საზოგადოებრივი ხალიბები 2019, 29 სექტემბერი, 16:17 "ხალიბები (Chalups, Chalybos, Chalybes) - ძველი კოლხური ტომი, რომელმაც ხალხს ასწავლა რკინის მოპოვება-დამუშავება და თვით ბერძნულ ენას ასესხა ფოლადის სახელი "ხალიბს", "ხალიფს", "ხალიბოს" (ესქ. სოფ.), იგივე "ხალიბდიკოს". შემდეგ "ხალიბიკოს" - ხალიბური; "სიდეროს ო ხალიბიკოს" - ხალიბური რკინა (შეადარეთ ქართული ხალიბაური. ფოლადი). ამ სიტყვიდან მთელი ბერძნული ლექსიკონია გამდიდრებული: "ხალიბდიკოს" - იარაღის გამოუყენებლად (ევრ.); "ხალიბოს" - ფოლადი (ესქ.); კუნძული ქალკე (ხალკე) - კუნძულ როდოსის მახლობლად კოლხურ და ბერძნულ უძველეს კავშირზეც მეტყველებს. ძვ.წ. IX-VIII საუკუნეებში რკინა მთელ ხმელთაშუა ზღვის მხარეში გაბატონდა. ეს დიდი საკაცობრიო განძი უდავოდ კოლხური ტომის - ხალიბების მაღაროებში იღებს სათავეს. ამაზე მეტყველებს მთელი ანტიკა, მათ შორის "არგონავტიკა" (1, 1323; 2, 375, 1001-1008, 1322; 4, 1475). სავსებით სწორია და მეცნიერული მონაცემების ღრმა ცოდნას ეყრდნობა აკაკი ურუშაძის განმარტება: "ხალიბები - მეტალურგიის სახელგანთქმული ქართველი ტომი." (არგ. 1975, 241). ნათელი და დამაჯერებელი ნარკვევი აქვს ამაზე პროფესორ თინა ყაუხჩიშვილს ("ჰეროდოტეს ცნობები საქართველოზე", 33-34, 112). წყაროების ღრმა ცოდნითა დაწერილი გ. კვირკველიას "უცხოელი მეცნიერები უძველესი ქართველური ტომების მელითონეობის შესახებ" ("საბჭ. საქ.", 1977). ვირხოვმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ საქართველოში ნაპოვნ არცერთ საგანზე არაა დახატული ლომი და ფრთხოსანი სფინქსი - ასურული ხელოვნების განუყოფელი ატრიბუტები, სამაგიეროდ დახატულია ყველა ადგილობრივი ცხოველი. აქედან მეცნიერმა დაასკვნა, რომ პირველი ლითონი ადგილობრივი კოლხური მონაპოვარია და ხელოვნებაც ორიგინალურია. მიხეილ თამარაშვილის შრომაში - "ქართული ეკლესიის ისტორია" (L eglese Georgianne, 1910, რომი, ფრანგულ ენაზე) დართულ ძველ საქართველოს რუკაზე სავსებით სანდო და მყარი წყაროების საფუძველზე ხალიბების და სხვა მონათესავე ქართველური (კოლხური) ტომების რეგიონშია შესული მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი. ამ მეცნიერულ მონაცემებს ადასტურებს ტრადიცია, რწმენა, ლიტერატურა. ნიჭიერი პოეტი ლადო ასათიანი წერდა: იბერიელთა სოფელი.. მაღალ-მაღალი ცხენები ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები. პირველყოფილი სამჭედლო, გრდემლი და ურო ძლიერი, ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი. ქურაში ცეცხლის ენები, წითელი აბრეშუმები, კედლებზე ახალთახალი თხუთმეტწყრთიანი შუბები, უზარმაზარი ფანჯრები, გაჭრილი თაღებამდისა, დასახარჯავი ხანჯლები და პერანგები ნაბდისა. ხალიბური ფოლადი საერთოდ ხალიბურ-ხალდურ-მოსინიკური და ტიბარენული ლითონის ნიმუშები ბიბლიოსში, კვიპროსზე, ბალკანეთში. მეცნიერთა მთელი თაობა ახალ დროში ადასტურებს ბერძენ სწავლულთა ცნობების სისწორეს ამ კოლხურ (ქართულ) ტომთა მელითონეობაზე და ისინი უსაფუძვლოდ არ წერდნენ თვით მითებს. ფრანგი სწავლული რ. დიუსო ამტკიცებს, რომ ბერძ. "ხალკოს" (სპილენძი, ბრინჯაო, თითბერი) - ხალიბთა (ხალდეს) ტომური სახელია. ეს მაშვრალი ხალხი ცხოვრობდა ამაძონებსა და უშუალოდ კოლხებს შორის, ტიბარენებისა და მოსინიკების მეზობლად. ხალიბები ჰომეროსის ალიბები და ჰალიგონები არიან. შემდეგ ქალდეად ქცეულნი, სტრაბონის ქალდები - ვერცხლისა და რკინის ოსტატები. ამ ცნობებს ადასტურებენ ესქილე, ქსენოფონტე, ფსევდოარისტოტელე, სტრაბონი, პლინიუსი... ტრაპიზონ-ჭოროხის მიდამოები (აჭარა) რკინით ახლაც მდიდარია და "ხალიბთა უსაზღვრო მიწა-წყალი", რაზეც როდოსელი მეცნიერი პირველ ცნობებს გვაწვდის, ამ მხარეს მთლიანად მოიცავდა. (წაიკითხეთ ერთ-ერთი უძველესი მეტალურგიის კერა საქართველოში). თუ ზოგი ავტორი ფანტაზიას იშველიებს და უძველეს ისტორიას ჩვენს დროში ქმნის, ჩვენ ფაქტებთან გვაქვს საქმე. ამ ფაქტების სისწორეს აღიარებენ მისჩენკო და ევროპის მეცნიერები: რ. ფორბსი, ლ. ეიჩისონი, ჰ. კოგლანი, ჯ. ქვირინგი, სტ. პშევროვსკი... ძველი და ახალი დროის გეოგრაფიულ ატლასებში კოლხთა, ხალიბთა, მოსინიკთა რეგიონად ერთიანადაა აღიარებული შავი ზღვის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროები (ისტ. ატლასი, ლაიფციგი, 1979, 9 და სხვ.). ბრიტანეთის ძველ სახელს "ალბიონს" ხსნიან კელტური სიტყვით "ალბაინ" (მთიანი კუნძული), რაც ბერძნულ და განსაკუთრებით ლათინურ ენაში დამკვიდრდა (პლინიუს უმცროსი და სხვ.), მაგრამ არის სხვა ვარაუდის საფუძველიც: ჰალბიონი, ხალიბიონი, დასავლეთ საქართველოსა და ანატოლიაში დასახლებული ხალიბთა (კოლხთა) ქვეყანა. ეს მით უფრო სარწმუნოა, რომ შოტლანდიურად დღესაც "ჰალიბიონს" ამბობენ და ამ სიტყვას იცნობს არისტოტელე, რომელმაც ძველ კოლხურ ტომთა ამბავი კარგად იცოდა. შეად. ორიონი, დაფიონი, ალიონი (ონი - მზის ქართული ღვთაება?)." წყარო: აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, 2016. გვ. 762-763) კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. საქართველო (ნაწილი II)7. ნაციზმი8. ჰიტლერი9. მეცნიერება10. რელიგია11. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე619 1-ს მოსწონს |
საყურადღებოა, რომ "კალის" გარდა ძველ ქართულში( ასევე სხვა ქართველურ ენებში-სვანური ,ლაზურ-მეგრული) , და მის ენა-კილოკავებში არც ერთი მადნის სახელი არ მოიპოვება, რომელიც უცხო ენებიდან ყოფილიყოს შეთვისებული;
1.ოქრო: მეგრ. ორქო,სვან. ვექრ.
2.ვერცხლი: მეგრ. ვარჩხილი, კვარჩხილი, სვან. ვარჩხილ
3.სპილენძი :მეგრ. ლინჯი, სვან. ჩეი ,სპილენძ,
4. რკინა : კინა, ლაზურ. ერკინა; სვან. ბერეჟ ტყვივი, ტყვია და ბრპენი, ანუ პრპენი (საბა ორბელიანის ლექსიკონი).
მხოლოდ "კალა" არ არის ქართული სიტყვა; იგი მალაკკას ქალაქ "კალაჰ"-ის სახელისაგან წარმოსდგა, იმიტომ რომ საშუალო საუკუნეებში ეს მადანი იქიდან გამოჰქონდათ ხოლმე. ძველ ქართულ მწერლობაში ეს სიტყვა, არა გვხვდება. იმ დროს ხმარობდნენ "ბრპენს" ანუ "პრპენს". ამგვარად, ყველა მადნების სახელები ნამდვილი ქართულია, უცხო ენიდან ნასესხები არ არის.
პირიქით, შედარებითი ენათმეცნიერება ამტკიცებს, რომ მადნების სახელები სხვა ერებს ქართველი ტომებისაგან შეუთვისებიათ. თვით ცნობილი ენათმეცნიერი ო. შრადერი ამ გარემოებას ყურადღებას აქცევს. ევროპული ბრინჯაოს სახელი "ბრონზე" წარმომდგარია სპარსული "ბირინჯ"-ისაგან, ხოლო სპარსულში ეს სიტყვა შეთვისებულია ქართული ენა-კილოკავების საზოგადო სახელისაგან: სპილენძი, სვან. სპილენძ, მეგრ. ლინჯ, სომხ. პღინძ, რაც უდრის "სპილენძ"-ს, სპირ ენძს, და სპერის ანუ ისპირის მადანსა ნიშნავს.
რკინის, განსაკუთრებით ფოლადის მომზადებაც ბერძნებს, როგორც ეტყობა, პირველად ქართველი ტომებისაგან შეუსწავლიათ. ეს ფოლადის ბერძნული სახელიდანა ჩანს: "ხალჳფს, ხალჳბდიკოს" ხალიბების ტომის სახელწოდებისაგან არის წარმომდგარი და ხალიბურსა ნიშნავს. მართლაც ხალიბების გაკეთებული რკინის ნივთები ძალიან განთქმული იყო.
ერთი სიტყვით, უმთავრესი და კაცობრიობის წარმატებისათვის აუცილებლად საჭირო მადნების სახელები ან ქართველი ტომებისაგან არის შეთვისებული, ან არა და მათი სატომო სახელწოდებისაგან არის წარმომდგარი. ამით ცხადადა მტკიცდება, რომ ქართველ ტომებს მადნეულობის შემუშავებაში კაცობრიობის წინაშე საპატიო ღვაწლი მიუძღვით.
ივანე ჯავახიშვილი.ქართველი ერის ისტორია.ტომი პირველი. თავი პირველი :კავკასიისა და ქართველების ნივთიერი კულტურა
იქვეა ახლოში ცნობილი ძუძუანას მღვიმეც, სადაც სელის ქსოვილის ნარჩენები აღმოაჩინეს და მათი ასაკი ამერიკის ბეტა ლაბორატორიამ 34 000 ოცდათოთხმეტი ათასი წლით დაათარიღა.