლიანად გაიყიდა და მხოლოდ 54 ზომა დარჩა. რა უნდა ექნა, ადგა და ყველას ამ ზომის საცვალი უყიდა — ზოგს კარგად ექნებოდა, ზოგი კი რეზინს მოუჭერდა... სულ არაფერს, ხომ სჯობდა?!»


«მოსკოვში და სხვა დიდ ქალაქებში, თუ გემრიელი რაღაცები იყიდებოდა, ჩვენთან მხოლოდ ადგილობრივი ფაბრიკების პროდუქტი იყო და უმრავლესობა – საზიზღრობა... დედას უხაროდა, რომ მოსკოვში შეეძლო წასვლა და პროდუქტების იქ შეძენა. ის და მისი დაქალები დასვენების დღეებში მიდიოდნენ და ყველაფერი ჩამოჰქონდათ. ჩვენი ქალაქიდან მოსკოვამდე მატარებელი, სულ რაღაც, 5 საათში ჩადიოდა».


«ოჯახიდან თუ ვინმე მივლინებაში მიდიოდა, სახლში ისე ბრუნდებოდა, როგორც სუპერმარკეტიდან. მოჰქონდათ ძეხვი, სოსისი, მაკარონი, ვაფლი... ჩვენს მაღაზიაში საერთოდ არაფერი იყიდებოდა, მხოლოდ კილკა ტომატში და ყურძნის წვენი, დიდი ქილებით».


«გასტრონომში მეზობელი მუშაობდა და თუ კარგ რამეს იღებდნენ, განსაკუთრებით სოც. ბანაკის ქვეყნებიდან, ვიდრე გასაყიდად გამოიტანდნენ, ჯერ ახლობლებს ატყობინებდა. დღემდე მახსოვს გერმანული ატმის ჯემის სუნი და გემო».


«მოსკოვიდან 1000 კმ-ის დაშორებით ვცხოვრობდით და დედა სამუშაოდან ხშირად ეთხოვებოდა, რომ დედაქალაქში წასულიყო და საკვები და ტანსაცმელი მოეტანა ჩვენთვის. რასაც ვერ ერეოდა, მაგ., სასკოლო რვეულებს, ჩანთებს და სხვა ნივთებს, სახლში ამანათით გზავნიდა. შემდეგ, ძველი სამუშაო დატოვა და უნივერსამში გადავიდა, რომ საკვები პროდუქტები უფრო მარტივად ეშოვნა».


ისინი, ვისაც ნოსტალგია აქვთ სსრ კავშირთან დაკავშირებით, როდესაც სიტყვა იმ დროს არსებულ დეფიციტზე და სირთულეებზე ჩამოვარდება, აღშფოთებას გამოთქვამენ: «საკვები ერთმნიშვნელოვნად ჯანსაღი იყო, მაცივარში ყველას ყველაფერი ჰქონდა. მართალია, დახლებზე არაფერი იყო, მაგრამ არავინ შიმშილობდაო» – ამბობენ.

მაგრამ, თუ დეფიციტი არ იყო, რატომ არის რომ ზოგიერთებს დღემდე აქვთ შემორჩენილი საბჭოთა პერიოდში მოპოვებული და არა ნაყიდი ნივთები? მაგ., მეგობრის ბებიას დღემდე უწყვია სხვენში ყუთები, რომელიც სავსეა იმ პერიოდის საქონლით: ათობით მეტრი ჩითი და მიტკალი, საწოლის თეთრეული და პლედები, ჭურჭელი, ფანქრები, ლურსმნები და კიდევ ათასი რამ?

ბევრი დღემდე ხმარობს იმ დროს «ნაშოვნ» საინებს და სხვა ჭურჭელს, რომლებსაც თუ გადმოაბრუნებთ, ნახავთ, რომ უკანა მხარეს, ისეთი ქვეყნის (გდრ, ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია) სამარკო ნიშნები აქვს, რომელებიც 25 წელზე მეტია აღარ არსებობს.


ვის ეცხოვრებოდა სსრ კავშირში კარგად?


საბჭოთა კავშირში საკმაოდ კარგად ცხოვრობდნენ ისინი, ვისაც დეფიციტურ საქონელზე, ეპიზოდური კი არა, მუდმივი წვდომა ჰქონდა და ვინც სოციალური პრივილეგიებით სარგებლობდა. მათ შორის: პარტიული ნომენკლატურიის წარმომადგენლები, საწყობის გამგეები, საქონელმცოდნეები, მაღაზიის დირექტორები, გამყიდველები, დამლაგებლები და მათთან დაახლოვებული პირები.

imageimageimageimageimageimageimage






0
1715
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1715
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0