საზოგადოება "შეყვარებამდე უნდა გაახილო თვალები, თორემ თუ შეგიყვარდა , მერე მარტო ის და იმის ძაღლი კი არა, მეზობლის ნაგაზიც გეყვარება.." - ოტია იოსელიანი და მისი 15 საუკეთესო ამონარიდი 2019, 15 აგვისტო, 16:01 "თბილისში პირველად როცა ჩავედი და მოთხრობები ჩავიტანე, ტალახი მქონდა მუხლზე. ტალახს ახლაც არ ვიცილდებ, მიყვარს ქართული მიწა…
სკოლაში სამიანებს მიწერდნენ, ობოლი ვიყავი და იმიტომ. თორემ ისიც არ მეკუთვნოდა.
უმაღლესში არ მისწავლია. იქ ვინ შემიშვებდა?
და ამ დროს მიმაქვს მოთხრობები. რაშია საქმე? წიგნი მე არ მქონდა წაკითხული.. პირველი წიგნი ჩემი დაწერილი წავიკითხე. იქამდე არ მქონდა. წაიკითხეს მოთხრობები და გაოგნდნენ.. აბა ეს ვინ დაწერა? მე დავწერე, არადა, არავითარი პირობა არ გამაჩნდა იმისი, რომ ეს დამეწერა. დაიბნენ. კი, ეს დასაბეჭდია, მაგრამ დაიცა… იქნებ რაღაცას ეშმაკობს? საიდანმე ხომ არ ქაჩავს? იქნებ ენები იცის და არ გვიმხელს?
ჟურნალ “დილის” რედაქტორი ნონეშვილი იყო და მისი მოადგილე გახლდათ მაყვალა მრევლიშვილი. გამიშვეს მრევლიშვილთან.
მაყვალა მეკითხება:
“შვილო ოტია, შენ თუ ყურს არ უგდებ ამ ცხოვრების წარმავალობას, შენგან დიდი მწერალი დადგება”, -
და მისახელებს რაღაც ფრანგულ ჟურნალს, ხომ არ მიგიღიაო? მაშინ კი არა, ახლაც არ ვიცი რა ჟურნალზე მეკითხებოდა…
მოკლედ ვერაფერი გაარკვიეს.
ჟურნალის ყველა ნომერს თვის ბოლოს კოლეგია არჩევდა.
მეორე დღეს ეს კოლეგია იკრიბება. მათ შორის იყო აკაკი ბელიაშვილი და გამაგზავნეს მასთან.
მივედი. ვინ ხარო? ესა და ესა თქო. რა გინდაო? რა ვიცი, თქვენთან გამომაგზავნეს თქო. ხომ არაფერს წერო? კი ბატონო, მე ვუთხარი. მომეციო.. წაიკითხა. კიდევ ხომ არ გაქვსო? კი ბატონო. ყველა ჯიბეში მქონდა.
იკითხა, იკითხა და წადი ახლა შენ. მე მკითხონ იმათმაო.
ბელიაშვილმა არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ დაიწყეს ბეჭდვა და რასაკვირველია, მერე ეჭვი აღარავის შეპარვია".
...
ასეთი საოცარი სისხარტითა და მისთვის დამახასიათებელი იუმორით აღწერს, ყველასათვის საყვარელი მწერალი, ოტია იოსელიანი თავის პირველ ნაბიჯებს
" დიდ რეადაქციაში". ჩვენს მკითხველს კი მის 15 გამორჩეულ ამონარიდსაც ვთავაზობთ:
1. “საქართველოში თუ გინდა რამეს მიაღწიო ან ხელიდან უნდა წახვიდე ან ქვეყნიდან.” 2. “როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ. გულგრილები – გივიწყებენ. თავხედები კი უფრო – თავხედდებიან.” 3. “თუ შენს მეზობელს ჭრაქიც არ უნთია, შენ ჭაღს ნუ ააბრიალებ..” 4. “რაც უფრო მეტს ანახებ ადამიანს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია მით უფრო მეტად გაგიმეტებს რომ გული გატკინოს.” 5. "ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა იქ სამშობლო ეგონა" .. 6. "ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ--სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია ". 7. “ცუდ ამინდს კი მოყვება კაი ამინდი… მაგრამ ნაცუდკაცარი ვერასდროს ვერ იკაიკაცებს… ” 8. "კარგად ვინაა ამ ქვეყანაში? თუ ვინმემ თქვა, კარგად ვარო, ცოტა შორს დაიკავეთ თავი, რამე არ მოგწიოთ.'' 9. “ამქვეყნად ყველას თავისი ადგილი აქვს და იმას ნუკი ეძებ, ვის სკამზე დაჯდე, შენი სკამი იპოვე და იქ დაბრძანდი.” 10. "ქალი ისეთი ურთულესი სამყაროა, თვითონაც რომ ვერ ხვდება. ქართველ ქალს – მით უმეტეს, თავისი სამყარო აქვს.
– ვერც ქალს და ვერც კაცს გარედან ვერ ვხედავ. წითელკაბიანმა ქალმა რომ ჩამიაროს გვერდით, ვერ დავინახავ, თუ თვალებში არ შევხედე. ქალს შიგნით ვუყურებ. ჩემი მეუღლეც თავის დროზე ლექსებს წერდა. პოეზია უყვარდა და ეს საკმარისი იყო, რომ მის მიმართ გრძნობა გამჩენოდა. ქალი შენს სამყაროში უნდა იხედებოდეს. ხომ არ შეიძლება ცოლ–ქმარი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობდნენ, თუ ასეა, უკვე მონა ხდები. ოჯახს და შვილებს რა ვუყო, თორემ აღარ მინდა მისი დანახვაო, მეუღლე რომ იტყვის, მონობაა, აბა რა არის?!" 11. "სიყვარული... შენ სიყვარული კი არა, ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გენია. შენ რაც ბრძანდები, ჩემსავით მაგი დედამიწის ზურგზე არავინ იცის და შუბლში, რომ მიმიზნებდნენ გატენილ თოფს, ისე არ მეშინია, როგორც შენი. სიყვარული!.. არ მიხსენო შენი სახელი. მზარავს, უროსავით მირტყავს თავში და მარეტიანებს, ყელში დანაგაყრილი ხარივით მაზმუვლებს და მაბღავლებს. მაშინ, იმ ღლაპმა კი არა, აგერა, აქამდე მიწვალია, მიტანჯია და მინახავს - თავი ორასი წლის მგონია, წუთისოფელი კი ისე მეცლება ხელიდან, შენთან ვერაფერი გავაწყვე, საითაც გავიქეცი შენი გადამკიდე, იქეთ წავიქეცი. სიყვარულს ბედნიერი რომ გაუუბედურებია, ეს კი ვიცი და მისი სიამე ვინმეს შერჩენოდეს, მაგნაირი არაფერი“.
12. “ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება…” 13. "შეყვარებამდე უნდა გაახილო თვალები, თორემ თუ შეგიყვარდა, მერე მარტო ის და იმის ძაღლი კი არა, მეზობლის ნაგაზიც გეყვარება.." 14. “მე რომ მკითხო, ბროლის კოშკს მიწური ფაცხა მირჩევნია, შიგ შუაცეცხლი გენთოს და ელოდე ვინმეს, . ელოდე მოუთმენლად, გინდოდეს მისი მოსვლა.” 15. "ვჩხუბობთ, ახალგაზრდობა არ გვივარგა-თქო! რას ჰქვია, არ გვივარგა? როგორც გაზარდე, იმნაირია, რას ერჩი ახალგაზრდობას?! კეთილი გენება და დაგეყენებინა გზაზე. ისინი ჩვენგან გაუბედურებული ახალგაზრდები არიან და ახლა არ მოგწონს? "ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ავად ზრდილი!.." იმისთანა წყალწაღებული ერი ვართ, ყოველ გაზეთს აიღებ თუ ჟურნალს, დაუბეჭდე შიგ ილიას "ბედნიერი ერი" და დაინახავ, რაცა ვართ!.. ვივიწყებთ ამას ჩვენ. "ბაკულას ღორები" გაიხსენე, დავით კლდიაშვილის მოთხრობები. თუ არ წაიკითხავ არაფერს, არ გააცნობიერებ - ვერაფერს გაიგებ... გაუნათლებელია ერი და ქვეყანა - ამაშია საქმე! განათლება გასართობად კი არაა აზროვნებისთვის არის!" 13014 5-ს მოსწონს
|