საზოგადოებრივი აფხაზ-ადიღეელების წარმომავლობა 2019, 5 აგვისტო, 20:41 ჩვენ პირველ ნაწილში განვიხილეთ აფხაზ-ადიღეველთა, ჩერქეზთა უძველესი ფესვები და წარმომავლობა და რომ ისინი სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიაში უძველესი დროიდან, 45 ათასი წლის წინანდელი პერიოდიდან დღემდე განსახლებულ დიდ იბერო-კავკასიურ ოჯახს მიეკუთვნებიან და რომ ისინი მხოლოდ ძვ.წ. IV ათასწლეულში ავიდნენ სამხრეთ კავკასიიდან ჩრდილოეთში. ამ ნაწილში განვიხილავთ სწორედ იმას, თუ როგორ მიმდინარეობდა მათი ეთნოგენეზი ჩრდილოეთ კავკასიაში. აფსუურ-ადიღეური ეთნიკური ერთობების (აფხაზ-აბაზები, უბიხები/ჯიქები, ადიღეელები, ჩერქეზები, ყაბარდოელები) ეთნოგენეზი მოხდა არა მათი შუა საუკუნეებში განსახლების არეალში (ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში), არამედ კიდევ უფრო ჩრდილოეთით - აზოვისპირეთში, დონის შესართავთან, ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში. აფხაზური და ადიღეური ეთნოსების ეთნოგენეზში სულ ცოტა სამმა ეთნიკურმა კომპონენტმა მიიღო მონაწილეობა: პროტო-ადიღეელებმა (მეოტებმა), ირანულენოვანმა მომთაბარეებმა (მაგ. სკვითებმა) და ქართველურმა ერთობებმა (ზანები, სვანები), რომელთაგანაც წამყვანნი მეოტები იყვნენ. აფხაზების ეთნოგენეზში ქართული ეთნიკური ერთობის წვლილი უფრო მეტი იყო, ვიდრე ადიღეელთა ეთნოგენეზში. ჩერქეზებს (ადიღეელებს, ყაბარდოელებს), მცირე დოზით თურქული და ხაზარული ელემენტიც შეერია, რასაც ვერ ვიტყვით აფხაზებზე, აბაზებსა და ზიხებზე (ჯიქებზე). ამიტომაც, ფიზიკური ანთროპოლოგიის თვალსაზრისით, აფხაზები და ადიღეელები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. პროტოაფხაზ-ადიღეველთა სამხრეთით ჩამოწევა ერთჯერადი აქტი არ ყოფილა. ისინი რამდენიჯერმე მიგრირდნენ თავიანთი თავდაპირველი განსახლების არეალიდან. პირველი მიგრაციული ტალღა ძვ.წ. III საუკუნით უნდა დავათარიღოთ, რომელიც გამოწვეული იყო ჩრდილოეთ კავკასიისა და ევრაზიის საკონტაქტო ზონაში სარმატების გამოჩენასთან. მეორე ტალღა იმავე არეალში ძველი და ახალი წელთაღრიცხვათა მიჯნაზე ალანებმა განაპირობეს. მესამე ტალღა ჰუნების შემოსევებს უკავშირდება, ახ.წ. მე-4 საუკუნის 70-იან წლებში. ხოლო უკანასკნელი, მეოთხე მიგრაციული ტალღა ადიღეური ეთნიკური ერთობისა/ყაბარდოელებისა, ოღონდ ამჯერად ჩრდილოეთ-ცენტრალური კავკასიის მთისწინეთში მონღოლებს, უფრო სწორად, ამ რეგიონში მათი პოზიციების შესუსტებას უკავშირდება. მიგრაციის გამომწვევი მიზეზი კი გახლდათ ევრაზიისა და ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში ჯერ ირანულენოვანი და შემდეგ თურქულენოვანი მომთაბარე ეთნოსების ხშირი შემოსევები. გეოგრაფიულ არეალში, სადაც აფხაზურ-ადიღეური ეთნიკური ერთობების ჩამოყალიბება მოხდა, ისტორიისთვის ხელმისაწვდომ მთელ პერიოდში არამდგრადი ეთნიკური ვითარება იყო. არამდგრად ეთნიკურ ვითარებას, რომელსაც მეცნიერებაში "ეთნიკურ ქაოსსაც" უწოდებენ ევრაზიის სივრცეში მუდმივად აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრავი მომთაბარეები (ნომადები) ქმნიდნენ. აქედან გამომდინარე, პროტო-აფხაზურ-ადიღეური ეთნიკური ერთობებიც (მეოტები), ამ არეალში აღმოსავლეთიდან იყვნენ მოსულნი და ისინიც თავდაპირველად მომთაბარენი იყვნენ. ეს თავდაპირველი ნომადები შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მუდმივ ბინადრებად ვერ იქცნენ და ბოლო დრომდე ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას მისდევდნენ. მათი ცხოვრების ეს წესი, მეურნეობის ფორმა კი ისევ და ისევ ევრაზიის სივრცის სიახლოვით იყო გამოწვეული. სხვადასხვა წარმომავლობის ირანული და თურქული მომთაბარე ტომები ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში დაფუძნებულ ადიღეურ ტომებს ეთნიკური სტაბილიზაციის, ინტეგრაციის, ეთნიკური შეკავშირების საშუალებას არ აძლევდნენ. ადიღეელთა არამდგრადი და დაუდგენელი ეთნიკური ვითარება იმ ფაქტორითაც იყო გამოწვეული, რომ მათ ვერაფრით მოახერხეს ერთიანი სახელმწიფოებრივი სისტემის შექმნა, მაგალითად ისეთის, როგორიც ალანებს ჰქონდათ მონღოლთა შემოსევებამდე. თუმცა აშკარაა, რომ გვიან შუა საუკუნეებში ხდებოდა აბაზების გაჩერქეზების პროცესი. ამ პროცესების მიზეზთა შესწავლა კი მომავლის საქმეა. აბაძეხების, შაფსუღებისა და ნატუხაელების შესახებ რომ არაფერი ვთქვათ, როგორც მიუთითებენ (ბ. ბღაჟნოკოვი) თანამედროვე ყაბარდოელთა შორის წარმომავლობით 20%-ია აბაზა. აფხაზურ-ადიღეური ეთნიკური ერთობების ეთნოგენეზის პროცესი ჩრდილოეთით, აზოვისპირეთში, დონის ქვემო დინებაზე, შავი ზღვის ჩრდილოეთ მონაკვეთში, თანამედროვე სამხრეთ უკრაინაში დაიწყო, როდესაც მეოტებს (პროტოადიღეელებს) მცირედით ირანული ტომები შეერივნენ. პროტოაფხაზ-ადიღეელებთან ირანული ტომების შერევის ყველაზე დიდი დამადასტურებელი ფაქტი მათ შორის ნართების აპოსის ფართო გავრცელებაა. ეთნოგენეზის საბოლოო ფაზა კი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში - ყუბანისპირეთში მოხდა, როდესაც ჩრდილოეთიდან ჩამონაცვლებული პროტო-ადიღეელები ქართველურ ეთნიკურ ჯგუფებს - ზანურ და სვანურ ტომებს დაეფინენ. დასასრულს, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ შემდეგი: ადიღეურმა ეთნიკურმა ერთობებმა (აგრეთვე, უბიხებმა, აბაზებმა) ეთნოსფერა, განსახლების არეალი ნომადურ სამყაროსთან საუკუნოვანი კონტაქტის პირობებში, თავიანთი ცხოვრების წესითა და მეურნეობის მათთვის დამახასიათებელი ფორმით (ნახევრადმომთაბარე, ნახევრადბინადარი) შეინარჩუნეს. ხოლო ევრაზიის სივრცეში პიველივე ბინადრების - რუსეთის იმპერიის გამოჩენას, მათ აგრესიას შეეწირნენ, განსახლების არეალი დაკარგეს, ფაქტობრივად, ეთნოსმა კატასტროფა განიცადა, არსებობა შეწყვიტა. ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე დიდი ეთნოსისაგან მხოლოდ მისი ცალკეული, მცირე ნაწილებიღა შემორჩა. რეგიონში ეთნიკური ვითარება რადიკალურად ამჯერად რუსული ეთნოსის სასარგებლოდ შეიცვალა (იგივე მოხდა აფხაზეთში). განმეორდა სარმატების, ჰუნების, მონღოლების დროინდელი ვითარება. რეგიონში არამდგრადი, არასტაბილური ეთნიკური სიტუაციის ძირითადი ფაქტორი კი გეოგრაფიული გახლდათ. რა ფაქტორებმაც განაპირობა ადიღეური ეთნიკური ჯგუფების ეთნოგენეზი, იმავე ფაქტორებმა განაპირობა განსახლების არეალის დაკარგვა და ფაქტობრივი გაქრობა. შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ვიდრე რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიის ხალხების დაპყრობამდე ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში არსებული არამდგრადი ეთნიკური ვითარება (მოძრაობითობა, თარეშები, სუსტი ინტეგრაცია) აფხაზეთზეც არაკეთილსასურველ გავლენას ახდენდა. აბაზების, უბიხების და სხვადასხვა ადიღეური ტომის ინფილტრაცია, მიგრაცია აფხაზეთშიც ხდებოდა. თითქმის მუდმივი იყო აქ აფხაზების, ქართველებისა და ადიღეელების უერთიერთშერევა. ეს ეთნიკური კონტაქტები ძირითადად შუა აფხაზეთში - კელასურისა და კოდორის მიდამოებში ხდებოდა. ხან ქართული ეთნიკური ელემენტი გამოდიოდა გამარჯვებული, ხანაც აბაზურ-ადიღეური. ამის შედეგი იყო XV-XVI საუკუნეებიდან ძველი აფხაზების გაქრობა და ახალი აფხაზების წარმოქმნა აბაზური ენის საფუძველზე. (წყარო: როლანდ თოფჩიშვილი. "აფხაზურ-ადიღეური ეთნიკური ერთობების ეთნოგენეზის შესახებ") კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე216 1-ს მოსწონს
|