x
image
თორ ნიკე
სუფიზმი - ისლამური ალტერნატივა
სუფიზმი - ისლამური ალტერნატივა


სუფიზმი ისლამური კულტურული სივრცის ჭეშმარიტი სულიერი გამოვლინება და მისტიკური მიმართულებაა, რომელიც VII-VIII საუკუნეებში ჩამოყალიბდა. თუმცა ისლამის მიერ, როგორც მწვალებლობა, თავიდანვე შეჩვენების და დევნის ობიექტად იქცა. ეტომოლოგია სიტყვისა "სუფია" დაზუსტებით არაა ცნობილი, ერთი ვერსიით იგი უკავშირდება მატყლის სამოსელის ტარებას, ხოლო მეორეთი მომდინარეობს სიტყვიდან "საფა", რაც სიწმინდეს ნიშნავს.


სუფიები ღმერთთან მიახლოებას, მასთან შეერთებას ასკეტიზმითა და მედიტაციით ცდილობენ. ზუსტად ეს არის ორთოდოქსული ისლამის მხრიდან მათთვის წაყენებული ბრალდების საფუძველი.


სუფიას გზა 4 საფეხურს გულისხმობს:



1. გონებისმიერი აღქმის წაშლა

2. ინდივიდუალური თვისებების ტყვეობიდან გათავისუფლება

3. საკუთარი მეს მისწრაფებათა ჩაკვლა

4. ღვთაებრივ პრინციპში შერთვა/გაბნევა


სუფიზმი - ისლამური ალტერნატივა


სუფიას სხვა სახელია დერვიში, დერვიში სპარსულად მათხოვარს ნიშნავს, რაც იმას არ გულისხმობს, რომ ყველა სუფია მათხოვარია. ეს იმ კაცის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც სუფიათა გზას შემდგარი, შეიცნობს საკუთარ მწირ ბუნებას ღმრთის სიმდიდრესთან/სიდიადესთან მიმართებაში.


სუფიზმის განუყოფელი ნაწილია ზღაპარ-შეგონებანი, რომელსაც ოსტატები (შეიხები) შეგირდებს (დერვიშებს) უყვებიან. ეს ერთი შეხედვით უბრალო ფაბულის მქონე ამბები იგავური ტიპისაა და ბევრად ღრმა, დაფარულ შინაარსს ატარებს. ასე მაგალითად, ათარის იგავში მოთხრობილია 30 ჩიტის შესახებ, რომელნიც ცხრა მთას იქით, ფრინველთა მეფე სიმურგთან მიფრინავენ. რაღაც მომენტში ისინი მეფეში საკუთარ იდენტურობას შეიცნობენ. ათარი სიტყვათა თამაშს მიმართავს, მეფის სახელი - სი მურგთი ამავე დროს 30 ჩიტს ნიშნავს.


სუფიებს ისლამური ნორმები ესმით (უმეტესი მათგანი საჭიროდ არ თვლის ნამაზის, ჰაჯის და სხვა წესების შესრულებას), როგორც მხოლოდ პირველი საფეხური ღმერთთან მისაახლოებლად (შარიათი). ვისაც ღმერთთან მეტი სიახლოვე სურს, დაადგება ჭეშმარიტების გზას (ტარიქატი), რის შემდეგაც მთლიანად უნდა უარჰყოს მიწიერი საზრუნავი და გაემზადოს მესამე საფეხურისთვის (მარიფათი), რომელზეც ის განსაკუთრებული სულიერი ტექნიკის ზიქრის (ზიქრი - ღმერთზე მოგონებები) მეშვეობით აღწევს უმაღლეს სიბრძნეს და საგანთა არსს სწვდება. მაგრამ ღვთაებრივი ჭეშმარიტების სრული შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ მეოთხე საფეხურზე (ამ საფეხურს ეწოდება ხაკიკათი) და ეს მხოლოდ წმინდანებს, ზაჰიდებს ხელეწიფებათ. ამ გზის სიმბოლოდ სუფიზმში მიღებულია ვარდი - მისი ეკლები შარიათს, ღერო ტარიქატს, ყვავილი მარიფათს, სურნელი კი ხაკიკათს განასახიერებს.


სუფიზმი - ისლამური ალტერნატივა


როგორც ვხედავთ სუფიური მოძღვრებით ღმერთის შეცნობის გზა თუმცა რთულია, მაგრამ არა წარმოუდგენელი. მის ბოლოს ადამიანი სწვდება საკუთარ მეს სუფთა სახით და შეუძლია შესძახოს - "მე ღმერთი ვარ!"


მიუხედავად სუფიზმის მისტიკური გამოცდილების მსგავსებისა, განარჩევენ ორ მთავარ ტიპს: "უსასრულობის მისტიკას" და "პიროვნულობის მისტიკას".

სუფიზმის პირველ ტიპს ბევრი საერთო მოეძებნება ვედების უპანიშადებსა და პლოტინის სისტემასთან. ღვთაებრივი აქ გამოიხატება, როგორც უკიდეგანო ზღვა, რომელშიც ინდივიდუალური "მე" ისე იკარგება, როგორც წყლის ერთი წვეთი.

პიროვნულობის მისტიკაში კი მსახურის და უფლის ურთიერთობაა აქტუალური (ეს გაგება უფრო ხშირად გვხვდება). თავად მისტიკური გამოცდილების ანალიზი თითქმის შეუძლებელია - "სიტყვები ნაპირზე რჩებიან".


"სუფიას მდუმარება"


სუფიური ტრადიციისთვის, ღმერთი მოყვარულ გულში ცხოვრობს - "ცა და დედამიწა არ კმარა, რომ დამიტიოს, მაგრამ ჩემი მორწმუნის გული მიტევს." გული სარკეა, მაგრამ იგი გამუდმებული ასკეტიზმით და მორჩილებით საჭიროებს გაპრიალებას. სამყარო ჰარმონიული მთლიანობაა, სადაც მისი თითოეული ნაწილი სასიყვარულო კავშირშია ყველა დანარჩენთან, რაც საბოლოოდ ღმერთისკენაა მიმართული და მხოლოდ მისი საპასუხო სიყვარულით სულდგმულობს. ადამიანი, რომელიც ამ ჰარმონიული მთლიანობის ნაწილადაა შექმნილი, საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღწევს, თუ სწავლობს ღმერთის სიყვარულს. ამ მიზნის მიღწევა არის სუფიებისთვის, თვითრეალიზების ერთადერთი სასურველი ფორმა, ამიტომ სუფიას ცხოვრება, ეს არის გამიჯნურებული კაცის გზა, რომელიც თავის მიჯნურს დაეძებს.


სუფიზმი - ისლამური ალტერნატივა


ამ საქმეში გამორჩეულ სუფიათა ნაწილი ისტორიისთვის კარგად არიან ცნობილნი და მათი შემოქმედების ნაყოფი მსოფლიო კულტურულ საგანძურს განეკუთვნება. ბევრ მათგანს სახელებით ვიცნობთ, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ ისინი უპირველესად ყოვლისა სწორედ სუფიები იყვნენ: ავიცენა იბნ სინა, ჰუჯვირი, აბუ ჰამიდ ალ-ჰაზალი, სურავარდი, ავეროა იბნ რუშდი, ათარი, ჯალალ ად დინ რუმი, იბნ არაბი - დიდ ოსტატად წოდებული, ნაქშბანდი, ჯამი, მირ დარდი, ომარ ხაიამი და სხვები.


ყოველი მათგანი თავის სულიერ გზას და სათქმელს მაღალი დონის ფილოსოფიური ტრაქტატის ან ბრწყინვალე პოეტური შედევრის ფორმით გადმოგვცემს. მათს სახელებს უკავშირდება საინტერესო ისტორიის მქონე, სხვადასხვა სუფიური ორდენის შექმნა, რომელთა ნაწილიც, დღემდე განაგრძობს არსებობას.


სხვა ისლამური განშტოებებისგან განსხვავებით, რომლებიც უაპელაციო, ტოტალიტარული იდეოლოგიების სახეს ატარებს და ძალადობრივი ფორმითაც აცხადებს პრეტენზიას აბსოლუტურ ძალაუფლებაზე, სუფიზმი არ არის ორიენტირებული გარეგნულ ფორმებზე. სუფია ყოველ ადამიანს შეუძლია გახდეს მიუხედავად რელიგიური, ეროვნული თუ სოციალური კუთვნილებისა და "შეუერთდეს ჭეშმარიტ მოგზაურობას, რომელიც ყოველთვის შინაგანისკენ მიემართება".


სუფიზმი - ისლამური ალტერნატივა


და მაინც რა გამოყოფს და განასხვავებს სუფიზმს ორთოდოქსული ისლამისგან? ესაა პირველყოვლისა სუფიზმის რელიგიური ძიებების ნამდვილი ხასიათი - განსხვავებით სუნიტური და შიიტური ამბიციისა, ჭეშმარიტების აპრიორულ და ერთადერთ მესაკუთრეობაზე. ასევე განსხვავებაა პოლტიკასთან კავშირის არქონა, ესაა უარი ძალადობაზე. სუფიზმი, თუ იგი ისლამის კონტექსტში იქნება განხილული (შეიძლება არც იყოს), წარმოადგენს სასიამოვნო გამონაკლისს, როგორც ტრადიციით მდიდარი საზოგადოება კეთილი ნებისა და სულიერი ძიებების მქონე ფილოსოფიურად მოაზროვნე ადამიანებისა, რომლის წევრებიც თავიანთ რელიგიურ მოთხოვნილებებს შემოქმედებითი და ამავე დროს, როგორც წესი, ასკეტური პრაქტიკის მეშვეობით იკმაყოფილებენ და მთელ კაცობრიობას სთავაზობენ თავიანთი მოღვაწეობის ნაყოფს. ნამდვილი სუფიის (და არა მატყუარის) ცხოვრება განასახიერებს ეგზისტენციალურ არგუმენტს, რომელიც ორთოდოქსული ისლამის ტოტალიტარულობას და დაუნდობლობას, კონტრასტის წესით ირეკლავს და არაძალადობრივად უპირისპირდება. გასაკვირი არ არის, რომ ეს ჰუმანისტური მოძღვრება მოძულებული და დევნილი გახდა მრავალ ხალიფატსა და სხვა "მშვიდობის სახლებში". მცირე მაგალითებს მრავალთაგან წარმოადგენს ერეტიკოსობის ბრალდებით, ცნობილი მისტიკოსების და მოაზროვნეების: ალ ჰალაჯისა (858-922) და სურავანდის სიკვდილით დასჯა.


იმარ ხაიამი - დიდი სუფია


აქვე წარმოგიდგენთ ერთ-ერთი გამორჩეული სპარსი სუფიას, პოეტის, მათემატიკოსის და დიდი ფილოსფოსის - ომარ ხაიამის (1048-1122) რობაიების კრებულს:


მე არ ვიცი რით გავჩნდი, ეს მასალა რისია

ჩემს იღბალზე მზე ჰნათობს თუ ნამდვილად ნისლია,

ღვინო, ქალი, ბარბითი, შენ ეს ნაღდი მომეცი

და თუ გინდა აიღე შენ სამოთხე - ნისია.


მოთმენა ჩემი, ღვინის ნდომით უკვე იძლია,

ასეთი ვიყავ, ხასიათი არ შემიცვლია,

ვეტრფი იმ წუთებს, როდესაც მწდე მომაწვდის ღვინოს,

მაძალებს, მაგრამ მე დალევა - არ შემიძლია.


ამბობენ, რომ ჯოჯოხეთში იქნებაო კრული,

ყველა ლოთი და მიჯნური, ვინც შელახა რჯული,

ეს რომ მართლა ასე იყოს, ხვალ სამოთხე ისე

დაცარიელდება, როგორც ხელის გული.


დიდხანს ვეძებე, არაფერი დამიხვდა წინ მე,

გადავიღალე წარმართობით გარეთ თუ შინ მე.

რომ მეუბნებით ჯოჯოხეთი არ აგცდებაო,

ნუთუ სამოთხეს ან ჯოჯოხეთს სწვევიხართ ვინმე?


ბედი ჭადრაკს თამაშობს, ჩვენ კი ვგავართ პაიკებს,

ტყუილს კი არ გეუბნები, მართალს ვამბობ, გაიგე!

მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი სათამაშოა,

დღე მოვა და აქედან გუდა-ნაბადს აიკრეფ.


ორიოდე დღის სამყოფი თუ გაქვს პურის ყუა

და გაბზარულ ხელადაში ცივი წყალიც თუა,

მაშ, მსახური რაღაც გინდა, ან შენ თვითონ, ძმაო,

სხვას რად უნდა ემსახურო, თუ გაქვს თავში ჭკუა?


როცა მოვკვდები - ანდერძს ვწერ - ღვინით დამბანეთ მკვდარი,

შენდობაც ღვინით მითხარით, ესეც ანდერძი არი,

და თუ მეორედ მოსვლის დღეს ძებნას დამიწყებთ ძმებო,

მეძებეთ, სადაც აბია ღვინის სარდაფის კარი.


შენ მოწყალე ხარ, მოწყალება არის სიკეთე,

სამოთხის კარი ცოდვილთ რაღად გამოგვიკეტე?

მორჩილს თუ მინდობ, ვერაფერი მოწყალებაა,

ცოდვილს შემინდო - ამაშია ღმერთო სიკეთე.


ვინ გადაურჩა უცოდველი დღეების დენას,

ვინც არ შესცოდა, როგორ შეძლო მან თავის რჩენა?

მე რომ ცუდს ვშვრები და შენც, ღმერთო ცუდად რომ მიხდი,

- შე დალოცვილო, ღმერთი ხარ თუ კაცი ხარ შენა?


ო, ვის უნდა, რაში უნდა ყოფნა ამისთანა?

ერთი მოდის, მეორისთვის ილესება დანა,

ჩვენი ბედი რომ იცოდე არშობილო ჯერე,

ქვეყანაზე დაბადებას ისურვებდი განა?


სისულელეა ყველა რჯული და ყველა რწმენა,

ბევრს კი ამაოდ ეცვითება მუხლი და ენა,

აბა, მე გკითხავთ, თქვენ მითხარით - საიქიოში

ვინ წარიწყმიდა ან ვის ერგო სამოთხის ლხენა?


ზღვას მომაშორეს - ქვითინებდა პატარა წვეთი,

დარდს მისას ზღვისას ღიმი ედგა, ვით ნათლის სვეტი:

ერთნი ვართ ყველა, ერთმანეთის მიწყივ ვივსებით,

ნუ სევდიანობ, განშორება წუთია კენტი.


ამ საწუთროში მამხილებლის თვალი სად არი?

კაცთა მოსულთა და წასულთა კვალი სად არი?

გული დაგული, დადაგული, გული უბიწო,

დაიფერფლა, ის დაიფერფლა - კვამლი სად არი?


ყურანი ხომ ღვთის წიგნია და მორწმუნე ამ წიგნს

შიგადაშიგ თუ კითხულობს, მე - ურწმუნო კაცი,

მის წარწერებს ვეწაფები (როცა ღვნოს ვწრუპავ),

ჩამწკრივებულს ღვინის თასის ტუჩის ქვეშ და გასწვრივ.


ყოვლისშემქმნელმა როცა მოჭრა სამყაროს თარგი,

თვით არ იცოდა რა არ ვარგობს და რაა ვარგი?

მე თუ ცუდი ვარ, რად მიბოძა თვისი იერი?

ან ასე უღვთოდ სულს რაღად მხდის, თუკი ვარ კარგი?


შეეშვი ლოცვას, დაეხსენი რწმენის მარწუხებს,

იყავ კეთილი და შენს მოძმეს ნუ შეაწუხებ,

მომეცი ღვინო და იმ ქვეყნად როცა წარვსდგებით,

იქ, სამსჯავროზე შენ მაგივრად, მე ვუპასუხებ!


გატეხე მარხვა, შიში ნუ გაქვს, გაბედე, ჰქენი,

აჭამე მშიერს! ამას ითხოვს კაცური ზნენი,

ნუ შეურაცხჰყოფ კაცს გულმართალს საქმით და ენით,

განკითხვის დღეს კი - მე ვიქნები თავდები შენი!


არც სინაგოგა, არც მეჩეთი, არც ეკლესია,

არ მწამს არცერთი, მათი გმობა ჩემი წესია.

მე არც სამოთხის იმედებით ვყოფილვარ ქვეყნად,

არც ჯოჯოხეთის მოლოდინით დამიკვნესია!


მეჩეთში რომ ვართ, ჩვენ ლოთები განა არა ვართ,

განა ალაჰის იმედების ანაბარა ვართ,

იმ დღეს ჩვენ მოლას სალოცავი ნოხი მოვპარეთ,

ისევ მოვედით ახალ ნოხის მოსაპარავად.


მე ქალს და ღვინოს შევთხოვ შველას, შენ ლოცვა გშველის,

მე ჯოჯოხეთში წავალ, შენ კი - სამოთხე გელის.

მე რა ბრალი მაქვს, თუ განგებამ ასეთად შემქმნა?

ვინ არის ცოდვის განმკითხველი ახლის თუ ძველის?


სიცოცხლის რტოებს აყვავებას ერთხანს აცლიან

და ლამაზ პერანგს სუდარაზე მალე გაცვლიან,

შენს სხეულს, როგორც მფარველ კარავს, ნუ მიენდობი,

რადგან ამ კარავს, მალე საყრდენს - გამოაცლიან!


შაბანის თვეში ღვინოს არ ვსვამთ - წესი წესია...

რაჯაბის თვეშიც ნუ დალევთო - ამბობს მესია,

შაბან და რაჯაბს თუ გავცდებით უფლის წყალობით,

დავლიოთ ღვინო რამაზანში - უკეთესია.


გულო, ნუ ნაღვლობ ჯოჯოხეთზე და ნუ გგონია

ვინმეს უნახავს ის, რაც მხოლოდ მონაგონია,

შენ ვერც შიში და ვერც იმედი ვერსად მიგიყვანს,

განა გზა-კვალი არარსებულს სადმე ჰქონია?


ჩემი გაჩენით სარგებელი ღმერთს არ ჰქონია,

ჩემმა სიკვდილმაც რამ შეჰმატოს, არა მგონია.

მე ძლიერ მიკვირს, ამის პასუხს არავინ მაძლევს -

ეს წასვლა-მოსვლა მას რა მიზნით მოუგონია?


ბევრმა ქვეყნის შესაცნობად გზა ვერ ნახა სწორი,

განა ცოტა დაბნეულა, განა ერთი-ორი.

შენც ხომ იცი, ბოლოს მაინც ცივი მიწა გველის,

დანარჩენი ყველაფერი ჭორი არის, ჭორი!


შაბანის თვეში თუ დავთვერით, ღმერთს ეწყინება,

და ლოთებისთვის მან რეჯების თვეც არ ინება,

კარგი ბატონო, რამაზანის თვეში დავთვრებით,

მაგრამ მაშინაც არ დაგვიწყოთ ლანძღვა-გინება.


თავს ვიმტვრევდი, ამოცანა ვერ ამეხსნა ძნელზე ძნელი:

სუყველაფერს რა სჯობს ქვეყნად, ახალია ის თუ ძველი?

ბრძენმა ყურში მითხრა: "რა და, ხელით გეპყრას ქალის წელი,

და გაგრძელდეს ერთი ღამე, ისე როგორც ერთი წელი."


მუდამ ამას ჩამჩიჩინებ, გამიწყალე გული,

რომ ვარ ფლიდი, გაიძვერა და არა მწამს რჯულის,

კი ბატონო, რასაც ამბობ, ვაღიარებ, მაგრამ

შენ რომ ამბობ ამას ჩემზე - არის უხერხული.


ღვინო მინდა, როცა ჩემ წინ ჯამით ღვინო არის,

მე მგონია ჩემი თავი დიდებულთა გვარის.

ჯერ მინდა, რომ გავეყარო ჩემს რჯულსა და რწმენას,

მერე ვაზის ასულთან მსურს დავიწერო ჯვარი!


სამყაროს რწმენა და მიზანი ჩვენა ვართ მხოლოდ,

გონიერების წყაროს წყალი - ჩვენა ვართ მხოლოდ,

ეს წრე დიადი სამყაროსი, ბეჭედია და

უძვირფასესი მისი თვალი - ჩვენა ვართ მხოლოდ.


მერგუნა ქვეყნად მწუხარება, დარდი და ძრწოლა,

მოვა დრო, მოვა სიკვდილი და საფლავში წოლა.

ეს ორიოდე დღე რომ ვცოცხლობთ, ვილხინოთ მოლზე,

სანამ ჩვენ თვითონ გარდვიქცევით მიწად და მოლად.


თუ ღმერთმა შემქმნა, როგორც იმას ჰქონია წესად,

უნდა სცოდნოდა მას თავიდან რა თესლიც სთესა,

მე რომ ვცოდავდი, განა ღმერთმა ეს არ იცოდა?

მაშ, ახლა რატომ მემუქრება, რასა ჰგავს ესა?!


გვსურს თუ არა გვსურს, ერთ დროს ყველა დავხუჭავთ თვალებს,

წავალთ ამ სოფლით და წავიღებთ ქვეყნიურ ვალებს.

დავლიოთ ერთად მეგობრებო, დავლიოთ ერთად,

ამ ქვეყნად გვიან მოვდივართ და - მივდივართ მალე!


ვარდობის თვეში კარგი სუფრა და ჩრდილში ლხენა,

გვერდით კი ტურფა! ო, ამ სიტკბოს ვერ იტყვის ენა,

აბა, გასინჯე, ჯოჯოხეთი შენ არ შეგაკრთობს

და არც სამოთხე მიგიზიდავს - მერწმუნე შენა!


ვარდი ამბობდა, ჩემებრ ტურფა და გულის მძვრელი

ქვეყნად რა არის, მაგრამ მაინც დაჭკნობას ველი.

ბულბულმა უთხრა: აბა ერთ წელს ვის უცინია,

ისე, რომ შემდეგ არ ეტირა მრავალი წელი?!


ლოთებს ელისო ჯოჯოხეთი გულის მზარავი,

მეც საყვედური ბევრი მითხრეს დაუფარავი.

როგორ? ჯოჯოხეთს ლოთს და მიჯნურს თუ აგზავნიან,

მაშ, სამოთხეში ვინ ჰყოლიათ? მგონი არავინ.


ეჰ ღვინო, ღვინო გულია და სულია ჩემი,

ყოველი რჯულის უარყოფა - რჯულია ჩემი,

ბედის პატარძალს ვკითხე - "შენი ურვათი რაა"?

თქვა: "მხოლოდ იგი, რომ შენ გახდე სრულიად ჩემი..."


რაც არ უნდა აძაგონ, ვამბობ - ღვინო კარგია!

ვინც კი ამას უარჰყოფს, ჭკუა დაუკარგია...

ზოგჯერ, რასაც კრძალავენ, სწორედ იგი გვჭირდება

და რასაც არ კრძალავენ, ის არაფრად გვარგია.


მაშინ, როცა ხესავით მოვითხრები ძირით,

დავიშლები სნეული ათასგვარი ჭირით,

ჩემგან სურა გამოწვით და თუ გინდათ აღვდგე,

მასში ღვინო ჩაასხით - და ნუღარ იდარდებთ.


ის, ვინც იშვა და იგრძნო სოფლის ღელვა-დუღილი,

მას ხან ერგო ლხენა და ხანაც დარდი-წუხილი,

ერთხანს დიდად ხარობდა, თუმც მერე კი დადუმდა,

ისე სძინავს დაბანგულს, ვერ აღვიძებს ქუხილი.


რაც ამ ქვეყნად გვებადა, მიგვეფარა თვალთაგან,

რაც არ გვქონდა იგი ხომ სულ არ არის და არა,

ცხოვრებაზე ნუ დარდობ, დარდად იგი არა ღირს.

მხნედ იყავი და ლაღად, რაც გაქვს ისიცა კმარა.


რამდენ ხანს გაძლებ შენ, ათასი წელი თუ ასი,

სულერთი არის, ამას მაინც ერთი აქვს ფასი.

გინდ მეფე იყავ, გინდ იყავი გლახაკი ბაზრის,

შე საცოდავო, მაინც წახვალ, არა აქვს აზრი.


მითხრეს, როდესაც გაიხსნება სამოთხის ბჭენი,

დაგხვდება ღვინო, ფერიები ლაღი და მშვენი.

ბოლოს თუ მაინც იმავ საქმეს უნდა ვეწიოთ,

ვეღარ გავიგე, რაღა არის ცოდვები ჩვენი?!


შემწეს დავეძებ, შემწეობა სად არის შენი?

მძიმე უკუნი ჩამოწვა და ჩაბნელდა გული,

მორჩილი ვიყო და სამოთხე მექნება სრული?!

ეს ვაჭრობაა, წყალობა კი სად არის შენი?


ამაქვეყნიურ ჩვენებათა არსება ბნელი

რომ განგიმარტო, გამომივა ზღაპარი გრძელი,

ეს ჩვენებანი ზღვის სიღრმიდან ამოტივტივდნენ,

და ცოტა ხანში, კვლავ ზღვის ფსკერზე ჩაძირვა ელით.


სახედარია, ვინც ლოცულობს როგორც წესია,

რადგან სიცრუის საპალნის ქვეშ დაუკვნესია,

განდეგილობის ფარდის უკან რწმენით მოვაჭრე

ყოველ ურწმუნო უღმერთოზე უარესია!





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
850
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
850
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0