საზოგადოება "დამარცხებული და განადგურებული საქართველო დაემსგავსა ქეციანს, დაღრეჯილს, დაშინებულ და კბილებალესილ მგელს; ქართველებს გულში ჩირქი დაუგუბდათ და.."- მიხეილ ჯავახიშვილის " უბის წიგნაკიდან" 2019, 9 ივლისი, 12:13 ...მიხეილ ჯავახიშვილი "ჩეკისტებმა" 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს და დახვრიტეს...
მიხეილ ჯავახიშვილი - უბის წიგნაკიდან1924-1935 წწ.*1924 დამარცხებული და განადგურებული საქართველო დაემსგავსა ქეციანს, დაღრეჯილს, დაშინებულ და კბილებალესილ მგელს; ქართველებს გულში ჩირქი დაუგუბდათ და სულში ხანძარი მოედოთ; ორი მეგობარი: ბოლ. და მენ. 1920წ. შეხვდნენ ერთ ოჯახში. მენ-მა ის არ დააპატიმრა. მეგობარმა და ნათესაობამ დასძლიეს სახელმწიფო. 1924 წ. ბოლშევიკმა შეიტყუა მენშევიკი და დააპატიმრა. სახელმწიფო მანქანას ყალიბი არა აქვს. იგი ხალხს ამსხვრევს და ნაგლეჯებს აქეთ-იქით ჰყრის. საქართველო გაიტენა ქვრივებით, ობლებით, ცრემლით და ვაებით. *1925 1925 დეკ. ყრილობაზე მარიამ ორახელაშვილმა განაცხადა: სხვა ენები მოვსპოთ და რუსულის სწავლა გავაძლიეროთ, რათა ჩვენებს შეეძლოთ რუსეთში სამსახურიო. მეფის მოხელეებს ამაზე მეტი არაფერი უთქვამთ. პირდაუბანელი, დაუვარცხნელი, დაკონკილი, აგრეხილი, კუზიანი ტფილისი(ქუჩები), აწეწილი. *1926 ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც – მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად რჩება. მიწა ჩემი სველია სისხლისა და ცრემლისგან; გული ჩემი სავსეა დარდისა და სევდისგან. *1927 დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია, და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის. რასაც ამბობს, არა სჯერა და რაცა სჯერა, ვერა სწერს. როცა სატირალი აქვს, იცინის და სადაც ეცინება, სტირის. ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე. მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ: ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება და ისეთ ლოცვას იტყვის, რომ ღვთისმშობელსაც კი გააცოცხლებს. “იყო და არა იყო რა, ლენინზე უკეთესი ვიღა იქნებოდა!’’ _ ასე იწყება დღეს ზღაპარი. *1929/30 25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ.’’ ქართული ნაციონალიზმი ანუ პატრიოტიზმი მხოლოდ სიძულვილია უცხოელებისადმი, რომელთაც დაიპყრეს შენი სახლი, ჩვენი ცოლ-შვილი და ჩვენი ნაშრომი. რუსული ნაციონალიზმი კი აღვირაწყვეტილი სიხარბეა მხეცისა, რომელმაც ათი მეზობლიდან ცხრა შეჭამა და მეათესაც მოითხოვს. დედა-მდინარევ სამი ათასი წელიწადია, რაც სწითლდები. დღეს რაც წითელი ქსოვილი მოიძებნებოდა, შენს ნაპირებს გადააფარეს, მაგრამ მაინც ვერ გაწითლდი. წითელი კი ხარ სისხლით. */25 თებერვალი / 25 თებერვალი – უქმე პატივახდილი დედაკაცის უქმეა, რომელიც სწორედ 25 თებერვალს იხმარეს ძალით” ბაზალეთის ტბის ძირიდან განგებამ ოქროს აკვანი ამოიღო. იმავე განგებამ სამი წლის შემდეგ წითელ ხიშტით უკანვე ჩააგდო. ორი მეგობარი: ბოლ. და მენ. 1920 წ. შეხვდნენ ერთ ოჯახში. მენმა ის არ დააპატიმრა. მეგობარმა და ნათესაობამ დასძლიეს სახელმწიფო. 1924 წ. ბოლშევიკმა შეიტყუა მენშევიკი და დააპატიმრა. იმისა და ახალი ქვეყნის შუა 25 თებერვალი ისე აიყუდა, როგორც გარდაუვალი მყინვარი. დღევანდელი ქართული მწერლობა, ხელოვნება და მეცნიერებაც, მეტად მცირე გამონაკლისის გარდა, მოსკოვის ნაბუშარია. საკუთარი ქართული სული იშვიათად მოსჩანს სადმე. მხოლოდ სრულ თავისუფლებას შეუძლიან ეს უცხო სისხლი მოგვაშოროს. მხოლოდ ქართულის ფოლადურ რომანტიკას შეუძლიან სავსებით განგვკურნოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენს ირგვლივ და ჩვენს სულიერ-ფიზიკურ ცხოვრებაშიც ნამდვილი გამაჯანსაღებელი კატაკლიზმი მოხდეს – „ჩვენ კი – ჩვენ ჩვენ თავს არ ვეყუდნით“ და ამიტომ მოლოდინის მეტი აღარა დაგვრჩენიარა. * 2/VI-25 წ. მუხრანში ვიყავი. ილია ჭავჭავაძის მკვლელი მაჩვენეს. არ დავიჯერე. ლევან მეტრეველმა დამიდასტურა. შუა ტანის ჩასხმული მხეცი. ხშირი ულვაში. გრუზა. გმირად არის ჩათვლილი. ეხლა ყოველივე ცხადია. მაგონდება: 1909 ან 10 წელს სამიოდე იმის ამხანაგს სიკვდილი გადაუწყვიტეს. საზოგადოებამ პატიება სთხოვა. ოლღასაც მიაწერინეს წერილი. აპატიეს. მაგრამ ისტორია გვაპატიებს? დიდად მნშვნელოვანი ფაქტია. დაწვრილებით განვითარდეს. ეს კაცი მერე ხვრეტდა იმ ხალხს, რომელთაც ის გადაარჩინეს. ბერბიჭაშვილი – ილიას მკვლელი 1925/XII აირჩიეს ც.საკ. კომ. წევრად! ბოლშევიზმი უმწიკვლო და უზადო სარკეა რუსის ხალხის. იგი მისი შვილიც არის, დედაც, შობილიც, მშობელიც. ორივ ერთია, განუყრელია. ვინც ეს ჭეშმარიტება გაიგო, მან ყოველივე გაიგო. დროა გათავდეს უყალბესი ზღაპარი, ვითომ ხალხი სხვა იყოს, ბოლშევიზმი კი – რაღაც განაწყენებული, ციდან ჩამოვარდნილი რისხვა. ვინც ასე მსჯელობს, თავს ვერ დააღწევს სქოლასტიკურ პოლიტიკას ან პოლიტიკურ სქოლასტიკას. 769 4-ს მოსწონს |
ბოლშევიზმში ვგუგულისხმობ თანამედროვე პუტინის რეჟიმს და ვისაც ჰგონია, რომ რამე სხვაობაა, მწარედ ან განზრახ "მწარედ" ცდება, ანუ "ვითომ ხალხი სხვა იყოს, ბოლშევიზმი კი – რაღაც განაწყენებული, ციდან ჩამოვარდნილი რისხვა, ვინც ასე მსჯელობს, თავს ვერ დააღწევს სქოლასტიკურ პოლიტიკას ან პოლიტიკურ სქოლასტიკას" :)) -თითქოს დღევანდელზე საუბრობსო...