"იყიდება საქართველო... ყიდის ყველა..." - როგორია ნიკო ლორთქიფანიძის საქართველო
„კაფანდარა იყო, სქელი ტუჩებით, მეჩხერი ულვაშითა და კოხტად შეკრეჭილი მოკლე წვერით. სათვალიდან დაღლილი იცქირებოდა, მშვიდი ნაბიჯით დადიოდა, სახეზე მუდამ ნაღვლიანი შთაგონება ეფინა და ჩუმი ირონიით შეფერილი „მწარე" ღიმილი იცოდა. ძალზე თავისებური და შეუცნობელი გარეგნობა ჰქონდა",
- ასე აღწერს თავის მასწავლებელს, ნიკო ლორთქიფანიძეს, პოეტი
სიმონ ჩიქოვანი.
ნიკოს თანამედროვენი ქართველ დიდ მწერალს ახასიათებდნენ, როგორც დიდსულოვან, იშვიათი რაინდული თვისებებით გამორჩეულ, არისტოკრატული ბუნების, მოკრძალებულ და ამავე დროს, მუდამ ნაღვლიან ადამიანს.
მწერლის ცხოვრების უკანასკნელი წლები ჩვენი ქვეყნის შავბნელ პერიოდს დაემთხვა. ის საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარებას ძალიან განიცდიდა თურმე...
ხშირად უნახავთ შებინდებისას რუსთაველის გამზირზე მარტო მოსეირნე, ფიქრებში ჩაფლული, თვალებში ნაღველჩამდგარი, საქართველოს დარდის გულით მატარებებელი...
იყიდება საქართველო
იყიდება საქართველო.
მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით;
წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით;
მშვენიერის ენით;
ნაქარგი ფარჩა-ხავერდით;
ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით;
დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით;
ნაამაგევი სახლით და კარით;
ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით;
მჩქეფარე ნაკადულებით;
ლურჯის ზღვით;
მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით;
ერით, ბერით;
თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით;
გონებაგახსნილ ვაჟებით;
მალხაზი ბავშვებით;
ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით.
იყიდება საქართველო
დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.
ჰყიდის ყველა:
თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.
იყიდება ყველგან:
ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.
იყიდება ერთიანად:
შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე.
იყიდება ნაწილ-ნაწილ:
კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი.
იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა:
ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.
იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!