ეს ამბავი ოთხმოციან წლებში დაიწყო ასე - "სამმა პატარა ბიჭმა, რომლებიც ერთმანეთს ძმებს ეძახდნენ, გასახდელში იპოვა ხუთმანეთიანი"
"ფეისბუქის" ქართულ კონტენტზე აქტიურად გავრცელდა სამი მეგობრის ამბავი, რომლის პირველწყაროდ მითითებულია არის ნინო ახობაძე ან მაკა მამალაძე, ყოველ შემთხვევაში ამ მცირე ჩანახატს უამრავი გაზიარება, მოწონება და კომენტარი მოჰყვა. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
ეს ამბავი ოთხმოციან წლებში დაიწყო ასე: სამმა პატარა ბიჭმა, რომლებიც ერთმანეთს ძმებს ეძახდნენ, გასახდელში იპოვა ტკიცინა ხუთმანეთიანი. რადგან იქ იმ დროს მათ მეტი არავინ იყო, არ მოუკითხავთ პატრონი, ჩაიდეს ჯიბეში და წამოვიდნენ სახლებისკენ. ერთ ეზოში ცხოვრობდა სამივე, ფალიაშვილზე, ვაკის პარკთან ახლოს. გზაში ბევრი იცინეს, ხან ფენოვანი ხაჭაპურის ყიდვა მოიფიქრეს, ხან მარადონას პლაკატის.. და ბოლოს ჩამოსხდნენ უკვე ეზოში მისულები და გადაწყვიტეს-დაეწერათ ამ ფულზე თავიანთი სახელები, მერე თანაბარ ზომებად გაეხიათ სამად და შეენახათ.
როგორც თილისმა.
როგორც ძალიან მაგარი მომავლის თითქოსდა საშვი..
სამივე გუნდელები და ძმაკაცები იყვნენ და ალბათ ეს მომენტიც რომელიმე ფილმში ჰქონდათ ნანახი ან იქვე თავად მოიფიქრეს.
სამივემ სათუთად შეინახა დახეული ფული და საკუთარი გულების ბაგა-ბუგი ესმოდათ რომ წარმოიდგინეს, წლების მერე, როცა სამივე სახელოვანი და მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა, როგორ შეიკრიბებოდნენ ერთად, როგორ მიადებდნენ ერთმანეთს ამ სამ ნაწილს და როგორ გამთლიანდებოდა ისევ მათი სახელები.
მერე გავიდა წლები..
მოვიდა 90-ები. ჩაბნელდა. ეზოებში აღარ თამაშობდნენ ბურთს ბიჭები. რაღაც შეიცვალა.
ამ სამიდან ერთი ბულგარეთში წავიდა “ზბორზე” და რამოდენიმე თვეში იმ დროისათვის უკურნებელი აივ-ინფექციით გარდაიცვალა. იწვალა ბევრი, დადნა, დაუშნოვდა და ბოლოს დამთავრდა.
მეორე აფხაზეთის ომმა წაიყვანა.
ღიმილის ბიჭად წავიდა.
მესამე
მესამეს ალბათ სხვა “ბილეთი” ჰქონდა ამოღებული იღბალის კალათიდან და
ბავშვობის ოცნება - დიდი ფეხბურთი კი შორს დარჩა, მაგრამ
უკვე ამ დროზე გადმოწყობილი, დიდი ბიზნესის დიდი მფლობელი გახდა.
გაძნელდა მასთან მოხვედრა. მდივანი ვერ აუდიოდა მოსაცდელში თხოვნით მისული ადამიანების მოგერიებას.
—-
ეს არ არის ფილმის სცენარი. არც ზღაპარია.
ეს სამი ადამიანის ერთი ცხოვრების სცენარია, სადღაც ზემოთ დაწერილი.
ერთი ცხოვრების, რომელიც სამ ბიჭზე სხვადასხვანაირად გადანაწილდა.
—-
საღამოს მდივანმა შეაღო მორიდებით კარი და -ქალბატონი ითხოვს თქვენს ნახვასო. გვარიც უთხრა და ისიც დააყოლა-გუგას დედა ვარ, ასე ამბობსო.
გუგას გურამი ერქვა და ბავშვობაში ფეხბურთს თამაშობდა, ყიფიანი უნდოდა გამოსულიყო, მაგრამ სოხუმთან დაეცა.
პატარა ბიჭივით გამოიქცა დიდი ბიზნესმენი კაბინეტიდან, ჩაეხუტა ქალს და უსაყვედურა-დაგერეკაო, რატომ მოხვედი, ხომ იცი როგორ მიყვარხარო..
მართლა უყვარდა თავისი წასული ბიჭების ორივე დედა.
რადგან ეს ორი ქალი სრულიად მარტო დარჩა და დარდიც ერთი ჰქონდათ, ამან უყიდა ორივეს ერთი დიდი ბინა, მოუწყო და ერთად დაასახლა. მოუცლელობის გამო ხშირად ვერ სტუმრობდა, მაგრამ არაფერს აკლებდა ორ გულმოკლულ ადამიანს. ერთს ქმარი გარდაცვლილი ჰყავდა, მეორის სადღაც ევროპაში იყო უკვე წლები, გადაკარგული..
ჩანთა გახსნა ქალმა და დახეული ფულის ერთი ნაწილი ამოიღო. -ეს ვიპოვეთო გუშინ ძველ წიგნში. ოღონდ არ ვიცით რომლისაა, მეორე ნაწილსაც ვეძებდით და არ არისო. გახსოოვს ეს დღეო?
ახსოვდა. კაბინეტის სამუშაო მაგიდაზე, ლამაზ ჩარჩოში ედო მესამე, თავისი ნაწილი. ერთმანეთს მიადეს და ვერ გაამთელეს. ერთი ნაწილი სადღაც გზაში, წლებში მაინც დაკარგულიყო…
—-
იმ ღამეს ვერ ეძინა ორმოცდაათს მიღწეულ კაცს. ყველაფერი ერთად ირეოდა თავში: საქმეები, ანგარიშები, გასავლები, შემოსავლები… იქით ცოლი ბორგავდა, მეცხრე თვეში ორსული… ან ეს როგორ გაეპარათ, უკვე შვილიშვილების პატრონებს…
მესამე შვილს ელოდნენ, ბიჭს. სიბერის შვილს.
ბიჭი და გოგო ჰყავდათ. ბიჭს პირველად გარდაცვლილი ძმაკაცის სახელი ერქვა.
გამთენიისას მუცელი ასტკივდა და გამთენიისას დაიბადა პატარა გუგა.
—-
გავა წლები და
ბიჭები ალბათ ფეხბურთს ითამაშებენ. ან არ ითამაშებენ.
ოდესღაც მამაც წავა ალბათ თავის პატარა ძმაკაცებთან…
ცხოვრებაც გაგრძელდება.
ფალიაშვილზე ვაკის პარკთან ახლოს პატარა გუგაც ირბენს ეზოში..
ექნება მაგარი ბუცები და ლამაზი ფორმა.
და მას აუცილებლად ეცოდინება, რა არის მეგობრობა.
ეცოდინება, რომ ძმაკაცის დედა წმინდაა.
და რომ სამად გაყოფილი ხუთმანეთიანი ყველაზე ძვირფასი ვალუტაა დედამიწაზე…"