საზოგადოებრივი აფხაზები 2019, 22 ივლისი, 23:09 აბაზები, აფხაზები, ებზეები/ობეზები, აბაზგები/აბასკები, აბაძახები/აბაზახები იბერო-კავკასიური მოდგმის ხალხია... "აფხაზ" ფუძესთან და მასთან ფორმობრივ-სემანტიკურად დაკავშირებულ ლექსემებს, აფხაზ და აბაზა ტომთა ისტორიას მრავალი მეცნიერი იკვლევდა. ბოლო პერიოდის შემაჯამებელი ხასიათის გამოკვლევები ეკუთვნის თ. გვანცელაძეს (თ. გვანცელაძე 1993; თ. გვანცელაძე, 1998; თ. გვანცელაძე, 2004). აფხაზურ ენაში სუპერსტრატული ფენების გამოწვლილვითი შესწავლის შემდეგ იგი ასკვნის: "დღევანდელ აფხაზთა წინაპრებს შავი ზღვის სანაპიროზე არ უცხოვრიათ ახ.წ. V საუკუნემდე. აფხაზთა თავდაპირველი სამშობლო "აფსნი" მდებარეობდა კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე ყუბანის აუზში. მისი ძირითადი მასა აქვე ბინადრობდა 1561 წლის ახლო ხანებამდე. თანამედროვე აფხაზური ეთნოსის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ამჟამინდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზთა (თვითსახელწოდება - აფსუათა) მოსვლამდე მცხოვრებ კოლხურ მოსახლეობას. (თ. გვანცელაძე, 1998, გვ.60; თ. გვანცელაძე, 2004, გვ.58-63). ამასვე ადასტურებს ანთროპოლოგიური მონაცემები. მისივე ვარაუდით აფხაზურ-აბაზურ და ჩერქეზულ ენებზე აფხაზურ-აბაზურ ტომთა ერთობის თავდაპირველი სახელი უნდა ყოფილიყო ა-ბაზ-ა > აბაზა. ამოსავალი ფორმა ა-ფასა, რომლისგანაც -Eა სუფიქსითაა ნაწარმოები ა-ფსუა < ა-ფას-Eა (თ. გვანცელაძე, 1998, გვ.38-39). წარმოდგენილ საყურადღებო ნაშრომებში ჩვენთვის საკამათოა მხოლოდ ქართული "აფხაზ" ფუძის წარმოქმნის გზა. კერძოდ, თ. გვანცელაძის აზრით "აფხაზ" ფუძე მომდინარეობს ჩერქეზული აბაზა ხა კომპოზიტისგან: აბაზა ხა "ქვემოური აბაზა". ჩერქეზულად "ხა" ითარგმნება როგორც ქვემოური, ქვემოთა. ჩერქეზულად აბაზა ხა/აბზახა - მეგრულად აბხაზა - ქართულად აფხაზი (თ. გვანცელაძე, 1998, გვ.38). ვფიქრობთ, უფრო ნაკლებწინაარმდეგობრივია აბაზ-ხ-ი > აფხაზ-ი გზის დაშვება, სადაც "ხ" კრებითობის სუფიქსია. ჯერ მივყვეთ უძველესი წერილობითი წყაროების ჩვენებას: არიანე (II ს.) წერს: "ტრაპიზონიდან ძველ აქაიამდე შემდეგი ტომები გავიარეთ: კოლხები, სანები, მაკრონები, ჰენიოხები, ძიდრიტები, ლაზები, აფსილები, აბასკები, სანიგები, ძილქები. ლაზების მეზობლები აფსილები არიან. მათმა მეფემ - იულიანემ მეფობა შენი მამისგან მიიღო. აფსილების მეზობლები აბასკები არიან. აბასკთა მეფე რესმაგაა. აბასკთა მეზობლები სანიგები არიან (ბერძენი მწერლები, 1983, გვ.158-159). აბასკები სანიგებს ზემოთ, მთებში სახლობენ (თ.ყაუხჩიშვილი. 1976, გვ.100-101). ამავე კონტექსტში აბაზგებს ახსენებენ V საუკუნის მოღვაწე თეოდორიტე კვირიელი (გეორგიკა, 1961, გვ.227), ასევე V საუკუნის ანონიმი ავტორი (გეორგიკა, 1965, გვ.8), სტეფანე ბიზანტიელი (გეორგიკა, 1936, გვ.284) და სხვები. შდრ. აგათანგელოსის ტექსტის არაბულ თარგმანში ლაზთა ქვეყანა ითარგმნება, როგორც "აბცჰაზორუმ" (გეორგიკა, 1961, გვ.71). მოგვიანებით ფართოვდება ტერმინ აბაზგიად მოაზრებული ტერიტორია. მაგ. ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე პორფიროგენეტი (912-959) თავის შვილს აცნობს რა ბიზანტიის მეზობელ თუ დაპყრობილ ტომებს, აბაზგიის შესახებ ამბობს: "ჯიქეთის საზღვრების შემდეგ, ესეიგი მდინარე ნიკოფსიიდან მოკიდებული ზღვის ნაპირი ვიდრე სოტერიუპოლისამდე 300 მილის მანძილზე უჭირავს აბაზგიის ქვეყანას." (გეორგიკა, 1952, გვ.233). ნიკოფსიის ლოკალიზება არ ჭირს, მაგრამ საკამათოა სოტერიუპოლისის საკითხი. ზოგი მას ბიჭვინთად მიიჩნევს, ზოგი კი სოხუმად. (საკითხის მიმოხილვისთვის იხ. ს. ყაუხჩიშვილის მსჯელობა, იქვე, გვ.231-235). ჩვენი აზრით, რამდენადაც X საუკუნეში აბაზგიის სახელით არაიშვიათად მთელი დასავლეთ საქართველო მოიხსენიება, აბაზგიის სამხრეთ საზღვრად ნათქვამი ქალაქი სოტერიუპოლისი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე უნდა ვეძიოთ ნიკოფსიიდან დაახლოებით 300 მილის მანძილზე. X საუკუნის შუა წლების ქართული წყაროების აფხაზეთის სამეფო (გაერთიანებული დასავლეთ საქართველო ცენტრით ქუთაისში) არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. იგივე, კეისარი კონსტანტინე პორფიროგენეტი როცა თავის შვილს ასწავლის უცხოელთათვის მიმართვის წესებს, იბერიის (ტაო-კლარჯეთის) კუროპალატსა და აბაზგიის მთავარს ერთ რანგში განიხილავს (გეორგიკა, 1952, გვ.293). აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდის ქართული წყაროები აფხაზეთს საქართველოს ერთ-ერთ ქვეყნად - "ჩუენს ქუეყანად" თვლის. ს. ჯანაშიას რედაქტორობით გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში იყო ასეთი ფრაზა: "აფხაზთა ერისთავმა ადვილად დაიპყრო ეგრისი და არგვეთი". პავლე ინგოროყვამ შემდეგი მართებული კომენტარი გააკეთა: "პირველწყარო "მატიანე ქართლისაი"-ში პირდაპირ აღნიშნულია, რომ აფხაზთა ერისთავი ლეონ, განუდგა ბერძნებს და დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელ იდვა მეფე აფხაზთა". ესეიგი აფხაზთა ერისთავმა აფხაზეთიდან კი არ დაიპყრო ეგრისი, არამედ განუდგა რა დამპყრობელს, ორივეში გაბატონდა და დედაქალაქად ქუთაისი აირჩია. (პ. ინგოროყვა, 1958, გვ.115-116). სწორედ ამ დროიდან დასავლეთ საქართველოს სახელად დამკვიდრდა "აფხაზეთი". საერთოდ, ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა (ასეთი გამონაკლისები ყველა ქართულ სამთავროს ჰყავდა), აფხაზეთის მეფე-მთავრები ზოგადქართველური ეროვნულ-კულტურული და სახელმწიფოებრივი საქმის მოთავენი იყვნენ. მათი მოღვაწეობითაც ჩანს, რომ რუსეთის იმპერიის კავკასიაში გააქტიურებამდე, აფხაზები სხვა ქართველური თემებისგან თვისობრივად არ განსხვავდებოდნენ. აფხაზეთი და ეგრისი, ქართლის ცხოვრების მიხედვით ეს ორი ქართული კუთხე, გორგასლის მეფობის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს იმ ნაწილს მოიცავდა, რომელიც არ ჰქონდა დაპყრობილი ბიზანტიას. ჩანს, აფხაზეთი იყო ციხეგოჯამდე, ეგრისი კი - ციხეგოჯიდან ლიხამდე. შდრ. "მასვე ჟამსა გამოვიდნენ ბერძენნი აფხაზეთად, და დაიპყრეს ეგრისწყლიდან, ვიდრე ციხეგოჯამდე." (ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.146, 4-5); შდრ. იქვე გვ.157, 19: დაპყრობილ აფხაზეთში ბიზანტიელების მიერ მმართველად დასმული იყო ლეონ, რომელიც "უცალო იყო ბრძოლისაგან სპარსთასა და ვერშემძლებელ იყო სპათა გამოგზავნად აფხაზეთს". და (ვახტანგ გორგასალმა) სამ წელ წარტყუენნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი ვიდრე ციხე-გოჯამდე. ესეიგი გორგასალმა შემოიმტკიცა ბერძენთაგან ახალდაპყრობილი ქართული ქვეყანა - აფხაზეთი. აქვე აღვნიშნავთ, ფარნავაზისა და ქუჯის ამბების თხრობის დროს, მემატიანე ხაზგასმით აღნიშნავს, ეგრისწყლის მარჯვნივაც ქართველები ცხოვრობდნენ: "ეგროსს ერგო ტერიტორია ლიხიდან ვიდრე მდინარე ხაზარეთისწყლის (ყუბანის) შესართავამდე" (ქართლის ცხოვრება, გვ.5, 12-15), მაგრამ ბერძნებთან ომის შემდეგ, "ეგრის წყალს ქუემოთა დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკვიდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა (იქვე, გვ.24, 1-2). ლოგიკურია ვთქვათ, რომ ქართულ წყაროებში თავდაპირველად ეგრისი მოიცავდა აფხაზეთსაც, მომდევნო პერიოდში ორივე სახელი რეალურად თანაარსებობდა - მეზობელ მხარეებს აღნიშნავდა, შემდეგ საერთო სახელად განზოგადდა და ეწოდა "აფხაზეთი". ისტორიული ეგრისის აღსანიშნავად ოდიში და სამეგრელო შედარებით გვიან დამკვიდრდა. აფხაზეთის ბიზანტიური ვარიანტი იყო აბაზგია. შდრ. საქართველოს გაერთიანებამდე არსებობდა, აბაზგიის ეპარქია, რომელიც ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს (გეორგიკა, 1952, გვ.129, 137-138). კეისარ კონტანტინეს დროს აფხაზეთის მეფეები იყვნენ გიორგი II (912-957), ლეონ III (957-967) და თეოდოს III (975-978). თეოდოსის ტახტიდან გადაყენების შემდეგ, 978 წელს დავით III ბაგრატიონი (კუროპალატი) აფხაზეთში ამეფებს მცირეწლოვან ბაგრატს, სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი დასავლეთ, სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ "საქართველოების" გაერთიანებას. დიდი საქართველოს აღორძინების გამორჩეული ორგანიზატორი იყო აფხაზეთის ერისთავი იოვანე მარუშისძე. შდრ. 1008 წელს აღდგენილ-გაერთიანებული საქართველოს პირველი მონარქი ხდება აფხაზთა მეფე ბაგრატი, შემდგომში ბაგრატ III-დ წოდებული, რომლის შვილი - გიორგი I თავისი სამშობლოს დამპყრობელი ბიზანტიის დაუძინებელი მტერი იყო. შდრ. აგრეთვე იოანე ზონარას (XI-XII) მსოფლიო ქრონიკაში მოთხრობილი ამბავი (გეორგიკა, 1966, გვ.233-239). ტექსტს ვიმოწმებთ ს. ყაუხჩიშვილის თარგმანისა და კომენტარების მიხედვით: ბარდა ფოკასა და ბარდა სკლიაროსის დამარცხების შემდეგ, ბიზანტიის მეფე ბასილი გაემართა იბერიაში, სადაც მოაწესრიგა ის სადავო საკითხები, რომლებიც გაჩნდა იბერიის კუროპალატ, დავითის გარდაცვალების გამო და წავიდა ფინიკიისკენ, შემდეგ მობრუნდა და გაილაშქრა აბაზგიის წინააღმდეგ, ვინაიდან მისმა მპყრობელმა გიორგი პირველმა დაარღვია ბიზანტიასთან დადებული ხელშეკრულება. ფიცხელ ომში დამარცხდა აფხაზეთის მთავარი გიორგი, შიდა იბერიისკენ გაიქცა და ზავი ითხოვა. მან მძევლად მისცა თავისი ძე - ბაგრატი (შემდგომში ბაგრატ IV). ძველი ქართველი მწიგნობარნიც კარგად იცნობდნენ ტერმინ აბაზგიას. მას დასავლეთ საქართველოდ თვლიან და აფხაზეთად თარგმნიან. იხ. მაგ. "მიმოსვლასა შინა წმიდათა მოციქულთასა ანდრია პირველწოდებულისა მიერ ქადაგება შორის ავაზგიასა, რომელ არს აფხაზეთი (გეორგიკა, 1991, გვ.214; იხ. აგრეთვე აქვე გვ.219). აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ X-XII საუკუნეების სხვა უცხოური წყაროებით აფხაზი უკვე ქართველის სინონიმადაა ქცეული. მაგ. იოანე იტალოსი იოანე პეტრიწს აბაზგ გრამატიკოსს უწოდებს, რაც ამ კონტექსტში ქართველ გრამატიკოსს ნიშნავს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ იოანე პეტრიწი არამხოლოდ დიდი ფილოსოფოსი, არამედ შეუდარებელი მოქართულე და სიტყვათმოქმედი იყო. გარდა ამისა ის სიტყვებს სხვა ქართველური ენებიდანაც ამკვიდრებდა, მაგალითად სამხმიანი გალობის მეორე ხმის აღსანიშნავად მან შემოიღო ტერმინი "ჟირი", რომლის მეგრული წარმომავლობა უდავოა. ლოგიკურია დავუშვათ, რომ ეს დიდი ქართველი მოღვაწე ეგრისის მკვიდრი იყო (შდრ. ნიკო მარის აზრით, იოანე პეტრიწი ტომით აფხაზი იყო). საყურადღებოა აგრეთვე ე. ხინთიბიძის დაკვირვება: ექვთიმე მთაწმინდელმა ქართულიდან ბერძნულად თარგმნა "ვარლამ და იოასაფის" რომანი, რომელიც ბერძნულიდან გადაითარგმნა ლათინურად. ლათინურად მთარგმნელის კომენტარით, "ბერზნული თარგმანი შეასრულა ტომით აბაზგმა ბერმა ეფთვიმემ." (ე. ხინთიბიძე, 1998, გვ.15). ესეიგი ქართველი ექვთიმე მთაწმინდელი ლათინთა აზრით, ტომით აბაზგია. ამავე პერიოდში აფხაზეთი სრულიად საქართველოს ნიშნავს სპარსულ წყაროებშიც (კ. ტაბატაძე, 1993, გვ.222-226). შედარებისთვის, ასურელი ისტორიკოსი ზაქარია რიტორი, აფხაზთა/ქართველთა ქვეყანას ბაზ-გ-ონ-თა ქვეყანას უწოდებს. მსჯელობისთვის იხ. ივ. ჯავახიშვილი, 1960, გვ.402. საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი: დედით ქართველური, აბაზგური წარმომავლობის იოვანე ცეცეს (1110-1180) აზრით აბაზგები იბერთა ტომისანი არიან (გეორგიკა, 1976, გვ.20-25), შდრ. აქვე ერთგან მითითებულია იოვანეს დედის აბაზგობა (გვ.23), მეორეგან კი იბერიელობა (გვ.25). ამავე დოკუმენტის მიხედვით, იოვანეს აბაზგი ბებია ამალაში ახლდა იბერიის მეფის ასულს - მართას. ჩანს, აფხაზეთის მოსახლეობა ქართველებად ითვლებოდა მეზობელი ხალხებისთვისაც: ყარაჩაელების, ბალყარელებისა და რუსებისთვისაც. კერძოდ: შემთხვევითი არ ჩანს ის ფაქტი, რომ ტერმინი აბაზა/ობეზი/ებზე ჩრდილო კავკასიის ზოგ ხალხში და ევროპულ ძველ რუსულ წყაროებში, ქართველის სინონიმია. მაგალითად პაპ ინოკენტი IV-ს ელჩი იოანე დე პლანო კარპინი, რომელმაც მონღოლეთში იმოგზაურა 1246 წელს, საქართველოს გეორგიანიას ეძახის, ქართველებს კი გეორგიანებს, ანუ ობეზ-ე-ბს (ს. ჯანაშია, 1959, გვ.53). XIV-XVI საუკუნეების რუსული წყაროს მიხედვით, ობეზი საქართველოს აღნიშნავდა. ფაქტის ახსნა იოლად შეიძლება: მაშინდელი სლავების ენაშიც ქართველთა სახელად განზოგადდა მეზობელი ტომის სახელი აბაზა, რამდენადაც სლავებისთვის აბაზა, ეგრისელი, სვანი, კახელი თუ მესხი ერთი მოდგმა იყო. შდრ. აგრეთვე: კავკასიაში გვიან მოსული ყარაჩაელებისა და ბალყარელებისთვისაც ქართველების აღმნიშვნელი ტერმინია "ებზე" (< აბაზა). ამავე დროს ებზე საკუთრივ სვანებს, ზოგ შემთხვევაში კი რაჭველებსაც აღნიშნავს (თ. გვანცელაძე, 1993). შედარებისთვის, აბაზა ჯიქების თვითსახელწოდებაცაა და დღევანდელ აბაზათაც (აბაზები რამდენიმე საუკუნის წინ გაემიჯნენ აფსუებს). ვფიქრობთ აშკარაა, რომ ძველი დროიდან მოყოლებული ვიდრე XVI-XVII საუკუნეებამდე, ჯიქებისგან განსხვავებით, აბაზები/აბაზგებ/აფხაზები ევროპაშიც და აზიაშიც ქართველურ ანუ იბერო-კოლხურ სამყაროსთან ასოცირდება. სამართლიანადაც. შუა საუკუნეებში სხვა ქართველური მოდგმის თემებთან ერთად, აფხაზებიც ქმნიდნენ ერთიან ქართველურ სახელმწიფოსა და სამწიგნობრო კულტურას. გაერთიანებულმა საქართველომაც დიდხანს შეინარჩუნა "სამეფო აფხაზეთის" სახელი (გ. ალასანია. 2004, გვ.9). შდრ. აგრეთვე თ. გვანცელაძის დასკვნა: სხვადასხვა პერიოდისა და სხვადასხვა ენაზე შედგენილი წერილობითი თუ კარტოგრაფიული მასალა ცხედყოფს: უძველესი დროიდან გვიან შუა საუკუნეებამდე, ცხუმის მოსახლეობა ქართველური იყო" (თ. გვანცელაძე, 1997, გვ.25). თავად ცხუმი კი სვანური სიტყვაა, ეს ნიშნავს, რომ ამ ქალაქის სახელწოდების "სოხუმის" მიმცემნი, ადგილობრივად უძველესი დროიდან დასახლებული სვანური და მათ შორის კოლხური მოსახლეობა იყო. ერთიანი საქართველოს აღორძინების პარალელურად, აფხაზეთის ხელისუფალნი იღწვოდნენ ქართული ეკლესიის ერთიანობის აღსადგენადაც. მაგალითად აფხაზი მეფე-მთავრების (ლეონ II, თეოდოს II, დემეტრე II, გიორგი I, კონსტანტინე III, გიორგი II, ლეონ III) აგრეთვე ცხუმის ერისთავი ოთაღო შერვაშიძე (XII ს.), მხედართმთავარი დარდინ შერვაშიძე (XIII ს. და სხვ.), ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გახლდათ: 1. დასავლეთ საქართველოს ეკლესიის გამოსვლა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან, და ქართულ ავტოკეფალურ ეკლესიასთან შეერთება. 2. ქართულენოვანი საეკლესიო ცენტრების მშენებლობა. 3. ბრძოლა ქართულ სამყაროს პოლიტიკური გაერთიანებისთვის. 4. ჩრდილო კავკასიელი სისხლით მოძმე ხალხების გაქრისტიანებისთვის ბრძოლა და ამ გზით ქართული სახელმწიფოს საზღვრების უზრუნველყოფა (ლ. ახალაძე, 2004, გვ.12). სამეცნიერო ლიტერატურაში "აფშილ" და "აბაზგ" ფორმები დაკავშირებულია ასურულ წყაროებში დაფიქსირებულ აბეშლასთანაც (ზ. ანჩაბაძე, 1976; შ. ინალიფა, 1976) და ხუბუშქიასთანაც (მ. ქურდიანი, 2001, გვ.126-130; მ. ქურდიანი 2002, გვ.80). -ლ-/-ილ- სუფიქსთა კვალიფიკაციის სირთულის მიუხედავად, ლოგიკური ჩანს ასურული წყაროების აბეშლა საერთოქართველური აბესა/აბაზა (აბაშა, შდრ. ზანური ობაშა > აბაშა; მ. ჩუხუა, 2003, გვ.73) და აბსილი/აბშილი ფორმებს შორის კავშირი. შდრ. ზ. ჭუმბურიძე, 2002: "აბაშა უნდა მოდიოდეს ებრაულ სახელ აბასგან. აბა შა - აბას კუთვნილი." შენიშვნა: იოანე ცეცეს (X ს.) ცნობით აბაზგებს ადრე მასაგეტები ერქვათ (გეორგიკა, 1967, გვ.25). შესაბამისად "მას" ძირის არსებობა შეიძლება დაგვეშვა მას-აგ-ეტ ეთნონიმშიც, თუმცა აქაც ბევრი წინაარმდეგობა გვაქვს: ვერ ხერხდება -აგ- და-ეტ- სეგმენტთა დამაჯერებელი კვალიფიკაცია. აქამდე სადავო იყო მასაგეტების იბერო-კავკასიელობაც. ჰეროდოტეს მიხედვით, მასაგეტები მომთაბარე და მეომარი ტომია (მათთან ბრძოლაში დაიღუპა აქემენიდთა დამაარსებელი - კიროსი). სტრაბონი მათ ხვარაზმელებად თვლიდა. (ქსე, ტ.VI, გვ.497). ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, მასაგეტები არიან შუა აზიელი სკვითები. შდრ. თეოფანე ბიზანტიელი (VI ს.): ძველ მასაგეტებს ახლა თურქები ჰქვიათ, მათვე სპარსელები კერმიხიონებს უწოდებენ (გეორგიკა, III, გვ.253). ზოგი მკვლევარი მასაგეტებს იბერო-კავკასიურ სამყაროსთან აკავშირებს, შედარებისთვის სტეფანე ბიზანტიელის მტკიცებით მასაგეტები იბერთა ტომია (გეორგიკა, 1936, გვ. 282). ის მკვლევარები, რომლებიც მასაგეტებს ქართველურ-კავკასიურ ტომად თვლიან და სტეფანე ბიზანტიელის ცნობას ეთანხმებიან, სრულიად მართლები ჩანან, ვინაიდან აბაზგები, აფსუები, თუნდაც დღევანდელი აფხაზები და მათი ენა ნამდვილად იბერო-კავკასიურია, კერძოდ ადიღეური ენათა ოჯახის. თუ იოანე ცეცე წერდა, რომ აბაზგებს ადრე მასაგეტები ერქვათ, შესაბამისად მასაგეტები ვერ იქნებოდნენ ვერც ინდო-ევროპელები და ვერც თურქულ-ალთაური ხალხი, ამას თავად ადიღეურ-ჩერქეზულ-აფსუური ხალხის გენეტიკური და ანთროპოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, ისინი დანამდვილებით იბერო-კავკასიელები არიან ლინგვისტურად, ანთროპოლოგიურად და გენეტიკურად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, წარმოდგენილი ლინგვისტური სქემები მეტ არგუმენტს, ხოლო საკითხი დამატებით კვლევას საჭიროებს. აქ უდავო შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ორი სხვადასხვა ქართველურ-კავკასიური ტომი აფსილ-აფსარები და აბაზგ-აფხაზები საუკუნეების მანძილზე, საკუთრივ ქართველურ ტომთა მსგავსად, ერთიან ქართველურ (იბერო-კოლხურ) კულტურულ-ისტორიულ თუ სახელმწიფოებრივ ველში ცხოვრობდა. ფაქტია ისიც, რომ ისტორიულ ჩრდილო-დასავლეთ საქართველოშიც (კოდორიდან შავ ზღვასთან ყუბანის ძველ შესართავამდე) ოდითგანვე ცხოვრობდნენ ქართველურ-კავკასიური მოდგმის ტომები (ზანები, სანიგები, სვანები, აფსარები, აბაზები...). შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ საცხოვრისები და პოლიტიკური გავლენები ერთმანეთის ტერიტორიებზე მონაცვლეობდა (მასალის მიმოხილვისთვის იხ. დ. ლეთოდიანი, 1971). ევლია ჩელების ცნობით, უკვე 1641 წელს აბაზას ქვეყნის მოსახლეობა აბაზურ და მეგრულ ენებზე ლაპარაკობს. (ევლია ჩელები, 1971, გვ.100, შდრ. პავლე ინგოროყვა, 1957, გვ.133). თ. გვანცელაძის ლინგვისტური და ისტორიოგრაფიული ძიებებით, ნატლადაა ნაჩვენები, რომ XVI-XVII საუკუნეებში ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩრდილო კავკასიიდან - ყუბანის ხეობიდან, თანდათანობით გადმოდის და ამჟამინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რამდენიმე ხეობაში კომპაქტურად სახლდება ერთ-ერთი აბაზური ტომი, თვითსახელწოდებით - აფსუა. ვფიქრობთ, რამდენადაც ეს საზოგადოება მოძმე ქართველური მოსახლეობის - აფხაზების (აფხაზები იყვნენ კოლხების - ლაზ-მეგრელების, სვანების და აბაზგების ნარევი ქართველური კულტურის მატარებელი ხალხი) საცხოვრისში ნელ-ნელა მკვიდრდება, მეზობელთათვის ჩამოსულებზეც გადადის დამხვდურთა თემონიმი - აფხაზი. დროთა განმავლობაში ადგილობრვ აფხაზთა ნაწილი ითქვიფება სრულად მეგრელებში, ხოლო ნაწილი აფსუებში. შესაბამისად ქართველური თემონიმი "აფხაზი" ქართველურ ენობრივ ველში აფსუების აღმნიშვნელად გადააზრიანდა და აქედანვე შევიდა სხვა ენებშიც. შედარებისთვის, ამგვარივე ტრანსფორმაციით სომხითი/სომეხი იქცა მოსული არმენების აღმნიშვნელად. ბოლო დრომდე, სანამ არ მოხდებოდა ე.წ. "აფხაზეთის ომი", აფსუა-აფხაზებიც თავს თვლიდნენ ზოგადქართული კულტურის თანაავტორებად. ქართველური ენობრივ-კულტურული და სახელმწიფოებრივი სივრციდან ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ სხვა იბერო-კავკასიური მოდგმის ტომთა მკვეთრი განმხოლოება იწყება კავკასიაში თურქეთის გაძლიერების შემდეგ, ხოლო აფსუა-აფხაზი ხალხის იდენტობა (ეროვნული მეობა), პოლარულად შეცვალა ცარისტულ-საბჭოური იდეოლოგიის მძლავრმა პროპაგანდისტულმა, მიზანმიმართულმა ზეგავლენამ, რომელიც ემსახურებოდა იმპერიულ სტრატეგიას - დაყავი და იბატონე და რომელიც გაუჩერებლად ხორციელდება 1864 წლიდან დღემდე. (თ. გვანცელაძე, 2004, გვ.19). კავკასიის სრული დაპყრობის მიზნით, რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო აქაური მოსახლეობის გასახლება ან სრული გაუცხოება ტრადიციული ქართველურ-კავკასიური სივრციდან. მაგ. საქართველოს ძირძველი კუთხიდან - ეგროსის წილი ქვეყნის ნაწილიდან, ადლერ-სოჭი-ტუაფსეს რეგიონიდან, რუსეთის იმპერიამ 1864 და 1878 წლებში გაასახლა ქართველთა სისხლით მონათესავე ხალხები: უბიხები, ჩერქეზები, აფსუა-აფხაზები (უფრო ადრე და ამავე პერიოდშიც რუსულ-თურქული მზაკვრული გარიგებით ქართველობისგან იცლება სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველოც). ძირძველ, უძველესი ცივილიზაციების შემქმნელ იბერო-კავკასიური მოდგმის ხალხთა: ქართველთა და აფხაზთა, ასევე ჩერქეზთა, ვაინახთა, ლეკთა გასამიჯნავად და დასაპირისპირებლად საბჭოთა იმპერიამ მეფის რუსეთზე უფრო ეფექტურად გამოიყენა კულტურული გაუცხოების მეთოდი. ქართული (აფხაზური) მოწინავე აზრის აქტიურობის მიუხედავად, (იხ. შერვაშიძეების და სხვათა მოღვაწეობა), უფრო სწრაფად და ხელოვნურად გაგრძელდა რუსულ რეპრესიებს გადარჩენილი აფხაზების გამიჯვნა ერთიანი ქართველური (აფხაზურ-მეგრულ-ლაზურ-ქართლ-კახურ-მესხური) ისტორიიდან, კულტურიდან და ერიდან. პროცესმა პიკს მიაღწია 1991-93 წლებში განხორციელებული პუტჩის დროს, როდესაც აფხაზეთიდან, ძირძველი ქართველური კუთხიდან, რუსეთის იმპერიამ გამოდევნა ერთიან ქართველურ ცნობიერებაზე ორიენტირებული ქართველები (უმეტესად მეგრელები, სვანები, ასევე სხვა ქართველები და თავად აფსუა-აფხაზებიც, რომლებიც საქართველოს ერთიანობას და ძლიერებას უჭერდნენ მხარს). სულ 300 ათას ადამიანზე მეტი, ხოლო დარჩენილი აფხაზურ-ქართულ-სომხურ-რუსული მოსახლეობითურთ, ფაქტობრივად მიიტაცა აფხაზეთის ტერიტორია. შდრ. რუსეთმა იოლად განახორციელა ქართველთა მონათესავე სხვა ეთნოსების - ჩერქეზების და ვაინახების დასლა პატარ-პატარა ხალხებად: აბაზებად, აბაზახებად, შაფსუღებად, ადიღელებად, ყაბარდოელებად.. ჩეჩნებად, ინგუშებად, შემდეგ კი მათი ტერიტორიებიც მიითვისა (თუმცა ამ შემთხვევებშიც დასჭირდა მოსახლეობის დიდი ნაწილის დეპორტაცია თურქეთსა და შუა აზიაში). (წყარო: ტ. ფუტკარაძე, "ქართველები", 2005). კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე486 2-ს მოსწონს
|